მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 25 აპრილი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)

25 აპრილი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)


24-04-2021, 16:13

 

   ღირსი ისააკ ასური (+550) - VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა. ერთერთმა მნათემ წმიდა ისააკს პირმოთნე უწოდა და სილა გააწნა. ღვთის რისხვა მეყვსეულად დაატყდა თავს ამპარტავან მნათეს - ბოროტმა სულმა დასცა და აყვირდა: „ისააკი განდევნის". როგორც კი ღირსი ისააკი დაიხარა იატაკზე დამხობილი შეპყრობილისაკენ, უწმინდურმა სულმა მსწრაფლ დატოვა გვემული.

   მომხდარი ამბავი მთელ ქალაქს მოედო. წმიდანთან ხალხი მოდიოდა, სთავაზობდა დახმარებას და ფულს მონასტრის მოსაწყობად. თავმდაბალმა ბერმა ყველაფერზე უარი განაცხადა, ქალაქიდან გავიდა და განმარტოებულ ადგილას კელია აიშენა. მოღვაწის ირგვლივ მოწაფეები შეიკრიბნენ და მონასტერი დააარსეს. როცა მოწაფეები ეკითხებოდნენ, რატომ არ მიიღე შემოწირულობებიო, ღირსი ისააკი პასუხობდა: „მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა".

   ღირსი ისააკი წინასწარხედვის მადლით იყო დაჯილდოებული. ამის შესახებ წერს წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი თხზულებაში „იტალიელ მამათა ცხოვრებანი და სასწაულნი". ერთხელ წმიდანმა ბერებს უთხრა, ბოსტანში დაეტოვებინათ ბარები, დილისთვის კი საჭმელი მოემზადებინათ მუშებისთვის. აღმოჩნდა, რომ იმ საღამოს ქურდები აპირებდნენ მონასტრის გაძარცვას. ღვთის ნებით, მათ ბოროტი გადაწყვეტილება შეცვალეს, აიღეს ბარები და გულმოდგინედ დაიწყეს მუშაობა. დილით ბერები რომ მივიდნენ, მთელი ბოსტანი დაბარული იყო. ღირსმა ისააკმა „მუშებს" საუზმე შესთავაზა და ურჩია, ქურდობისთვის თავი დაენებებინათ.

   მეორეჯერ ღირს მამასთან ძონძებში გახვეული მოგზაურები მოვიდნენ და ტანსაცმელი სთხოვეს. წმიდა ისააკმა მათ სთხოვა დალოდებოდნენ, თვითონ კი ერთი ბერი გაგზავნა ტყეში, სადაც მოგზაურებს თავიანთი ძვირფასი ტანსაცმელი ჰქონდათ გადამალული. წმიდანმა მოწყალების მთხოვნელებს მათივე ტანსაცმელი მისცა. შერცხვენილმა გამომძალველებმა პატიება სთხოვეს წმიდა ისააკს.

   ერთხელ ერთმა კაცმა ღირს ისააკს მსახურის ხელით ორი კალათა საჭმელი გამოუგზავნა. მსახურმა ერთი კალათა გადამალა. წმიდანმა მოტანილი კალათა აიღო და მომტანს ჩუმად უთხრა: „საჩუქრისთვის მადლობელი ვარ, შენ კი გადამალულ კალათას ნუ გაეკარები, მასში გველი ჩაძვრა და თუ ხელს მოკიდებ - დაგგესლავს". ასე ბრძნულად ამხელდა წმიდანი ადამიანთა ცოდვებს და მათი ცხონებისთვის იღვწოდა.

   წმიდა ისააკ ასური გარდაიცვალა 550 წელს.

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება