მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 16 ივნისი (ახ. სტ.) - ხსენება მღვდელმოწამე ლუკიანესი და მისთანა მაქსიანე ხუცესისა და დიაკონ იულიანესი (+81-96)

16 ივნისი (ახ. სტ.) - ხსენება მღვდელმოწამე ლუკიანესი და მისთანა მაქსიანე ხუცესისა და დიაკონ იულიანესი (+81-96)


15-06-2021, 16:48

 

 


 

 

   მღვდელმოწამე ლუკიანე, რომელსაც წარმართობაში ლუკიუსი ერქვა, რომში ცხოვრობდა. იგი პავლე მოციქულმა მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე და მანვე მონათლა. მოციქულთა თავის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ლუკიანე ავრცელებდა ქრისტეს სწავლების ნათელს იტალიაში. ამ დროს რომში ჩამოვიდა პავლე მოციქულის მოწაფე დიონისე არეოპაგელი. წმიდა პაპმა კლიმენტიმ სთხოვა მას, თავისი ქადაგებით განემტკიცებინა დასავლეთ ქვეყნების ქრისტიანები და წარმართებშიც შეეტანა ქრისტეს ნათელი. თან გააყოლა ეპისკოპოსად ახალხელდასხმული წმიდა ლუკიანე, მაქსიანე ხუცესი, იულიანე დიაკონი, სატურნინი და მარკელინი.

   იტალიიდან ჭეშმარიტების ქადაგნი გალიისკენ გაემგზავრნენ. მარკელინი თანამგზავრებთან ერთად ესპანეთში წავიდა, სატურნინი - გალიაში დარჩა. დიონისემ კი თანმხლებ პირებთან ერთად კიდით კიდემდე მოიარა პარისი, აქედან ნეტარი ლუკიანე მაქსიანთან და იულიანესთან ერთად ბელგიაში გადავიდა.

  ლუკიანეს მადლმოსილმა ქადაგებამ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდა მამა მკაცრი ასკეტი იყო. ადამიანებთან ურთიერთობაში სიმშვიდით გამოირჩეოდა, მუდამ სიხარულით აღსავსე სახე ზეციური მადლით ჰქონდა გაბრწყინებული. მალე ბელგიის თითქმის მთელი მოსახლეობა გაქრისტიანდა.

  იმ ხანებში რომის იმპერატორმა დომიციანემ (81-96) ქრისტიანთა დევნა დაიწყო და გამოსცა ბრძანება, სასტიკად ეწამებინათ და სიკვდილით დაესაჯათ ყველა, ვინც უარს განაცხადებდა წარმართულ მსხვერპლშეწირვაზე.

   ბრძანების აღსასრულებლად ბელგიაშიც გაგზავნეს მეფის სამი კარისკაცი, წმიდა ლუკიანეს ღმერთმა წინასწარ განუცხადა, რომ ქრისტეს მარტვილთა დასს უნდა შერთვოდა. მან სამწყსო შეკრიბა და მოუწოდა, არ შეშინებოდათ მუქარის, ტანჯვისა და სიკვდილის, შემდეგ კი მადლობა შესწირა უფალს მოსალოდნელი მოწამეობრივი აღსასრულისათვის. ლოცვის შემდეგ ლუკიანემ მაქსიანე ხუცესთან და დიაკონ იულიანესთან ერთად მთას შეაფარა თავი და აქედან განაგრძობდა ხალხის დამოძღვრას.

   წმიდანებს იმპერატორის მეომრებმა მიაკვლიეს და სამსჯავროზე წარადგინეს. ხანმოკლე დაკითხვის შემდეგ მაქსიანეს და იულიანეს თავები წარკვეთეს.

   შემდგომ მსაჯულმა ლუკიანე დაჰკითხა. მას ბრალი ედებოდა ჯადოქრობაში და იმპერატორის დაუმორჩილებლობაში. წმიდანმა უპასუხა, რომ ის ჯადოქარი კი არა, ჭეშმარიტი უფლის, იესო ქრისტეს მსახურია და ადამიანთა ხელით ქმნილი კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა.

   მაშინ მხნე აღმსარებელი სასტიკად აწამეს. იგი მორჩილად ითმენდა ტკივილებს და დაუდუმებლად ადიდებდა ღმერთს. ბოლოს წმიდა მოწამეს თავი მოჰკვეთეს. მის ცხედარს ზეციური ნათელი დაადგა და გაისმა ხმა, რომელიც ახოვან მოსაგრეს ცათა სასუფევლისკენ მოუწოდებდა. ღვთის ნებით წმიდა ლუკიანე წამოდგა, მოკვეთილი თავი აიღო, მდინარე გადალახა, მივიდა იმ ადგილას, სადაც სურდა, რომ დაკრძალულიყო და მშვიდად მიიძინა საუკუნო ძილით. ამ უდიდესმა სასწაულმა 500-ზე მეტი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. შემდგომ წმიდანის საფლავზე ტაძარი აღმართეს და აქ გადმოასვენეს მაქსიანესა და იულიანეს უხრწნელი ნაწილებიც.

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება