მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ღირსი ამბროსი ოპიტნელი ბავშვთა აღზრდის შესახებ

ღირსი ამბროსი ოპიტნელი ბავშვთა აღზრდის შესახებ


25-08-2016, 00:08

ღირსი ამბროსი ოპიტნელი ბავშვთა აღზრდის შესახებ

 

   ჩვენს დროში, როგორც ჩან, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ღვთი-სმოსაობით ცხოვრების მსურველი ყოველგვარი დაბრკოლებითა და უხერხულობითაა გარემოცული. განსაკუთრებით ძნელი ხდება ბავშვთა აღზრდის წარმართვა ქრისტიანული სულისკვეთებითა და წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის წესებით. ამ სირთულეების შუაგულში მყოფთ ერთიღა დაგვრჩენია: მივმართოთ უფალ ღმერთს, გულმოდგინედ შევთხოვოთ ღმერთს შეწევნა და ჩვენი გულების განათლება, და შემდეგ, ჩვენის მხრიდან, ვაკეთოთ ყველაფერი, რაც კი შეგვიძლია, ჩვენი უკიდურესი ძალისხმევით; დანარჩენი კი ღვთის ნებას და მის განგებას მივანდოთ, და არ დავბრკოლდეთ, თუკი სხვები ისე არ იქცევიან, როგორც ჩვენ გვსურს.

   თქვენ გაწუხებთ საზრუნავი, თუ როგორ მისცეთ თქვენს შვილებს ქრისტიანული აღზრდა, და გამოხატავთ ამას შემდეგნაირად: „ყო-ველივე ჩემი გამოცდილებით ვხედავ, რომ არ გამაჩნია საკმარისი სიმტკიცე ჩემი მოვალეობის სინდისიერი შესრულებისთვის, და ვგრძნობ ჩემს თავს უუნაროდ აღვაშენო სული ადამიანისა ღვთაებრივი სწავლების ხატად და მსგავსად". ეს უკანასკნელი აზრი განსაკუთრებული სიძლიერითაა გამოხატული და უფრო ღვთის შემწეობასა და დახმარებას ეხება, თქვენთვის კი ისიც საკმარისი იქნება, თუკი იზრუნებთ თქვენი შვილების ღვთის შიშით აღზრდაზე, ჩააგონებთ მართლმადიდებელ შეხედულებებს და კეთილგანწყობილი დარიგებით შეეცდებით დაიცვათ ისინი წარმოდგენებისგან, რომლებიც უცხოა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. ყოველი, რასაც თქვენი შვილების სულში ყრმობისას დანერგავთ, როდესაც გაიზრდებიან, შეიძლება გაღვივდეს მათ გულებში, მიუხედავად სკოლის დროინდელი და მათი თანამედროვე მწარე განსაცდელების შემდეგ, რაც არცთუ იშვიათად კეთილი საოჯახო ქრისტიანული აღზრდილ ყლორტებს ჩამოამტვრევს ხოლმე. საუკუნეობით განმ-ტკიცებული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პირჯვრის გამოსახვას უდიდესი ზემოქმედება აქვს ადამიანის ყველა მოქმედებაზე, მისი მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამიტომ აუცილებელია, ბავშვებში დავნერგოთ ჩვეულება რაც შეიძლება ხშირად დაიცვან თავი პირჯვრის გამოსახვით, და განსაკუთრებით, საკვებისა და სასმელის მიღების წინ, ძილის წინ და ძილის შემდეგ, როცა სადმე მიემგზავრებიან, როცა შინიდან გადიან, და როცა სადმე შესვლას აპირებენ, და რომ ბავშვები პირჯვარს ზერელედ და მოდას აყოლილები კი არ გამოისახავდნენ, არამედ ზუსტად, დაწყებული შუბლიდან მკერდამდე და ორივე მხარზე, ისე, რომ ჯვარი სწორად გამოისახოს.

   თქვენ წერთ: „ვისურვებდი, რომ ჩემს ქმართან აღზრდის საკითხში დამღუპველი აზრთა სხვაობა არა მქონდეს, რასაც თითქმის ყველა ოჯახში ვხედავ". დიახ, ეს მართლაც ურთულესი საქმეა! მაგრამ ამის შესახებ კამათი ბავშვების თანდასწრებით, როგორც თქვენც შენიშნეთ, არაა სასარგებლო. ამიტომ, აზრთა სხვაობის შემთხვევაში, უმჯობესია განერიდოთ და წახვიდეთ, ანდა ისე აჩვენეთ, თითქოს ვერ ჩახვდით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იკამათოთ ბავშვების თანდას-წრებით თქვენი განსხვავებული წარმოდგენების გამო. რჩევა ამის თაობაზე და განსჯა უნდა ხდებოდეს პირისპირ და რაც შეიძლება ცივი გონებით, რათა ქმედითი იყოს. თუმცა, თუკი თქვენ მოასწარით თქვენი შვილების გულებში დაგენერგათ შიში ღვთისა, მაშინ მათზე სხვადასხვა ადამიანური ახირება ძალზედ მავნედ არ იმოქმედებს.

   თქვენი წერილის ბოლოს წერთ, რომ თქვენ გაფიქრებთ მოახლო-ებული მშობიარობა, და გაწუხებთ და გაშინებთ ისე, რომ ეს აზრი ყველაფერს მსჭვალავს და ხელს გიშლით ცხოვრების ნებისმიერი სიკეთით სარგებლობაში, და ამიტომ გსურთ გქონდეთ რაიმე ლოცვა გასაძლიერებლად. მართლმადიდებლობაში არის გადმოცემა, რომ ასეთ შემთხვევაში მიმართავენ ხოლმე დედა ღვთისას თეოდორისეულ ხატს. გაცვალეთ ანდა დააწერინეთ თქვენთვის ეს ხატი, რომლის დღესასწაული ორჯერაა წელიწადში:14 (27) მარტს და 16 (29) აგვისტოს.

    თუკი ისურვებთ, შეგიძლიათ წინა დღეებში, საღამოთი აღასრულ-ოთ საშინაო ლოცვა, ხოლო დღესასწაულის დღეს - დედა ღვთისას დაუჯდომელი აღვავლენინოთ. შეგიძლიათ ეს სხვა დროსაც აღასრულოთ, თქვენი სურვილისამებრ. შეგიძლიათ თქვენ თვითონ ილოცოთ ყოველდღე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ, წაიკითხოთ სულ მცირე, თორმეტჯერ დღეში: „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ", თუ გნებავთ, მეტანიებითაც. ამდენჯერვე წაიკითხეთ კონდაკი: „არასადა დავსდუმნეთ, ღვთისმშობელო ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩვენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩვენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩვენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩვენთა ყოველთა განსაცდელთაგან..."

   თქვენ წერთ, რომ საკუთარ ვაჟიშვილში ამჩნევთ სიხისტეს, გრძნო-ბების ნაკლებობას და სხვა ნაკლოვანებებს. მაგრამ ბავშვობაში, საერთოდ ბევრს არა აქვს ჭეშმარიტი, ნამდვილი განცდა, და უმეტესწილად მისი გამოვლინება უფრო მოწიფულ ასაკში ხდება, მაშინ უკვე, როდესაც ადამიანი მეტად იგებს და რაღაც-რაღაცეებს გამოსცდის ხოლმე ცხოვრებაში. თანაც შინაგანი გრძნობების სიჭარბე შეუმჩნევლად ხდება მიზეზი საკუთარი თავის ფარული განდიდებისა და სხვების გაკიცხვისა, ხოლო გრძნობების სიმცირე და სიხისტე ძალაუნებურად დაამდაბლებს ადამიანს, როდესაც ის ამას გააც-ნობიერებს. ამიტომ მეტისმეტად ნუ დამწუხრდებით იმის გამო, რომ ამ ნაკლს ამჩნევთ თქვენს ვაჟიშვილში: დროთა განმავლობაში, შესაძლოა, გარდაუვალი ცხოვრებისეული განსაცდელი გამოაღვიძებს სათანადო გრძნობას; არამედ მხოლოდ იმაზე იზრუნეთ, რომ გადასცეთ მას შეძლებისდაგვარად ჯანსაღი წარმოდგენა ყველაფერზე, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად. თქვენ წერთ, რომ აქამდე თვითონ ამეცადინებდით მას და გაიარეთ ძველი აღთქმის საღვთო ისტორია და მეკითხებით, რა ასწავლოთ და ვინ აირჩიოთ მასწავლებლად. ძველი აღთქმის გავლის შემდეგაც თქვენ თვითონ უნდა დაასრულოთ საქმე, ანუ გადახვიდეთ ახალ აღთქმაზე და უკვე ამის მერე დაიწყოთ კატეხიზატორული სწავლება. თქვენ შიშობთ, რომ კატეხიზმოს სიმშრალე ვერ შემატებს მას გრძნობათა სითბოს, მაგრამ სავსებით საკმარისია ისიც, რომ ბავშვებს ჰქონდეთ სწორი წარმოდგენა დოგმატებზე და მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა საკითხებზე. თუ გსურთ, რომ მართლმადიდებელი მოძღვრება თქვენი ვაჟის გულზეც მოქმედებდეს, იკითხეთ მასთან ერთად „მართლმადიდებელი აღმ-სარებლობა" და „ღვთისმოსაობის მასწავლებელი", ხოლო საღვთო სჯულის მასწავლებელმა, დაე, ასწავლოს მას კატეხიზმოს მიხედვით, რომელიც მიღებულია სასწავლო დაწესებულებებში.

   აღსარების წინ ეცადეთ მოამზადოთ თქვენი ვაჟი ამ საიდუმლო-სათვის, რამდენადაც შეძლებთ. აღსარებამდე წააკითხეთ მცნებები განმარტებებითურთ. თქვენ მწერთ, რომ ღრმადა ხართ დარწმუ-ნებული, რომ ადამიანისათვის სხვა წყარო კეთილდღეობისა მიწაზე და მარადიული ნეტარებისა ზეცად არ არსებობს ქრისტეს ეკლესიის გარდა, რომ სხვა დანარჩენი არაფერია და რომ ისურვებდით ეს რწმენა საკუთარი შვილებისათვის გადაგეცათ, რათა ის მათ სიღრმისეულ, შინაგან ცხოვრებად ქცეულიყო. მაგრამ გეჩვენებათ, რომ არა ხართ მზად ამ ამაღლებულ საკითხებზე სალაპარაკოდ. როგორც შვილების მოსიყვარულე დედამ საკუთარ შვილებს თავად მოუთხრეთ ამ საკითხებზე რამდენადაც შეძლებთ. ამაში თქვენი შეცვლა არავის შეუძლია, რადგან სხვებს თქვენ თავდაპირველად თქვენი ცნებები და სურვილები უნდა განუმარტოთ. ამასთან, სხვები არ იცნობენ თქვენს შვილებს, მათ სულიერ მიდრეკილებებს და მოთხოვნილებებს; და ამასთან, დედის სიტყვებს უფრო მეტად შეუძლია იმოქმედოს მათზე ვიდრე გარეშე ადამიანისა. სხვათა დარიგება გონებას მიემართება, დედის დარიგება კი - გულს. თუკი გეჩვენებათ, რომ თქვენმა ვაჟმა ბევრი რამ იცის, ბევრი რამ ესმის, მაგრამ ნაკლებად გრძნობს, გიმეორებთ, ნუ დაღონდებით. არამედ ილოცეთ ღვთის წინაშე, და ისე მოეწყობა, როგორც უმჯობესია თქვენი ვაჟისათვის. მწერთ, რომ მას შესანიშნავი მეხსიერება აქვს, ისარგებლეთ ამითაც. დარიგებების გარდა, უამბეთ სულისათვის სასარგებლო მოთხრობები და დრო-დადრო გამოკითხეთ, რომ გაიმეოროს, რა დაიმახსოვრა და რა გაიგო. ყველაფერი, რასაც ის თქვენგან მოისმენს, თავდაპირველად შეინახება მის მეხსიერებასა და გონებაში, შემდეგ კი ღმრთის შემწეობით, ცხოვრებისეული გამოცდილების მეშვეობით შეძლებს გრძნობაში გადასვლას.

   თქვენ ჩივით, რომ დედა არ გაცლით შვილთა მეცადინეობას. შეგი-ძლიათ პირდაპირ აუხსნათ, რომ ბავშვისთვის უმჯობესია, დედამ იმეცადინოს მასთან, მან კი როგორც კეთილგონიერმა ბებიამ, რა თქმა უნდა, უნდა დაგითმოთ დანანების გარეშე. ვიმეორებ: მოიხმეთ ღმრთის შემწეობა და იმოქმედეთ ზემოთქმულთან დაკავშირებით, როგორც შეგიძლიათ, როგორც უფალი ჩაგაგონებთ და ნუ დაეჭვ-დებით და ნურაფრისა შეგეშინდებათ.

   ჩემი აზრი კითხვასთან დაკავშირებით ასეთია: უპირველეს ყოვლისა ახალგაზრდა გონება საღმრთო ისტორიისა და წმინდანთა ცხოვრების კითხვით უნდა დავაკავოთ, შერჩევით, და მასში შეუმჩნევლად ღმრთის შიშისა და ქრისტიანული ცხოვრების მარცვლები დავთესოთ; განსაკუთრებით საჭიროა ღვთის დახმარებით ჩავაგონოთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ღმრთის მცნებათა დაცვა და რა სავალალო შედეგი მოჰყვება მათ დარღვევას. ეს ყოველი უნდა წარმოვუჩინოთ ჩვენი პირველმშობლების მაგალითზე, რომელთაც აკრძალული ნაყოფის გემო იხილეს და განიდევნენ სამოთხიდან.

   კრილოვის იგავ-არაკი დროებით შეიძლება გვერდზე გადავდოთ, ბავშვს კი ზეპირად ვასწავლოთ ზოგიერთი ლოცვა, სარწმუნოების სიმბოლო, გამორჩეული ფსალმუნები, მაგალითად, „უფალი მაცხოვარ ჩემდა"... და სხვა. მთავარია, ბავშვი მისი ძალისაებრ იყოს დაკავებული და ღმრთის შიშისკენ მიმართული. აქედან ყოველგვარი სიკეთე მომდინარეობს, და პირიქით, უსაქმობა და ღმრთის შიშის არჩაგონება მიზეზი ხდება ყველა ბოროტებისა და უბედურებებისა. ღმრთის შიშის ჩაგონების გარეშე, რითაც არ უნდა დააკავოთ ბავშვი, სასურველ ნაყოფს ვერ მივიღებთ. ღვთის შიშის შთაგონებით კი ყოველგვარი საქმე კეთილად და სასარგებლოდ წარიმართება. განსაკუთრებული სიფაქიზე და სიფრთხილე მაინცდამაინც არაა საჭირო. საქმეს უბრალოდ უნდა მივუდგეთ, ღმრთის იმედით.

   ამას გარდა ვხედავ, რომ გადაჭარბებულად წუხხართ ავადმყოფი ქალიშვილის ტანჯვის შემყურე. მართლაც, დედა ადამიანურად შეუძლებელია არ წუხდეს, როცა თავის პატარა შვილს ასეთ ტანჯვაში ხედავს დღე და ღამე. მიუხედავად ამისა, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ ქრისტიანი ბრძანდებით, გწამთ მომავალი ცხოვრებისა და მომავალი ნეტარებისა, არა მხოლოდ შრომის წილ, არამედ ნებსითი თუ უნებლიე ტანჯვის წილ და ამიტომ განუკითხავად არ უნდა სულმოკლეობდეთ და გლოვობდეთ ზომაზე მეტად, წარმართთა და ურწმუნოთა მსგავსად, რომლებიც არც მომავალ მარადიულ ნეტარებას აღიარებენ, და არც მარადიულ სატანჯველს. რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს თქვენი პატარა ქალიშვილის უნებლიე ტანჯვა, მაინც ის ვერ შეედრება მოწამეთა ნებით წამებას; და თუ შეედრება, მაშინ ის მათი ნეტარების მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდება სამოთხეში. თუმცა, არც დღევანდელი დღე უნდა დაგვავიწყდეს, რადგან პატარა ბავშვები სულიერ ზიანს იმისგანაც იღებენ, რასაც ხედავენ, და რაც ესმით, და ამიტომ განწმენდას საჭიროებენ, რაც ტანჯვის გარეშ არ არსებობს, სულიერი განწმენდა კი უმეტესწილად სხეულებრივი ტანჯვის გზით ხდება. დავუშვათ, არავითარი სულიერი ზიანი არ განუცდია. მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ სამოთხისეულ ნეტარებას ტანჯვის გარეშე ვერავინ დაიმკვიდრებს. შეხედეთ, თუნდაც შვილი ბავშვები მომავალ ცხოვრებაში განა ავადმყოფობისა და ტანჯვის გარეშე გადადიან? თუმცა, ამას იმიტომ არა ვწერ, რომ სნეული ჩვილის სიკვდილი მსურდეს, არამედ თქვენს სანუგეშოდ და მართებული გულისხმის-ყოფისათვის და ქმედითი დარწმუნების გამო, რომ თქვენ არა-გონივრულად და ზომაზე მეტად არ მგლოვარებდეთ. რაოდენ ძლიერაც არ უნდა გიყვარდეთ თქვენი ქალიშვილი, იცოდეთ, რომ თქვენზე მეტად ის ყოვლადსახიერ უფალს უყვარს, რომელიც ყოველნაირად ზრუნავს ჩვენს ცხოვნებაზე. საკუთარი სიყვარულის შესახებ ყოველი მორწმუნისადმი ის თავად მოწმობს წმიდა წერილში: „დედაკაცი არ დაივიწყებს თავის პირმშოს, ასევე მე არ დაგივიწყებ შენ". ამიტომ შეეცადეთ ზომიერი იყოთ თქვენს მწუხარებაში ავადმყოფი ქალიშვილის გამო და მიენდეთ უფალს: მისი ნებისაებრ და კეთილზრახვისაებრ გვეყოს ჩვენ მისითა მადლითა. გირჩევთ აზიაროთ ავადმყოფი გოგონა წინასწარი აღსარების ჩაბარებით. სთხოვეთ სულიერ მოძღვარს, რომ რაც შეიძლება კეთილგონივ-რულად გამოჰკითხოს ყოველი აღსარების მიღებისას.

   თქვენ ვალდებული ხართ ბავშვებს ასწავლოთ, თქვენ თვითონ კი, ბავშვებისგან უნდა ისწავლოთ, თანახმად თვით უფლის ნათქვამისა: „რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისაი, ვითარცა ყრმაი, ვერ შევიდეს მას".

 

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება