მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > რჯულის აღმასრულებელი „წარმართები“ (ნაწილი 2) - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
რჯულის აღმასრულებელი „წარმართები“ (ნაწილი 2) - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)27-04-2016, 00:01 |
წმ. კირილე ალექსანდრიელის სიტყვით „ელინური ფესვისა და მო-დგმისაგან სწორედ აბრაამი წარმოიშვა".8 წმ. ირინეოს ლიონელი ამბობს: „თავად აბრაამმა შაბათის დაცვისა და წინადაცვეთის გარეშე ირწმუნა ღმერთი, და ეს გარემოება სიმართლედ შეერაცხა და ღვთის მეგობარი ეწოდა" (იაკ. 2. 23). ლოთიც წინადაცვეთის გარეშე იღებდა შეწევნას ღვთისაგან და სოდომიდანაც გამოიყვანა იგი ღმერთმა. ასევე სათნო ეყო ღმერთს ნოე - თუმცა არ იყო წინადაცვეთილი... მსგავსადვე იყო ენოქიც და სხვა მრავალი მართალიც აბრაამამდე და პატ-რიარქებამდე. მოსემდე მცხოვრებნი ზემოთ მითითებული დადგე-ნილებებისა და რჯულის გარეშე გამართლდებოდნენ. რატომ არ მისცა ღმერთმა ამ მამებს რჯული? იმიტომ, რომ „მართალთა სჯულ არა უც" (1 ტიმ. 1. 9); მამები კი მართლები იყვნენ, მათ გულებსა და სულებში დაწერილი იყო ათი მცნება. მათ უყვარდათ შემოქმედი ღმერთი, სამართლიანნი იყვნენ მოყვასის მიმართ; რატომ არ საჭიროებდნენ ისინი ამკრძალველ მცნებებს? იმიტომ რომ, საკუთარ თავში ჰქონდათ რჯულის სიმართლე".9 შესაბამისად, შემდეგში რჯულიც იმიტომ მიეცათ, რომ ასეთი მართლები აღარ არსებობდნენ! ღირსი ეფრემ მცირე „მოციქულთა განმარტებაში" (აქ იგი ეყრდნობა წმ. ოქროპირისა და სხვა საეკლესიო მამების თხზულებებს), რო-მაელთა მიმართ ეპისტოლეს განმარტებისას ამბობს: „დიდება და პატივი და მშვიდობა ყოველსა მოქმედსა კეთილისასა, ჰურიასა პირველად და მერმე წარმართსა!" (რომ. 2. 9). ღირსი ეფრემის აზრით, მოციქული აქ „ელინებს უწოდებს არა კერპთაყვანისმცემლებს, არამედ ღვთისმოსავ წარმართებს, რომლებიც იუდეური რჯულის მიღებამდე ყოველივეს სინდისის კანონით აღასრულებდნენ (რომელნი პირველ ჰურიათა შჯულის მიღებასა ყოველსავე ჰყოფდეს შჯულსა სვინ-დისისასა), როგორებიც იყვნენ მელქისედექი და მასთან იობი და კორნელი".10 რა თქმა უნდა, აქ კვლავ გაუგებარია კორნელის მოხ-სენება მათ რიცხვში, იუდეველების მიერ რჯულის მიღებამდე რომ ცხოვრობდნენ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ წმ. ეფრემი მოციქულთას განმარტებისას მრავალ საკითხში წმ. ოქროპირს ეყრდ-ნობა. წმინდა ეფვთიმე მთაწმინდელი პავლე მოციქულის რომაელთა მიმ-ართ ეპისტოლეს განმარტებისას წმ. იოანე ოქროპირისა და სხვა საეკლესიო მამების ნაშრომებზე დაყრდნობით ჩვენთვის ერთობ საინტერესო მოსაზრებას ავითარებს: „მოციქული აქ (რომ. 2. 10) წარმართებად არა კერპთაყვანისმცემლებს, არამედ წინადაუცვეთელ მორწმუნეებს მოიაზრებს".11 სიტყვებს - „რამეთუ წარმართთა, რო-მელთა შჯული არა აქუნ, და ბუნებითსა მას შჯულსა ჰყოფდეს; ამათ რამეთუ შჯულ არა აქუს, თავისი თვისისათვის შჯულ არიან" (რომ. 2. 14) - წმინდა ეფვთიმე შემდეგნაირად განმარტავს: „ხოლო ოდეს წარმართთა ბუნებითითა მით შჯულითა იცნან ღმერთი და მოიქცენ ქრისტესა, იქმნებიან უმეცარნი იგი შჯულისანი ჭეშმარიტად აღმა-სრულებელ შჯულისა. ისინი თავისა თვისისათვის შჯულ არიან, რამეთუ მოსე შჯული ქრისტეს მომასწავებლად თქუა, ხოლო ამათ წარმართთა, რომელთა ჰრწმენა ქრისტე, აღასრულეს სიტყუაჲ მოსესი და საკუთარი თავისთვის უფლის კანონი არიან, ჭეშმარიტად განმაცვიფრებელია; ვინც არ ხელმძღვანელობდა რჯულით, თავად გახდნენ რჯულის აღმასრულებელნი, როგორებიც იყვნენ კორნელი და მრავალი სხვა".12 „რამეთუ არა რომელი-იგი ცხადად ჰურია არს, ...არამედ რომელი ფარულად ჰურია არს", ზოგიერთი ფიქრობს, რომ აქ მოციქული ფარულ ჰურიებად ბუნებრივი რჯულის მსმენელ ზნეკეთილ წარმართებს მოიაზრებს. მაგრამ წმ. ეფვთიმე მთაწმინდელი წერს: რას ნიშნავს ფარულად ჰურია? - მოციქული მიგვითითებს, რომ რჯული უპირველესად იუდეველებს მიეცათ და რომ სათნო იყო იუდეველობა. „ხოლო ყოველსა მას ცხადსა შჯულისა სიტყვასა აქუნდა ფარულად სხუაჲ ძალი, რომელ არს მოსწავება ქრისტიანობისა". ხოლო ქრისტეს მოსვლამდე „ჯერ-იყო წესთა მათ ცხადად აღსრულებაჲ". ამრიგად განცხადდა ჭეშმარიტება, რომელმაც გაამჟღავნა ფარული რჯულის ძალა; ამჟამად უკვე უადგილოა გარეგნული და ხილული საქმეების აღსრულება, არამედ „ფარულად სხუაჲ ძალი". სწორედ ამას ნიშნავს ფარულად ჰურიაება, ანუ იუდეურ რჯულში დაფარული ძალის აღსრულება".13 ამრიგად, ფარული იუდეველში, ისევე როგორც რჯულის აღმასრ-ულებელ ელინებში, წმ. მამა ქრისტეს მორწმუნე წარმართებს გულისხმობს. მსგავს განმარტებას ამბროსიასტესთანაც ვპოულობთ. ეპისტოლეს სიტყვები - „რამეთუ არა მსმენელნი შჯულისანი განმართლდნენ წინაშე ღმრთისა, არამე მყოფელნი შჯულისანი განმართლდნენ" (რომ. 2. 13), ასეა განმარტებული: „პავლე იმიტომ ამბობს ამას, რომ მართალია არა რჯულის მსმენელი, არამედ ქრისტეს მორწმუნე ადამიანი, რომელსაც აღუთქვეს ეს რჯული. სწორედ ამას ნიშნავს რჯულის აღსრულება. ყოველი, რომელსაც არ სწამს რჯული და არ აღასრულებს მას, არ არის რჯულის მორჩილი, ვიდრე არ მიიღებს მას (ქრისტეს), ვისზეც საუბრობს რჯული. მაგრამ ვინც არ იმყოფება რჯულქვეშ, წინადაუცვეთელია, თუმცა კი სწამს ქრისტესი, იმსა-ხურებს მასზე თქვან: მან აღასრულა რჯული. ხოლო იუდეველი არის რჯულის მსმენელი და არა აღმასრულებელი, იმიტომ რომ არ სწამს ქრისტესი, ვისზეც მოწმობს რჯული". „წინადაუცუეთილება სარგებელ არს, უკუეთუ შჯულსა იმარხავ" (რომ. 2. 25) მოციქულის ამ სიტყვების განმარტებისას ამბროსიასტე კვლავ ამბობს: „რჯულით ცხონება ქრისტეს მეშვეობითაა შესაძლებელი. ის არის რჯულის მორჩილი, ვისაც სწამს ქრისტესი. ვისაც არ სწამს ქრისტესი, არღვევს რჯულს, რომელსაც ქრისტეს გარეშე ცხონების მოცემა არ ძალუძს".14 წმ. თეოფილაქტე ამბობს: სამართლებრივად რჯულით ის ხელმძღვა-ნელობს, ვინც მისი მეშვეობით მიდის ქრისტემდე და ესაა მისი მიზანი ანუ: კანონით მართებულად ხელმძღვანელობს ის, ვინც რჯულზე უპირატესად ქრისტეს მიიჩნევს".15 ამრიგად, წმინდა მამებში მკაფიოდ იკვეთება აზრი: ისეთი ღვთივ-სათნო წარმართები, რომლებიც რჯულის გარეშე ცხონდებოდნენ და რომლებზეც საუბრობს მოციქული, ან რჯულის მოცემამდე მცხოვრებ მართლებში ან თავად პავლე მოციქულის დროინდელ ქრისტეს მორწმუნე წარმართებში უნდა ვეძებოთ (ამ რწმენით შეიცნეს მათ ჭეშმარიტი ღმერთი და, არცოდნის მიუხედავად, აღასრულეს რჯული). თუ მოციქულის სიტყვებს გავიგებთ ისე, თითქოს ძველი აღთქმის პერიოდში წარმართებს შორის ნამდვილად იყვნენ სინდისის ხმის მიხედვით რჯულის აღმსრულებელნი, რომლებიც არ საჭიროებდნენ რჯულის კანონს და მაშინ გამოდის ასე: თითქოს წარმართები, თავიანთი უწმინდურების მიუხედავად, გაცილებით უკეთეს ზნეობრივ მდგომარეობაში იყვნენ, ვიდრე იუდეველები. შედეგად, ჩვეულებრივ შეეძლოთ მათ ცხონება გულში დაწერილი შინაგანი რჯულისამებრ. ებრაელები კი ასე გადარჩენას ვერ შეძლებდნენ. ისინი ვერ იაზრებდნენ რას აუწყებდა სინდისი და გონება. ამიტომაც ღმერთმა საჭიროდ მიიჩნია მიეცა მათთვის წერილობითი რჯული, რომელსაც ისინი, როგორც წესი, არ აღასრულებდნენ, რომელიც თითქმის არაფერს აძლევდა მათ, გარდა მსჯავრისა და წყევისა. მსგავსი განმარტება, რა თქმა უნდა, აბსურდულია. ნუთუ უფლის მცნებები, წინასწარმეტყველებები, რჩეული ერის წინაშე ღვთის განცხადების ურიცხვი გამოვლინება მხოლოდ ადამიანთა დაბინ-ძურებული სინდისის გამო დაუძლურებული ერის სიკეთისკენ წარმართვისთვის იყო საჭირო? ასეც იქნებოდა, წარმართები მხოლოდ საკუთარი სინდისით, ხოლო იუდეველები მოცემული რჯულით, მცნებებით, გამოცხადებებით, წინასწარმეტყველებებით რომ ხელმძღ-ვანელობდნენ. მათ ექნებოდათ აბსოლუტურად თანაბარი შესაძ-ლებლობა და საშუალება სათნონი ყოფილიყვნენ ღვთისთვის და აღესრულათ მისი ნება. მაგრამ, როგორც წმ. ოქროპირი ამბობს, ებრაელებმა იმიტომაც „მიიღეს წინადაცვეთის მცნება, რომ სხვა უწმინდურ ხალხში არ აღრეულიყვნენ".16 თუ სხვა ხალხებს ჯერ კიდევ გააჩნდათ საკუთარ სინდისში იმდენი გონივრული ნათელი, რომ თავად შეეძლოთ ღვთის რჯულის აღსრულება, იუდეველები, პირიქით: მათ იმდენად დაიბინძურეს გული, რომ სჭირდებოდათ მკაცრი აკრძალვები, ღვთის ბრძანებები, მუქარისა და ფიცის შემცველი წერილობითი რჯული. მაშ რისთვის მიეცათ ამგვარი „მშვენიერი" წარმართული საზოგადოებისაგან განშორებისა და იზოლირების ნიშნები, რომლისგანაც იუდეველებს შეეძლოთ ესწავ-ლათ გულის გამოძახილის ხელმძღვანელობით ღვთის სადიდებელი ცხოვრება? მაგრამ წმ. ოქროპირი ამბობს, რომ „მანამდე (ანუ რჯულის მოცემამდე ა.ლ.) უფალმა მოუწოდა წარმართებს, ხოლო როდესაც მათ არ ისურვეს, შემდეგ მოუწოდა იუდეველებს". ქრისტეს მოსვლის ჟამსაც „იგივე აღესრულა: რადგან იუდეველებმა არ ისურვეს ერწმუ-ნათ ქრისტე, შესაბამისად წარმართებს მოუწოდა".17 წმ. თეოფილაქტეს სიტყვით, უკვე მაშინ (ქრისტეს მოსვლის ჟამს) „იუდეველების ურწ-მუნოების გამო ცხონების საშუალება წარმართებსაც მიეცათ".18 პავლე მოციქულის ეპისტოლეები მეტწილად ეძღვნება „გამართლ-ებასა კაცისასა სარწმუნოებითა თვინიერ საქმეთა შჯულისათა" (რომ. 3. 28). მაგრამ თუ სარწმუნოების გარეშე მცნებების აღსრულებით, თვით ღვთის მიერ მოცემული რჯულით ვერ ცხონდები (თან მიეთითათ: „მივეცი ჩემი წესები და გამოვუცხადე ჩემი სამართალი, რომელიც უნდა შეასრულოს ადამიანმა, რომ ცოცხალი დარჩეს" (ეზეკ. 20. 11)), მაშინ როგორღა ვცხონდებით მხოლოდ ბუნებითი რჯულით ანუ გულში დაწერილი კანონის მიხედვით. ამგვარი განმარტებით ხომ არ გამოდის, რომ მოციქული აღნიშნული ეპისტოლეს რამდენიმე სიტყვით მთლიანად უგულებელყოფს ყოველივეს, რაც მანამდე დაწერა და ვრცლად განმარტა სხვა ეპისტოლეებში? პავლე მოციქულის სიტყვებს „რამეთუ მოსე დასწერა სიმართლესა მას შჯულისაგანსა, ვითარმედ: რომელმან ქმნეს იგი კაცმან, ცხონდეს მას შინა" (რომ. 10. 5). წმინდა იოანე ოქროპირი განმარტავს: „ეს იმას ნიშნავს, რომ მოსე ხსნის რაში მდგომარეობს რჯულით გამართლება და როგორია ის, ანუ რაში მდგომარეობს და როგორ მოიპოვება? მოიპოვება მცნებების აღსრულებით... ყველა მცნების აღსრულების გარეშე, მხოლოდ რჯულით ვერ გამართლდები. მაგრამ ეს არავისთვის იყო შესაძლებელი".19 მაგრამ, თუ მცნებების აღსრულება თვით ღვთის მიერ მოცემული რჯულითაც არავისთვის იყო შესაძლებელი, მაშინ ნუთუ წარმართები, იმ ზნეობრივი სიბინძურის ამარა მყოფნი, მოციქული რომ აღწერს თავისი ეპისტოლეს პირველივე თავში, აღასრულებდნენ რჯულს თავიანთი გულის კარნახით?
8Творения. Св. Кирилла Александрииского. Кн. 2. М. 2001. გვ. 129. 9Св. Ириней Лионский. Против Ересей. Кн. 4. Гл. 16. გვ. 355. 10სამოციქულოს განმარტება. თარგმნილი ეფრემ მცირის მიერ. თბი-ლისი. გვ. 32. 11პავლე მოციქულის ეპისტოლეთა განმარტება. თარგმნილი ეფვთიმე მთაწმინდელის მიერ. თბ. 2003. გვ. 35. 12იქვე გვ. 35. 13იქვე გვ. 43-44. 14Амвросиаст. Комментарии на Послане к Римлянам. CSEL 81:75, 84. СМ. Библейские Комнтарии Отцов Церкви и др. Авторов I-VIII веков. Новый Завет VI. Послание к Римлянам. Германевтика. 2003. გვ. 98. 115. 15Блаж. Феофипакта. Толкования на Послания Ап. Павла. М. 2000. Кн. 2. გვ. 302. 16Творения. Св. Иоанна Златоуста. СП.Б. 1898. Т4. Кн. 1. Бесседа 39. გვ. 431. 17იქვე გვ. 744-745. 18Благовестник или Толкования Блаж. Феофилакта Болгарского на Еван-гелие от Марка. М. 2000. გვ. 61. 19Творения. Св. Иоанн Злотоуст. Т. 9. Кн. 2. Беседа 17. გვ. 711.
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |