მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > „ბავშვების არასწორი აღზრდის შესახებ“
„ბავშვების არასწორი აღზრდის შესახებ“12-09-2017, 00:03 |
დღეს ყოველი მხრიდან გაისმის ჩივილი იმის გამო, რომ ჩვენი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ცუდად არის აღზრდილი. თავად მშობლებიც ხშირად უკმაყოფილოები არიან თავიანთი შვილების ქცევით. ჩვენი თაობის რელიგიურ-ზნეობრივ აღზრდის უკმარისობა ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს ნაკლს წარმოადგენს, რომელსაც, რის ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა ვებრძოლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კაცობრიობა საბოლოო დაღუპვამდე და ზნეობრივ გახრწნამდე მივა. მაგრამ იმისთვის, რომ ესა თუ ის სნეულება განიკურნოს, საჭიროა სნეულების მიზეზის გამოკვლევა. ამიტომ, ჩვენი ახალგაზრდობის გამოსწორებისათვის უპირველეს ყოვლისა უნდა გავაკრვიოთ, თუ რაში მდგომარეობს ცუდი აღზრდის მიზეზი, ვინ არის დამნაშავე ამაში? მოკლედ რომ ვუპასუხოთ ამ შეკითხვას, ბავშვის ცუდი აღზრდა მშობლების ბრალია. ზოგიერთი მშობელი სავსებით დამეთანხმება ამ საკითხში. მაგრამ მრავალნი ფიქრობენ და ამბობენ, რომ პირნათლად ასრულებენ მშობლებზე დაკისრებულ მოვალეობებს. მაშ ვისღა გსურთ მიაწეროთ თქვენი შვილების არასწორი აღზრდის მიზეზი? 1. იქნებ გსურთ თქვენ ყოველივე ღმერთს დააბრალოთ? მაგრამ მამა ღმერთმა ჯერ კიდევ სამოთხეში განა იმისთვის არ დააკანონა ქორწინება, რომ მშობლებს შვილებისადმი დაკისრებული ვალდებულებები უკეთ შეესრულებინათ. იესო ქრისტემ ძე ღვთისამ განა იმისთვის არ აღიყვანა ქორწინება საიდუმლოების ხარისხში, რათა დაქორწინებულებს არ ჰქონოდა მადლის უკმარისობა, რომელშიც უმთავრესი სწორად ბავშვების აღზრდაა? ხოლო სულიწმიდამ, განა იმისთვის არ განწმინდა თქვენი შვილების სულები ნათლობის დროს, რომ შეემცირებინა მათი გულების უკეთური მიდრეკილებები და სათნოებებისადმი მიდრეკილნი ყოფილიყვნენ ? მაშასადამე, თქვენ ვერ დასდებთ ბრალს ღმერთს იმაში, რომ თქვენი შვილები არ არიან ისეთები, როგორებიც უნდა იყვნენ. 2. მაგრამ, იქნებ თქვენი ბავშვების არასწორ აღზრდაში ბრალი მოძღვრებსა და მასწავლებლებს მიუძღვით, რომელნიც ასევე მოწოდებულნი არიან ამ საქმისათვის? ამ შემთხვევაში არაქრისტიანი მასწავლებლის (კვინტილიანეს) სიტყვებით გიპასუხებთ: „ბავშვები თავდაპირველად სკოლაში კი არ იმუშავებენ ცუდ ჩვევებს, არამდე თავად შეაქვთ ის სკოლაში. ისინი, როგორც წესი, ამ ჩვევებს მშობლებისაგან იძენენ, რომელნიც მათ ცუდ მაგალითს აძლევენ. სახლში ბავშვები ყოველდღე ხედავენ და ესმით ისეთი რამ, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე არ უნდა ეცნობოდნენ. ყოველდღე ეს ბავშვებს ჩვევაში გადაეზრდებათ, ხოლო შემდეგ მეორე ბუნებად ექცევათ, და ბედკრული ბავშვები მანიკიერებით ხდებიან იქამდე, ვიდრე გაიაზრებენ, თუ რა არის ცოდვა? სანამ მოწაფე მასწავლებლის ხელში მოხვდება იმდენად უხეშდება, რომ დადებითი შედეგის მიღწევისათვის მასწავლებელს აღზრდის საქმის ღრმა ცოდნა ესაჭიროება. ამას უნდა დაემატოს ის გარემოებაც, რომ ზოგიერთი მშობელი ეწინააღმდეგება მოძღვრებსა და მაწავლებლებს და თავის შვილებს სახლში გადაარწმუნებენ იმას, რაც სკოლასა და ეკლესიაში ისწავლა. 3. იქნებ თქვენ თავად ბავშვში ხედავთ გაუზრდელობის მიზეზს? ადამიანის გული, და რასაკვირველია ბავშვისაც, დაცემულია პირველქმნილი ცოდვით და დაბადებიდანვე უფრო მიდრეკილია ბოროტებისკენ, ვიდრე სიკეთისკენ. მაგრამ, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ბავშვი იმდენად როდია დაცემული, რომ მას საერთოდ არ შეეძლოს სიკეთის აღქმა. პირიქით, ბავშვის გული, ერთი წმიდა მამის თქმით, იმდენად რბილია, რომ მასზე ძალიან იოლად იბეჭდება, როგორც ღმეთის, ასევე ეშმაკის სახე. კერძოდ, რომელ სახეს იღებს ბავშვი, ეჭგვარეშე დამოკიდებულია მათზე, ვინც ადებს თავის ბეჭედს, ხოლო ბეჭედს მშობლები ადებენ, რომლებიც გადასცემენ მათ თავიანთ გენებს, მართალია, ზოგიერთი ბავშვი ერთობ ცუდი მიდრეკილებით იბადება, მაგრამ გეკითხებით, საიდან გაჩნდა ის ბოროტება, რომლითაც დაიბადა ბავშვი? მრავალი მათგანი, რასაკვირველია, შთამომავლობით მამისა და დედისაგან გადაეცემა: ისინი, ასე ვთქვთ, მანკიერებებს დედის რძისთან ერთად იწოვენ. შენ იქნებ მეტყვი: „ჩემი შვილები საკმაოდ პატიოსნები და აღზრდილები იქნებოდნენ, მაგრამ ქუჩასა და სკოლაში ურთიერთობა აქვთ გაუზრდელ და უზნეო ბავშვებთან, ვისი გავლენითაც ისინი უხეშდებიან და სწავლობენ ათასგვარ სიცელქესა და მანკიერებებს?" მე კი ვკითხავ ქრისტიან მამას: განა შენი წმიდა ვალდებულება არ არის მთელი სიმკაცრით შვილებისათვის თვალყურის მიდევნება, რათა შენს ბავშვებს არ ჰქონდეთ ურთიერთობა ცუდი მიდრეკილების ბავშვებთან, რომელთაგანაც ისინი შესაძლოა გაფუჭდნენ და გაირყვნენ ? ახლა ვნახოთ, ჩვენი ახალგაზრდობის ზნეობრივი გახრწნის მიზეზი ჩვენი დროის სულისკვეთება ხომ არ არის? მრავალი მშობელი სწორედ ამგვარად ფიქრობს: „ახლანდელი დრო საკმაოდ განსხვავდება ძველი დროისგან. ადრე ჩვენ ახალგაზრდობაში, ყოველივე სხვაგვარად ვითარდებოდა. მაშინ მშობლები უდიდესი პატივისცემითა და ნდობით სარგებლობდნენ." არ შეიძლება არ დავეთანხმოთ ამაში. სამწუხაროდ, ახლა ნამდვილად თვითნებობის, წინააღმდეგობის და განუკითხაობის დროა, ვერც მშობელმა, ვერც ეკლესიამ, ვერც სამოქალაქო წესებმა ვერ შეინარჩუნა თავისი ძალა და მნიშვნელობა. დაიკარგა უფროსების, მშობლებისა და სამოქალაქო ხელმძღვანელობის ავტორიტეტი. აღარ არის ნდობა მოძღვრისა და მასწავლებლისადმი. დროის სულისკვეთება თავის ზეგავლენას ახდენს ბავშვებსა და მოზარდ თაობებზე, ეს - ფაქტია, მაგრამ განა ამის გამო მშობლებმა უნდა მოიხსნან შვილებისადმი დაკისრებული ვალდებულებები? ნუთუ არ არსებობს დროის სულისკვეთებათან ბრძოლების საშუალებები? რა თქმა უნდა, თუ მშობელი, განსაკუთრებით მამა, თავად ფიქრობს, რომ არ შეიძლება დინების საპირისპირო მხარეს გაცურვა, მაშინ რასაკვირველია, ისინი ვერ დაიცავენ შვილებს არასასურველი ზემოქმედებისაგან, თუ მამა თავად გატაცებულია ახალმოდური განათლებითა და ეგრეთწოდებული „პროგრესით", თუ ის გულგრილად ეკიდება თავის რელიგიურ ვალდებულებებს, თავად იშვიათად დადის ტაძარში, აგდებულად საუბრობს რელიგიურ თემაზე, მაშინ შეიძლება ის შვილებისაგან მისდამი პატივისცემას ელოდოს? ამიტომ, თუ თქვენ, ქრისტიანო მშობლებო, გსურთ, რომ დროის გამრყვნელმა სულისკვეთებამ არ ავნოს თქვენს შვილებს, მაშინ ის ჯერ საკუთარ თავში უნდა აღმოფხვრათ. მყარად გეპყრათ ის ზნეობრივი ფასეულობანი, რომელსაც ქრისტეს მართლამდიდებელი ეკლესია ასწავლის. ხედავთ ძმანო, ჩვენი შვილების არაკეთილსინდისიერი აღზრდის მიზეზი ჩვენშია. და ამ ვალდებულების შეუსრულებლობას ვერ დავაბრალებთ ვერც ღმერთს, ვერც მოძღვარს და მასწავლებლებს, ვერც თავად ბავშვებს და ვერც დროის სულისკვეთებას. მაშასადამე, ჩვენ გამოვიკვლიეთ ბოროტების უმთავრესი მიზეზი. ხოლო როდესაც ცნობილია უბედურების მიზეზი, მასთან ბრძოლაც იოლია. კეთილგონიერო მშობლებო! თუ თქვენ გულწრფელად შეიგრძენით თქვენი ვალდებულებანი, მაშინ თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი დროის ამ უმძიმესი სენის უკუგდებაც. შეინანეთ ღვთის წინაშე და ღრმა სინანულით შეუდექით შვილებისადმი დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას. დაე, შეგეწიოთ უფალი ამ სათნო საქმეში და აკურთხოს თქვენი შრომა ამ მაცხოვნებელი მიმართულებით.
მღვდელმოწამე ვლადიმერ (ბოგოიავლენსკი) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |