მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > „მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს“ (ნაწილი 2) - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
„მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს“ (ნაწილი 2) - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)30-01-2018, 00:05 |
რა იგულისხმება კეთილ საქმეებში? წმინდა ირინეოს ლიონელი ამბობს: „სათნოებაა ღვთის მორჩილება, მისი რწმენა და მისი მცნებების აღსრულება. ამაშია ადამიანის ცხოვრების არსი. ღვთის დაუმორჩილებლობა კი არის ბოროტება და შედეგად სიკვდილი".5 ასე რომ: წარმართები აღასრულებდნენ სიკეთეს სინდისის კარნახისამებრ, მაგრამ არ სწამდათ ჭეშმარიტი ღმერთი და არ ემორჩილებოდნენ მას. მაშინ ეს მხოლოდ ნაკლები ბოროტება იქნება. სხვა ადგილას ეს წმინდა მამა ამბობს, რომ „ურწმუნონი და ღვთის ნებას დაუმორჩილებელნი ეშმაკის ძეები არიან, ვინაიდან ეშმაკის საქმეს აღასრულებენ".6 საინტერესოა ამბროსიასტეს შენიშვნაც იმის შესახებ, თუ „ვინ შეძლებს კანონის გარეშე კანონის აღსრულებას" ანუ „კანონს მიღმა" მყოფი ელინები, მოციქულის თქმით „ბუნებით კანონს აღასრულებენ": „როგორც კანონს მიღმა შემცოდე დაიღუპება, მსგავსადვე გამართლდება ის, ვინც კანონის გარეშე დაიცავს კანონს... თუ კანონი არა მართალს, არამედ ცოდვილს მიეცა, მაშინ ვინც არ სცოდავს, კანონის მეგობარია. (შეად. 1 ტიმ. 1. 9). მას აკლია მხოლოდ სარწმუნოება, რისი მეშვეობითაც სრულყოფილი ხდება. ვინაიდან ასეთ ადამიანს, ბოროტებისაგან განშორების მიუხედავად, თუ არ მიიღო ღვთის სარწმუნოება, არანაირი უპირატესობა ღვთის წინაშე არ გააჩნია. იგი ერთშიც და მეორეშიც მართალი უნდა იყოს. ერთი სამართლიანობა წარმავალია, მეორე - მარადიული".7 მაგრამ მოციქულმა, სანამ იტყოდა: „მართალი სარწმუნოებითა ცხონდესო", თქვა, რომ მზად არის „რომელნი ხართ რომს შინა გახარო. რამეთუ არა მრცხუენის მე სახარება იგი ქრისტესი, რამეთუ ძალი ღმრთისა არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა, ჰურიისა პირველად და მერმე წარმართისა. რამეთუ სიმართლე ღმრთისა მას შინა გამოცხადნების სარწმუნოებითი სარწმუნოებად, ვითარცა წერილ არს: მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს". (რომ. 1, 15-17). ამ სიტყვების განმარტებისას წმ. თეოფანე დაყუდებული შენიშნავს: „მოციქული თითქოს ამბობს, რომ ქადაგება ცხონებისათვის მომადლებული ძალაა, ოღონდ მორწმუნისათვის. მისი მეშვეობით ღვთის სიმართლე საცხონებელად გვეძლევა ანუ მართალი სარწმუნოებიდან სარწმუნოებაში დამკვიდრებით ვხდებით. ამრიგად, გრწმენინ. ვინც ირწმუნებს, წმინდა და მართალი ცხოვრებით ცხონდეს, ხოლო ურწმუნო სიკვდილის, ცოდვისა და წარწყმედის სფეროში რჩება. ჭეშმარიტი ცხოვრება - მართალი ცხოვრებაა. მართებულად ცხოვრება კი მხოლოდ სარწმუნოებითაა შესაძლებელი. სარწმუნოების გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი მართალი ცხოვრება, არ არის ცხონება. ამას ადასტურებს წინასწარმეტყველის სიტყვებიც: „მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს".8 ამრიგად, ეპისტოლეს დასაწყისშივე მოციქული რომაელების უმალვე ყურადღებას ამახვილებს სარწმუნოებაზე, ხოლო ამის შემდეგ ამტკიცებს, რომ ვერც ელინი, ვერც იუდეველი ვერ გამართლდება ღვთის წინაშე, რადგან ერთმაც და მეორემაც უსაზღვროდ შესცოდა. ერთნი ღვთისაგან მონიჭებულ კანონს არ აღასრულებდნენ, მეორენი კანონის უმეცარნი, სინდისის ხმასაც არ ისმენდნენ. მოციქული თავის მამხილებელ სიტყვას წარმართებიდან იწყებს. სანამ ელინებს ქრისტეს უქადაგებდა, მოციქულს სურდა დაემტკიცებინა მათთვის, რომ ისინი ღვთის რისხვის ქვეშ იმყოფებიან, ხოლო თუ არ ირწმუნებენ, მარადიული ტანჯვისთვის იქნებიან განწირულნი. მხილებისას წარმართებს შეეძლოთ ეთქვათ: რისთვის გვირისხდები, ჩვენ არაფერი ვიცოდით არც ღმერთზე, არც მის მცნებებზე. ამიტომ წმ. პავლე შეუდგა მათ მხილებას: „რამეთუ მეცნიერება იგი ღმრთისა ცხად არს მათ შორის, რამეთუ ღმერთმანვე გამოუცხადა მათ. რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და სამარადისო იგი ძალი მისი და ღმრთეება, რაჲთა იყვნენ იგინი ვერ სიტყვის მიმგებელ" (რომ. 1. 19-20). ამ სიტყვებით მოციქული გვიჩვენებს, რომ წარმართებს გააჩნდათ საკმარისი საფუძვლები, რათა ერწმუნათ ჭეშმარიტი ღმერთი და განედიდებინათ შემოქმედი. მაგრამ ასე არ მოიქცნენ: „რამეთუ იცოდეს ღმერთი, და არა ღმერთეებრ ადიდებდეს მას, გინა ჰმადლობდეს, არამედ ამაო იქმნეს გულის ზრახვათა მათითა, და დაუბნელდა უგულისხმო იგი გული მათი. იტყოდეს თავთა თვისთა ბრძენ და განცოფნეს. და ცვალეს დიდებაჲ იგი უხრწნელისა ღმრთისა მსგავსებად ხატისა მის განხრწნადისა კაცისა და მფრინველთა და ოთხფეხთა და ქუეწარმავალთა" (რომ. 1. 21-23). შემდეგ წმ. მოციქული აღწერს ყველა იმ ზნეობრივ საშინელებას, რომელშიც საკუთარი უგუნურების გამო აღმოჩნდნენ წარმართნი. ნიშანდობლივია, რას მიიჩნევს მოციქული წარმართთა ამ ზნეობრივ ბოროტებაში ყოფნის მიზეზად: „გარდაცვალეს ჭეშმარიტება ღმრთისა სიცრუვედ და პატივ-სცემდეს და მსახურებდეს დაბადებულთა, და არა დამბადებელსა, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე. ამინ. ამისთვის მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა, რამეთუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებასა იგი წესი არა-ბუნებად" (რომ. 1. 25-26). აქ ჩანს სარწმუნოებისა და ზნეობის კავშირი: ცრუ სარწმუნოებას, ღვთის ჭეშმარიტების დამახინჯებას, ურწმუნოებას მოჰყვება ზნეობისა და თავად სიკეთის არსის დამახინჯება: „სარწმუნოების გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი, მართალი ცხოვრება" (წმ. თეოფანე დაყუდებული). მაგრამ ყურადღებას იქცევს ერთი შეხედვით არათანმიმდევრული აზრი ეპისტოლისა: აღწერილია წარმართული სამყაროს უკიდურესი ზნეობრივი დაცემა, უმკაცრესადაა მხილებული მისი სიღრმისეული განდგომა ღვთივსათნო ცხოვრებისაგან და უეცრად ამას მოსდევს შინაგანი კანონით მცხოვრები, სინდისის კარნახისამებრ ღვთის კანონის იუდეველზე უკეთ აღმასრულებელი წარმართის მაგალითი. და ასეთი კეთილსინდისიერი წარმართის მაგალითის შემდეგ მოციქული უეცრად ამბობს: „... წინასწარვე ვაბრალეთ ჰურიათა და წარმართთა ყოველთა ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ... არავინ არს მართალ არცაღა ერთ... არვინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოება, არავინ არს მიერთამდე" (რომ. 3. 9-12). წმ. თეოფანეც ამას შენიშნავს, როგორღა წარმოაჩინა მოციქულმა წარმართნი ასე დაკნინებულნი, თუკი თქვა მათზე, რომ ისინი ბუნებით კანონს აღასრულებენ? ამის თქმა აღარ დასჭირდებოდა? აქ მოციქული, ავხორცულ ვნებებში შთაფლულებად, როგორებადაც საკუთარი ნებაყოფლობით შეიქნენ, ხოლო აქ მიუთითებს იმაზე, როგორები უნდა ყოფილიყვნენ ბუნებრივად. ე.ი. იმოქმედონ მათ ბუნებაში დაწერილი კანონის თანახმად. იქ წარმოჩენილია წარმართების ხასიათი, როგორ ზნეობრივ უსირცხვილობამდე დაეცნენ ისინი, ხოლო მეორე შემთხვევაში ნათქვამია, რომ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აღსარულებდნენ რჯულს".9 როგორც ჩანს, მოციქული აქ მიგვითითებს რაღაც იშვიათი და გამონაკლისი შემთხვევის შესახებ, და ამ მიზნით უსაყვედურა იუდეველბსაც: „უკუეთუ შენ ჰურიაჲ სახელგედების და განისუენებ შჯულსა ზედა და იქადი ღმრთისა" (რომ. 2, 17). ყურადღება იმაზეც გავამახვილოთ, რომ მოციქული მეორე თავის მეცხრე მუხლიდნ, წარმართების მხილებიდან უკვე იუდეველების მხილებაზე გადადის. ამიტომაც ამბობს: „რამეთუ წარმართთა, რომელთა შჯული არა აქუნ, და ბუნებითსა მას შჯულსა ჰყოფდეს; ამათ რამეთუ შჯულ არა აქუს, თავისა თვისისათვის შჯულ არიან" (რომ. 2. 14). და მისთ. ამჯერად შევუდგეთ იმის გარკვევას, სავარაუდოდ რანაირ კეთილ-სინდისიერ წარმართს გულისხმობდა მოციქული.
5Св. Иринеос Лионский. Против Ересей. Кн 4. 39. С. 436. 6იქვე გვ. 80. 7Амбросиаст. Коментарий на Послание к Римлянам. CSEL 81:73. Герменевтика. 2003. გვ. 97. 8Толкование Посланий. Ап. Павла. Послание Римлянам. გვ. 78. 9იქვე გვ. 156.
არქ. ლაზარე (აბაშიძე) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |