მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 24 მაისი (ახ. სტ.) - ხსენება ნეტარი ქრისტესიასი, ქრისტეფორედ წოდებულისა (+1771)
24 მაისი (ახ. სტ.) - ხსენება ნეტარი ქრისტესიასი, ქრისტეფორედ წოდებულისა (+1771)24-05-2021, 00:00 |
ნეტარი ქრისტესია, ქრისტეფორედ წოდებული, ნათლისმცემლის უდაბნოს მოღვაწე (+1771) წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან, სამეგრელოდან იყო. მას სიყრმითგან ღვთისთვის მსახურებისა და განდეგილობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ ბატონის ბრძანებითა და იძულებით ცოლი მოიყვანა და ვაჟი ეყოლა. რამდენიმე ხნის შემდეგ ქრისტესიას ცოლ-შვილი დაეხოცა. ბატონს მეორეჯერ უნდოდა მისი დაქორწინება. ნეტარმა ყურად არ იღო ბატონის ბრძანება, წავიდა მოძღვართან, თავისი გასაჭირი უამბო და რჩევა სთხოვა. მოძღვარმა ურჩია, დაეტოვებინა მაცდური წუთისოფელი და გარეჯის უდაბნოს შეჰკედლებოდა. სულიერი მოძღვრის სიტყვებით ფრთაშესხმულმა ქრისტესიამ დატოვა ყველაფერი და გარეჯში, იოანე ნათლისმცემლის უდანოში დაეყუდა. წმიდა მამამ მრავალი წელი გაატარა მორჩილებაში: წყალსა და ფიჩხს ეზიდებოდა მონასტერში, ყოველივეს მორჩილებით და გულმოდგინედ იქმოდა. მამა ქრისტესია მოხუცებული იყო, როცა ბერად აღიკვეცა. მას უწოდეს ქრისტეფორე. განდეგილობაში მისი ცხოვრების წესი ასეთი იყო: უდაბნოდან შვიდი კილომეტრის დაშორებით იდგა ჭური, რომელსაც ყოველდღე ავსებდა წყლით. იქვე პატარა ქოხი ჰქონდა. მის ზღურბლზე პატარა ჩარექა იყო ჩამოკიდებული. ჩარექა შორიდან ჩანდა და მოგზაურნი ქრისტესია ბერის ჭურთან იკლავდნენ წყურვილს. იქვე პატარა ბოსტანი ჰქონდა გაშენებული ნეტარ მამას მგზავრებისათვის. წმიდა ქრისტესიას რასაც მისცემდნენ, სხვასაც განუყოფდა. შემოწირული თაფლით და ხორბლით ყოველ შაბათს კოლიოს ამზადებდა სამი ჭურჭლით - ერთით - შემომწირველის მიცვალებულთათვის, მეორეთი - მონასტერში მდებარე შესვენებულ მამათათვის, მესამეთი - ყველა მართლმადიდებლისათვის. როგორც კი გაიგებდა სადმე ჩხუ-ბის ან სიძულვილის ამბავს, წავიდოდა მოშუღლეებთან და ტკბილი სიტყვებით შერიგებისკენ მოუწოდებდა: „შვილნო, უკეთუ არა ისმენთ ჩემსა, რომელიცა თქვენის მიზეზით მოვედი აქა, წარვალ მწუხარებით სავსე და განიხარებს ეშმაკი იგი, რომელსა არა ნებავს მშვიდობა კაცთა და მოაწევს უაღრესსა განსაცდელსა თქვენ ზედა და ვითარცა მოველ მშიერ, მშიერივე წარვალ თქვენგან". მისი მადლმოსილი ქცევა და სიტყვები გულს უთბობდა მოჩხუბრებს და შერიგებას უადვილებდა. ერთხელ მამა ქრისტესია მწუხრის ლოცვის შემდეგ სოფელში წავიდა. წმიდა ბერი სიცხის გამო დაღამების შემდეგ გაუდგა გზას. ბნელი ღამე იყო, სიარული შეუძლებელი გახდა. წმიდა ქრისტესია გაჩერდა და ილოცა. მოულოდნელად მას გამოუჩნდა რაღაც მანათობელი, რომელიც გზას უნათებდა. შეშინებულმა ბერმა ნაბიჯი ვერ გადადგა, ლოცვით შეევედრა უფალს, განსაცდელი აერიდებინა მისთვის, შემდეგ პირჯვარი გადაისახა და გზას გაუყვა. მანათობელი წინ მიუძღოდა. ასე იარა მთელი ღამე, სანამ არ მიაღწია სოფელ სართიჭალას. მისი სენაკი ვიწრო და უბადრუკი იყო. საწოლად ერთი ფიცრისგან შეკრული ტახტი ჰქონდა, საგებლად ცხვრის ტყავი, რომელიც წელამდე ძლივს წვდებოდა, სასთუმლად ქვა ედო, ტანზე ემოსა ცხვრის დაბებკილი ტყავის სამოსი, ფეხთ ქალამანი ეცვა. თუ ვინმე ტანსაცმელს მოუკითხავდა, მყის გლახაკებს მისცემდა, „თავის თავისათვის არარას ზრუნვიდა, საწუთოსათვის და ამაოსა, არამედ ყოველსავე იუნჯებდა მერმისსა მის საუკუნოისათვის". ოთხმოც წელს გადაცილებული წმიდა ქრისტესია, ქრისტეფორედ წოდებული, აღესრულა მონასტერში, თავის კელიაში. დასაფლავებულია ეკლესიის წინ, მამათა სასაფლაოზე.
„წმიდანთა ცხოვრება" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |