მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ძველი აღთქმა დიადია, მაგრამ მისი სიდიადე დაფარულია (прикрыта) - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

ძველი აღთქმა დიადია, მაგრამ მისი სიდიადე დაფარულია (прикрыта) - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)


6-06-2016, 00:00

ძველი აღთქმა დიადია, მაგრამ მისი სიდიადე დაფარულია (прикрыта) - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

 

   კიდევ უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი რამ: წმინდა წერილის, განსაკუთრებით პავლე მოციქულის ეპისტოლეების კითხვისას, უნდა ვიყოთ ყურადღებით და წაკითხული ყოველთვის შევადაროთ ტექსტის სხვა მონაკვეთებს, ეკლესიის მამათა განმარტებებს. ხშირად წმ. წერილის ღრმა, მთლიანი შინაარსის ჩაუწვდომლობას, მხოლოდ ცალკეულ სიტყვებსა და ფრაზებზე დაყრდნობას საკმაოდ განათ-ლებული ადამიანებიც კი ჩაუგდია ღვთისმგმობ და ერეტიკულ სწავლებებში. ასეა დღესაც. თვით პეტრე მოციქული, პავლე მოციქულის ეპისტოლეებს რომ აქებდა, ამბობდა: ის წერდა ამ ეპისტოლეებს „მსგავსად მოცემულისა მის მისდა სიბრძნისა", მაგრამ შენიშნავდა: „ყოველთა შინა წიგნთა მისთა იტყვის ამისთვის, რომელნი არიან ძნიად საცნაურ რაიმე, რომელსა-იგი უსწავლელნი და დაუმტკიცებელნი გარდააქცევენ, ვითარცა სხუათა მათცა წიგნთა, მსგავსად მათისავე მის წარწყმედისა" (2 პეტრ. 15. 16). ბევრგან პავლე მოციქული ლაპარაკობს იმ ადამიანის რწმენის დონისა და განწყობის გათვალისწინებით, ვისკენაც მიმართულია საუბარი. მაგალითად: ებრაელები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ რჯულის გარეგნულ მხარეს, განსაკუთრებით წინადაცვეთას. ამის გამო ისინი ზიზღით უცქერდნენ წინადაუცვეთელებს, თითქოს თავად ამ გარეგნული ნიშნის აღსრულებით ავტომატურად ხდებოდნენ ღვთის მადლის მემკვიდრენი, აბრაამისთვის აღთქმული შთამომავალნი. მოციქული ყველანაირად შეეცადა გაეცრუებინა იმედი იუდეველებისთვის რჯულის გარეგნული ფორმისადმი ამ უბადრუკი რწმენის გამო. ძველიაღთქმისეული რჯულის მნიშვნელობა და მიზანი ხომ იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის სული ქრისტემდე მიიყვანოს. ქრისტე მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ებრაელებმა ის ვერ შეამჩნიეს და კვლავინდებურად ჩაეჭიდნენ თავიანთ რჯულს. მათ საკუთარი იმედი რჯულის გარეგნულ ატრიბუტებზე დაამყარეს. ამიტომ პავლე მოციქულთან ხშირად ვპოულობთ ასეთ გამონათქვამებს: „მე შჯულისათვის შჯულითა მოვკუედ" (გალ. 2. 19), „შჯულითა არავინ განმართლდების" (გალ. 3. 11-19), „უკუეთუ შჯულისაგან არს სიმართლე, ქრისტე სამე ცუდად მოკუდა?" (გალ. 2. 21), „განქარვებულ ხართ ქრისტესაგან რომელნი-ეგე შჯულითა განჰმართლდებით" (გალ. 5. 4), „წინადაცუეთილებაჲ არარაივე არს" (1 კორ. 7. 19), „ეკრძალე-ბოდეთ წინადაცუეთილებასა" (ფილიპ. 3. 2-3), და ა.შ. ამ გამონათ-ქვამებზე აქცენტირებამ მათი ჭეშმარიტი შინაარსის ჩაუწვდომლობამ შესაძლოა მრავალს აფიქრებინოს, რომ ძველი აღთქმა არაფერს აძლევდა ადამიანებს საცხონებლად, არ ამზადებდა მათ გამომხსნელი მადლის მისაღებად. ეს მადლი მოგვიანებით მიეცა კაცობრიობას, თუმცა მისით ცხონდა ყველა, ვინც ძველი აღთქმის პერიოდში მოემზადა ქრისტეს მიერ მთელი კაცობრიობისთვის მიმადლებულის ათვისებისთვის. ამ ლოგიკით საერთოდ კნინდება ძველი აღთქმის ეკლესიის მნიშვნელობა. ამჯერად უნდა განიმარტოს ღვთის მიერ მოსესთვის მიცემული რჯულის საკითხი - რა მნიშვნელობა ჰქონდა მას სულის ცხონებისათვის.

   წმ. თეოფანე დაყუდებული რომაელთა მიმართ ეპისტოლეს მეორე თავის მეათე მუხლის („დიდება და პატივი და მშვიდობა ყოველსა მოქმედსა კეთილისასა, ჰურიასა პირველად და მერმე წარმართსა") განმარტებისას აღნიშნავს: „იუდეველობა, თუმც არ გახლავთ ღვთის საბოლოო სიტყვა - კაცობრიობისათვის თქმული, მაგრამ ის თავის კვალს, ბეჭედს უდავოდ დაამჩნევდა ადამიანის სულს. ეს კი მკაფიოდ განასხვავებდა ამ ადამიანების მარტოოდენ ბუნებრივი რჯულით კეთილი სულებისაგან. ეს იყო საწყისი უფლის, მაცხოვრის გან-მწმენდელი ძალისა, ვინაიდან იუდეველობა მაცხოვრის მომავალში მოსვლის რწმენას განასახიერებდა. ამდენად, იუდეველობის ერთგული იუდეველი ყველა წარმართზე აღმატებული უნდა ყოფილიყო, ესენი ხომ მხოლოდ ბუნებრივი სინდისით იყვნენ რჯულის ერთგულნი".1

   წმინდა მამის სიტყვით, „ვით მოსეს სახე იყო გასხივოსნებული, მაგრამ იმდენად დაფარული, რომ სხვები ვერ ხედავდნენ ამ სიდიადეს, ასევეა ძველი აღთქმაც. ის დიადია, მაგრამ მისი სიდიადე ნივთიერი მსახურების საფარველშია. ასე რომ: თუ მხოლოდ გარეგნულით შევაფასებთ ძველ აღთქმას, მაშინ მთელი მისი წეს-განგებულება სხვა არაფერია, თუ არა სტიქიური მსხვერპლშეწირვა, კმევა და ფეხბანის რიტუალი. არსობრივად ეს მხოლოდ აჩრდილია, ამ აჩრდილის სახე (სხეული), განსხეულება ქრისტე ღმერთია. ამ სხეულის ხილვა, შესაბამისად გააზრება იმისა, რაში მდგომარეობს ძველი აღთქმის მნიშვნელობა, მხოლოდ ღვთის მორწმუნე ადამიანს ხელეწიფება. ეს გარეგნული საფარველის შინაგანში აღწევს და იქ შეფარულ ნათელს ხედავს".2

   იერუსალიმის პატრიარქი წმინდა სოფრონი ამბობს: „მცნებები, რომლებიც რჯულის აღსრულებას გვავალებენ, უბრალო სიტყვა როდია. მას მნიშვნელობა უფრო დიდი აქვს, ვიდრე ხილული ფორმა, რასაც შეუდარებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. როდესაც გარეგნულს აეხდება საფარველი, მაშინ სული წვდება არსს, რომელზეც არის დაფუძნებული და სწორედ მასში დაფარულ საგანძურს წარმოაჩენს. შედეგად გვეძლევა უკიდეგანო შესაძლებ-ლობები, რომლებიც ჩადებულია რჯულში".3 წმ. კირილე ალექსანდ-რიელი ამბობს: „თუ რჯულში დაწერილს სულიერად განვიხილავთ, მაშინ ვერაფერს დავინახავთ გარდა ქრისტეს საიდუმლოებებისა, რომელიც ღვთისნიერი მსმენელის გულზე ყველაზე კაშკაშა ნათელს გარდამოჰფენს".4

   როგორც წმ. ირინეოს ლიონელი ამბობს, რომ თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე „არ აკნინებდა მოსეს მიერ მოცემულ რჯულს ვიდრე იერუსალიმი უვნებელი იყო, ღმერთი იუდეველებს ავალდებულებდა რჯულის დაცვას, ამავდროულად საყვედურობდა მათ იმის გამო, რომ ღვთის სიტყვას უსიყვარულოდ იუწყებოდნენ და ამიტომაც იყვნენ უსამართლონი ღმერთთან და მოყვასთან... რჯულის ბუნებრივი მცნებები, რომლითაც ღმერთი ადამიანს რჯულის მოცემამდე სარწმუნოებისამებრ განამართლებდა და სათნოეყოფოდა, მან კი არ დაარღვია, არამედ კიდევ უფრო განავრცო და აღავსო".5 ერთისა და მეორისაც რჯულისმდებელი სიტყვაა ღვთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც აბრაამთან და მოსესთან საუბრობდა, ხოლო უკანასკნელ ჟამს დაგვიბრუნა თავისუფლება".6 წმინდა კირილე ალექსანდრიელი მოსეს ხუთწიგნეულის განმარტებისას წერს: „ისრაელს მოსესთვის ბოძებული კურთხევა - რჯული მიეცათ" (იონ. 1. 17). ეს იყო ანგელოზის მიერ თქმული ქრისტეს სიტყვები. ის, რომ მოსეს რჯული უფლის სიტყვებია, თავად მაცხოვარმა დაგვანახა სიტყვებით: „ვიდრემდე წარხდეს ცაჲ და ქუეყანა, იოტა ერთი გინა რქა ერთი არა წარხდეს სჯულისაგან და წინასწარმეტყველთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს"7 (მათ. 5. 18; 24. 35). წმინდანი ასევე ამბობს, რომ ქრისტე „იმავე რჯულის ქვეშ იყო, თუმც, როგორც ღმერთი, ასევე რჯულისმდებელია. ის, რომ მაცხოვარი რჯულის ქვეშ იმყოფებოდა, ადვილმისახვედრია იმით, რომ წინადაიცვითა მერვე დღეს, გადაიხადა დიდრაქმა, თუმც ბუნებით ღმერთი თავისუფალი იყო ამისაგან".8 მაცხოვრის სიტყვები: „ყოველი მწიგნობარი, დამოწაფე-ბული სასუფეველსა ცათასა, მსგავს არს იგი კაცსა სახლისა უფალსა, რომელმან გამოიღოს საუნჯისაგან თვისისა ძუელი და ახალი" (მათ. 13. 52) ასე განმარტა წმინდა იოანე ოქროპირმა: „ხედავთ, ქრისტე არ უგულებელყოფს ძველ აღთქმას, არამედ აქებს და აღამაღლებს და „საუნჯეს" უწოდებს მას".9

   „რამეთუ რაოდენნი იგი საქმეთაგან შჯულისათა არიან, წყევასა ქუეშე არიან" (გალ. 3. 10) - პავლე მოციქულის ეს სიტყვები ასე განმარტა წმ. თეოფანემ: „ამ სიტყვების პირდაპირი გაგება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ თავად რჯული სასჯელისთვისაა მოცემული. მაგრამ ასე მსჯელობა არ შეიძლება, ვინაიდან რჯული ღვთისაგანაა, მისი წეს-დადგენილება ყოველთვის სათნოა ღვთისთვის და მივყავართ ცხონებამდე. ამიტომაც დაიწერა: „უნდა შეასრულოს ადამიანმა (ღვთისაგან მოცემული რჯული - ა. ლ.), რომ ცოცხალი დარჩეს" (ეზ. 20. 11). სასჯელის ქვეშ იყვნენ ისინი, რომლებიც არ აღასრულებდნენ რჯულს, მისი დარღვევის შემთხვევაში არ ნანობდნენ და ცდილობდნენ განწმენდას რჯულში მითითებული მეთოდით". „რჯულში არ მოიძებნება სასჯელის შემწყვეტი, შემჩერებელი დადგენილება... ვინც ცოდვის სწორ მსხვერპლს გაიღებს, ის განიწმინდება ცოდვებისაგან... გვეტყვით: ე.ი. რჯული ყოველივეს საჭიროებისამებრ გვაწვდის: მიგვითითებს როგორ ვიცხოვროთ, ცოდვის ჩადენის შემთხვევაში, შესატყვისი მსხვერპლის გაღების შემდგომ გვაძლევს განწმენდის საშუალებას. ეს მართალია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება: მსხვერპლის განმწმენდელი ძალი რჯულის მიღმაა, უფალშია, რომელიც უნდა მოსულიყო ქვეყნად (ამჟამად უკვე მოსულია). მსხვერპლი განიწმინდება ცხებულის მომავალში მოსვლის სახელის რწმენით. მის გარეშე კი მსხვერპლი არარაა. ამიტომაც წერია: „მართალი სარწმუნოებით ცხონდეს. თუ რჯულში ამ მაცხოვნებელი რწმენის გარეშე რჩები, ვერ გადაურჩები სასჯელს".10

   სხვა ადგილას მოციქული ამბობს, რომ ღვთის წინაშე „საქმეთაგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ხორციელი წინაშე მისსა, რამეთუ შჯულისაგან არს გამოცნობაჲ ცოდვისა" (რომ. 3. 20). ამ სიტყვების ერთმნიშვნელოვანი გაგება არ შეიძლება! წმ. თეოფანე განგვიმარტავს: „ასევე არ უნდა ვიფიქროთ, რომ რადგან რჯულის საქმეებიც ვერც ერთი ადამიანი ვერ გამართლდება, მაშინ რჯულის საქმეებიც არ გვესაჭიროება. არა, გამართლება იმაში მდგომარეობს, რომ რჯულის ყოველი მოთხოვნა ყველაფერში მართებულად გავითვალისწინოთ. აღასრულე ყოველი ნება ღვთისა და ცხონდები. ამის შესახებ არაერთგზის საუბრობდა მაცხოვარი, ამასვე შთაგვა-გონებდნენ მოციქულებიც. ამაშია ღვთის მაცხოვნებელი განგებულება - აღგვამაღლოს იმ მდგომარეობამდე, რომელშიც გამართლებულნი წარვსდგებით რჯულის წინაშე. ამის შემდეგაა ცოდვათა მიტევება, შემდეგ - მადლი სიკეთის აღსასრულებლად. იუდეველებისთვისაც, ელინებისთვისაც, ამჟამად ქრისტიანებისთვისაც ერთი მიზანია: ღვთის რჯულის სრული ერთგულება".11 მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ რჯულის სათნოებებს თავისთავად თუნდაც შესძლებოდათ ადამიანის გამართლება, „ამის იმედი ვერ გვექნებოდა, იმიტომ რომ, უძლურებისა რა გამო არ ძალგვიძს მთელი სისრულით ამის აღსრულება: ასე რომ რჯულიც ვერ განგვამართლებდა, თუმც არა თავისი, არამედ ჩვენი ბრალეულობის გამო".12

   უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოციქული „რჯულზე ახალი აღთ-ქმის თვალთახედვით საუბრობს, ე.ი. ქრისტეს განკაცების შემდეგ, რომლის აჩრდილსაც რჯული წარმოადგენდა.

   წმ. პავლე მოციქული წერდა ქრისტიანთა სამხილებლად, რომლებიც იმავდროულად ძველი აღთქმის რჯულის აღსრულებასაც ითხო-ვდნენ". ამიტომაც ბრძანებს პავლე მოციქული, ისინი, რომლებიც დღესაც რჯულით ცხოვრობენ სასჯელის ქვეშ იმყოფებიანო. „მაცხოვარმა ბრძანა, რომ რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე ანუ აღთქმული მაცხოვრის მოსვლამდე ეს იმთავითვე განისაზღვრა თავად რჯულში. შესაბამისად, ვინც კვლავაც რჯულით ცხოვრობს, ქრისტე მაცხოვრის მოსვლის შემდეგ, ის რჯულის წინააღმდეგია, ხოლო ვინც რჯულის წინააღმდეგია, ის სასჯელის ღირსია".13

   ამრიგად: „როგორც კი რჯული სარწმუნოების სიღრმეების გარეშე აღიქმებოდა, ის მაშინვე სხვაა, არსებული რელიგიების რიცხვს ემატებოდა და აღარ იძლეოდა იმას, რის პოვნასაც მასში ცდილობ-დნენ. რჯულის აღმსრულებელი საკუთარი თავის გამართლების მიზნით რაზეც არ უნდა ამყარებდნენ იმედს გარდა უფალ იესო ქრისტეს სარწმუნოებისა, არავითარი ძალი, ღონე მას არ გააჩნია. ღვაწლი საჭიროა, მაგრამ ჭეშმარიტად განმწმენდელ და მაცხოვნებელ ძალას ის ერთმნიშვნელოვნად იღებს სარწმუნოებისაგან. მის გარეშე ის (ღვაწლი) არარაობაა".14 მაგრამ სარწმუნოებამდე, ცხადია, ვერ მივალთ მართალი და წმინდა ცხოვრებისაკენ ლტოლვის გარეშე. ეს ერთგვარი საფეხურია, რომელსაც მივყავართ სარწმუნეოებამდე. ვინაიდან „ზოგი შესაძლოა მოღვაწეა, მაგრამ არ იყოს ცოცხალი (ღმერთში - ა. ლ.), ვიდრე არ აღიარებს ქრისტეს სარწმუნოებას. გავიხსენოთ, რა თქვა პავლე მოციქულმა საკუთარ თავზე: „სიმართ-ლითა შჯულისათა ვიყავ მე უბრალო" (ფილიპ. 3. 6).

   ამრიგად, პავლე რჯულის თანახმად მართალი იყო, მაგრამ ჯერ არ იყო ცოცხალი (ღმერთში) იმიტომ, რომ გულში არ ჰყავდა ქრისტე, რომელიც ამბობს: „მე ვარ ცხოვრება" (იონ. 11. 28); მან მაშინ დაიწყო ჭეშმარიტი ცხოვრება ღმერთში, როდესაც ირწმუნა.15

   წმინდა კირილე ალექსანდრიელი ასე ამბობს ძველ რჯულზე: „ჩემო მეგობარო, შენ ძალიან შორს იმყოფები მართებული ხედვისაგან. მიიჩნევ, რომ რჯული განადგურებულია, თითქოს მისგან ვერანაირ სარგებელს ვეღარ მივიღებთ და რომ ის აბსოლუტურად უსარგებლოა მნიშვნელოვანი საკითხების გააზრებისთვის, უცვლელია მხოლოდ ჭეშმარიტების დადასტურებისთვის. ამასთან, როგორც ნეტარი პავლე წერს: „აწ შჯულსა ნუ განვაქარვებთა სარწმუნოებითა მით? ნუ-იყოფინ, არამედ რჯულსა დავამტკიცებთ" (რომ. 3. 31), ვინაიდან რჯულს სათნოდ მივყავართ ქრისტეს სარწმუნოებისაკენ... ამრიგად, თუ მაცხოვარი ამბობს, რომ არა რჯულის დარღვევის გამო მოვიდა, არამედ აღსასრულებლად. მაშინ ნუ ვიფიქრებთ, რომ სრულიად უგულებელყოფილია ძველი დადგენილება, არამედ ერთგვარად ფერი იცვალა, გარდაიქმნა სისავსით ჭეშმარიტებად".16 „როგორც სარკეში ცქერის დროს ვხედავთ ადამიანის მოცულობას და არა თავად ხატებას, მსგავსად ამისა, მიმაჩნია, ისინიც, რომლებსაც სურთ იხილონ ცხოვრების სილამაზე ქრისტეში, რჯულით, ვით სარკით, ხელმძ-ღვანელობისას მიაღწევენ სასურველს, იმიტომ რომ, წინასახის ჭეშმარიტებაში აღქმით წმინდად შეიცნობენ იმას, რაც ყველაზე მეტად სათნოა ღვთისათვის".17 (გაგრძელება...)

 

 

 

 

1Феофан Затворник. Толкование посланий Ап. Павла. Послание Римлянам. გვ. 149.

2Творения Феофана Затворника. М. 1894. Толкование на Кор. 3. 12. გვ. 110.

3Проповеди. Слово на Сретение Господие. გვ. 81.

4Творения св. Кирилла Александрийского. Кн. 2. Глафиры. გვ. 336.

5Св. Ириней Лионский. Против Ересей. Кн. 4. Гл. 12. გვ. 345.

6იქვე გვ. 337.

7Глафиры или искусные обьяснения избранных мест из пятикнижния. გვ. 107.

8იქვე გვ. 323.

9Творения Св. И. Златоуст. Толкования на Св. Матфея. М. 1993. Кн. 2. გვ. 492.

10Творения Феофана Затворника. М. 1894. Толкование на Гал. 3. 9-10. გვ. 232.

11Толкования Посл. Ап. Павла. Послание Римлянам. გვ. 219.

12იქვე გვ. 218.

13Творения Феофана Затворника. Толкование на послания Галатам. გვ. 236.

14იქვე გვ. 239-240.

15იქვე წმ. თეოფანესთან.

16Творения Св. Кирилла Александрийского. Кн. 1. О поклонении и служении в духе и истине". М. 2000. გვ. 128.

17იქვე გვ. 130.

 

 

 

არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება