მთავარი > თანამედროვე მამები, მღვიძარება, მთავარი გვედის ფოტო > მღვიძარებისათვის
მღვიძარებისათვის8-12-2022, 11:18 |
დრო ცოტაა და არავინ იცის, სრულიად როდის მიილევა. ამიტომაც ყურადღებით შევუდგეთ მოღვაწეობას, ყოველი უკეთესი აზრი ძლიერი ლოცვითა და მრისხანებით დავამარცხოთ. თუკი ცრემლსაც დავღვრით, უდიდეს სარგებელს მივიღებთ, რადგან ცრემლი განწმენდს სულს და გახდის თოვლზე უსპეტაკესს. მტკიცედ დავდგეთ! ჩვენი ბრძოლა წყვდიადის ძალებთან მიმდინარეობს. ისინი ჩვენს მხარეს არასოდეს დაიჭერენ და არც თავდასხმებს შეასუსტებენ. ნუ მივეცემით თვლემას, რადგან შეიძლება დავკარგოთ ყველაზე ძვირფასი რამცხონება. თუკი დავმარცხდებით, დავღუპავთ ჩვენს უკვდავ სულს, მოვაკლდებით ღმერთთან ყოფნის სიხარულსა და მარადიულ ნეტარებას. დავიმსახურებთ მეორე სიკვდილს ანუ ღვთისაგან სამუდამო განშორებას, რისგანაც დაგვიფაროს მოწყალე ღმერთმა. მღვიძარებისას ყურადღებით მოვეკიდოთ გულისთქმებს, რადგან დაცემა მათგან იწყება. ისინი დასაწყისშივე უნდა დავამარცხოთ და არ მივცეთ ნება ჩვენში განმტკიცდეს. გამოჩენისთანავე უნდა განვდევნოთ სულიერი მახვილით ანუ ღვთის სიტყვით: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" როცა ტკბილ იესოს მოვუხმობთ, იგი მაშინვე მოვა ჩვენს საშველად. დარცხვენილი დემონები კი განგვეშორებიან. ნუ შეეჩვევით უდებ ლოცვას, არამედ მხურვალედ შევღაღადოთ უფალს: "მოძღვარ, მოძღვარ, წარვწყდებით" (ლუკ. 8, 21). თუკი თავიდანვე გავიმარჯვებთ, ნაკლები შრომა დაგვჭირდება. ხოლო თუ უყურადღებოდ დავტოვეთ ჩვენი გულისთქმები, მაშინ აუცილებლად ვიგემებთ დამარცხებას, მივიღებთ მრავალ ჭრილობას. თუ ისევ მოვუხმობთ, მოვა ჩვენი სახიერი წინამძღვარი - იესო და შეიყვანს ჩვენს სულს მშვიდსა და მყუდრო ნავთსაყუდელში. გულისთქმებით წავიბილწებით და გულისთქმებითვე წარვემატებით. ამიტომ ჩვენს გულს დავუდგინოთ საიმედო მცველი ჩვენივე გონება ანუ ყურადღება, აღჭურვილი ლოცვით, მდუმარებითა და საკუთარი თავის განკითხვით. თუკი ასე ვიღვაწებთ, მოვიპოვებთ უტკბილეს მშვიდობას, სიხარულს, სიწმინდეს, სულიერ სიბრძნეს, ლოცვას, რომელიც ვითარცა სურნელოვანი საკმეველი, ისე შეიწირება ღვთის ტაძარში ჩვენს შინაგან კაცში. "არა უწყითა, ამბობს მოციქული პავლე, რამეთუ ტაძარნი ღუთისანი ხართ და სული ღმრთისაი დამკვიდრებულ არს თქვენს შორის?" (1 კორ 3). ამას ვწერ, რათა ვასწავლო თქვენს სულებს მღვიძარება, რომლითაც მოიპოვებთ შინაგან მშვიდობას, საწინდარს სიხარულისა და ნეტარებისა. ამინ! იყავნ!
www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |