მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 25 ივლისი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა მოწამეთა: პროკლესი და ილარიოსი (II)

25 ივლისი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა მოწამეთა: პროკლესი და ილარიოსი (II)


25-07-2023, 10:28

 

   წმიდა მოწამენი პროკლე და ილარიო ანკვირიის მახლობლად მდებარე სოფელ კალიპტიდან იყვნენ. ისინი იმპერატორ ტრაიანეს (98-117) მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულნენ მოწამეობრივად.

   უსჯულოებმა თავდაპირველად პროკლე შეიპყრეს. ნეტარმა მმართველ მაქსიმეს წინაშე გაბედულად აღიარა ქრისტე. უღმრთო ხელისუფალი მალე მიხვდა, რომ პროკლე ნებით არ უარყოფდა ქრისტეს, ამიტომ შეეცადა, წმიდანი ძალმომრეობით დაეყოლიებინა წარმართული კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. წამების დროს მარტვილმა მაქსიმეს უწინასწარმეტყველა, რომ მალე ისიც აღიარებდა ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად. მტარვალებმა აიძულეს მოწამე, რომ კალიპტისკენ მიმავალი მმართველის ეტლის კვალდაკვალ ერბინა. არაქათგამოცლილი და დაუძლურებული პროკლე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, შეეჩერებინა ეტლი. მანაც ისმინა თავისი რჩეულის ვედრება - ოთხთვალა გაჩერდა და ვერავინ შეძლო მისი ადგილიდან დაძვრა. მასში მყოფი კარისკაციც გაქვავებულივით იჯდა მანამ, სანამ მოწამის მოთხოვნით საკუთარი ხელით არ დაწერა მართლმადიდებლური მრწამსი. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო მმართველმა გზის გაგრძელება.

   დამარცხებულმა წარმართმა პროკლეზე საშინლად იძია შური: ბრძანა, ქალაქგარეთ გაეყვანათ იგი, ბოძზე მიეკრათ და ისრებით განეგმირათ.

   სიკვდილით დასჯის ადგილისკენ გაგზავნილი პროკლეს გზად თავის ძმისწული, ილარიო შეხვდა. აცრემლებული ჭაბუკი სიყვარულით მოეხვია ბიძას და თვითონაც თავი ქრისტიანად გამოაცხადა. მეომრებმა დაატუსაღეს ნეტარი.

   მმართველის ბრძანებისამებრ წმინდა პროკლე ბოძზე გაკრული აღესრულა, ისრებით დაწყლულებული და სხეულდაფარული, სიცოცხლის ბოლომდე წმინდანი ლოცულობდა და ღმერთს ევედრებოდა შეენდო მისი მკვლელებისთვის.

   წმიდა პროკლეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმიდა ილარიოც სასტიკად აწამეს, ხელებშეკრული, დაწყლულებული და გასისხლიანებული ათრიეს ქალაქის ქუჩებში, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს.

   ნეტარი პროკლე 12 ივლისს მიიცვალა, ილარიო კი - სამი დღის შემდეგ. ქრისტიანებმა ერთ საფლავში დაფლეს უფლის სათნომყოფელნი.

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება