მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > „მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს“ (ნაწილი 1) - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

„მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს“ (ნაწილი 1) - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)


28-01-2018, 00:05

 

   ზემოთ განხილულ მიუღებელ შეხედულებათა მომხრენი ხშირად ეყრდნობიან მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლეს: „ჭირი და იწროება ყოველსა ზედა სულსა კაცისასა, მოქმედსა ოროტისასა, ჰურიათა პირველად და მერმე წარმართსა! დიდება და პატივი და მშვიდობა ყოველსა მოქმედსა კეთილისასა, ჰურიასა პირველად და მერმე წარმართსა! რამეთუ არა არს თუალთღება ღმრთისა თანა. რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, შჯულითაცა ისჯნენ. რამეთუ არა მსმენელნი შჯულისანი განმართლდნენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი შჯულისანი განმართლდენ. რამეთუ წარმართთა, რომელთა შჯული არა აქუნ, და ბუნებითსა მას შჯულსა ჰყოფდეს; ამათ რამეთუ შჯული აქუს, თავისა თვისისა შჯულ არიან: რომელნი გამოიჩინებენ საქმესა შჯულისასა, დაწერილსა გულთა შინა მათთა, თანა-მოწამებითა მათდა გონებისა მათისათა და შორის ურთიერთას გულის სიტყვანი შეასმენდენ ანუ სიტყვას უგებენ. დღესა მას, რომელსა შჯიდეს ღმერთი დაფარულსა მას კაცთასა მსგავსად სახარებისა მის ჩემისა იესო ქრისტეს მიერ. რამეთუ წინადაცუეთილება სარგებელ არს, უკუეთუ შჯულსა იმარხავ, ხოლო უკუეთუ გარდამავალ იყო შჯულისა, წინადაცუეთილებაჲ შენი წინადაცუეთილება იქმნა. აწ უკუე, უკუეთუ წინადაუცუეთელი იგი მისი წინადაცუეთილებად შეერაცხოსა? და გშჯიდეს ბუნებით წინადაუცუეთელი იგი, შჯულისა აღმასრულებელი, შენ, რომელი-ეგე წიგნითა და წინადაცუეთითა შჯულისა გარდამავალ ხარ! რამეთუ არა რომელი-იგი ცხადად ჰურიაჲ არს, არცა რომელი ცხადად ხორცითა წინადაცუეთილ, არამედ რომელი ფარულად ჰურია არს და წინადაცუეთილებაჲ გულისა აქუს სულითა, არა წიგნითა, რომლისა-იგი ქებაჲ არა კაცთაგან არს, არამედ ღმრთისაგან" (რომ. 2. 9-29).

   სამწუხაროდ, მრავალს შემდეგნაირად ეს სიტყვები: თუკი აღვასრულებთ ადამიანურ სიკეთეს, გარკვეულწილად ჯერ კიდევ რომ მკვიდრობს ჩვენს სულში და რომლისკენაც მოგვიწოდებს ჩვენი სინდისი, ეს სავსებით საკმარისია ღვთის წინაშე გამართლებისა და სულის ცხონებისათვის. თითქოს არანაირი განსხვავება არ არსებობდეს ძველი აღთქმის დროს ჭეშმარიტ ღმერთსა და მის გამოხსნაზე წარმოდგენის არმქონე წარმართის მდგომარეობასა და იუდეველს შორის, რომელსაც მიეცა კანონი, წინასწარმეტყველებები, რომელსაც ღვთის სიტყვა მიანდო უფალმა. თითქოს ერთსაც და მეორესაც სრულიად თანაბარი პირობები ჰქონდათ საიმისოდ, რომ სათნო ჰყოფოდნენ ღმერთს - საკმარისია ერთმა ყური დაუგდოს საკუთარ გულის კარნახს, მეორემ კი მოცემულ წმინდა წერილს. თითქოს ღვთის მიერ რჩეული ერისადმი განცხადებულ დადგენილებას, გამოცხადებას - ქრისტეს მოსვლამდე მონიჭებულს მორწმუნეთათვის, სრულიად შესაძლებელია ჩაენაცვლოს უბრალოდ გულის კარნახით გაკეთებული კეთილი საქმეები. უფრო მეტიც: მრავლრიცხოვანი კანონიკური წერილი თურმე გარკვეულწილად ხელსაც კი უშლიდა ცხონებას, რაკი ადამიანს აკისრებდა აზრმოკლებულ ვალდებულებებს, ვერც გულს რომ ვერ კურნავდა და ვერც ცოდვებისაგან ათავისუფლებდა მას. ზოგიერთი ჩვენი „განმ-მარტებელი" მსგავს მოსაზრებებსა და დასკვნას მხოლოდ ძველი აღთქმის პერიოდს როდი უსადაგებს, არამედ „ცხონების" აღნიშნულ ფორმას ახალაღთქმისეულ პერიოდსაც მიაწერს. ვითომ, როგორც მოციქულმა ბრძანა: „არა რომელი-იგი ცხადად ჰურიაჲ არს... არამე რომელი ფარულად". დღესაც თურმე ასეა: ის კი არ არის ჭეშმარიტი ქრისტიანი, ვინც სისტემატურად ამბობს აღსარებას, ეზიარება, დილისა და საღამოს ლოცვებს კითხულობს, ხატების წინ სანთელს ანთებს, მუხლდრეკებს გულმოდგინედ აკეთებს, არამედ ის, ვინც გულით კეთილია და მოწყალე, თუნდაც არ დადიოდეს ტაძარში, თუნდაც მოუნათლავი იყოს. ღმერთმა იცის, ვინ არის ქრისტიანი ერთგვარად ფარული.

   მოციქულის სიტყვების ამგვარ „განმარტებაში" ყველაზე განსაცვიფრებელი ისაა, რომ სინამდვილეში აღნიშნული ეპისტოლე (ისე როგორც პავლე მოციქულის უმრავლესი ეპისტოლე), სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს! სწორედ აღნიშნული ეპისტოლე (ლამის სხვაზე მეტად) ამახვილებს ყურადღებას იმის სწავლებაზე, რომ ღვთის წინაშე ვერანაირი კეთილი საქმით ვერ გამართლდები, არანაირი კეთილი და ღვთივსათნო საქმე თავისთავად არავის გააჩნია. ამდენად, ქრისტეს გარეშე ვერც იუდეველი, ვერც ელინი ვერ ცხონდება. ხელთა გვაქვს რომაელთა მიმართ პავლე მოციქულის ეპისტოლეს საკმაოდ ვრცელი განმარტების წიგნი (ათასგვერდიანი, სადაც უხვადაა ციტირებული ეკლესიის ავტორიტეტული მამები - ისინი ზედმიწევნით განმარტავენ ეპისტოლეს ყოველი სიტყვის არსს). წიგნის თავშივე წმ. თეოფანე იკვლევს რომაელთა მიმართ ეპისტოლეს დანიშნულებას, ძირითად შინაარსს და ასკვნის: „ძირითადი საზრუნავი, ცხონების ერთადერთი საშუალება უფალ იესო ქრისტეშია, როგორც წარმართისთვის, ისე იუდეველისთვისაც". ამის განმარტებაა ეპისტოლეს მთავარი ნაწილი (11 თავი).1

   წმ. თეოფანე წერს, რომ რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რაზეც ყოველი მორწმუნე, თუკი შეუდგებოდა ცხონების საკითხის განხილვას, იტყოდა: „ცოდვილნი და უბადრუკნი ვართ ღვთის წინაშე, სამსჯავრო გველის, ცხონება უფალ იესო ქრისტეშია. მიეტმასნე მას რწმენით და ცხონდები. სხვა გზა ცხონებისა არ არსებობს. სწორედ ეს არის ეპისტოლეს ძირითადი სათქმელი".2

   როგორც წმინდანი შენიშნავს, აღნიშნული ეპისტოლეს პირველი თავის მეთვრამეტე მუხლიდან მესამე თავის ოცდამეათე მუხლამდე, მოციქული მეტწილად იმას განმარტავს, რომ „უფალ იესო ქრისტეს რწმენის გარეშე არ არის ცხონება", რომ სამივე თავის ძირითადი სათქმელი შემდეგია: „სამსჯავრო ელის ყველას, ვინც ჭეშმარიტება სიცრუით ჩაანაცვლა. ამაში ბრალი როგორც წარმართებს, ისე იუდეველებსაც მიუძღვით. ამიტომ ვერც ერთი მათგანი ვერ ცხონდება: სამართლიანი რისხვა და მსჯავრი დაატყდება თავს ერთსაც და მეორესაც და დაიღუპებოდა ყველა, რომ არა კაცთმოყვარე ღმერთის სიბრალული ჩვენ ზედა, რომელმაც განკაცებული და ჯვარზე მომკვდარი თავისი ძის მეშვეობით ცხონების განსაკუთრებული საშუალება შემოგვთავაზა. შედეგად, ცხონების სხვა გზა, უფალ იესო ქრისტეს სარწმუნოების გარდა, არ არსებობს".3 ამრიგად, ეპისტოლეს ის მონაკვეთი, რომელშიც ზოგიერთის აზრით წარმართი თავისი სინდისისა და სიკეთისამებრ ცხონდება, სწორედ რომ მთლიანად საპირისპიროს ქადაგებს, კერძოდ - ვერც წარმართი, ვერც იუდეველი ვერ ცხონდება ქრისტეს სარწმუნოების გარეშე.

   ზოგიერთები კი აღნიშნულ ეპისტოლეს ისე განმარტავენ, თითქოს წარმართებს, რომლებმაც არ იცოდნენ ღვთისგან მონიჭებული კანონი, რომლებსაც არ გააჩნდათ რწმენა, მხოლოდ თავიანთი კეთილი საქმეებითაც, სინდისის კარნახითაც და რწმენისა და ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნების გარეშეც შეეძლოთ გადარჩენა. საკითხავია, რატომ არ ამახვილებენ ისინი ყურადღებას ეპისტოლეს დასაწყისშივე თქმულზე: „მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს" (რომ. 1. 17) (აქ პავლე მოციქული ამბაკუმ წინასწარმეტყველს ციტირებს (ამბ. 2. 4)). წმინდა თეოფანე დაყუდებული ამ სიტყვების განმარტებისას შენიშნავს: „წინასწარმეტყველის სიტყვები არ საჭიროებს ზედმეტ განმარტებას, ისინი თავისთავად გასაგებია. დავუმატებთ მხოლოდ იმ განსაზღვრებას, რომ ადამიანს თავად შეუძლია სიმართლის საქმეების განხორციელება: არ აწყენინოს სხვას, არ მიისაკუთროს სხვისი ნივთი, იყოს თავშეკავებული, დაეხმაროს გლახაკებს და ყოველ მოქმედებაში გამოავლინოს სამართლიანობა. მაგრამ, თავისი სამართლიანობის მიუხედავად, სანამ ღმერთი არაა მასთან, ის ჰგავს უსულო, გამოკვეთილ კერპს. განსულიერებული იგი რწმენის, ღვთის მადლის მეშვეობით ხდება, როგორც ყოველი ჭეშმარიტად მართალი ადამიანი. მანამდე არსებული სამართლიანობა კი, თუ ის მართლა არსებობდა, მხოლოდ მზადება იყო მადლის მეშვეობით ჭეშმრიტი რწმენის მიღებისთვის; ის ჭურჭელია, რომელსაც შეუძლია მიიღოს მადლმოსილი სიცოცხლე, მაგრამ არ აღასრულებს თავის სრულ საქმიანობას. მაგალითისთვის მოვიხმოთ კანონისამებრ სრულყოფილად მავალი იუდეველი - მას შეგვიძლია ვუწოდოთ მართალი, ანდა გულის სინდისის მიხედვით მცხოვრები წარმართი - ისიც მართალია. მაგრამ ვერც ერთს, ვერც მეორეს, ვერ მივიჩნევთ განსულიერებულად ჭეშმარიტების თვალსაწიერიდან.

   ამგვარი ცხოვრების ღირსნი ისინი მაცხოვრის რწმენითა და ღვთაებრივი მადლით განსულიერების შემთხვევაში გახდებიან. ამის უდავო მოწმობაა კორნელი ასისთავის მაგალითი. ის მართალი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ ჭეშმარიტად განსულიერებული მხოლოდ მაშინ გახდა, როდესაც მასზე სულიწმიდა გარდამოვიდა".4 (აქვე დროულია წმ. ევსტათი პლაკიდას ცხოვრების გახსენებაც). (გაგრძელება...)

 

 


 

1Св. Феофан Затворник. Толкование посланий Ап. Павла. Послание Римлянам. გვ. 20.

2იქვე გვ. 16.

3იქვე გვ. 82.

4იქვე გვ. 78-79.




არქ. ლაზარე (აბაშიძე )

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება