მთავარი > თანამედროვე მამები, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > აღდგომა ჯვარცმის გარეშე ანუ ეკუმენიზმი (ნაწილი V) - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

აღდგომა ჯვარცმის გარეშე ანუ ეკუმენიზმი (ნაწილი V) - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)


18-05-2016, 00:03

 

 

  ეკუმენიზმი ერთთავად იმეორებს სიტყვებს „მშვიდობა", „სიყვა-რული", „ერთიანობა", მაგრამ ამ სიტყვების აზრი სრულიადაც არ არის ქრისტიანული. განა მშვიდობის ამგვარ წინასწარმეტყველებს არ ეხება საღმრთო წერილის მუქარა: „მღვდელითგან და ვიდრე ცრუწი-ნაწარმეტყველამდე, ყოველთა ქმნეს ტყუილი. და ჰკურნებდეს შემუსვრილებასა ასულისა ერისა ჩემისასა, შეურაცხმყოფნი და მეტყუელნი: მშვიდობაი, მშვიდობაი! და სადა არს მშვიდობაი? სირცხვილეულ იქმნეს, რამეთუ მოაკლდეს, და არცა, ვითარცა სირცხვილეულთა, შეიკდიმეს და უპატივოებაი მათი ვერ აგრძნეს. ამისთვის დაეცნენ დაცემულებასა შინა მათსა და ჟამსა შინა მოხედვისა მათისასა მოუძლურდენ" (იერ. 6, 13-15). „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თვისისა და ასული - დედისაგან თვისისა და სძალი - დედამთილისაგან თვისისა. და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თვისნი. რომელსა უყუარდეს მამაი ანუ დედაი უფროის ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროის ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს..." (მათ. 10, 34-37). და დასძენს: „მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ; არა ვითარ სოფელმან მისცის, მიგცემ თქუენ" (იოან. 14, 27). ამ სოფელში განუწყვეტელი ბრძოლაა ღმერთისა - ეშმაკთან, ჭეშმარიტებისა - ცოდვასთან; ეს ბრძოლა არამარტო კაცის გულში, არამედ თვით მის ბუნებაში მიმდინარეობს, განმსჭვალავს სხეულსა და გონებასაც: ეს ის ბრძოლაა, რომელიც მთელ სამყაროს მოიცავს. ამიტომ ჯერ კიდევ შორს არის „მშვიდობა" და „ერთიანობა", ჩვენ ჯერ ღმერთთან შერიგების გზა უნდა ვეძებოთ, ეს გზა კი სწორედ ცოდვასთან ბრძოლაზე გადის, გადის იმათთან გამიჯვნაზე, ვინც არასწორად ასწავლის ცხონების შესახებ, ვინც თვითონ სცოდავს და სხვასაც იმავეს ურჩევს - ესაა საკუთარ თავთან და ყოველივე ვნებებიანთან ბრძოლის გზა. ამიტომ მოძღვრებისგანაც პირველ ყოვლისა მხილების სიტყვაა საჭირო: ეს სიტყვა ხშირად მკაცრია და მჭრელი, ცოდვისა და ტყუილის შემმუსვრელი, კაცის გამოფ-ხიზლებისა და გაფრთხილებისაკენ მიმართული. საშინელი სამს-ჯავრო ახლოვდება, დათაფლული, ფარისევლური, მაცთური სიტ-ყვების დრო აღარ არის. გავიხსენოთ ახლადგაბრწყინებული ქართველი წმინდანი - გაბრიელ ქიქოძე, მისი მხურვალე ქადაგებები, თავისი ხალხის სიყვარულითა და ტკივილით გამთბარი. იგი არ ეფერებოდა თავის სამწყსოს, პირიქით, წინ უშლიდა განდგომილი სამყაროს ყველა წყლულს. ამგვარი სიტყვები დღეს უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე!

   აი, რას წერდა იღუმენია არსენია: „მკაცრია ცხონების გზა, მკაცრია ზოგჯერ სიტყვაც, მის შესახებ თქმული - ესაა ორლესული მახვილი, იგი კვეთს ჩვენს ვნებებს, ჩვენს მშვინვიერ გრძნობებს, მათთან ერთად კი გვტკენს გულსაც, რომელსაც ვნებებს აცილებენ. დადგება კი ოდესმე დრო, როდესაც ამ მახვილს ჩვენს გულში გასაკეთებელი არაფერი დარჩება?" „ქრისტიანობა", რომელიც თავისუფალია ამ გულისტკივილისაგან, ამ მახვილისაგან, რომელიც ჭრის და განყოფს, „ქრისტიანობა", რომელმაც შეიყვარა ეს სოფელი თავის დაცემულ მდგომარეობაში, რომელსაც სურს მიაძინოს და მოეფეროს ადამიანს თავისი ავადმყოფური, დაცემული სახით და არ ცდილობს გამოიხმოს, იხსნას იგი, როგორც მოციქული იტყვის: „ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც... ყოვლითა ბრძანებითა" (II ტიმ. 4, 2; ტიტ. 1, 13; 2, 15) - ასეთი მშვენიერი ფარდა, რომლის მიღმაც მშვიდად განისვენებს ცოდვა. მოყვასისადმი სიყვარული შეუძლებელია საკუთარ ვნებებთან ბრძოლის, ტკივილის, სისხლის გარეშე, ამ სოფელში საკუთარი სულის მოძულებისა და ქრისტესათვის მისი წარწყმედის გარეშე. იმისათვის, რომ ვთქვათ, მოყვასი გვიყვარსო, „იგი იმ ადგილას უნდა დავაყენოთ, სადაც ვდგავართ, ანუ ჯერ ჩვენ თვითონ უნდა დავთმოთ ეს ადგილი. მაინც, სად არის ეს ადგილი? ესაა მთელი ხილული და უხილავი სამყარო. მაგრამ ეგოიზმით უკვე ყველაფერი მითვისებული აქვს, სხვისთვის არაფრის გაღება არ სურს. მაშ, როგორ უნდა უყვარდეს სულს მოყვასი, როდესაც გრძნობს, რომ იგი ყველაფერს ართმევს, რადგანაც ყველაფერზე ისეთივე უფლებები აქვს, როგორიც თვითონ? ყოველივე უნდა წავართვათ ჩვენს თავს, რათა ყოველივე მოყვასს დავუთმოთ - მაშინ კი მოყვასთან ერთად სული ღმერთსაც შეიძენს" (იღუმენია არსენია).

   ეკუმენიზმის მომხრენი, შესაძლოა, თავიანთთვის შეუმჩნევლადაც, ჰილიაზმის ერესს აღორძინებენ: მათ საშინელ სამსჯავრომდე, ჯერ კიდევ ბზისა და ხორბლის განყოფამდე სურთ ამ ხორბლისაგან გემრიელი პურის გამოცხობა, მშვიდობისა და ბედნიერების სამეფოს მოწყობა აქვე, მიწაზე, ისე რომ გვერდი აუარონ ჯვარცმასაც და მასთან დაკავშირებულ ყველა ტანჯვასა და განყოფასაც. აქედანვე იღებს სათავეს მუდმივი, აღტაცებული მოლოდინი სულიერების, რწმენის, რელიგიურობის „გაბრწყინებისა". მაგრამ ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ დღეს თვით რელიგიისა და ეკლესიის ცნებები უკიდურესად ბუნდოვანია და ხშირად - ერთმანეთში არეული. „მრავალი ჩვენი თანამედროვის აზრით რელიგიებს შორის არსებული განსხვავებები კარგავენ თავიანთ მნიშვნელობას და, საკმარისია გწამდეს ღმერთი, რათა ეკლესიის ცნება რელიგიის ზოგად ცნებაში გადნეს და გაქრეს. ამის შედეგად ჩვენს წინაშეა ეკლესიის ცნება, რომელიც ან შერყვნილია, ან გაბუნდოვანებული და ზოგადად ქრისტიანობის ცნებასთან შერწყმული. „სეკულარულმა" ინტერპრეტაციებმა და ქარიზმატიზმის სხვადასხვა ფორმებმა ეკლესიოლოგია, როგორც ასეთი, ეტყობა, ზედმეტად აქციეს. ეკლესია თითქმის კერპად განიხილება, ყოველ შემთხვევაში, როგორც დაბრკოლება იმისათვის, რომ ადამიანმა დაინახოს თავისი დანიშნულება ისტორიაში და უშულოდ მიიღოს სულიერი ნიჭები. ამას უნდა დავუმატოთ, ერთი მხრივ, ათეიზმის პირდაპირი ან ირიბი გავლენა, რომლისთვისაც არ არსებობს სარწმუნოებრივი განსხვავებები რელიგიასთან მიმართებაში და, მეორე მხრივ, ქრისტიანებს შორის სარწმუნოებრივი ერთიანობის არარსებობა, ყოველივე ამან კი დღევანდელ ქაოსამდე მიგვიყვანა. განურჩევლობის ქაოსი დოგმატურ სფეროშიც სუფევს და კანონი-კურშიც. რაკიღა დოგმატი კარგავს თავის მნიშვნელობას, მას ეკლესიის კანონების მიმართ სრული გულგრილობა მოსდევს. ჩვენ უეცრად „მივხვდით" იმას, რასაც წმიდა მამები „ვერ ხვდებოდნენ": კანონები „კაცობრივი გამონაგონია" და არა ცხოვრებაში განხორ-ციელებული ეკლესიის დოგმატები. კრებები, კანონები - ყოველივე ამას ყავლი გაუვიდა და ახლა კრების პრეროგატივებს („ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა") ყოველი ჩვენგანი თავის თავზე იღებს" (ლ. უსპენსკი, „მართლმადიდებლური ხატის ღმრთისმეტყველება", გვ. 447).

   ეკუმენიზმზე დიდხანს შეიძლებოდა საუბარი, ბოლოს და ბოლოს ხომ წმ. მამათა მთელი სწავლების გადმოცემა მოგვიხდებოდა - არა მარტო დოგმატურის, არამედ სულიერი ცხოვრების ყველა მხარის შესახებ, რადგანაც ეკუმენიზმის საფუძველში ჩადებული გამრუდება პირველ ყოვლისა მართლმადიდებლური სწავლების სულიერი ცენტრისგან დაშორებას, მთელი ქრისტინული ცხოვრების მთავარი ღერძისგან - ჯვარისგან, სინანულის სულისგან, სიმდაბლის სულისგან გადახრას ნიშნავს. ამიტომაც ეკუმენიზმის მთელი შენობა, რაგინდ მორთულ-მოკაზმულიც არ უნდა იყოს იგი, სხვა საფუძველზე, უფრო სწორად, კაცობრივი ეგოიზმის ქვიშაზეა დაფუძნებული. ესაა „აღდ-გომა" გოლგოთაზე სიკვდილამდე, „პასექი" „ვნების შვიდეულამდე". ეკუმენიზმის ხე მთლიანად განდგომილების ნიადაგზე იზრდება, იგია ბოროტი თესლი, სწორედ ის სარეველა, რომელსაც უფლის ანგე-ლოზები უშრეტ ცეცხლს მისცემენ. შემცდარი აზრია, რომ „გარკვეული დიპლომატიის" პირობებში ამ ხეს ნოყიერი, ჩვენთვის სასარგებლო ნაყოფის გამოღებაც შეუძლია!

   „ამიტომ, ძმანო, - ამბობს წმ. იოანე დამასკელი, - დავადგრეთ ეკლ-ესიის გადმოცემას, ნუ შევცვლით ჩვენი წმიდა მამების მიერ და-დებულ საზღვრებს, ნუ დავუთმობთ ადგილს მათ, ვისაც სიახლეების შემოტანა და წმიდა, საღმრთო, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის შენობის დანგრევა სურს, რადგანაც, თუ ყველა თავის ნებაზე მოიქცევა, ეკლესიის სხეული ნელ-ნელა დაირღვევა". ამინ.



არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება