მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > „სიტყვა ბავშვთა აღზრდის შესახებ“ (ნაწილი 2) - წმიდა იოანე ოქროპირი
„სიტყვა ბავშვთა აღზრდის შესახებ“ (ნაწილი 2) - წმიდა იოანე ოქროპირი16-08-2016, 00:07 |
როგორ მივაღწიოთ ამას და რითი დავიწყოთ მათი აღზრდა? იმით, რომ ყურადღებით ვადევნოთ თვალყური, რადგან ბავშვზე ადვილად შეიძლება ზეგავლენის მოხდენა. რატომ? რადგან ის არ არის დაკა-ვებული სხვებთან ბრძოლით ფულისა და დიდების მოსაპოვებლად. შესაბამისად, რა მიზეზი უნდა ჰქონდეს მას მედიდურებისა და ლანძღვისათვის? მთელი შეჯიბრი მას თავის თანატოლებთან აქვს. ამიტომ, თავიდანვე დააწესე კანონი: არავიზე არ იქედმაღლოს, არ-ავინ არ დაამციროს, არ დაიფიცოს, არ იყოს მოჩხუბარი. და თუ ხედავ, რომ კანონი ირღვევა, დასაჯე: ხან მკაცრი მზერით, ხან მტკივნეული სიტყვით, ხან საყვედურით, ზოგჯერ კი შეაქე და საჩუქარს დაჰპირდი. ცემას ნუ გამოიყენებ ბოროტად, რათა არ მიაჩვიო აღზრდის ამ საშუალებას, რადგან თუ მიეჩვია, რომ მას გამუდმებით ამ ხერხით ზრდიან, მის უგულებელყოფასაც დაეჩვევა და როცა დაეჩვევა ამის სიძულვილს, მაშინ ყველაფერი ამაო იქნება. არამედ, ყოველთვის ეშინოდეს ცემისა, მაგრამ არ იცემოს, როზგით დაემუქრონ, მაგრამ ნუ გამოიყენებენ მას. და მუქარა ნუ იქცევა საქმედ, მაგრამ ამსასთან იცოდეს, რომ ყველაფერი მხოლოდ მუქარით არ გათავდება: რადგან, თუ დანაშაულის ჩამდენი გაგიგებს ჩანაფიქრს, მაშინ შენს მუქარას უგულებელყოფს. დაე, მან იფიქროს, რომ დასჯილი იქნება, და არ ისჯებოდეს, რათა არ გაუქრეს შიში. დაე, შერჩეს შიში როგორც მზარდი და ყოველგვარი ეკლის მომსრველი ალი, როგორც ფართო და ბასრი თოხი, სიღრმეში ჩამღწევი. როცა დაინახავ, რომ შიში სასარგებლოდ მოქმედებს, შეუმსუბუქე მდგომარეობა, რამეთუ ჩვენი ბუნება ნუგეშს საჭიროებს. ბავშვს ასწავლე სალმიანი და კაცთმოყვარე იყოს. დაე, პირი ყოველ-გვარი ბოროტმეტყველებისათვის ამოკერილი ჰქონდეს. თუ დაინახე, რომ ვიღაცას ლანძღავს, აიძულე გაჩუმდეს და საუბარი საკუთარ უმსგავსო საქციელზე გადაუტანე. დაარწმუნე ასე ესაუბროს ბავშვს დედაც, აღმზრდელიც და მსახ-ურიც, რათა ყველანი ერთად იქცნენ მცველებად და არ მისცენ საშუალება არც ერთ ბოროტ სიტყვას დასცდეს ბავშვს, მის ბაგეებს, ანუ ოქროს კარიბჭეს. და ნუ დაიწყებ იმის მტკიცებას, რომ ეს საქმე დიდ დროს მოითხოვს. რადგან, თუკი სულ თავიდან შეუდგები ამ საქმეს სერიოზულად, შერისხავ და ასეთ მცველებს მიუჩენ, ორი თვე იქნება საკმარისი იმისთვისაც, რომ ყველაფერი გამოასწორო, და იმისთვისაც, რომ ამას ბუნებრივი მდგომარეობის სიმყარე მიანიჭო. და ამგვარად თავად ეს კარიბჭე ღირსი გახდება უფლისა, იმით, რომ არ წარმოითქმება არც სამარცხვინო, არც დამცინავი, არც უაზრო სიტყვა, არამედ მხოლოდ ისეთი, რაც მეუფეს შეჰფერის. რადგან, თუკი ხორციელი მეომრები ლაშქრობაში თავიანთ შვილებს მშვილდ-ისრის სროლას, საომარი სამოსლის ტარებას, ცხენზე ჯდომას ასწავლიან და ასაკი არ აბრკოლებთ ამ სწავლებაში, მით უმეტეს ზეციურ მეომრებს შეჰფერის სამეფო შესამოსლით შემოსვა. მაშ ასე, დაე, ისწავლონ ფსალმუნთა გალობა ღვთის სადიდებლად, რათა არ დაკარგონ დრო სამარცხვინო სიმღერებსა და შეუფერებელ მოთხრობებზე. ახლა მეორე კარს შევეხოთ. რომელს? პირველთან ახლოს მდებარესა და მასთან ბევრი საერთოს მქონეს - ვგულისხმობ სმენას. თუკი არცერთ ბოროტმოქმედსა და არამზადას არ მივცემთ საშუალებას კარის ზღურბლზე გადასვლისა, მაშინ ცოტა უსიამოვნებას შეამ-თხვევენ ბაგეებს - რადგან ვინც სისულელესა და სამარცხვინოს არ ისმენს, მსგავსს არც არაფერს წარმოთქვამს. მაშ ასე, დაე, ბავშვები შეუფერებელს ნურაფერს მოისმენენ ნურც მოსამსახურეთაგან, ნურც აღმზრდელისაგან, ნურც ძიძისგან. დაე, არ ესმოდეთ მოხუცი ქალების სულელური ზღაპრები: „ამას და ამას უყვარდა ესა და ეს". დაე, ნურაფერს მსგავსს ნუ მოისმენენ, არამედ ესმოდეთ სხვა რამ, მოკლებული ყოველგვარ ორაზროვნებას, რაც ძალიან მარტივად შეიძლება მოყვე. როდესაც ბავშვი სწავლისაგან ისვენებს, იგი სიამოვნებით ატარებს დროს გარდასულის შესახებ მოთხრობების სმენისას და სწორედ ამ დროს ელაპარაკე მას ყოველგვარი ბავშვურობის გარეშე, შენ ხომ ფილოსოფოსი, ქრისტეს მებრძოლი და ზეციური მოქალაქე უნდა აღზარდო... და მოუყევი მას: „ერთ მამას ჰყავდა ორი ვაჟი, ორი ძმა". შემდეგ, დააყოვნე და განაგრძე: „ერთი მუცლიდან გამოსულნი. ერთი უფროსი იყო, მეორე უმცროსი. უფროსი მიწათმოქმედი იყო, უმცროსი - მწყემსი. და გაჰყავდა ფარა საძოვრად ველ-მონდვრებსა და ტბებთან". ისე მოუყევი, რომ ბავშვმა გარკვეული სიმაოვნება მიიღოს და არ გადაიღალოს. „მეორე კი ხნავდა და თესავდა. და გადაწყვიტა თაყვანი ეცა ღმერთისათვის. და მეცხვარემაც გამოარჩია საუკეთესო თავისი ფარიდან და შესწირა ღმერთს". გაცილებით უკეთესი არ არის ამაზე მოუთხრო, ვიდრე ოქროს ვერძებსა და ჯადოქრობაზე? შემდეგ გაამახვილე მისი ყურადღება, ოღონდ ნურაფერს შეიტან მასში გამოგონილს, არამედ მისდიე წმიდა წერილს: „როდესაც ღმერთს საუკეთესო ნაწილი მოუტანა ძღვნად, წამსვე გარდამოვიდა ზეციდან ცეცხლი და ყველაფერი ზეციურ საკურთხეველში აღიტაცა. უფროსი კი ასე არ მოიქცა: საუკეთესო ნაწილი თავისთვის დაიტოვა, ღმერთს კი დანარჩენი შესწირა. და ღმერთმა არ მიიღო ეს, არამედ პირი იქცია მისგან და ყველაფერი მიწაზევე დატოვა, პირველი ძღვენი კი მიიღო, შეიწირა. იმის მსგავსად, როგორც მიწისმფლობელებთან ხდება ხოლმე, ზოგიერთს, ძღენის მომტანთაგან ბატონი პატივს დასდებს და სახლში მიიპატიჟებს, სხვას კი გარეშე დატოვებს - ასე იყო ამ შემთხვევაშიც. რა მოხდა ამის შემდგომ? უფროსი ძმა დამწუხრდა, თავი პატივაყრილად და ღირსებაშელახულად იგრძნო და პირქუში გახდა. ღმერთმა უთხრა მას: „რატომ დაღონდი, განა არ იცოდი, რა მოგქონდა ღმერთთან? რატომ დამამცირე? რითი ხარ უკმაყოფილო? რატომ შემომწირე ნარჩენები?" თუკი ფიქრობ, რომ უფრო მარტივი ენით უნდა ისარგებლო, განაგრძე: „მას არაფერი ჰქონდა სათქმელი და დადუმდა. ამის შემდეგ დაინახა თავისი უმცროსი ძმა და უთხრა: „გავიდეთ მინდორში". და ცბიერებით გაიტყუა და მოკლა და იფიქრა, რომ ღმრთის თვალთაგან დაიმალებოდა. და აი, ღმერთი ეუბნება მას: „სად არის შენი ძმა?" ის კი პასუხობს: „არ ვიცი, ჩემი ძმის მცველი ხომ არა ვარ". ღმერთი ეუბნება: „შენი ძმის სისხლი შემომღაღადებს მიწის პირიდან". დაე, დედაც გვერდით იჯდეს, იმ დროს, როცა ბავშვის სული ასეთი მონათხრობით ნათლდება, რათა ისიც დაეხმაროს ამას და აქებდეს ნაამბობს. „მაშ, რა მოჰყვა ამას? ერთი ძალა ზეცად მიიღო და სიკვდილის შე-მდეგ ის იქ იმყოფება". დაე, აღდგომის შესახებაც გაიგოს ბავშვმა ამგვარი მონათხრობებ-იდან. რადგან თუ მთებში სასწაულებია გადმოცემული და ბავშვს სჯერა მათი - მით უფრო აღფრთოვანდება როცა აღდგომის შესახებ შეიტყობს, და იმის შესახებ, რომ სული ზეცაში ავიდა. „ის ძმა ღმერთმა ზეცაში აღიყვანა, ხოლო მეორე, მკვლელი, აქეთ-იქით დაეხეტებოდა, მრავალი წელი უბედურებებს განიცდიდა, შიშითა და ძრწოლით ცხოვრობდა, ბევრი საშინელება გადაიტანა და ყოველდღე ისჯებოდა. უბრალო კი არა, არამედ არაჩვეულებრივი სასჯელი დაიმსახურა, რადგან ღვთისაგან ესმა, რომ შიშითა და ძრწოლით ივლი მიწაზეო". ბავშვმა არ იცის, რას ნიშნავს ეს, ამიტომ შენ უთხარი, რომ, როგორც შენ დგახარ მასწავლებლის წინაშე, დასჯის მოლოდინში იტანჯები და გეშინია, ასევე ამ ძმასაც ეშინოდა ღმერთისა. საკმარისია ბავშვისათვის ამ ადგილამდე თხრობა: ეს ერთ საღამოს უამბე ტრაპეზისას. დაე, დედაც იგივეს ეუბნებოდეს. ამის შემდგომ, როცა ამ ამბავს ბევრჯერ მოისმენს, სთხოვე: „მომიყევი ისტორია" - რათა შეძლოს საკუთარი თავის წარმოჩენა. და როცა მონათხრობს აითვისებს, მაშინ აუხსენი ამ ამბის სარგებელი: „ხედავ, როგორი ბოროტებაა სიხარბე, როგორი ბოროტებაა ძმის მკვლელობა, როგორი ბოროტებაა იმის ფიქრი, რომ ღმერთს რაიმე მოჰპარო, რადგან ღმერთი ყველაფერს ხედავს, იმასაც, რაც დაფარულია." და თუ მხოლოდ ამ ერთ წესს ჩაუნერგავ ბავშვის სულს, აღარ გექნება საჭიროება აღმზრდელი იყოლიო, რამეთუ ღმერთი წინაშე შიში ყველა სხვა შიშზე უკეთესად წარმოადგება ბავშვს და შესძრავს მის სულს. არა მხოლოდ ეს, არამედ ეკლესიაშიც ატარე ხელჩაკიდებული და ეცადე, განსაკუთრებით მაშინ მიიყვანო, როცა ეს ამბავი იკითხება. და აი, ხედავ, როგორ ხარობს ის, ხტის და ხალისობს, რადგან იცის ის, რაც სხვებმა არ იციან, წინასწარ ელოდება, სცნობს და დიდ სარგებელს იღებს. და ასე, ეს საქმე მის მეხსიერებაში აღიბეჭდება სამომავლოდ. ამ ამბიდან სხვა სარგებლის მიღებაც შეიძლება. დაე, შენგან ისწავ-ლოს, რომ არ უნდა წუხდე, როცა განსაცდელში ხარ. რამეთუ ღმერთმა თავიდანვე უჩვენა ეს ბავშვს, როცა სიკვდილის მეშვეობით ნეტარებამინიჭებული ზეცად აიყვანა. როცა ეს ამბავი ბავშვის გონებაში გამყარდება, მოუყევი სხვა, მაგა-ლითად ისევ ორი ძმის შესახებ და უთხარი: „იყო ორი, სხვა ძმა, ასევე უფროსი და უმცროსი. უფროსი მონადირე იყო, უმცროსი კი შინ იჯდა". ეს მოთხრობა მას უფრო დიდ სიამოვნებას მიანიჭებს, ვიდრე წინარე, რადგან მასში ბევრი თავგადასავალია, და ასე იზრდებიან ბავშვები. „ეს ძმები, აგრეთვე, ტყუპებიც იყვნენ". მაგრამ მას მერე, რაც ისინი დაიბადნენ, უმცროსი დედამ შეიყვარა, უფროსი კი - მამამ. უფროსი დროის უმეტეს ნაწილს მინდვრად ატარებდა, უმცროსი კი - სახლში. და ერთხელაც მოხუცებულმა მამამ უთხრა მას, ვინც უყვარდა: „შვილო, რადგან მოვხუცდი, წადი და მომიმზადე ნანა-დირევი - დაიჭირე შველი ანდა კურდღელი, მომიტანე და მომიხარშე, რათა, როდესაც შევჭამ, კურთხევა მოგცე". უმცროსს კი მსგავსი არაფერი უთხრა. დედამ ეს რომ გაიგონა, დაუძახა უმცროსს და უთხრა: „შვილო, მამაშენმა უბრძანა შენს ძმას ნანადირევის მოტანა, რათა, როდესაც შეჭამს, აკურთხოს იგი, მისმინე: მიდი ფარაში, გამოარჩიე ახალგაზრდა და ლამაზი ციკნები, მომიყვანე და მე გავაკეთებ იმას, რაც მამაშენს უყვარს, შენ კი მიართვი, რათა, შეჭამოს და გაკურთხოს". მამას სიბერეში თვალთ მოაკლდა. როდესაც უმცროსმა ციკნები მო-იყვანა, დედამ მოხარშა, ლანგარზე დააწყო და მისცა ვაჟს და მანაც მიართვა მამას. დედამ გადააცვა მას თხისბეწვიანი ტყავი, რათა ვერ გამოეაშკარავებინა, რადგან მას ნაზი კანი ჰქონდა, უფროს ძმას კი ბანჯგვლიანი, და ასე გააგზავნა. ხოლო მამამ იფიქრა, მართლა უფროსი ვაჟიაო, შეჭამა და აკურთხა. როდესაც კურთხევა დაამთავრა, უფროსი შვილი მოვიდა და ნანადირევი მოიტანა. და როდესაც მან დაინახა, რაც მოხდა, სასოწარკვეთილებისაგან დაიყვირა და ატირდა". როცა დაინახავ, თუ რაოდენ კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ეს ისტორია, მის დამთავრებამდეც მიხვდები, რამდენი სარგებლობა შეიძლება მისგან მიიღო. პირველ ყოვლისა, შვილები მოკრძალებასა და პატივისცემას იგრძნობენ მამების მიმართ, როდესაც დაინახავენ, თუ როგორ იბრძვიან მამისეული კურთხევისათვის, და ამჯობინებენ ათასი დარტყმა მიიღონ, ვიდრე მამის წყევლა გაიგონონ. შემდეგ, აქედან ცხადი ხდება, რომ უნდა უგულებელვყოთ მუცელი: აგრეთვე უნდა ავუხსნათ, რომ ვერავითარი უპირატესობა ვერ მოიპოვა, თავისი პირმშოობის და უფროსობისგან, რადგან გაუმაძღრობის გამო გაყიდა პირმშოების უპირატესობა. შემდეგ, როდესაც იგი მტკიცედ შეითვისებს ამას, რომელიმე ერთ საღამოს კვლავ სთხოვე: „მომიყევი იმ ორი ძმის ისტორია". და თუ დაიწყებს აბელის და კაენის შესახებ მოყოლას, გააჩერე და უთხარი: „ამას კი არ გთხოვ, არამედ იმ ორზე მომიყევი, ვისაც მამა აკურთხებდა". და სხვა მითითებაც მიეცი, მაგრამ სახელებს ნუ ეტყვი. როდესაც იგი ყველაფერს მოყვება, მიუმატე ისიც, რაც შემდეგ მოსდევს, და უთხარი: „იმინე, რა იყო ამის შემდეგ. ამასაც ეწადა, როგორც იმ წინას, ძმის მოკვლა და მამის აღსასრულს ელოდა. დედამ კი, როდესაც ეს შეიტყო და შეშინდა, აიძულა ვაჟიშვილს გაქ-ცეულიყო". შემდეგ ამას მოსდევს მეტად ღრმააზროვანი სწავლება, რომელიც აღემატება ბავშვის გონებას, მაგრამ სათანადო შეღავათით შესაძლებელია ბავშვის ჯერ განუმტკიცებელ გონებაშიც კი დავ-ნერგით ის, თუ შევცვლით მოთხრობას, ვთქვათ ასე: „ეს ძმა მივიდა ერთ ადგილას, და მას თან არ ჰყავდა არავინ - არც მონა, არც პატრონი, არც აღმზრდელი, არც სხვა ვინმე. იმ ადგილას ილოცა და თქვა: „უფალო, მომეც მე პური და სამოსი და გადამარჩინე მე". თქვა ეს და მწუხარებისგან ჩაეძინა. და იხილა სიზმარში კიბე მიწიდან ზეცამდე და ღმრთის ანგელოზები, რომლებიც ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ და თვით ღმერთი, რომელიც კიბის თავზე იდგა და უთხრა: „მაკურთხე მე". და აკურთხა და უწოდა მას ისრაელი". (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |