მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 8 ივლისი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსმოწამე თებრონია ქალწულისა (დაახლ. 304)
8 ივლისი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსმოწამე თებრონია ქალწულისა (დაახლ. 304)7-07-2021, 15:14 |
ღირსმოწამე თებრონია ქალწული დიოკლეტიანეს (284-305) მეფობაში გაბრწყინდა მოწამეობრივი აღსასრულით. იგი იზრდებოდა ქალაქ სივაპოლის (ასურეთის ოლქი) მონასტერში, რომლის წინამძღვარიც იყო იღუმენია ბრიენა, წმიდა თებრონიას დეიდა. იღუმენიამ, ზრუნავდა რა მის ცხონებაზე, თავის დისწულს სხვა მონაზვნებთან შედარებით მკაცრი კანონი დაუწესა. მონასტრის წესდების მიხედვით, პარასკევობით დები ხელს იღებდნენ თავიანთ მორჩილების საქმეებზე და ლოცვასა და წმიდა წერილის კითხვაში ატარებდნენ დროს. ჩვეულებრივ, წინამძღვარი კითხვას წმიდა თებრონიას ავალებდა. როცა ნეტარი ქალწულის კეთილმსახური ცხოვრების შესახებ ქალაქში ხმა გავრცელდა, მასთან სიარული დაიწყო დიდგვაროვანმა წარმართმა ქვრივმა იერიამ. თებრონიამ შეჭირვებულ ახალგაზრდა ქალს ხსნის გზა დაანახა, რის შემდეგაც იგი მოინათლა და მშობლები და ახლობლებიც აზიარა ქრისტეს ნათელს. გამხეცებულმა დიოკლეტიანემ ასურეთში ქრისტიანების ამოსაჟლეტად მეომართა რაზმი გაგზავნა ლისიმაქოსის, სელინისა და პრიმის მეთაურობით. სელინი, ლისიმაქოსის ბიძა, მართლმადიდებელთა გააფთრებული სიძულვილით გამოირჩეოდა, თავად ლისიმაქოსი კი, ღვთისმოყვარე დედის აღზრდილი, თანაუგრძნობდა მათ. კეთილგონიერი მხედართმთავარი თავის ნათესავს, პრიმს შეუთანხმდა, შეძლებისდაგვარად დაეცვათ ქრისტიანები მტარვალთა ძალმომრეობისაგან. როცა რაზმი სავანეს მიუახლოვდა, მოწესეები გაიხიზნნენ. მონასტერში დარჩნენ მხოლოდ იღუმენია ბრიენა, მისი თანაშემწე თომაიდა და წმიდა თებრონია, რომელიც მძიმედ ავადმყოფობდა. იღუმენია ძლიერ წუხდა, რომ მისი დისწული უღმრთოთა ხელში ვარდებოდა და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, დაეცვა და ქრისტიანულ სარწმუნოებაში განემტკიცებინა იგი. სელინმა ბრძანა, ყველა მონაზონი მოეგვარათ მისთვის, მაგრამ პრიმმა მხედრებთან ერთად სავანეში ვერავინ იპოვა ორი მხცოვანი დედისა და წმიდა თებრონიას გარდა. იგი მათმა დანახვამაც ძლიერ შეაწუხა და მონაზვნებს შესთავაზა, დაეტოვებინათ მონასტერი. დებმა არ ისურვეს თავიანთი მოღვაწეობის ადგილის დატოვება. პრიმმა ლისიმაქოსს წმიდა თებრონიას საოცარი სილამაზე აღუწერა და ურჩია, ცოლად შეერთო იგი. ლისიმაქოსმა კი უპასუხა, არ მსურსო ქრისტეს შევედრებულ ქალწულთა ცთუნება და სთხოვა, სადმე გადაემალა დარჩენილი მონაზვნები, რომ ისინი სელინის ხელში არ ჩავარდნილიყვნენ. ერთ-ერთმა მეომარმა გაიგონა ეს საუბარი და სელინს მოუტანა ამბავი. წმიდა თებრონია ხელებშეკრული და ქედზე ჯაჭვდადებული მიჰგვარეს უსჯულო მხედართმთავარს. მან ქალწულს შესთავაზა, წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა, სანაცვლოდ კი პატივი, ჯილდოები და ლისიმაქოსთან ქორწინება აღუთქვა. ნეტარმა დედამ მტკიცედ მიუგო, მე მარადიული სასიძო მყავს და არანაირ მიწიერ სიკეთეზე არ გავცვლიო მას. ამისთვის სელინმა საშინლად აწამა იგი. წმიდანი მხურვალედ ლოცულობდა: „მაცხოვარო ჩემო, ნუ დამიტევებ ამ საშინელი განსაცდელიმს ჟამს!" მარტვილს დიდხანს გვემდნენ, ჭრილობებიდან ღვარად მოსჩქეფდა სისხლი. წმიდა თებრონიას ტანჯვა რომ გაემძაფრებინათ, იგი ხეზე დაკიდეს და ცეცხლი შეუნთეს. წამება ისეთი აუტანელი იყო, რომ ხალხი ყვირილით ითხოვდა მის შეწყვეტას. მაგრამ სელინი განაგრძობდა ქრისტეს ტარიგის დაცინვას და აბუჩად აგდებას. თებრონია დუმდა. დაუძლურებულს სიტყვის თქმაც არ შეეძლო. გააფთრებულმა მტარვალმა ბრძანა, ენა ამოეგლიჯათ მისთვის, კბილები ჩაელეწათ, მკერდი მოეჭრათ და ხელ-ფეხი მოეკვეთათ. მხილველები ვერ უძლებდნენ ამ ამაზრზენ სანახაობას და დიოკლეტიანესა და მისი ღმერთების წყევლით ტოვებდნენ იქაურობას. ბრბოში იდგნენ მონაზონი თომაიდა, რომელმაც შემდგომში დაწვრილებით აღწერა თებრონიას მარტვილობა, და წმიდა ქალწულის მოწაფე იერია. ბოლოს წმიდა მარტვილს თავი მოჰკვეთეს. 363 წელს წმიდანის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადა-ასვენეს.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |