მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 22 ივლისი (ახ. სტ.) - ხსენება მღვდელმოწამე ბაგრატისა - ტავრომენიელი ეპისკოპოსისა (I)
22 ივლისი (ახ. სტ.) - ხსენება მღვდელმოწამე ბაგრატისა - ტავრომენიელი ეპისკოპოსისა (I)21-07-2021, 17:19 |
მღვდელმოწამე ბაგრატი - ტავრომენიელი ეპისკოპოსი მაშინ დაიბადა, როცა განკაცებული ძე ღვთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, კაცთა შორის იქცეოდა და ქვეყანას აკვირვებდა ახალი მოძღვრებითა და სასწაულებით. ბაგრატის მშობლები ანტიოქიელები იყვნენ. იესოს შესახებ რომ შეიტყო, მამამ შვილთან ერთად იერუსალიმს მიაშურა - სურდა, საკუთარი თვალებით ეხილა საკვირველი მოძღვარი. იერუსალიმში აღსრულებული სასწაულებით გაოცებულმა, ღვთაებრივი სწავლებაც მოისმინა და ქრისტე ძე ღვთისად ირწმუნა, რის შემდეგაც დაუახლოვდა მის მოწაფეებს, განსაკუთრებით კი - პეტრეს. უფლის ამაღლების შემდეგ ერთი მისი მოწაფეთაგანი ანტიოქიაში ჩავიდა და ნათელსცა ბაგრატის დედ-მამასა და მთელ მათ სახლეულს. როცა მშობლები გარდაეცვალა, წმიდანმა მამული დატოვა, პონტოს მთებს მიაშურა, გამოქვაბულში დამკვიდრდა და აქ ლოცვასა და ღვთის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა დღეებს. ერთხელ ამ ადგილებში პეტრე მოციქულმა გაიარა, პონტოში ბაგრატს შეხვდა და იგი თან გაიყოლა ჯერ ანტიოქიაში, შემდეგ კი - კილიკიაში, სადაც იმ დროს წმიდა პავლე ქადაგებდა. თავმა მოციქულებმა უფლის რჩეულს სიცილიის ქალაქ ტავრომენიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მღვდელმთავარი ბაგრატი დაუცხრომლად იღვწოდა. მან ააგო ტაძარი, სადაც გულმოდგინედ აღასრულებდა ღვთისმსახურებას. მორწმუნეთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და მალე ტავრომენიისა და მისი მოსაზღვრე ქალაქების თითქმის მთელმა მოსახლეობამ ნათელიღო. წმიდა ბაგრატი მრავალი წლის განმავლობაში მშვიდად განაგებდა სამწყსოს. ბოლოს წარმართები აღდგნენ მის წინააღმდეგ, ხელსაყრელი შემთხვევა შეარჩიეს, მოულოდნელად დაესხნენ თავს და ქვებით ჩაქოლეს. ასე მოწამეობრივად შეჰვედრა სული უფალს მღვდელმთავარმა ბაგრატმა. ნეტარი მამის უხრწნელი ნაწილები რომში, მისივე სახელობის ტაძარში განისვენებს. წმიდა ბაგრატ ტავრომენიელის ხსენება 9 თებერვალსაც აღესრულება - მღვდელმოწამეებთან - მარკელესთან და ფილაგრესთან ერთად.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |