მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > გონივრული მორჩილების შესახებ

გონივრული მორჩილების შესახებ


10-09-2017, 00:07

   

 

 

 

   ქრისტე ღმერთი ყველაზე მეტად ადამიანთა პიროვნულ თავისუფლებას აფასებს და არასოდეს ზღუდავს მას, ჩვენც, ამ დელიკატური საკითხის მიმართ განსაკუთრებული გონიერების გამოჩენა გვმართებს. უპირველესად, მივმართავთ იმ ძმებს, რომლებიც გვეკითხებიან პატრიარქის, ეპისკოპოსის თუ სხვა სასულიერო პირების არამართლმადიდებლური ქმედებისა და კურთხევის დროს, გამოიჩინოს თუ არა მორჩილება, მათი სამღვდელო წოდებისადმი პატივისცემის გამოსახატავად.

   ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ადამიანი, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, არის მონა ქრისტესი. პატრიარქიც, ეპისკოპოსიც, დიაკონიც, ბერიც და ერისკაციც - მონები ვართ და ღვთის ნებას უნდა ვასრულებდეთ. ყველანი ერთად კი პირდაპირ დამოკიდებულებაში ვართ ერთმანეთთან. ღმერთმა ისე განაგო, რომ არცერთ ნაწილს ორგანიზმისა არ შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა. აქვე ერთ მაგალითს მოგიყვანთ; პატრიარქი, რომელიც გახლავთ პირველი მონათა იერარქიაში, დამოუკიდებლად ვერ აღასრულებს ევქარისტულ საიდუმლოს. აუცილებელია თუნდაც ერთი უბრალო ერისკაცის თანდასწრება. და ეს ყოვლადსახიერი ღვთის განგებამ დაადგინა, რომ ყოველი წევრი პირდაპირ დამოკიდებულებაშია დანარჩენთან. პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: "თქუენ ხართ ხორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი!" (1 კორ. 12.27).
   ამრიგად, იერარქიის ყველა მონას პატრიარქიდან დაწყებული, უბრალო ერისკაცით დამთავრებული აქვს ერთი საერთო მოვალეობა - ღვთის სიტყვის შესრულება. "რამეთუ არა არს ღმერთი შფოთისაი, არამედ მშვიდობისაი" (1 კორ. 14.33) და სურს რათა "ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდენ" (1 კორ. 14.40).
   მაგრამ ასევე აუცილებელია ვიცოდეთ, რომ მიუხედავად მონებისაგან შემდგარი იერარქიისა, რომელნიც თავთან, ქრისტესთან უნდა იყვნენ დაკავშირებულნი, ისინი მაინც თავისუფალნი არიან და როდესაც სურთ ძალუძთ უკუაგდონ თავიანთი უფლის სიტყვა, გამოიყენონ საკუთარი თავისუფალი ლოგიკა და მიჰყვნენ თავიანთ თავისუფალ ნებას. თუმცა აქ პრობლემა იბადება მათთვის, ვინც ღვთის მონობის მიუხედავად, მხოლოდ საკუთარ ლოგიკასა და ნებას მიენდობა.
   ამიტომ, მოდით, ვნახოთ, თუ რას გვირჩევს ქრისტე: დედამიწაზე მოციქულებთან ურთიერთობაში მან ერთხელ ბრძანა, რომ ყურადღებით მოესმინათ ფარისეველთა სწავლება: "საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი, ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქვან და არა ყვიან" (მათ. 23.2-3) მოდით დაკვირვებით შევისწავლოთ რას გვასწავლის ქრისტე "საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი" ამ სიტყვებით უფალი ასწავლის თავის მოწაფეებს, რომ საყდარს, სადაც მოსე წინასწარმეტყველი იმყოფებოდა და საიდანაც ღვთის სიტყვას ქადაგებდა, დაეპატრონენ მწიგნობარნი და ფარისეველნი, ანუ პირფერობით შეპყრობილი ადამიანები. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი სუსტ, უნებისყოფო ადამიანებს უპყრიათ, ქრისტე თავის მოწაფეებსა და ერს ნებას არ რთავს ეურჩონ მათ. პირიქით ეუბნება: "ყოველსა... რაოდენსა გეტყოდინ დაიმარხეთ" (მათ. 23; 2-3) ამრიგად, მათ, ვინც მაღალ იერარ­ქიაში იმყოფებიან უნდა აღასრულონ ღვთის სიტყვა და ჩვენც გვასწავლონ მათი შესრულება.
   ხოლო თუ მათ, როგორც თავისუფალ მონებს, არ სურთ ზოგიერთი მცნების შესრულება, შეუძლიათ არ შეასრულონ, რა თქმა უნდა, ღვთის სიტყვისაგან მოშორების გამო შემდგომში საზღაურს მიიღებენ. ჩვენ კი, რომელთაც უპირველესად ღვთის მცნებების შესრულება გვევალება, რომელიმე იერარქის მცნების საწინააღმდეგო მოქმედების შემთხვევაში უფლება გვაქვს არ დავემორჩილოთ მას. რამეთუ უფალი არ ამბობს შევასრულოთ ყოველივე. რასაც ზემოთ მდგომნი გვასწავლიან. არამედ პირიქით, არ უნდა დავიმარხოთ მათი მიკერძოებული აზრები, როგორც ამას პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს: "არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ" (1 გალ. 1.8)
   უფალმა იესუ ქრისტემ თავისი მოციქულები გაგზავნა საქადაგებლად მთელს მსოფლიოში სიტყვებით: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელსცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა", მაშასადამე, წმინდა მოციქულებს და მათ მემკვიდრეებს - პატრიარქებს, ეპისკოპოსებს, მღვდლებს, ბერებს, ღვთისმეტყველებს და ა.შ. უფლება არა აქვთ იქადაგონ ის, რაც მათ ლოგიკა კარნახობს, ან რაც აზრად მოუვათ. ყველა ღვთის მცნებების შესრულებისაკენ მოგვიწოდებდნენ: "რამეთუ არა თუ თავთა თვისთა ვქადაგებთ, არამედ ქრისტესა იესუს, უფალსა" (2 კორ. 4.5)
   ამიტომაც აუცილებელია გონივრული მორჩილება, რომელიც ჭეშმარიტი სიმდაბლით მიიღწევა. ასევე აუცილებელია რათა ყოველი მონა, ყველა წევრი, მიუხედავად იერარქიული წყობისა, გაერთიანდნენ მორჩილებით თავისადმი - ქრისტესადმი. ვინაიდან ერთი წევრის დაზიანებითაც კი მთელს ორგანიზმში შეინიშნება უწესრიგობა, რისთვისაც პასუხისგება მოგვიწევს.
   თავისი სიტყვის დასასრულს მაცხოვარი ამბობს: "ხოლო საქმეთა მათაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქვინ და არა ყვიან". საოცარია ღვთის სახიერების სიდიადე, სადაც გვირჩევს "დავიმახსოვროთ", რასაც გვასწავლიან, თუმცა არ ვიქმოდეთ იმას, რასაც ისინი სჩადიან. ამ მაგალითით ქრისტე მოგვიწოდებს არ განვიკითხოთ, რათა მათი ბოროტი საქმენი არ აღმოჩნდენ მიზეზი ჩვენი ღვთისაგან განდგომისა.
   აქ ორი მაგალითი მინდა მოვიყვანო. თქვენ გადაწყვიტეთ რომელია ჭეშმა­რიტი: ა) ერთი ეპისკოპოსი გეტყვით: "ძვირფასო სამწყსოვ, ქრისტე ღმერთმა გვიწინასწარმეტყველა გამოცხადებაში, რომ მოვა ვინმე, რომელიც ყველა ღონეს იხმარს, რათა ნიშანი 666 მივიღოთ ხელსა და შუბლზე, ჩვენ იგი არ უნდა მივიღოთ, თორემ საუკუნო ტანჯვას დავიმსახურებთ. და რათა არ შეურაცხ­ყოთ ღმერთი ჩვენი, არ უნდა მივიღოთ იგი არც პირადობის მოწმობებით და არც სხვა ბარათებით და ვიბრძოლოთ, რათა არ დაკანონდეს ჩვენს ქვეყანაში ეს ბოროტება. ბ) მეორე ეპისკოპოსი გეტყვით: "ეს სისულელეა, არც 666 და არც სხვა რიმე ნიშანი ზიანს არ მოგაყენებთ. ნუ იფიქრებთ ამაზე თქვენი საქმე აკეთეთ, ფანატიკოსებს კი ნუ უსმენთ".
   ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ - ვის უყვარს ქრისტე და ემსახურება მას, ზრუნავს თქვენს ცხონებაზე, და ვინ ფიქრობს: "რაითა ეჩვენოს კაცთა" (მათ. 6.5), ვინც გამშვიდებთ თქვენ რათა კეთილი გამოჩნდეს თქვენს წინაშე და თავისი მოქმედება გაამართლოს. ამათზე ამბობს სახარება: "რამეთუ ყოველნი თავთა თვისთა ეძიებენ და არა ქრისტე იესუისა" (ფილ. 2.21).
   მართლმადიდებლობას არ შეუცვლია ქრისტე რომელიმე "უცოდველი" პაპით. ამიტომ, როდესაც ვხედავთ, რომ მღვდელ­მსახური არ ეძიებს ღვთისას უნდა გვახსოვდეს, რომ არის ბევრი კარგი ეპისკოპოსი, მღვდელი და ა.შ., რომელნიც ეძიებენ ღვთის სამართალს, რომელნიც გვასწავლიან სწორედ მოციქულთაგან გადმოცემულ სწავლებას. პავლე მოციქული ამასთან დაკავშირებით ამბობს: "უკეთუ ვინმე სხუასა მოძღურებდეს და არა მოვიდე,ს სიცოცხლისა არარაი იცის... განეშორე ესევითართა მათგან" (1 ტიმ. 6.3-5).
   ჩვენ, ქრისტიანები, ვგრძნობთ რა ბოლო დროთა ნიშნების მომრავლებას, ვიმყოფებით პილატეს მსგავს მდგომარეობაში როდესაც მის წინაშე იდგა თვით ჭეშმარიტება, ის კი ეკითხებოდა: "რა არის ჭეშმარიტება?" (ინ. 18.38) მრავალ ქრისტიან ძმას სამართლიანად აღელვებს ნიშნების, ელექტრო ბარათების საკითხი, მათგან, მათი მოძღვრებისაგან გადმოცემულ, სხვადასხვაგვარ აზრს მოისმენ. როდესაც ამ კითხვით ამ სტრიქონთა დამწერს მიმართეს, მან უთხრა, რომ თავისი იერარქიის საშუალებით ხმამაღლა განაცხადებს ჭეშმარიტებას ამ საკითხთან დაკავშირებით, რათა გაფანტოს ნისლნარევი ღრუბელი.
   დღევანდელ დროში ზოგიერთი სასულიერო პირი თავიანთ აზრთა განსამტკიცებლად წიგნებს და გაზეთებს გამოსცემს, რათა პოპულარიზაცია გაუწიოს იმ აზრთა სხვაობას, რომელიც მათ შორის არსებობს. რასაც შემდეგ შედეგამდე მივყავართ: თუ ვინმე იმყოფება ჭეშმარიტებაში, იგი სარგებელს ანიჭებს ადამიანებს, თუ მღვდელი არამართლმადიდებლურად აზროვნებს, მაშინ ვნებს მათ. დედა ეკლესია ამბობს, რომ არ დაიბნევა და არ დაიკარგება ადამიანი, რომელიც ზრუნავს სუფთა გულისა და აზრისა შენარჩუნებისათვის. ეკლესია ასევე გვასწავლის, რომ სულიწმიდა ერთია, და ყველა საკითხს ერთი აზრი აქვს, ერთ სასულიერო პირს არ უნდა ჰქონდეს სხვადსხვაგვარი აზრი. მიზეზი ამისა გახლავთ ის, რომ ვიდრე ღვთის სამსახურს შეუდგებოდნენ, არა აქვთ ნათლად განსაზღვრული თავიანთი სულიერი მისწრაფებანი. ყველა სასულიერო პირმა რომ უკუაგდოს თავისი პიროვნული ნება და საკუთარი აზრი, ჩვენთან დაისადგურებდა ერთი ნება და ერთი აზრი - ქრისტე. არ უნდა გავიკვირვოთ, როდესაც ერთ საკითხზე სხვადასხვაგვარი აზრი ითქმება, არამედ უნდა გავითვალისწინოთ პავლე მოციქულის რეკომენდაცია:
  "მოძღურებასა მრავალ სახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ, რამეთუ კეთილად მადლითა განმტკიცებულ ხართ გულითა და არა საჭმლითა, რომლითა ვერაი ირგეს, რომელნი ვიდოდეს მას შინა" (ებრ. 13.9) დაე, ხშირად ვეზიაროთ ღვთაებრივ საიდუმლოებებს, რათა განმტკიცდეს ჩვენი გონება. "რაითა არღარა ვიყვენთ ყრმა ჩვილ, ღელვა აღტეხილ და მიმოტაცებულ ყოველსა მას კარსა მოძღურებასასა სივერაგითა კაცთაითა და ზაკულებითა მანქანებისა მის მიმართ საცთურებისა" (ეფეს. 4.14)
   თუმცა, დღემდე ჩვენი ეკლესია, როგორც კეთილი მწყემსი, წინ უძღვის თავის მრევლს და გვწამს, რომ წარვმართავთ ცხოვრებას მოციქულთა სიტყვისამებრ: "ხოლო შენ დაადგერ მას ზედა, რომელიც გისწავიეს და გრწმენა, უწყი, ვისგან გისწავიეს, და არიან განგრძნობად შენდა ცხოვრებისათვის სარწმუნოებითა ქრისტე იესუისთა" (2 ტიმ. 3,14-15).
 
მღვდელმონაზონი ქრისტოდულ მთაწმინდელი 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება