მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > წმ. ანდრიას ლოცვის ძალა
წმ. ანდრიას ლოცვის ძალა12-05-2017, 00:03 |
ერთხელ წმ. ანდრიას გზად ხალხი შემოხვდა, რომელიც ვიღაც მდიდარ კაცს მოასვენებდა დიდი პატივით. მიცვალებულს უკან მისდევდა ერი გალობით, ანთებული სანთლებითა და საცეცხლურებით. ტიროდნენ და იგლოვდნენ ნათესავები. წმინდანი გაჩერდა და ამ ხალხში დაინახა კაცნი შავნი, ჰინდოთა მსგავსნი, რომლებიც იყვნენ ეშმაკნი უკეთურნი, ისინი აღემატებოდნენ მორწმუნე ერს, მიცვალებულს გამხმარ ნეხვს უკმევდნენ, ხელთ ეპყრათ ნაცრით სავსე ჭურჭელი და მკვდარს სახეში ნაცარს აყრიდნენ. იცინოდნენ და მხიარულობდნენ მის წინაშე, როგორც მეძავი ქალები, სხვები ძაღლებივით ყეფდნენ, ღორებივით ჭყვიროდნენ და "სიხარული დიდი იყო მათ შორის", მიდიოდნენ ცხედართან, სკორეს ასხურებდნენ და სახეში სცემდნენ. წმ. ანდრიას ზეციდან ხმა ჩამოესმა: "მგალობელნო, ვერ იხილავთ ჩემს ნათელს, რადგან ძაღლს უგალობთ: "უფალო, წმიდათა შენთანა განუსვენე სულსა მიცვალებულისა ამის შესვენებულისასა", რადგან ყოველი ცოდვა დაუკლებლად თან ახლავს მას". მერე მოვიდა ეშმაკთა მთავარი, "განბოროტებული თვალითა, ვითარცა მხეცი". წმ. ანდრიას დანახვაზე შეშინდა, ხელთ ჰქონდა ნაკვერჩხალი და წუნწუბა და გარბოდა იმ საფლავისაკენ, სადაც მიცვალებული უნდა დაეფლათ, სურდა, ყველას დასანახად დაეწვა იგი. როცა მიცვალებული დაასაფლავეს და ხალხი უკან დაბრუნდა, წმ. ანდრიამ საფლავთან უცნობები დაინახა, კაცნი მშვენიერნი და მჭმუნვარე. წმინდანს ისინი მიცვალებულის ნათესავები ეგონა და არ უწყოდა, რომ უცნობები ანგელოზები იყვნენ, მივიდა და ჰკითხა, რა იყო მათი მწუხარების მიზეზი. უცნობებმა უპაუხეს, ვწუხვართ, რადგან გარდაცვლილი ეშმაკმა წაიყვანაო. მაშინ მიხვდა წმ. ანდრია, რომ უცნობები უფლის ანგელოზები იყვნენ და ევედრა მათ, ეთქვათ, რა ბოროტებისათვის დაისაჯა გარდაცვლილი. ანგელოზებმა წმინდანს, როგორც წმ. სამების ერთგულ მსახურს, შემდეგ აუწყეს: ეს კაცი, მეფის ყველაზე წარჩინებული დიდებული, ცოდვის თანაზიარი იყო. სცოდავდა სიძვით უცხოსთან და ნათესავთან, იყო მამათმავალი, ამპარტავანი, მატყუარა და ძვირის-მომხსენე, მომხვეჭელი, კაცთმოძულე, რომელიც პურით არა განაძღებდა მსახურთ, უწყალო მონათა და სახლეულ მსახურთა მიმართ, სცემდა შიშველ მონებს, ჰკლავდა და სამყოფის ქვეშ ფლავდა ფარულად. აწ მოიწია მის სიკვდილის ჟამი, და იგი ცოდვათა მიუნანიებლად მიითვალეს ეშმაკებმა, მისი გვამი მიწაში დაფლვის ღირსიც არ იყო, ამიტომაც ვწუხვართ, რომ ის უბადრუკი და საწყალობელი ეშმაკთა სამღერელ იქმნა. როცა ანგელოზებმა ანდრიას ყველაფერი უამბეს, წმინდანმა უთხრა: ნუ სწუხხართ, მიიღეთ ნუგეშინისცემა. და წავიდნენ მისგან ანგელოზები. სასაფლაოდან დაბრუნებული ხალხი ვერ ხედავდა ანგელოზებს, ეგონათ წმ. ანდრია გაგიჟდა და მარტო ლაპარაკობდა. ერთ-ერთმა ხელი წაჰკრა მას. ანდრიამ უთხრა "გამეცალეთ შმაგნო". მათ მიუგეს: "თავადა ხარ შმაგი". წმინდანმა გაიცინა, მერე მოძებნა ფარული ადგილი, წარწყმედილი მიცვალებულისათვის მდუღარე ცრემლით ატირდა და მხურვალედ შესთხოვა უფალს: "ღმერთო, დიდო და საშინელო, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო! გევედრები, უღირსი ესე, რათა იხსნა ცოდვილი ეშმაკთა ცეცხლისაგან, რომ სრულიად არ განკიცხონ იგი და არ იზეიმოს ჯოჯოხეთმა და შთანმთქმელმა უწყალო ვეშაპმა. შეისმინე ჩემი, შენი ცოდ-ვილი მონის, ვედრება". როცა წმინდანი ლოცვას წარმოთქვამდა, ზეციდან ნათლის ღრუბელი დაეშვა, აიტაცა იგი და ცოდვილის საფლავზე დაადგინა და მოვიდა ანგელოზი ზეცით,. რომელსაც ხელთ ეპყრა კვერთხი ცეცხლსა და განაოტნა ეშმაკნი და წმ. ანდრიას ლოცვით, არ მისცა მათ დასაწვავად მიცვალებულის ცხედარი.
"ოქროს წყარო"
წმ. იოანე ოქროპირის სწავლანი - თავი ოცდამეცხრე Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |