მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > ჭეშმარიტი ეკლესიის ნიშან - თვისებანი

ჭეშმარიტი ეკლესიის ნიშან - თვისებანი


4-11-2023, 08:51

 

   ეკლესიის, ამ ღმერთკაცობრივი ორგანიზმის, შექმნა ღვთის სიყვარულის უდიდესი გამოვლინება გახლავთ. ეკლესიის არსებობა გულისხმობს ქრისტეს გამარჯვებას ცოდვაზე, ეშმაკსა და სიკვდილზე. სწორედ ცოდვით დაცემამ გაანადგურა კაცობრიობის ერთიანობა, დათესა მტრობა, შუღლი და სიკვდილი. ეკლესიის დაარსებით კი ადამიანს გადარჩენისა და ცხონების საშუალება მიეცა. მამაზეციურისადმი აღვლენილ ლოცვაში უფალი ჩვენი იესო ქრისტე განგვიმარტავს ეკლესიის შექმნის მიზანს: „რათა ყველა ერთ იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი - შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს წუთისოფელმა, რომ შენ მომავლინე. და დიდება, რომელიც შენ მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთ იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთნი". (იონ. 17. 21-22).

   ამრიგად, ერთობლივი რელიგიური ცხოვრება აუცილებელი პირობაა ქრისტიანულ ყოფიერებაში. მაცხოვარმა მოწაფეებს არა ცალ-ცალკე, არამედ ერთობლივად, ეკლესიის მთელი სისავსით მოუწოდა ცხონებისაკენ. მოციქულთა ცხოვრება ცხადყოფს, რომ ქრისტიანობა არ მოიაზრება კოლექტიურ, უკეთ რომ ვთქვათ, ერთ მთლიანობაში არსებობის მიღმა. ქრისტიანად ყოფნა ქრისტეს სხეულში ყოფნას ნიშნავს, რაც არის სწორედ ეკლესია, ხოლო „ეკლესია არის ცოცხალი ორგანიზმი, იგი არის ღვთის მადლი, რომელიც მოიცავს ყველა გონიერ ქმნილებას, რომლებიც მადლში იმყოფებიან ღვთისადმი მორჩილებისა და უფლის ნებაზე მინდობის მეშვეობით", - ამბობს არქიმანდრიტი რაფაელი, - მისი წევრები ქვებია, რომლისგანაც შენდება ტაძარი ღვთისა. ეკლესიის ყოველი წევრი ერთ სხეულს შეადგენს ქრისტეში, ვით ბრძანებს პავლე მოციქული: „ეგრეთცა ჩვენ ყოველნი ერთ გუამ ვართ ქრისტეს მიერ, ხოლო თითოეული ურთიერთას ასოებ ვართ" (რომ. 12.5).

   მოციქულების შემდგომ მოციქულებრივი მამები ერთხმად აცხადებენ ეკლესიის ერთიანობისა და ერთადერთობის შესახებ.

   წმ. კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს: „ერთ არს ღმერთი, ერთ არს ქრისტე, ერთ არს მისი ეკლესია, ერთ არს სარწმუნოება და ერთ არს ერი, რომელიც სხეულის მთლიანობაშია შეერთებული თანხმობის კავშირით. ერთიანობა არ უნდა დაირღვეს, ერთი სხეული არ უნდა დანაწევრდეს კავშირებად დაშლით, არ უნდა დაქუცმაცდეს პატარ-პატარა ნაწილებად: ყოველივე, რაც მაცოცხლებელ საწყისს შორდება, კარგავს სიცოცხლის წყაროს და განცალკევებით ვეღარ განაგრძობს არსებობას". (ეკლესიის ერთიანობის შესახებ. თბ. სასულ. აკად. და სემინარიის შრომები. II. 1990. გვ. 17).

   იმავე შინაარსის გამომხატველია ეგნატე ღმერთშემოსილის ეპისტოლე: „ერთი ქადაგებაჲ და ერთი სარწმუნოება, და ერთი ნათ-ლისღება; და ერთი ეკლესია..." (იქვე. გვ. 17).

   კლიმენტი ალექსანდრიელი გვმოძღვრავს: „ჭეშმარიტი ეკლესია, ნამდვილი, ძველი, ერთადერთია". ეს სიტყვები ძველი ეკლესიის გამოძახილია, მაგრამ ეს გამოძახილი დღესაც გვესმის მართლმადიდებლურ კატეხიზმოში: იმისათვის, რომ ვცხონდეთ ქრისტეში, აუცილებელია მისი სხეულში ყოფნა ანუ კათოლიკე ეკლესიის წევრობა. შეგნება იმისა, რომ მხოლოდ ეკლესია წარმოადგენს ქრისტეს სხეულს მთელი სისავსით, გამოიხატება ეკლესიის ყველა წევრის ერთმანეთთან სულიერ კავშირში მყოფობით წმიდა საიდუმლოებების მეშვეობით. თავად ქრისტემ მისცა ეკლესიას ერთი სწავლება, ერთი ნათლისღება, ერთი ზიარება. ეკლესია ცხოვრობს ერთიანი სულით და ჰყავს ერთი თავი - ქრისტე. ეკლესიის ხილული ზღვარი, რომლითაც ის გამოირჩევა სხვა ერეტიკული სწავლებებისაგან, გახლავთ მოციქულებრივი სწავლებისა და მამებისეული გადმოცემის სიწმინდე, რომლებიც დაცულია ეკლესიაში წმიდა საიდუმლოებების, დოგმატებისა და კანონების მეშვეობით.

   ნათლისღების, მირონცხების, სინანულის, ქრისტეს სისხლითა და ხორცით ზიარების, მღვდლობის, ქორწინების, ზეთის კურთხევის მეოხებით ეკლესიაში მიწყივ ხორციელდებოდა განუწყვეტელი ერთობა ადამიანისა ქრისტესთან. ამ საიდუმლოებების დროს ადა-მიანზე სულიწმიდის მადლი გადმოედინება. ამიტომ ბრძანებს წმ. ირინეოს ლეონელი: „სადაც ეკლესიაა, იქ ღვთის სულია და სადაც სულია ღმრთისა - იქ არის ეკლესია."1

   ამრიგად, მხოლოდ ეკლესიაში არის შესაძლებელი ცხონება, ცოდვებისაგან განთავისუფლება, რაც წმ. მამათა თქმით, არის ქრისტიანული ცხოვრების აზრი. ამდენად, არ არის და არც შეიძლება იყოს ქრისტიანობა უეკლესიოდ, ვინაიდან არ არის ეკლესია უმადლოდ - თვინიერ ქრისტეს მადლისა. წმ. კვიპრიანე კართაგენელის სიტყვისამებრ: „ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, იმისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება".2

   შეუძლებელია პიროვნება ღმერთთან კავშირში იყოს, თუ ის უდიერად ეპყრობა ეკლესიას და მის კანონებს, თუ ქედმაღლურად ფიქრობს, რომ მას არ სჭირდება ეკლესია.

  მართლმადიდებელ ქრისტიანებს ნიკეა-კონსტანტინოპოლის (325, 381) მრწამსის თანახმად გვწამს „ერთი, წმიდა, კათოლიკე (საყოველთაო) და სამოციქულო ეკლესია". მრწამსის ეს მუხლი ყველაზე ზუსტად გამოხატავს ეკლესიის ნიშან-თვისებას.

   აღიარება იმისა, რომ ეკლესია არის „ერთი", აღნიშნავს მის მთავარ ნიშანს, რაც ადასტურებს კიდეც მის არსს. პრაქტიკულად ეს გულისხმობს, რომ ეკლესია არ შეიძლება გაიყოს, დანაწევრდეს, რადგან არსობრივად არის ის ქრისტეს სხეული; ხოლო ქრისტეს, როგორც ეკლესიის თავს, არ შეიძლება ჰქონდეს არც მრავალი, არც დანაწევრებული სხეული.

   სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების - კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, იერუსალიმის, საქართველოს, რუსეთისა და სხვების არსებობა არანაირად არ არღვევს ქრისტეს ეკლესიის ერთიანობას. ეს ეკლესიები მხოლოდ ნაწილებია მსოფლიო ეკლესიის ერთი, მთლიანი სხეულისა, რომელსაც ჰყავს ერთი თავი - ქრისტე, ერთი სარწმუნოება, ერთობლივი ლოცვა და საიდუმლოებებით კავშირი". (ეფ. 4.4-6).

   პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზინსკი შენიშნავს: „ეკლესია ერთია როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად. მის გარეგნულ ერთობაში იგულისხმება სარწმუნოების ერთსულოვანი აღიარება, ერთი ღვთი-სმსახურება და საიდუმლობანი, მოციქულებიდან მემკვიდრეობით გადმოცემული, მადლმოსილი იერარქიის ერთობა და ერთიანი კანონიკური მოწყობა".3

   ერთი ეკლესიის ჭეშმარიტებას განსაზღვრავს მისი წევრების მართლმადიდებლური რწმენა და არა ამა თუ იმ მომენტში მათი რაოდენობა.

   წმიდა მამების აზრით, ეკლესია ერთი მაშინაც იქნება, მაშინაც დარჩება, თუკი მისგან განდგომილი საზოგადოება შექმნის ცალკე „ეკლესიას". როგორც მოკვეთილი ვაზის რტო ვერ იცოცხლებს და ვერ მოგვცემს ნაყოფს მთავარი ღერძიდან, ასევე ეკლესიიდან განკვეთილი მორწმუნე თუ მორწმუნეთა საზოგადოება, რიცხონობის მიუხედავად, ვერც ქრისტეში იარსებებს და ვერც სხვა „ეკლესიის" რეალობაში - ისინი ეკლესიის გარეთ დგანან და მასში არ ერთიანდებიან.

   ეკლესიის სარწმუნოება ღვთივშთაგონებული სწავლებაა და არა მოლაპარაკებებისა და დიალოგების შედეგი. მრავალი განყოფილი „ეკლესიების" არსებობა ძირშივე ეწინააღმდეგება ცნებას - „ერთი". ცნება „განყოფილი" პრაქტიკულად უარყოფს ეკლესიის რეალურ არსებობას, ვინაიდან მხოლოდ ერთიანი და განუყოფელი ეკლესიაა აღქმული მართლმადიდებლური ცნობიერების მიერ. როდესაც ვინმე ეკლესიის განყოფის შესახებ საუბრობს, ეს უკვე ეკლესიის რწმენისაგან განდგომას ნიშნავს. ამავდროულად, მართლმადიდებლებს ამ მიზე-ზის გამო არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემა არ ექმნებათ. ანუ: ეკლესიისაგან განდგომილთა არსებობის მიუხედავად, ეკლესია რჩება ერთიანი და მთლიანი. ის ლოცულობს და მოუწოდებს განდგომილებს, შეინანონ და დაუბრუნდნენ „ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო" ეკლესიას.

   ამრიგად, მრავალრიცხოვანი ერეტიკული, სქიზმატური თუ სექტანტური საკრებულოები, ამპარტავნობით რომ განუდგნენ დედა-ეკლესიას, ემსგავსებიან მოკვეთილ რტოს, უნაყოფოსა და დასაღუპად განწირულს. სახარებისეული იგავი ვენახის შესახებ სწორედ ქრისტეღმერთთან ერთობის საიდუმლოს გამოხატავს. (იონ. 15.1-8).

   ეკლესია თავისი არსებობის პირველივე დღიდან ზრუნავს, რომ მისი ყოველი წევრი მყარად იდგეს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამას ცხადყოფს ეკლესიის გადმოცემა. ეკლესია, რომელიც პავლე მოციქულის თქმით არის: „სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა" (1 ტიმ. 3.15), იმთავითვე სისხლის ფასად იცავდა ჭეშმარიტ სწავლებას. მას აქვს თავისი ციხესიმაგრე და გალავანი - დოგმატები, კანონები, რომლებიც მსოფლიო კრებებზე დადგინდა ერესებისაგან გასამიჯნად.

   ამრიგად, მართლმადიდებელი ეკლესიის მიზანია დაამყაროს ერთობა შემოქმედსა და მის ქმნილებას შორის. საამისოდ ეკლესიას ყველა მადლმოსილი საშუალება გააჩნია. ის არის ერთადერთი გზა, რომელსაც შეუძლია ცოდვისაგან გაათავისუფლოს და აცხონოს ადამიანი.

   ეკლესია ქრისტეს სხეულია, შესაბამისად იგი ერთია ხილულ თუ უხილავ სამყაროში.

   მაშასადამე, პირველი თვისება ეკლესიისა არის ის, რომ იგი ერთადერთია.

   ეკლესიას ეწოდება „წმიდა", იმიტომ რომ ის განწმენდილია იესო ქრისტეს ტანჯვით, სწავლებით, ლოცვითა და საიდუმლოებებით. პავლე მოციქული ბრძანებს: „ქრისტემან შეიყვარა ეკლესია და თავი თვისი მისცა მისთვის, რაითა წარუდგინოს თავადმან თავსა თვისსა დიდებულებად ეკლესიაჲ, რაითა არა აქუნდეს მწიკულევანება, არცა ნაოჭ ბრძლისა, არცა სხვა რაი ესევითარი, არამედ რაითა იყოს წმიდა და უბიწო" (ეფ. 5.25.27). ეკლესია წმიდაა მისი თავის - იესო ქრისტეს წყალობით, მასში სულიწმიდისა და მისი მადლმოსილი ნიჭების, ღვთის სწავლების არსებობით. ამიტომ ბრძანებს იოანე ღვთისმეტყველი: „წმიდა-ყვნენ ესენი ჭეშმარიტებითა, რამეთუ სიტყუა შენი ჭეშმარიტ არს"... და მათთვის წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა, რაითა იგინიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებით." (იონ. 17, 17-19).

   ეკლესია წმიდაა თავისი მოწოდებითა და დანიშნულებით (რომ. 6.22); თავისი სხეულით (რომ. 11.16), თავისი სარწმუნოებით, რომელიც არის „სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა" (1 ტიმ. 3.15).

   ამრიგად, ეკლესიის სიწმინდეს ვერ შებღალავს მასში რაიმე ამსოფლიურის, ცოდვისმიერის შეჭრა, რადგან იგი განიწმინდება სინანულის საიდუმლოთი. მოუნანიებელი ცოდვილები კი ხილული საეკლესიო უფლებამოსილებით ან უხილავი ღვთის სამსჯავროთი, როგორც მისი (ეკლესიის) სხეულიდან: „გარეშენი იგი ღმერთმან განიკითხნეს; და მოსპოთ უკეთური იგი შორის თქუენსა." (1 კორ. 5.13).

   გარდა ამისა, აზრი, რომ თითქოს ეკლესია მარტოოდენ მართალთა და წმინდანთაგან ანუ უცოდველთაგან შედგება, არ ეთანხმება ქრისტესა და მისი მოციქულების პირდაპირ სწავლებას. მაცხოვარი ეკლესიას ხან მინდორს ადარებს, რომელზეც იფქლი ღვარძლთან ერთად ხარობს" (მათ. 13.24-30); ხან ბადეს, რომელსაც წყლიდან ამოჰყავს კარგიც და უვარგისი თევზიც (მათ. 13.47-50).4

  აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლეში ვკითხულობთ: „გვწამს, რომ კათოლიკე ეკლესიის წევრები ყველანი ერთგულნი და მხოლოდ ერთგულნი არიან, რადგან ისინი უეჭველად აღიარებენ ქრისტეს მაცხოვრისადმი წმინდა რწმენას (რომელიც გადმოგვეცა თავად ქრისტესაგან, წმინდა მოციქულთა და მსოფლიო კრებათაგან), თუნდაც ზოგი მათგანი სხვადასხვა ცოდვას ექვემდებარებოდეს... ეკლესია მათ ამხელს, სინანულისკენ მოუწოდებს და მაცხონებელი მცნებების გზით მიჰყავს. ამიტომაც რჩებიან და მიიჩნევიან ისინი კათოლიკე ეკლესიის წევრებად, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვას ექვემდებარებიან. მთავარია, არ განუდგნენ და უერთგულონ კათო-ლიკე მართლმადიდებლურ სარწმუნოებას".5

   ამრიგად, წმიდა მამებმა თავიანთ თხზულებებში და წმიდა საეკლესიო კრებებზე დაადგინეს და აღიარეს ეკილესიის სიწმინდე, როგორც მისი არსებითი და აუცილებელი ნიშან-თვისება.

   ეკლესიას ეწოდება „კათოლიკე" (საყოველთაო, მსოფლიო) იმიტომ, რომ ის არსებობს განურჩევლად ადგილისა, დროისა თუ ეროვნული კუთვნილებისა. ის შეუზღუდავია და აკავშირებს ყველას ადგილის, დროისა თუ ეროვნების მიუხედავად. პავლე მოციქულის სიტყვისამებრ: სადა-იგი არა არს წარმართ და ჰურია, წინადაცვეთილება და წინადაუცვეთილება, ბარბაროზ, სკვითელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე" (კოლ. 3.11).

   წმიდა იუსტინე პოპოვიჩი წერს: „ეკლესიის ღმერთკაცობრივ სხეულში ყოველი წევრი თავისი პიროვნების მთელი სისავსით ცხოვრობს, როგორც ცოცხალი, ღვთისმსგავსი უჯრედი. ღმერთკაცობრივი საზოგადოების, საყოველთაობისა და ერთობის კანონი ყოველივეს მოიცავს და ყოველივეთი მოქმედებს. ამასთანავე, ყოველთვის დაცულია ღმერთკაცობრივი წონასწორობა ღვთაებრივსა და ადამიანურს შორის. ჩვენ, ეკლესიის წევრები, ჩვენი არსების მთელ სისრულეს განვიცდით მასში ყოფნით და ეს ყველა საზომით ხდება განცდა ღვთისმსგავსებისა... საყოველთაოობა ეკლესიისა სინამდვილეში არის ადამიანის განუწყვეტელი, მადლმოსილი და ნებაყოფლობითი ყოფნა ქრისტეში."6

   პავლე მოციქულის სიტყვები — „აღვსება... რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო" (ეფ. 1.23) მიგვითითებს, რომ ცხონებისაკენ მოხმობილია მთელი კაცობრიობა. თითოეულს გვმართებს, გავხდეთ ქრისტეს ეკლესიის წევრი, თუმცა კაცობრიობის უმრავლესობა უარყოფს ამ მოწოდებას. ცხონებისათვის აუცილებელი პირობაა კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის წევრობა. მართლმადიდებელი ეკლესიის მიღმა არ არის ცხონება. წმ. მღვდელმოწამე ილარიონის (ტროიცკი) აზრით: „ეკლესიის მიღმა არ არის ქრისტიანობა, არც ცხოვრება, არც ცხონება. ყოველივ ეს მთელი სისავსით არის ერთიან ეკლესიაში".7

  ეკლესიას ეწოდება „სამოციქულო" იმიტომ, რომ გავრცელდა და დამტკიცდა დედამიწაზე მოციქულების მეშვეობით. წმიდა იუსტინე (პოპოვიჩი) გვმოძღვრავს: წმიდა მოციქულები პირველი ღმერთკაცნი იყვნენ ამქვეყნად მადლის მიერ. თითოეული მათგანი მთელი თავისი ცხოვრებით, პავლე მოციქულთან ერთად, უფლებამოსილია გვით-ხრას: „...ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე" (გალატ. 2.20). - ანუ: უკვე მე კი არ ვცოცხლობ და ვმოქმედებ, არამედ ჩემი მეშვეობით ქრისტე ცოცხლობს და მოქმედებს ჩემშიო..."8

  უნდა აღინიშნოს ერთი: მოციქულები არა მარტო იყვნენ, არამედ რჩებიან კიდეც ქრისტეს ეკლესიაში, იმყოფებიან მასში. იყვნენ მიწერში, ახლა არიან ზეციურში და განაგრძობენ ამქვეყნიურ მორწმუნეებთან ურთიერთობას.

   ღმერთკაცობრივმა მოციქულობამ სრულყოფილი გაგრძელება ჰპოვა. ამქვეყნად მათი მემკვიდრეები ეკლესიის წმიდა მამები არიან, რომლებიც ასევე იყვნენ ღმერთშემოსილნი და მათ შორის არსებითად არანაირი განსხვავება არ არის.

   წმინდანები ნამდვილად განაგრძობენ და აღასრულებენ უფლის წმიდა მოციქულების საქმეს. მართლმადიდებელი ეკლესია საღმრთო გადმოცემაში უცვლელად იცავს თავის სულიერ მემკვიდრეობასა და სწავლებას ხელდასხმის საშუალებით. ღვთაებრივი პავლე მოციქული ამბობს: „ამიერითგან უკუე არღარა ხართ უცხო და მწირ, არამედ თანამოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა, აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინასწარმეტყველთასა, რომ-ლისა თავსაკიდურთა მისთა არს ქრისტე იესუ" (ეფ. 2.19-20).

  ამიტომ წმიდა მამები არასდროს, არც ერთ შემთხვევაში არაფერს თავისას არ ამბობდნენ. ისინი მხოლოდ იმას ამბობდნენ, რაც წმიდა მოციქულებისა და წმიდა მამებისაგან გადმოცემით ესწავლათ და იოტისოდენადაც არ ცვლიდნენ მას თავინათ სწავლებაში. იმავე სულისკვეთებას ინარჩუნებს ეკლესია თანამედროვე პირობებშიც.

   ამრიგად, მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთიანი და ერთადერთი, რომელმაც დაიცვა მოციქულებრივი მემკვიდრეობა, სახარებისეული სული, მამებისეული სწავლება. მან უცვლელად შეინარჩუნა მთელი ეს სულიერი საგანძური. ამიტომ ვამბობთ, რომ სწორედ ის არის „ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია", რომ მხოლოდ მისი მეშვეობითაა შესაძლებელი ცხონება. ეკლესიის მიღმა არსებულ საკრებულოებებს, საიდუმლოებებს არა აქვს მადლი. ეკლესიის მიღმა საეკლესიო საიდუმლოებების აღიარება ნიშნავს მადლის აღიარებას ეკლესიის გარეთ, ე.ი. იმის აღიარებას, რომ ცხონება შესაძლებელია ეკლესიის გარეშეც. ერთი სიტყვით, ეს ნიშნავს უგულებელყო ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის არსებობა და მნიშვნელობა. (გაგრძელება...)

 

 

 


1თბილისის სემინარია-აკადემიის საღვთისმეტყველო შრომები. 1997 გვ.

2იქვე.

3მ. პომაზინსკი. დოგმატური ღვთისმეტყველება. თბ. 2006. გვ. 204.

4მ. პომაზინსკი. დოგმატური ღვთისმეტყველება.

5Послание восточных патриархов.

6არქ. იუსტინე პოპოვიჩი. მართლმადიდებელი ეკლესია და ეკუმენიზმი. ციტ. სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა. ტ. 5. გვ. 67.

7Свящ.Муч. Иларион (Троиский). Бед. Церкви нет Христианстве.

8ციტ. სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა. გვ. 68.


 


 

Xareba.net - ის რედაქცია


უკან დაბრუნება