მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > წმიდა ტიხონ ზადონელი ბავშვთა აღზრდის შესახებ

წმიდა ტიხონ ზადონელი ბავშვთა აღზრდის შესახებ


20-07-2016, 00:07

 

   მასწავლებელთათვის განკუთვნილი ინსტრუქციიდან „მათი წოდე-ბის მოვალეობანი":

  მასწავლებლებმა მოწაფეებს არა მარტო განათლება უნდა მისცენ, არამედ პატიოსანი ცხოვრება და ღმრთის შიში უნდა ასწავლონ, რადგან განათლება ღმრთის შიშის გარეშე სხვა არაფერია, თუ არა ხმალი უგუნურის ხელში.

   გამოუსწორებელნი, ზარმაცნი და თავნებანი გაიროზგონ, ხანდახან სიტყვით დაისაჯონ, ხოლო ხელით ცემა თავში, ან სხვაგან, არ ეგების.

   ზოგიერთი მშობელი ისეთი სინაზითა და სიმსუბუქით ზრდის და უვლის შვილებს, რომ არ უნდათ დასაჯონ დანაშაულისათვის და ასე მოურიდებელი და თვითნებური ცხოვრების უფლებას აძლევენ; სხვები გადაჭარბებულ სიმკაცრეს იყენებენ და უფრო მრისხანებენ, ვიდრე სჯიან მათ. ორივენი ცოდავენ, რამეთუ სიმკაცრეცა და სირბილეც ყველგან დასაგმობია.

  ამგვარად, ახალგაზრდები მოშვებულნი, თავნებანი, გარყვნილნი ხდებიან და ბუნებითად ყოველგვარი ბოროტისაკენ მიდერეკილნი აშკარად დაღუპვისთვის არიან განწირულნი. მეორე უკიდურესობას მწუხარება, გაღიზიანება, ნაღველი მოაქვს. ყოველგან ზომიერება და სამეუფეო, შუალედურ გზაზე სვლაა საქები. ამიტომაც ღვთისმოსავ მშობლებს შუალედური გზის არჩევა ეგებით.

 

 

მშობელთა და შვილთა მოვალეობანი:

 

   1. როგორც კი ბავშვები აზროვნებას და სწავლებას დაიწყებენ, და-უყოვნებლივ ღვთისმოსაობის რძით უნდა ვკვებოთ და ღმრთის, ქრისტეს, ძე ღვთისას შემეცნებისკენ უნდა მივმართოთ: ვინ არის ღმერთი, რომელიც გვწამს, ვის სახელს ვიხსენიებთ, ვაღიარებთ და ვის მიმართ ვლოცულობთ. ვინ არის ქრისტე და როგორ უნდა ვცეთ მას თაყვანი? რისთვის ვიბადებით ამქვეყნად ყველანი, რისთვის ვინათ-ლებით და რას მოველით სიკვდილის შემდგომ? ახლანდელი ჩვენი ცხოვრება სხვა არა არის რა, გარდა გზისა, რომლითაც მარადისო-ბისაკენ მივდივართ, კეთილნი - მარადიული კეთილდღეობისაკენ, ბოროტნი - მარადიული წარწყმედისაკენ. ამქვეყნად პატივისათვის, სიმდიდრისათვის, ტკბილი საკვებისათვის, ლამაზი ჩასაცმელისათ-ვის, ძვირფასი სახლებისა და სხვათა გამო არ ვიბადებით. არამედ იმისათვის ვიბადებით, რათა აქ ღვთისნიერად ვიცხოვროთ, ღმერთს სათნო ვეყოთ, სიკვდილის შემდგომ მასთან გადავინაცვლოთ და მის მარადიულ ნეტარებაში ვიყოთ. სხვაგვარად, ამ ცხოვრებისთვის რომ ვიბადებოდეთ, მაშინ საუკუნოდ აქ უნდა დავრჩენილიყავით, მაგრამ საწინააღმდეგოს ვხედავთ. რადგან სხვა ცხოვრებაში ვიბადებით, ამა ქვეყნის გზაზე ვიარებით, რათა იმ ცხოვრებამდე მივიდეთ. ამის გამო ვინათლებით, გვწამს ღმერთი, ქრისტე ძე ღვთისა, მის სახელს მოვუწოდებთ, ეკლესიაში დავდივართ, ვლოცულობთ, რათა მისგან მომავალი ნეტარება მივიღოთ.

   ეს ყველაფერი და სხვა დანარჩენი თავიდანვე უნდა შევთავაზოთ პატარა ბავშვებს, რათა ისინი მოზრდილობაში ღვთის შემეცნებაში, მოვალეობებში და ქრისტიანულ სასოებაში განმტკიცდებოდნენ. აქედან შეიძლება სასოება ვიქონიოთ ნორჩ გულში. რადგან როგორც ბოროტება, ისევე სიკეთე ახალგაზრდის გულში ღრმად იდგამს ფესვს. და რასაც ახალგაზრდობაში შევითვისებთ, მოწიფულ ასაკშიც ის დაგვრჩება, როგორც ახალგაზრდა ხე, რომელიც ბოლომდე ასევე იდგება, რომელ მხარესაც მიიდრიკება. ამის გამოა საჭირო ახალ-გაზრდობისათვის ასეთი ღვთისნიერული აღზრდა და როცა თავად მშობლებს ან არ ძალუძთ, ან მათი წოდება ამის კეთების საშუალებას არ აძლევს, საჭიროა აღმზრდელთა მოძიება და ბავშვების სწავლება. ბევრნი საკუთარ შვილებს უცხო ენებსა და ხელოვნებას ასწავლიან, მაგრამ ღვთისმოსაობაში არ წვრთნიან, საიდანაც ცხადი ხდება, რომ თავადაც არ არიან ამის მფლობელნი, თუმცა კი ქრისტიანები ჰქვიათ. საზოგადოებისათვის და კომერციისათვის უცხო ენების შესწავლაც სასარგებლოა; მაგრამ სარწმუნოებრივ საიდუმლოთა შესწავლა საჭიროა, და საჭიროა უცილობლად, „აქა ერთისაჲ არს საჴმარ" (ლუკა 10,41). რა ყრია ფრანგულისა თუ ნებისმიერი სხვა ენის შესწავლაში, თუკი გული არ იქნება განსწავლული? ენა ლამაზად და მოხდენილად მჭევრმეტყველებს, მაგრამ გული ცარიელია რწმენის გარეშე და უღმერთობის სიმყრალეს გამოსცემს, რაც არხეინი მშობლებისა და მათი შვილებისთვისაც უბედურების მომტანია.

   2. რადგან როგორც წმიდა წერილშია ნათქვამი,„დასაბამი სიბრძ-ნისაჲ, შიში უფლისაჲ (ფსალმ. 110, 10), ახალგაზრდა გულში თავიდანვე უნდა ჩავნერგოთ ღმრთის შიში; რამეთუ ახალგაზრდობა, რომელიც ბუნებითაა მიდრეკილი ბოროტებისკენ, სხვა არაფრით თუ არა, ამ შიშით განიდრიკება მისგან, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანი და ღმრთის შიში რომ დავნერგოთ მათ გულებში, ხშირად უნდა შევახსენოთ, რომ ღმერთი ყველგანაა, და ყოველ ადამიანთან მყოფობს და ადამიანმა რაც არ უნდა გააკეთოს, ანდა იფიქროს, ხედავს და რაც არ უნდა თქვას, ესმის და ნებისმიერი უკეთური სიტყვის, საქმის და ზრახვის გამო გვირისხდება, დაგვსჯის, და ცოდვილთ მარადიულ სატანჯველს მიუზღავს, ხოლო კეთილ და მართალ ადამიანებს მათი კეთილი საქმეებისთვის დააჯილდოებს, და ცოდვილი და ბოროტების მქმნელი შეიძლება აქვე დაისაჯოს, როგორც ისტორიაში ვკითხულობთ ამის შესახებ, და რაც ახლაც ხდება. ეს მათ თავიდანვე უნდა შთავაგონოთ, რათა არა მხოლოდ ცხადად, არამედ შინაგანადაც მოერიდონ ნებისმიერ ბოროტებას და როგორც ბავშვები თავისი მშობლების წინაშე, მონები თავისი ბატონების წინაშე, ხელქვეითნი ხელისუფალთა წინაშე არაფერ უკეთურს არ სჩადი-ოდნენ, არამედ იქცეოდნენ მოწიწებით, როგორც ღმრთის წინაშე (რომელიც ყველაფერს ხედავს) და ჰქონდეთ შიში და ფიქრობდნენ, რომ ღმერთი მათთანაც არის და ყველა მათ ქმედებას ხედავს და შეიძლება დასაჯოს, როდესაც უკეთურებას ჩაიდენენ. თუმც კი ხდება ხოლმე, რომ ადამიანი უკეთურ საქმეს ვერ ხედავს, მაგრამ ღმერთი - მთელ სამყაროზე აღმატებული და მსაჯული ყოველთა, ყველაფერს ხედავს. ასეთი სწავლების და განსჯის მეოხებით შეიძლება ახალ-გაზრდებში დაინერგოს შიში ღმრთისა. ეს ყოველი ხნიერებსაც და მოხუცებსაც უნდა ახსოვდეთ.

   3. მშობლები უნდა სჯიდნენ უმსგავსო შვილებს. სიტყვა ღმრთისა უბრძანებს მათ: „ნუ განაყენებ ჩჩჳლსა ყრმასა სწავლასა; უკუეთუ სცე მას კუერთხითა, არა მოკუდეს. შენ სამე სცე მას კუერთხითა, ხოლო სული მისი იჴსნე სიკუდილისაგან" (იგავთა, 23, 13-14). ჩვენ ვხე-დავთ, რომ ღმერთს უყვარს თავისი შვილები, მაგრამ ამ სიყვარულის გამო სჯის: „რამეთუ რომელი უყვარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის" (ებრ. 12, 6). ასევე ხორციელმა მშობლებმა უნდა მიბაძონ ღმერთს და თავისი შვილები საჯონ სიყვარულის გამო. რამეთუ ბრმაა მშობლის ისეთი სიყვარული, რომელიც სასჯელის გარეშე ტოვებს უმსგავსო შვილებს; ჭეშმარიტი და ბრძნულია ის სიყვარული, რომელიც მათ თვითნებობას სასჯელით აცხრობს. „რომელი ერიდებოდეს კუერთხითა (არგნითა) ძესა თჳსსა, სძულს იგი, ხოლო რომელსა უყუარდეს, გულსმოდგინედ სწავლინ" (იგავთა, 13, 24).

  4. დასჯისას არ უნდა მივმართავდეთ გადაჭარბებულ სიმკაცრეს, როგორც მოციქული ბრძანებს: „მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, რაჲთა არა ეურვოდინ" (კოლ. 3, 21), არამედ სამეუფეო გზაზე ვიარებოდეთ, როგორც ზემოთ ვთქვით.

   5. კეთილ საქმეთა სახედ საკუთარი თავი წარმოვუჩინოთ, რამეთუ სიყმაწვილე ან თუნდ ნებისმიერი ასაკი სათნოებებში კეთილი ცხოვრებით უფრო განისწავლება, ვიდრე სიტყვით; განსაკუთრებით პატარა ბავშვები წესად საკუთარი მშობლების ცხოვრებას ისახავენ, რასაც მათში შენიშნავენ, თვითონაც მასვე აკეთებენ, კეთილი იქნება ეს თუ ბოროტი. ამის გამო მშობლები მოვალენი არიან როგორც საც-დურებისაგან დაიცვან ბავშვები, ასევე სათნო ცხოვრების მაგალითი მისცენ მათ. სხვაგვარად ვერაფერს გახდებიან, რადგან ბავშვები უფრო მეტად მშობლების ცხოვრებას შეჰყურებენ, წარმოისახავენ მას თავი-ანთ ახალგაზრდა სულებში, ვიდრე სიტყვებს ისმენენ. ნებისმიერი დამრიგებლის სიტყვაზე, რომელიც შერწყმულია ცხოვრებსათან - გამორჩეულ და ძლიერ დამოძღვრას წარმოადგენს, გაცილებით აღმა-ტებულია მშობლის დარიგება.

   6. ბავშვების სიყვარულს თავად მშობელთა ბუნებიდან გამომდინარე მიველტვით: პირუტყვსაც უყვარს თავისი ნაშიერი. ამის გამო არც ღირს ამ გრძნობის მოხსენიება, ოღონდ ნუ იქნება სიყვარული უგუნური, რაზეც ზემოთ ვილაპარაკეთ.

   7. მშობლები საკუთარ შვილებს ღმერთს უნდა ავედრებდნენ, რათა თავად ღმერთმა განსწავლოს ისინი ღმრთისავე შიშით და განაბრძნოს ცხონებისათვის.

   8. თუ რამდენად საზიანოა ბავშვების სწორ აღზრდასა და დასჯაში დაუდევრობა თავად მშობლებისთვისაც და შვილებისთვისაც, ზემოთ აღწერილიდან ყველა დაისახავს, ამასვე მოწმობს ისტორიაც ელიზე, ისრაელის მღვდელმთავარზე, რომელიც იმიტომ, რომ სწორად არ ზრდიდა საკუთარ ვაჟებს და არ სჯიდა მათ თავხედობის გამო, თვითონაც და შვილებიც ღმრთისაგან დაისაჯნენ.

 

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება