მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ყოვლად სამღვდელო ლეონიდეს მოგზაურობა გურიაში

ყოვლად სამღვდელო ლეონიდეს მოგზაურობა გურიაში


1-09-2017, 00:01

 

   აგერ ლეხაურშიც მივედით. მაცხოვრებელთა სახლებში და თავ მოწონებით გამოიყურება ლეხაურის ორკლასიანი სკოლის სახლი. ყ-დ სამღვდელოს დიდად ასიამოვნეს ამ სასწავლებლის ბავშვებმა თავიანთი ცოდნით და ეპისკოპოსმა საკლასო წიგნში ჩაუწერა ბ.ბ. მასწავლებლებს მადლობა სვინდისიერი შრომისათვის.

   ლეხაურის ეკლესია გარედან ვერ ახდენს რიგიან შთაბეჭდილებას, მაგრამ შიგ რომ შეხვალ, სურათი იცვლება და თვალწინ გიდგება ქართული სტილის, მთლად მოხატული, შუა ტანის, ძველი დროის მშვენიერი თლილი ქვის, მოხდენილი ეკლესია.

   ეკლესიაში შენახულია რამდენიმე ძველი ხატი, დაცულია აგრეთვე მეთერთმეტე საუკუნის სახარება ტყავზე და ხელნაწერი სადღესასწაულო; აქვე ინახება ერთი, დაახლოებით ფუთნახევარი, საეკლესიო ზარი წარწერით. წარწერა მხედრულია გამობერილი ასოებით. ეკლესია სავსე იყო ხალხით და ტკბებოდა მღ. მ. ნესტორ კონტრიძისა და მედ. ნაკაშიძის გუნდთა ძვირფასი გალობით. მისმა მეუფებამ დამსწრეთ განუმარტა, რამდენად სასარგებლოა საღმრთო წირვა ცოცხლებთა და გარდაცვალებულთათვის. წირვაზე ჩვენთან ერთად ეკლესიაში იმყოფება ზეციური მამა ჩვენი ღმერთი და მხსნელი სოფლისა იესო ქრისტე. რაც უნდა ცოდვილი იყოს კაცი, თუკი იგი გულს გადაუხსნის ღმერთს და სთხოვს შენდობას, უეჭველად შეუსრულდება მას თხოვნა და არასოდეს ეკლესიიდან არ გავა ისე, რომ თან არ გაიყოლოს მადლი ღვთისა. უნდა ვიცოდეთ, რომ წირვის დროს ჩვენთან ერთად იმყოფებიან აგრეთვე ჩვენი დედ-მამის, ჩვენი მიცვალებული ძმებისა და დების, შვილებისა და ნათესავების სულები.

   როდესაც მიცვალებულის სულები ხედავენ ეკლესიაში თავიანთ ცოცხალ ნათესავებს, დიდად უხარიათ და თავის მხრითაც ეხმარებიან ცოცხლებს ღვთის წინაშე ვედრებით, მაგრამ თუ მათი ნათესავები არ სჩანან ეკლესიაში, დიდს მწუხარებაში და ტანჯვაში ვარდებიან.

   ამ სიტყვამ ისე იმოქმედა ერთ ქალზე, რომ ეკლესიიდან გამოსულმა სხვა მანდილოსნებთან ფიცით აღიარა: „ღმერთმა დამსწყევლოს, თუღა მე ოდესმე წირვა-ლოცვას დავაკლდე. თუკი ჩემი ქმარ-შვილის სულები ჩემის მოუსვლელობით შეწუხდებიან, მე რას უნდა მიუჯდე სახლშიო!"

   ეკლესიიდან ყ-დ სამღვდელო მიიპატიჟა მღ. ნესტორ კონტრიძემ სადილზე. სხვა სტუმართა შორის ბრძანდებოდა ოზურგეთის ქალაქის თავი ბ. ბებურ ბებეურიშვილი.

   ეს მოხუცებული იშვიათი მოსაუბრე და ზედმიწევნით მცოდნეა სამშობლო ენისა. ამასთან დიდი მოსიყვარულე ყოფილა გურული გალობა - სიმღერისა. სადილზე გალობდა ორი გუნდი ზემოხსენებული კონტრიძისა და ნაკაშიძისა. ყ-დ სამღვდელომ ნება დართო ემღერათ საერო სიმღერებიც. ტკბილმა სიმღერამ და გალობამ მისი მეუფება აღტაცებაში მოიყვანა და რამდენჯერმე მადლობა უბრძანა მგალობლებს.

   თოთხმეტი მარტი იყო, კვირა დღე. წირვის მოსმენამ ყოვლად სამღვდელომ ინება აჭის ეკლესიაში. წირვის ბოლოს მღვდელმთავარი გამობრძანდა ამბიონზე სამღვდელმთავრო მანტიითა და ხალხს მიმართა სიტყვით:

   „ჩვენ ყველანი ღვთის გაჩენილები ვართ, ყველას, ქალსა თუ კაცს, დიდსა და პატარას ღვთის საკუთარი უკვდავი სული გვიდგია და ჩვენის მხრით, ღვთივმსახურება იმაში უნდა გამოიხატებოდეს, რომ ეს სული შევუნახოთ უფალს, ამ სულის მოთხოვნილების თანახმად მოვაწყოთ ჩვენი ცხოვრება, ერთი მეორე გვიყვარდეს, ერთმანეთი გვებრალებოდეს, ერთი მეორეს ვშველოდეთ და მუდამ ერთი მეორის ჭირ-ვარამს ვიზიარებდეთ.

   ქრისტიანობამ დაბადა ჩვენში მწიგნობრობა, წერა-კითხვა და მეცნიერება, მან ააყვავა, გააძლიერა, გაამშვენა და უმაღლეს ხარისხამდე განავითარა ჩვენი ენა. ქრისტიანობამ შეაყვარა ქართველ ერს სამშობლო. ყველას საღმრთო მოვალეობად მიაჩნდა სამშობლოს ბედნიერებისათვის თავის შეწირვა.

   ამითი უნდა ავხსნათ, რომ თუმცა ქართველობა ყოველი მხრიდან შემოზღუდული იყო დაუნდობელი მტრებით, მაგრამ ყველა მტერი დათრგუნა, ყველა გაჭირვება გადაიტანა და დღევანდლამდე შეინარჩუნა თავისი მიწა-წყალი.

   დღეს სამწუხაროდ, გამოჩნდნენ პირები, რომლებიც ჰგმობენ ქრისტიანობას და გვირჩევენ მის დავიწყებას, უარის ყოფას და სამუდამოდ თავიდან მოშორებას. ქრისტიანობის მოწინააღმდეგე მქადაგებლების აზრი რომ მდაბიოდ და ყველასათვის გასაგები სიტყვებით გამოვთქვათ, გამოვა შემდეგი: ქართველო, ისევე გაწარმართდი, ე.ი. ისევე დაიბნელე გონება და ზნეობა, ისევე შეიძულე შენი მოყვასი, დაკარგე და გაატიალე მამა-პაპათა სისხლით მორწყული მიწა-წყალიო. ე.ი. შენივე საკუთარი ხელით მოსპე სიცოცხლეო.

   არ შეცდეთ, ჩემო სულიერო შვილებო, არამც და არამც გულში არ გაიტაროთ ქრისტიანობის ღალატი, თქვენი ჭეშმარიტი ხელმძღვანელი, თქვენი გზის მაჩვენებელი და უცდომელი მქადაგებელია ეს თქვენი სალოცავი. მისი მოხატული კედლები თითონ გეუბნებიან, რა მიმართულებას უნდა ადგეთ ცხოვრებაში და რა აზრები უნდა ამოქმედებდეს თქვენს გულსა და გონებას. გიყვარდეთ ღმერთი, გიყვარდეთ ქრისტიანობა, გიყვარდეთ ერთმანეთი და ღმერთიც არასოდეს არ გაგწირავთ, როგორც არ გაუწირავს თქვენი ძვლები.



Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება