მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > დავსდუა სული ჩემი შენთვის, შვილო

დავსდუა სული ჩემი შენთვის, შვილო


2-09-2016, 00:10

 

   ზმირნელთა ქალაქში ქადაგების დროს იოანე ღვთისმეტყველმა იპო-ვა ერთი ჭაბუკი, ფიზიკურად მშვენიერი და „სულითა წრფელი". ნეტარმა ტკბილი სიტყვით მოაქცია ყმაწვილი და იგი ქრისტეს შეავედრა. ეფესოში წასვლის წინ მოციქულმა ჭაბუკი ქალაქის ეპისკოპოსს ჩააბარა და სთხოვა, ეზრუნა მისი სულისათვის.

   ეპისკოპოსი ჭაბუკს ღვთის მცნებებს ასწავლიდა და საცდურთაგან განაშორებდა. მაგრამ შემდეგ, ჭაბუკს უკეთური ახალგაზრდები დაუმეგობრდნენ, რომელთაგანაც მან ყოველი ბოროტი საქმე ისწავლა. კეთილმორწმუნე ჭაბუკი ავაზაკთა მთავარი გახდა. 

   დაბრუნდა იოანე მოციქული და ეპისკოპოსს ჭაბუკის შესახებ ჰკი-თხა.

   შეძრწუნებული ეპისკოპოსი ატირდა და უთხრა:

   - ვაი-მე, მოძღუარ, ჭაბუკი იგი მოკუდა!

   - რომლითა სიკუდულითა? - იკითხა მოციქულმა.

   - სულითა მოკუდა - მიუგო ეპისკოპოსმა.

   ფრიად შეწუხებულმა იოანემ ეპისკოპოსს უსაყვედურა:

   - კეთილი მცუელი დაგადგინე სულისა მისისა და არა დაიცევ იგი!

   მოციქული, მსგავსად ქრისტესა, მაშინვე დაღუპული სულის საძი-ებლად წავიდა. მთაზე იგი ავაზაკებმა შეიპყრეს. იოანემ ითხოვა, რომ იგი მთავართან მიეყვანათ. ავაზაკთა მთავარმა შორიდან იცნო თავისი მოძღვარი, შერცხვა და გაიქცა. იოანე მისდევდა მას „ვითარცა მწყემსი ცხოვარსა" და ეუბნებოდა: რად გამირბი, შვილო, მამასა შენსა, შეიბრალე სული შენი, რომლის გადარჩენაც ჯერ კიდევ შეგიძლია, მე დავსდებ სულს შენთვის, მე მივუგებ უფალს შენს ნაცვლად. შეჩერდი შვილო!

   გაიგონა რა ეს სიტყვები, ჭაბუკი მობრუნდა, იარაღი გადააგდო და ფერხთით დაუვარდა მოძღვარს. მოსთქვამდა და თან მას კაცთა სისხლით შეღებილ თავის მარჯვენას უჩვენებდა.

   იოანე მოციქული, როგორც ხორციელი შვილთმოყვარე მამა, ცოდვი-საგან შებღალულ მარჯვენაზე მოეხვია და თავის მონანულ შვილს უთხრა: ჩემზე იყოს, შვილო შენი ცოდვა, ოღონდ დაემორჩილე ჩემს სიტყვებს და მე მივუგებ უფალს შენს ნაცვლად!

  ასეთი თბილი მოპყრობითა და ტკბილი სწავლებით დაიმორჩილა წმიდა მოციქულმა ავაზაკთა მეთაური და თავისთან წაიყვანა ეკლე-სიაში.

   კეთილმა მწყემსმა იწყო ფიცხელი მარხვა და ლოცვა თავისი დაკარ-გული ცხოვარისათვის. მძიმე სულიერი შრომის შედეგად მან ჭაბუკი მიიყვანა იმ სულიერ სისპეტაკემდე, რომელიც მას ადრე ჰქონდა. შემდეგ კი სინანულით განწმენდილი და სათნოებებით შემკული, როგორც პატიოსანი ძღვენი, ქრისტეს წარუდგინა.

   იოანე მოციქული ნათელი სახეა ჭეშმარიტი მოძღვრისა, იმ გამორჩ-ეული წმიდა მამებისა, რომლებიც დასდებდნენ „სულსა თვისსა" შეცდომილი შვილებისათვის და უდიდესი სულიერი თავგანწირვის ფასად იხსნიდნენ მათ წარწყმედისაგან.



Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება