მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > „სიტყვა ბავშვთა აღზრდის შესახებ“ (ნაწილი 1) - წმიდა იოანე ოქროპირი

„სიტყვა ბავშვთა აღზრდის შესახებ“ (ნაწილი 1) - წმიდა იოანე ოქროპირი


15-08-2016, 00:06

 

   გთხოვთ და გევედრებით, საყვარელნო, დიდად ვიზრუნოთ ჩვენს ბავშვებზე და ყველანაირად ვეცადოთ მათი სულების ცხონებას. მიბაძეთ ნეტარ იობს, რომელიც იმის შიშით, რომ შვილები თუნდაც ფიქრებში შესცოდავდნენ, მათ მაგიერ სწირავდა მსხვერპლს და განსაკუთრებულად ზრუნავდა მათზე; მიბაძეთ აბრაამს, რომელიც ასევე ფულისა და ქონებისთვის კი არ ირჯებოდა, არამედ ღმრთეებრივი კანონის გამო, თუ როგორ გადაეცა ის შეურყევნელად შთამომავლებისთვის. ხოლო როდესაც დავითი კვდებოდა, მან იხმო ვაჟიშვილი და უდიდესი მემკვიდრეობის ნაცვლად შეაგონებდა იმავეს და დაწვრილებით განუმარტავდა: „თუ მოინდომებ, შვილო, იცხოვრო ღმერთეებრივი კანონის თანახმად, მოულოდნელი არაფერი მოგივა, ყველა საქმე შენი სურვილისამებრ მოეწყობა და ყოველმხრივ დაცული იქნები; ხოლო თუ შენ ამ შემწეობას განეშორები, არავითარი სარგებელი არ გექნება მეფობისაგან - ამ უდიდესი ძალაუფლებისგან, რადგან თუ ღვთისმოსაობა არ გაგვაჩნია, ის განძეულიც კი, რაც გვაქვს, ხელიდან გამოგვეცლება სამარცხვინოდ; ხოლო თუკი გაგვაჩნია, მაშინ ისიც მიგვემატება, რაც არ გვქონდა. ამიტომ მშობლებმა იმაზე კი არ უნდა იფიქრონ, თუ როგორ შეუწყონ ხელი საკუთარი შვილების ოქრო-ვერცხლით გამდიდრებას, არამედ იმაზე, თუ როგორ გაამდიდრონ ღვთისმოსაობით, სიბრძნით, სათნოების მოხვეჭით - რათა მათ არ ჰქონდეთ ბევრის მოთხოვნილება, რათა არ აჰყვნენ ცხოვრებისეულ და ახალგაზრდულ წადილს... და ის, რომ მრავალი მშობელი ბევრს ითმენს საკუთარი შვილების გამო, იმიტომ ხდება, რომ არ სურთ გაროზგონ, სიტყვით მოიყვანონ გონს და აწყენინონ თავიანთ უზნეოდ და უსჯულოდ მცხოვრებ ვაჟებს, ამიტომაც არცთუ იშვიათად უხდებათ იმის ხილვა, თუ როგორ ვარდებიან ისინი სასტიკ უბედურებებში, როგორ აღმოჩნდებიან სასამართლოში და ჯალათების ხელში თავის მოსაკვეთად, და მართლაც, როცა შენ თვითონ არ აღზრდი, არ შეაგონებ, უკეთურ და გარყვნილ ადამიანთა შორის მოხვედრილი, მათი თანაზიარი ხდება მანკიერებაში და საზოგადოებრივი კანონების მოქმედების ქვეშ ექცევა და ყველას თვალწინ ისჯება; და სიკვდილით დასჯის შემდეგ კიდევ უფრო დიდი სირცხვილი მოგველის... და რით გაიმართლებ თავს ბოლოს და ბოლოს? განა არ განვაგე, გეტყვის ღმერთი, სულ თავიდანვე ბავშვის შენთან ერთად ცხოვრება? მე დაგადგინე ბავშვის მასწავლებლად, მოძღვრად, მეურვედ და ხელმძღვანელად - განა მთელი ძალაუფლება მასზე შენს ხელში არ მოვაქციე? განა არ ვბრძანე, იგი, ასეთი სათუთი, გაგეწაფა და მოგეწესრიგებინა? როგორ გამა-რთლდები, თუკი უდარდელად უყურებდი მის კუნტრუშს? რას იტყვი? რომ იგი თავნებაა და დაუმორჩილებელი? მაგრამ შენ უნდა მიგექცია ამ ყველაფრისთვის ყურადღება, სულ თავიდანვე - მოგე-თოკა, როცა ის ყმაწვილი იყო და შეზღუდვებს ექვემდებარებოდა; გულდასმით მიგეჩვია, მოგემართა იმისკენ, რაც ჯერ არს, დაგეოკებინა მისი სულის მოძრაობა, როცა ის მგრძნობიარე იყო ზემოქმედე-ბისადმი; სარეველა მაშინ უნდა აღმოგეფხვრა, როცა უფრო ნორჩი ასაკი ჰქონდა და აღმოფხვრა უფრო ადვილად იყო შესაძლებელი - აი, მაშინ ყურადღების გარეშე მიტოვებული ვნებები არ გაძლიერდებოდა და არ იქნებოდა შეუძლებელი მათი გამოსწორება.

   მსგავსად იმისა, რომ არავის შეიძლება ჰქონდეს იმედი გამართ-ლებისა და შეწყალებისა მონანიების გარეშე, თავისი საკუთარი ცოდვებისთვის, ასევე მშობლებსაც არ შეიძლება შეწყალების იმედი ჰქონდეთ - თავიანთი შვილების ცოდვების გამო. ის მამები, რომლებიც არ ზრუნავენ შვილების კეთილზნეობასა და თავმდაბლობაზე, ბავშვების მკვლელები არიან, და კიდევ უფრო სასტიკნიც კი, ვიდრე ბავშვების მკვლელები, რადგან აქ ლაპარაკია სულის სიკვდილსა და დაღუპვაზე. ამიტომ, მსგავსად იმისა, რომ ხედავ ცხენს, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება, ლაგამს ამოსდებ, მოზღუდავ და მთელი ძალით ყალყზე შეაყენებ, ხშირად სცემ კიდეც - რაც, მართალია, სასჯელს წარმოადგენს, მაგრამ სასჯელი ხომ გადარჩენის მშობელია - ზუსტად ასევე მოექეცი შენს შვილებს, თუ ისინი სცოდავენ; შეჰკარ ცოდვილი, სანამ ღმერთს გულს არ მოულბობ; ნუ დატოვებ მას თავისუფლად, რომ იგი უფრო მეტად არ იყოს შეკრული ღვთის რისხვით. თუკი შენ შეკრავ, შემდეგ ღმერთი არ შეკრავს; ხოლო თუ არ შეკრავ, მას ენით გამოუთქმელი ხუნდები ელის.

   „პატივმოყვარებისა და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ზრდიდნენ მშობლები შვილებს":

   ... ბავშვის გაჩენისთანავე მამა ყველაფერს აკეთებს, რაც კი შესა-ძლებელია, მაგრამ იმისთვის კი არა, რომ მოაწესრიგოს მისი ცხოვრება, არამედ იმისთვის, რომ დაამშვენოს იგი და შემოსოს მდიდრული სამოსით და შეამკოს ოქროს სამკაულებით. რას აკეთებ, ადამიანო? კი ბატონო, შენ თვითონ ატარე ეს ყველაფერი, მაგრამ რატომ აჩვევ ამას ბავშვს, რომელსაც ჯერ არ უგემია ეს ამაოება? რისთვის უკეთებ ყელზე ამ სამკაულს? აუცილებელია კეთილ-სინდისიერი აღმზრდელი, რომელიც ბავშვს შეაგონებს და არა ოქროს. და თმებსაც რომ აშვებინებ გრძლად, გოგოსავით, ბიჭს ქალაჩუნად აქცევ და ამით მის ბუნებრივ ძლიერებას ასუსტებ, თავიდანვე აქცევ მას ფუფუნების მოყვარულად და არწმუნებ ესწრაფვოდეს უგუ-ნურებას. რატომ აწყობ მის წინააღმდეგ სასტიკ შეთქმულებას, აიძულებ ხორციელით ტკბებოდეს?

   მრავალი, შესაძლოა, გაიცინებს კიდეც ამ ნათქვამზე, ვითარცა უაზ-რობაზე, მაგრამ ეს უაზრობა კი არ არის, არამედ მეტად მნი-შვნელოვანი რამაა. ქალიშვილი, რომელიც დედის კალთიდან მიეჩვევა ქალურ სამკაულებს, როდესაც მამისეულ სახლს დატოვებს, ავზნიანი და თავისი მეუღლისთვის მძიმე ასატანი და უფრო მომთხოვნი იქნება, ვიდრე გადასახადების ამკრეფი. მე უკვე გეუბნებოდით თქვენ, რომ თუ ბოროტება ძნელად აღმოსაფხვრელი ხდება, ეს იმიტომ, რომ ბავშვებს არავინ ეუბნებოდა არაფერს ქალწულებაზე, კეთილ-გონიერებაზე, სიმდიდრესა და დიდებისადმი სიძულვილზე, იმის შესახებ, რაც წმინდა წერილშია უწყებული.

   ამრიგად, თუკი თავისი ბავშვობის უადრესი ხანიდან ბავშვები მას-წავლებლების გარეშე დარჩებიან, ვინ გამოვლენ? რადგან თუ ზოგიერთნი, დაბადებიდან, დედის საშოდან სიბერემდე აღიზრ-დებოდნენ და მაინც ვერ გამოსწორდნენ, მაშინ ის, ვინც ცხოვრების დასაწყისიდან მიეჩვია ასეთ რაღაცეებს, რამდენ საშინელებას აღარ ჩაიდენს! ახლა ყოველი ცდილობს ყველა ძალა იხმაროს, რათა თავის შვილებს ასწავლოს ხელობა, მეცნიერება და მჭევრმეტყველება და არავინ ზრუნავს მათი სულის გამშვენებაზე.

   არ შევწყვეტ ხვეწნასა და მუდარას, რომ უპირველესად იზრუნოთ ბავშვების აღზრდაზე. რადგან თუკი შიშობ შენი ბავშვის გამო, დაამტკიცე საქმით და არ დარჩები ჯილდოს გარეშე. ისმინე, რას ბრძანებს პავლე მოციქული: „უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სიწმიდით ღირსებასა ზედა." (I ტიმ. 2,15). და თუნდაც შენ უწყოდე უამრავი საკუთარი შეცოდება, იცოდე, რომ შენს ცოდვათაგან გარკვეული შვებაც გაქვს. აღზარდე, ქრისტესათვის მებრძოლი! იმას არ გეუბნები, რომ შენ მას ქორწინება შეაძულო, უდაბნოში გააგზავნო და ბერმონაზვნური ცხოვრების მისაღებად მოამზადო, არა. ამასაც ვისურვებდი და ყველას შევევედრებოდი, რათა ეს წოდება მიეღოთ, მაგრამ თუ მას იგი სამძიმო ეჩვენება, არ დააძალო. აღზარდე ქრისტესათვის მებრძოლი და ბავშვობიდან მიაჩვიე იყოს ღვთისმოშიში.

   თუკი სულში, რომელიც ჯერ კიდევ განუმტკიცებელია და მოქნილი, აღბეჭდავ ღვთივსათნო სწავლებებს, ვერავინ მოახერხებს მათ ამოშლას, როდესაც ის გამყარდება, მსგავსად იმისა, როგორც ეს ცვილის ანაბეჭდს ემართება. მისი სახით შენ გყავს ჯერ კიდევ მფრთხალი, მოცახცახე არსება, რომელსაც ეშინია მზერისაც და სიტყვისაც, ყველაფრისა, რაც გნებავს: გამოიყენე შენი ძალაუფლება მასზე იმისთვის, რაც ჯერ არს. შენ პირველი ისარგებლებ კეთილი ნაყოფით, თუკი კეთილი შვილი გეყოლება, შემდეგ კი - ღმერთი. შენ შენთვის შრომობ.

   ყოველმა თქვენგანმა - მამებმა და დედებმა - მსგავსად მხატვრებისა, ვინც უდიდესი გულმოდგინებით ამშვენებს გამოსახულებებსა და ქანდაკებებს, დაე, იზრუნოს ასევე თავის საოცარ ქმნილებებზე. რამეთუ ფერმწერები, ყოველდღე სურათის წინ მდგარნი, საღებავებით ფარავენ, ესწრაფვიან მის სრულყოფას. ასევე იქცევიან ქვისმთლელები, აშორებენ ზედმეტს და ამატებენ იმას, რაც აკლია. ასევე თქვენც, მსგავსად მათი, ვინც ქანდაკებებს ქმნის, გამოიყენეთ მთელი დრო, რაც კი გაგაჩნიათ და შექმენით ღვთისათვის აღტაცების ღირსი ქანდაკებები. ზედმეტი მოაშორეთ, ხოლო რაც კი აკლია დაამატეთ და ყოველდღე ყურადღებით დააკვირდით, რა ნიჭიც ბუნებისაგან აქვს მიცემული გაამრავლეთ, ნაკლი კი გამოასწორეთ და განსაკუთრებული რუდუნებით განაშორეთ ყოველგვარ საბაბს გარყვნილებისაკენ მიმყვანებელს, რამეთუ ამისკენ მიდრეკილება ყველაზე უფრო მავნებელია ახალგაზრდათა სულებისათვის. ყველაზე უკეთესია, სანამ ამის გემოს გაიგებს, ასწავლე იყოს ფხიზელი, დაამარცხოს ძილი, ყურადღებით იყოს ლოცვაზე, ყველა თავისი სიტყვა და საქმე ჯვრით აღბეჭდოს.

   საკუთარი თავი მეფედ მიიჩნიე, რომელსაც ემორჩილება ქალაქი - სული ბავშვისა, რამეთუ სული მართლაც ქალაქია. და როგორც ქალაქში ერთნი ქურდობენ, სახვანი კი პატიოსნად იქცევიან, ერთნი შრომობენ, სხვანი კი იმით იქცევენ თავს, რაც შემთხვევით მოხვდებათ ხელთ, ასევე იქცევიან სულში გონება და ფიქრები: ერთნი დამ-ნაშავეთა წინააღმდეგ იბრძვიან, როგორც ქალაქის დამცველი ჯარისკაცები, სხვანი ზრუნავენ ყველაფერზე, რაც დაკავშირებულია სხეულსა და სახლთან, როგორც მოქალაქენი, მესამენი კი ბრძანებებს გასცემენ, როგორც ქალაქის ხელისუფალნი.

   მაშ ასე, დაუწესე კანონები ამ ქალაქს... და ყურადღებით დაკვირდი მათ შესრულებას. ქალაქის გალავანი და კარიბჭენი იყოს ოთხი გრძნობა: სხეული თითქოსდა კედელიაო, შესასვლელები კი იყოს თვალები, ენა, სმენა, ყნოსვა, თუ გნებავს - შეგრძნებაც. რამეთუ ამ შესასვლელებით შედიან კიდევაც და გამოდიან ამ ქალაქის მოქა-ლაქენი, ამ შესასვლელების მეშვეობით ევნებათ და გამოსწორდებიან კიდევაც ზრახვანი.

   მოდით უპირველესად იმ შესასვლელისკენ გავემართოთ, რომელსაც ენა წარმოადგენს, რამდენედაც ის ყველაზე მეტად სიცოცხლისუნა-რიანია და უწინარეს ყოველთა აღვმართოთ კარი და საკეტები არა ხისაგან, რა არც რკინისაგან, არამედ ოქროსაგან... ნუ ღვთის სიტყვათაგან, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: ღვთის სიტყვანი „გულის-სათქუმელ არიან უფროის ოქროისა და ანთრაკთა პატი-ოსანთა". და ვისწავლოთ, რომ ისინი ყოველთვის პირზე გვეკეროს: არა უბრალოდ ხანდახან, საქმიდან საქმემდე, არამედ გამუდმებით: და კარს არა მხოლოდ ოქროს ზედაპირი უნდა გავუკეთოთ, არამედ ის სრულიად ოქროსი უნდა იყოს, და ამასთან სქელი და მყარი და ჩვეულებრივი ქვების ნაცვლად ძვირფასი თვლებით შევამკოთ გარედან. ამ კარის საკეტი კი, დაე, უფლის ჯვარი იყოს, მთლიანად, ძვირფასი თვლებისაგან გაკეთებული და კარის შუაგულში მოქცე-ული, ვითარცა საფუძველი.

   როდესაც ამ სქელსა და ოქროს კარს გავაკეთებთ და საკეტსაც და-ვადებთ, განვამზადებთ ღირსეულ მოქალაქეებსაც. როგორებს? ეს იქნება სერიოზული და ღვთივსათნო მეტყველება, რასაც ბავშვი უნდა მივაჩვიოთ. მოვაწყოთ უცხოტომელთა სრული განდევნა, რათა ამ მოქალაქეებს ვიგინდარები არ შეერიოს: ქედმაღლური და ბილწი სიტყვები, უგუნური და სამარცხვინო, გარყვნილი და ამაო მეტყვე-ლება - ამ ყველაფერს განვერიდოთ. და დაე, ნურავინ ივლის ამ კარიბჭით, გარდა მეფისა. მხოლოდ მისთვის და მისი მხლებ-ლებისთვის გაიღოს ის, რათა შეიძლებოდეს თქმა: „ესე არს ბჭე უფლისაჲ, და მართალნი შევლენან ამას შინა." (ფს. 117,20) ხოლო ნეტარი პავლე იტყვის: „ყოველი სიტყუაჲ უშუერი (დამპალი) პირით თქუენით ნუ გამოვალნ, არამედ რაჲ-იგი იყოს კეთილ აღსა-შენებელად საჴმრისა მის, რაჲთა მისცეს მადლი მსმენელთა მათ." (ეფ. 4,29). დაე, ღვთის სამადლობელი იყოს სიტყვანი და გალობანი: დაე, მუდამ ღმრთის და ზეციური ფილოსოფიის შესახებ განსჯიდნენ ისინი. (გაგრძელება...)

  

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება