მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მწუხარება, მთავარი გვედის ფოტო > განსაცდელისა და მწუხარების შესახებ - წმიდა იოანე ოქროპირი

განსაცდელისა და მწუხარების შესახებ - წმიდა იოანე ოქროპირი


13-07-2016, 00:01

განსაცდელისა და მწუხარების შესახებ - წმიდა იოანე ოქროპირი

 

   ადამიანთაგან ბევრი სულმოკლე, სუსტი, საცოდავია და მიუხედა-ვად იმისა, რომ საყოველთაო აღდგომისა სწამთ, დროში დაშო-რებულობის გამო უგულისყურობას იჩენენ და განსაცდელების ჟამს ირწევიან და ეცემიან. ასეთ ადამიანებს წმ. პავლე მოციქული აღდგომამდე სხვა ჯილდოსა და სიკეთეზე მიუთითებს. რომელზე? „დაღათუ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, არამედ შინაგანი განახლდების დღითი დღედ" (2 კორ. 4, 16). გარეშე კაცს ის სხეულს უწოდებს, ხოლო შინაგანს - სულს. მისი სიტყვების აზრი ასეთია: აღდგომამდე და მომავალი სიკეთეებით ნეტარებამდე, ჩვენი შრომისგან არცთუ მცირედ უკუგებას ვღებულობთ იმაში, რომ განსაცდელისაგან ჩვენი სული განახლდება, უფრო გონიერი და მოკრძალებული ხდება, მეტი მოთმინებით იმოსება, მტკიცდება და ძლიერდება. როგორც ხორციელ შრომაში მყოფნი ჯილდოებსა და გვირგვინის მოპოვებამდე უდიდეს სარგებელს თვით ბრძოლასა და ვარჯიშში ღებულობენ (ვინაიდან მათი სხეული უფრო ჯანმრთელი, ძლიერი და დაავადებების მიმართ გამძლე ხდება), ასევე სულიერ ღვაწლშიც - ცის გახსნამდე, ძე ღვთისას მოსვლამდე და აღთქმული სიკეთეების მიღებამდე, უდიდეს სარგებელს ვღებულობთ იმით, რომ ჩვენი სული უფრო კეთილგონიერი ხდება.

   კი მაგრამ, როგორ განახლდება? როგორ და სულმოკლეობა განი-დევნება, სამარცხვინო სურვილები, ვერცხლისმოყვარეობა, დიდების-მოყვარეობა ითრგუნება და სხვა მსგავსი გახრწნილი აზრები ნად-გურდება. როგორც უმოქმედობაში და უდარდელობაში ჩავარდნილი სული ამ ვნებებით ადვილად ავადდება, ასევე მუდმივად ღვთივ-სათნო საქმეებით დაკავებული სული გატაცებულია ღვაწლზე ზრუნვით, რაც განაშორებს მას ყოველგვარი ვნებისაგან. ამიტომაც თქვა მოციქულმა: „განახლდების დღითი დღედ". შემდეგ იმ მგლო-ვიარეთა სულებს, რომლებიც კეთილგონიერებით ვერ გამოირჩევიან, განსაცდელების ჟამს ანუგეშებს და მომავლის იმედით ამხნევებს: „რამეთუ საწუთროი ესე მცირე ჭირი ჩუენი გარდამეტებულსა და გარდარეულსა დიდსა დიდებასა საუკუნესა შეიქმს ჩუენთვის. რამეთუ არა ვხედავთ ჩუენ ხილულსა ამას, არამედ უხილავსა მას, რამეთუ ხილული ესე საწუთრო არს, ხოლო არა ხილული იგი-საუკუნო" (2 კორ. 4, 17-18). ამ სიტყვების აზრი ასეთია: განსაცდელი ჩვენს სულს უფრო კეთილგონიერს ხდის და დიდი სარგებლობა წუთისოფელშიც მოაქვს, ხოლო მომავალში უთვალავ სიკეთეს მოგვიტანს. სიკეთეს, რომელიც რაოდენობითა და ხარისხითაც ბევრად აღემატება ჩვენს მიერ გაწეულ შრომას. განსაცდელი ხანმოკლე და მსუბუქია, ხოლო დიდება - საუკუნო და დიდი. სიტყვებით: „გარდამატებულსა და გარდარეულსა დიდსა დიდებასა" წმ. მოცი-ქული დიდების სიდიადეს გამოხატავს.

   მაშ ასე, მარტო რაც შეგემთხვა და გტანჯავს, იმაზე კი არა, არამედ ჯილდოსა და გვირგვინზეც იფიქრე, რომელიც აქაურ სიკეთეებზე გაცილებით დიდი და ბრწყინვალეა და დასასრული და საზღვარი არა აქვს.

  განსაცდელის ნაყოფზე საუბრისას პავლე მოციქული ბრძანებს: „უწყით რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაი - გამოცდილებასა, და გამოცდილებაი - სასოებასა, ხოლო სასოებამან არა არცხვინის" (რომ. 5, 3-5). ხედავ, მხიარულების ნავსაყუდელს? ჭირი - ამბობს მოციქული - მოთმინებასა შეიქმსო. ვის შეუძლია დამთმენ და ყველაფრის ადვილად გადამტან ადამიანზე მშვიდად ყოფნა? ვინ არის გამოცდილ ადამიანზე ძლიერი? რა შეედრება აქედან მომავალ სიხარულს? მოციქულის თქმით, აქედან ჩვენთვის სამი სასიხარულო შედეგი წარმოედინება: მოთმინება, გამოცდილება და მომავალ სიკეთეთა იმედი.

   გამოუცდელ და განსაცდელგამოუვლელ ადამიანებს ნაკლებად მნი-შვნელოვანი საქმეებიც აფორიაქებთ. მათ არა მარტო საქმეები, არამედ მათი მოლოდინი და აჩრდილიც კი აშინებთ და აფრთხობთ. ამის საპირისპიროდ, ვინც უამრავი უბედურება დაითმინა და ყველაფერი გამოსცადა, ის ყველა მათგანზე მაღლა დგას და განსაცდელებს დამცინავად უყურებს. ეს მცირე ჯილდო ნამდვილად არაა, როცა მისი დამწუხრება არავითარ ადამიანურ გასაჭირს არ შეუძლია. საკუთარი მოთმინების ძალით ანგელოზებრივ კეთილგონიერებამდე მიღწეულ ასეთ ადამიანთათვის, სხვისთვის საშიში გარემოებანი უმნიშვნელო ხდება: იმას, რისიც სხვებს ეშინიათ და ცახცახებენ, მას შეუძლია ღიმილით უყუროს. ჭეშმრიტად, თუ ჩვენ ვაფასებთ სხეულს, რომელსაც უმტკივნეულოდ შეუძლია სიცივის, სიცხის, შიმშილის, მოგზაურობისა და სხვადასხვა სიძნელეების უმტკივნეულოდ გა-დატანა, უფრო მეტად უნდა ვაფასებდეთ სულს, რომელსაც ყველა უბედურება ვაჟკაცურად და უშიშრად შეუძლია გადაიტანოს და ყველა შემთხვევისათვის საკუთარი გონება მონობისაგან თავისუფალი შეინარჩუნოს.

   ჩვენი ყოვლადბრძენი მეუფე განსაცდელებს ჯერ უკიდურესობამდე ზრდის, შემდეგ ქარიშხალს განდევნის, სიჩუმეს და ყველაფერში უდიდეს გარდაქმნას ამყარებს. ამით უფალი თავისი ძალის სიდიადეს გვანახებს. მაშ ასე, როცა ღმერთი ჩვენზე განსაცდელებს დაუშვებს, არასოდეს ვიწუწუნოთ და ნუ ვიფიქრებთ, რომ უფალმა დაგვტოვა და არ ზრუნავს ჩვენზე, არამედ, პირიქით, ეს ჩვენზე ღვთის ზრუნვის უდიდეს ნიშნად ჩავთვალოთ. ვინაიდან უდიდესი მოთმინების და მადლიერების ჩვენებით შეგვიძლია ცოდვებით დამძიმებული საკუთარი ტვირთის შემსუბუქება. ხოლო თუ ჩვენი ცოდვები მრავალრიცხოვანი არაა, ზემოდან მეტ წყალობას დავიმსახურებთ. კაცთმოყვარე და ადამიანთა ცხონებაზე მზრუნველი ჩვენი მეუფე განსაცდელების დაშვებით ერთგვარ სწავლებას და ბრძოლის ასპარეზს გვთავაზობს, რათა რაც შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ და ამით მისი მოწყალე განგების ღირსნი გავხდეთ.

   როდესაც მზარდ უბედურებას დაინახავ, სასოწარკვეთას ნუ მიეცემი, არამედ უფრო გამხნევდი. ღმერთმა ყოველივე ეს შენი უდარდელობის გასაფანტავად და ძილისაგან გამოსაფხიზლებლად დაუშვა. ვინაიდან განსაცდელის დროს ყველაფერი ზედმეტი მოიკვეთება, წუთისოფლის საზრუნავი დავიწყებას მიეცემა, ადამიანი ლოცვის მიმართ გულმოდ-გინე, ხოლო ტკბობისმოყვარეობის შეძულებისა და მოწყალების მიმართ მეტად მუყაითი ხდება და საერთოდ, მწუხარებისაგან თავდასაღწევ, რბოლაში ჩაბმულთათვის ნებისმიერი ვნება ადვილად დაიძლევა. ღმერთს ჩვენი დასჯა კი არა, არამედ შეგონება და უკეთესებად გარდაქმნა სურს, თუმცა განაჩენი სასჯელის სახით წარმოითქმის. ყოველივე ამის მცოდნენი განსაცდელის ჟამს ნუ მოვდუნდებით და მწუხარებისას ნუ ვიწუწუნებთ!

   წმ. მოციქულთა თქმით, ჩვენთვის დაპირებულ სიკეთეებს ვერ მივ-იღებთ და ცათა სასუფევლის ღირსნი ვერ გავხდებით, თუ აქაურ ცხოვრებას მწუხარებათა გზით არ გავივლით. მოუსმინე, რას ეუბ-ნებიან ახლადმოციქულებს: „და დაიმოწაფნეს მრავალნი, და მივი-დეს ლუსტრად და იკონიად და ანტიოქიად, და განამტკიცებდეს სულსა მოწაფეთასა და ჰლოცვიდეს მათ, რაითა მტკიცედ დგენ სარწმუნოებასა ზედა, და ვითარმედ: მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესვლაი საუფეველსა ღმრთისასა" (საქ. 14, 21-22). რით ვიმართლებთ თავს, რომ არ გვინდა ყველა უბედურების სულ-გრძელად, ვაჟკაცურად და მადლიერებით გადატანა, როცა ვიცით, რომ ამ გზის გაუვლელად ცხონება შეუძლებელია? რაა ამაში ახალი და უცხო, როცა ყველა წმინდანმა აქაური ცხოვრება მწუხარებათა გზით განვლო? მოუსმინე ქრისტეს, რომელიც ამბობს: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს". ხოლო რათა ამის გამგონენი სულით არ დაეცნენ, ის მაშინვე ამხნევებს მათ და ჰპირდება დახმარებას: „ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (იოან. 16. 33). შენ - გეუბნება უფალი - გყავს მწუხარების შემამსუბუქებელი, რომელიც არ დაუშვებს განსაცდე-ლების სიმძიმით შენს დაღუპვას, ვინც შენს ძალებზე აღმატებულ უბედურებას არ დაუშვებს. რად მწუხარებ? რატომ გლოვობ? რატომ წუწუნებ? რატომ სულმოკლეობ? განა ის დაგვტოვებს, თუ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ - თუ ვაჩვენებთ მოთმინებას, სიმტკიცესა და მადლიერებას? მთავარია რაც გვევალება, ის შევასრულოთ, გვქონდეს გულწრფელი რწმენა და ჩვენს სულებზე მზრუნველის ყოვლად-ბრძენობის იმედი. ხოლო მან, ჩვენზე უკეთ იცის, რაა ჩვენთვის სასარგებლო და ყველაფერს ისე მოაწყობს, როგორც მას ეკადრება.

   ჩვენ ხშირად ღვთის სასჯელს საკუთარ მოსაზრებებს ვუქვემდება-რებთ, დროსაც კი მივუთითებთ და ვამბობთ, რომ ამა და ამ დროისათვის ღმერთი შეგვიწყალებს. სწორედ ამიტომ არ გვეხსნება განსაცდელი. აბრაამს შვილი შესაწირად იმიტომ კი არ მიჰყავდა, ცოცხალი რომ დარჩენოდა, არამედ - მოსაკლავად, და მოსალოდ-ნელის საწინააღმდეგოდ, ის ცოცხალი მიიღო. ასევე შენც როდესაც განსაცდელში ჩავარდები, მოუთმენელი ნუ იქნები და მისგან დახსნას ნუ იჩქარებ, არამედ შენი სული ყოველნაირი მოთმინებისათვის განაწყვე და მაშინ განსაცდელისაგან მალე განთავისუფლდები, ვინაიდან ღმერთი იმისთვის გიგზავნის მას, რომ შეგაგონოს. ხოლო, თუ ჩვენ თავიდანვე ვიცით განსაცდელის გადატანა და არ ვდრტვინავთ, ღმერთი მათგან მალე გვათავისუფლებს, რადგან უკვე ყველაფერი გაკეთებულია.


წმ. იოანე ოქროპირი 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება