მთავარი > საეკლესიო სამართალი > საეკლესიო იერარქია - სამართალის გარანტი ეკლესიაში

საეკლესიო იერარქია - სამართალის გარანტი ეკლესიაში


6-10-2012, 23:41

საეკლესიო იერარქია - სამართალის გარანტი ეკლესიაში ეკლესიაში სამართალი მკაცრი იერარქიული პრინციპების გარეშე ვერ იარსებებს. იერარქია ეკლესიაში თავად უფალმა იესო ქრისტემ დაადგინა: „...მან მოსცნა რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინასწარმეტყველნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღვარნიდასამტკიცებელად წმიდათა." (ეფ. 4.11).

პროტესტანტიზმი რადიკალურად ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას. იგი ამბობს, რომ მოციქულებრივი პერიოდის ეკლესიისათვის უცხო იყო იერარქიული წეს-წყობა, რომ თითქოს თავდაპირველად ეკლესია ახლოს იყო ანარქიასთან, რომ ქარიზმატული ნიჭით ცხებულნი იყვნენ მოციქულები, წინასწარმეტყველები და მასწავლებლები; ეპისკოპოსები, პრესვიტერები (ხუცესები) და დიაკვნები კი ქარიზმის მატარებელთა მეორე ფორმაციას შეადგენენ. ისინი ეკლესიაში თითქოს მაშინ გაჩნდნენ, როდესაც მორწმუნეთა რაოდენობამ იმატა. ე.ი. პირველი ფორმაციის ქარიზმატიკოსების (მოციქულების, წინასწარმეტყველების, მასწავლებლების) სახით ეკლესიის წყობა არსებობდა პირველი ასწლეულის პერიოდში, ხოლო შემდეგ დაიწყო რადიკალური ცვლილებები და გადატრიალება. გაჩნდა ეკლესიის სამართალი და მეორე ორგანომ (ეპისკოპოსებმა, პრესვიტერებმა და დიაკვნებმა) სძლია პირველს. ქარიზმატულმა ფორმაციამ დაუთმო სამართლებრივ ან იურიდიულ მმართველობას. თითქოს ღვთაებრივი წესგანგება შეიცვალა ადამიანურით და ა.შ.[1]
რამდენად მართებულია ეკლესიის წყობის ასეთი ხედვა? თავიდანვე უნდა ითქვას, წმიდა წერილი არსად მიანიშნებს იმაზე, რომ იერარქია ნაკლებად მნიშვნელოვანია ეკლესიის ცხოვრებაში. მოციქულები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ იერარქია ღვთისაგან არის შვებული. ისინი თავიანთ მოადგილეებს - ეპისკოპოსებს ხელდასხმით ადგენდნენ. ეკლესიაში ხელდასხმის საიდუმლოს შესრულების გარეშე ვერავინ დაიწყებს იერარქიულ მსახურებას: „... არავინ თავით თვისით მოიღოს პატივი, არამედ რომელი წოდებულ არნ ღმრთისა მიერ, ვითარცა იგი აარონ." (ებრ. 5.4). ანუ იერარქად ხელდასხმა განსაკუთრებული კურთხევის გარეშე არ შედგება. მოციქულები და წინასწარმეტყველები ეპისკოპოსებთან, პრესვიტერებთან (ხუცესებთან) და დიაკვნებთან ერთად თანამსახურობდნენ. სად და როდის იყო ეს ვითარება? იერუსალიმში სულიწმიდის გარდამოსვლის დღიდან, ქრისტიანული საზოგადოების იერარქია წარმოჩენილია ერთობლივ მოქმედებებში. თვალსაჩინოა იაკობ მოციქულის, უფლის ძმის მოღვაწეობა. სწორედ მას ჩააბარეს სამწყსოდ იერუსალიმის ახლადმოქცეული ეკლესია. ძველი ეკლესიის მწერლებიც - კლიმენტი ალექსანდრიელი, ევსევი კესარიელი და სხვები მოწმობენ, რომ მაცხოვრის ზეცად ამაღლების შემდეგ თორმეტი მოციქულის ერთობლივი გადაწყვეტილებით იერუსალიმის ეკლესიის პირველეპისკოპოსად იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა აირჩიეს. მის შემდეგ იერუსალიმის კათედრას ხელმძღვანელობდა სვიმეონი, კლეოპას შვილი, რომელსაც პირდაპირ უწოდებენ „ყველასმიერ" არჩეულ ეპისკოპოსს. აქვე იაკობ მოციქულთან ერთად მოღვაწეობდნენ პრესვიტერები. „აქვე ჩაეყარა საფუძველი დიაკვნების მსახურებასაც."[2]
კრეტისა და ეფესოს ეპისკოპოსებს ტიტესა და ტიმოთეს მიენიჭათ უფლება, დაადგინონ პრესვიტერნი (ხუცესნი, მღვდელნი): „ამისთვის დაგიტევე შენ კრიტს შინა, რაითა ნაკლულევანი იგი განაგო და დაადგინნე ქალაქად-ქალაქად. ხუცესნი, ვითარცა-იგი მე გიბრძანე შენ." (ტიტ. 1.5). იმავე შინაარსს ვხვდებით. (საქმე 14.23).
პავლე მოციქული ხუცესების მოღვაწეობას სულიწმიდის დადგენილებას უწოდებს და არა ადამიანურ გამოგონებას, როგორც ამას პროტესტანტები მიიჩნევენ: „ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა - ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინნა მოღვაწედ და მწყსად ეკლესიისა უფლისა ღმრთისასა." (საქმე. 20.28).
პეტრე მოციქული ხუცესების (პრესვიტერების) დალოცვისას „თანახუცესებს" უწოდებს მათ: „ხუცესთა მათ თქუენ შორის ვლოცავ, ვითარცა თანა-ხუცესი და მოწამე ვნებათა ქრისტესთა". (1 პეტრ. 5.1.).
ეკლესიაში მესამე იერარქიულ საფეხურზე იყვნენ დიაკვნები. როგორც „საქმე მოციქულთას"_ს მე_6 თავში ვკითხულობთ, იერუსალიმის თემმა აირჩია შვიდი მამაკაცი და მათ ხელი დაასხეს მოციქულებმა. მათი პირველი დანიშნულება იყო, მოციქულებს დახმარებოდნენ პრაქტიკული, გამოყენებითი ხასიათის საქმეებში: ევალებოდათ „მსახურებაჲ ტაბლებსა." (საქმე. 6.2) და ა.შ.
ასე რომ, პროტესტანტების მოსაზრება თითქოს ეკლესიაში იერარქია ადამიანური დანამატი იყოს, სრულიად უსაფუძვლოა. ძველი ეკლესიის დამახასიათებელი სწორედ ეს იყო მოციქულების კურთხევა, ხელდასხმა ეპისკოპოსად და ღირსეული კანდიდატების იერარქიის სხვადასხვა საფეხურებზე დადგენა. ამრიგად, მართლმადიდებელ ეკლესიაში წარმოუდგენელია იმთავითვე ან შემდეგში ანარქიისა და ქაოსის მსგავსი ვთარება ყოფილიყო. პროტესტანტების გაგებით თავისუფლებამ სიკეთე არ მოუტანა მათ აღმსარებლობას. იგი დღეს მრავალ ფორმაციად, სკოლად და სექტად არის დანაწევრებული. ასეთია ყალბი თავისუფლების ქადაგების შედეგი.

[1]Р.Вом. Церковный строй в первые века христианав.
[2] Евсевий. Церковная история. III.


უკან დაბრუნება