მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, სინანული, მთავარი გვედის ფოტო > სინანულისთვის (ნაწილი I) - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

სინანულისთვის (ნაწილი I) - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


9-03-2023, 17:25

 

 

   „შეინანეთ და გრწმენინ სახარებისა! შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა" (მარკ. 1,15). ესაა ღმერთკაცის ქადაგების პირველი სიტყვები. უფალი დღემდე გვიმეორებს ამ სიტყვებს სახარების მეშვეობით. 

   როდესაც მეტისმეტად მომძლავრდა ცოდვა, მაშინ ზეცით ყოვლადძლიერი მკურნალი მოგვევლინა. იგი მოვიდა ჩვენი დევნულების, გვემისა და ვაების ქვეყანაში, რომლის ყველა სატანჯველი ჯოჯოხეთის საუკუნო ტანჯვათა წინამავალია, და გვახარა ხსნა, სასოება, კურნება ყოველთა კაცთა, გამონაკლისის გარეშე. შეინანეთ!

   სინანულის ძალა ღმერთის ძალაზეა დაფუძნებული: მკურნალიც ყოვლადძლიერია და მის მიერ მოვლენილი კურნებაც. დედამიწაზე ქადაგების ჟამს უფალი განკურნებისაკენ მოუწოდებდა ყველას, ვინც ცოდვით იყო სნეული. ღმერთს არავითარი ცოდვა არ მიუჩნევია უკურნებლად და დღესაც ყველას მოუწოდებს, აღუთქვამს და მიჰმადლის კიდეც ყოველი ცოდვის მიტევებას, ყოველი სალმობის კურნებას. 

   ჰეი, სტუმარნო ამა სოფლისანო! თქვენ, ვისაც გიზიდავთ ფართო გზა, ამქვეყნიური ზრუნვის, შექცევისა და მხიარულების შეუნელებელი ხმაურით სავსე; თქვენ, ვინც ამ გზით ყველასათვის ცნობილი და ყველასაგან დავიწყებული აღსასრულის - პირქუში კუბოსა და კიდევ უფრო პირქუში მარადისობისკენ მიექანებით - შეჩერდით! ჩამოიბერტყეთ ამა სოფლის ხიბლი, მუდამ თავის მონობაში რომ გამყოფებთ! ისმინეთ რას გამცნებთ მაცხოვარი, ჯეროვანი ყურადღება მიაგეთ მის სიტყვებს: „შეინანეთ და გრწმენინ სახარებისა! შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა."

   სტუმარნო ამა სოფლისანო, შეისმინეთ ეს მთავარი, მხსნელი შეგონება, თორემ ისე მიაღწევთ საფლავს, ხრწნილებისა და მარადისობის კარიბჭეს, რომ სწორ წარმოდგენას ვერც მარადისობაზე შეიქმნით და ვერც საკუთარ მოვალეობებზე ამ მარადისობაში შებიჯების წინ - მხოლოდ სამართლიან სასჯელს მოიმკით თქვენი ცოდვების გამო. ცოდვათა შორის კი უმძიმესია მაცხოვრის სიტყვების არად ჩაგდება, ანუ მაცხოვრის შეურაცხყოფა. შეინანეთ! 

   ცრუა და მაცთური ამსოფლიური ცხოვრების გზა: ახლად მოსულს იგი უსასრულო ასპარეზად ეჩვენება, რომელიც სინამდვილე ჰგონია, იმას კი, ვინც უკვე გალია ეს გზა, ფუჭი ზმანებებით მოფენილ უმოკლეს ბილიკად. შეინანეთ! 

   სახელიც, სიმდიდრეცა და სხვა წარმავალი უპირატესობებიც, რომელთა მოხვეჭასაც დაბრმავებულმა ცოდვილმა  მთელი ამსოფლიური ცხოვრება შეალია, უნდა დატოვოს მან იმ წუთებში, როდესაც სულს იძულებით შემოაძარცვავენ სამოსს - სხეულს - და ანგელოზები წარადგენენ ღმრთის სამსაჯვროზე: კაცთათვის უცნობ და კაცთაგან დავიწყებულ სამსჯავროზე. შეინანეთ! 

  ძმებო, სახარების შუქზე მიუკერძოებლად დავუკვირდეთ ჩვენს ცხოვრებას - არარაობაა იგი! ყველა მის სიკეთეს გვტაცებს სიკვდილი, ხშირად კი სიკვდილზე ადრეც ვკარგავთ სხვადასხვა მოულოდნელ გარემოებათა გამო. ეს ხრწნადი, მსწრაფლწარმავალი სიკეთეები არც კი არიან ღირსნი, რომ სახელად სიკეთეს ვუწოდებდეთ - მათ უფრო ტყუილის, ობობას ქსელის სახელი შეჰფერით. ამ ქსელში გაბმულნი და შიგ გახლართულნი აკლდებიან ზეციურ, ჭეშმარიტ, წარუვალ სიკეთეებს, რომელთაც გვანიჭებს ქრისტეს სარწმუნოება, ქრისტეს შედგომა და სახარების მიხედვით ცხოვრების საიდუმლო გზა. შეინანეთ! 

   რა მწარედ ვართ დაბრმავებულნი! რა ნათლად ჩანს ამ დაბრმავებით ჩვენი დაცემა! ვხედავთ ჩვენს ძმათა სიკვდილს, ვიცით, რომ ჩვენც უცილობლად - და ვინ იცის, იქნებ ძალიან მალეც - მოგველის იგი, რამეთუ კაცთაგან არავინ დარჩენილა სამუდამოდ მიწის პირზე. იმასაც ვხედავთ, რომ ბევრს სიკვდილამდეც უმუხთლებს ხოლმე ცრუ სოფელი და ყოველდღიური სიკვდილის მსგავს სატანჯველში ვარდება. და ასეთი აშკარა გამოცდილების მიხედვად მაინც ისე მიველტვით წარმავალ სიკეთეებს, როგორც რაღაც უცვალებელსა და მარადიულს. მხოლოდ მათზეა მიჯაჭვული ჩვენი გული! ღმერთი დაგვავიწყდა! დაგვავიწყდა დიადი და თანაც სასტიკი მარადისობა. შეინანეთ! 

   გვიმტყუნებს, ძმებო, უცილობლად გვიმტყუნებს ყველა წარმავალი სიკეთე: მდიდარს - სიმდიდრე, სახელოვანს - სახელი, ჭაბუკს - სიჭაბუკე, ბრძენს - სიბრძნე. ერთადერთი, მარადიული, უმთავრესი სიკეთის მოხვეჭა ხელეწიფება კაცს: ესაა ჭეშმარიტი შეცნობა ღმრთისა, მასთან შერიგება და შეერთება, რასაც ქრისტე გვანიჭებს. მაგრამ ამ უზენაეს სიკეთეთა მოსაპოვებლად აუცილებელია დავუტეოთ ცოდვილი ცხოვრება და მოვიძაგოთ იგი. შეინანეთ!

   შეინანეთ! და რას ნიშნავს სინანული? ეს ნიშნავს შევინანოთ ჩვენი ცოდვები და მეტად აღარ ვცოდოთ - ასე უპასუხა ამ კითხვას პიმენ დიდმა. ამ გზით მრავალი ცოდვილი წმინდანად იქცა და მრავალმა უსჯულომ მართალის სახელი დაიმკვიდრა. 

   შეინანეთ! მოიკვეთეთ არა მარტო აშკარა ცოდვა - კაცისკვლა, პარვა, მრუშობა, ცილისწამება, ტყუილი, არამედ განაგდეთ დამღუპველი შექცევა, ხორციელი ტკბობა, არაწმინდა ოცნებები, უსჯულო ზრახვები: შეინანეთ ყველაფერი, უკლებლივ ყველაფერი, რასაც სახარება გვიკრძლავს, გულწრფელი სინანულის ცრემლში განბანეთ უწინდელი ცოდვილი ცხოვრება. 

   სასოწარკვეთილი და სულიერ დახსნილებას მიცემული ნუ იტყვი: „მძიმე ცოდვებში ჩავვარდი, ამდენი ხნის ცოდვილი ცხოვრებით ბოროტი ჩვევები შევიძინე, ისინი თითქოს ბუნებრივ თვისებებად მექცნენ, ამიტომ ჩემთვის უკვე აღარ არსებობს სინანული" (მაკარი დიდი, სუბარი მე-7, თავი მე-2). ამ უიმედო გულისსიტყვებს ჩაგძახის შენი ცხონების მტერი, რომელსაც შენ ჯერ კიდევ ვერ ხედავ და არ იცნობ. ეშმაკმა იცის სინანულის ძალა, შიშობს, იმან არ გამოსტაცოს შენი თავი კლანჭებიდან და ცდილობს გაგიტყუოს ჭემარიტი გზიდან, ამისთვის ღმერთის ყოვლადძლიერ წამალს - სინანულს - უძლურებას სწამებს. 

   სინანულის დამწესებელი შენი შემოქმედია, რომელმაც არაფრისაგან შეგქმნა. მით უფრო ძალუძს კვლავ აღგაშენოს, ძალუძს შეცვალოს შენი გული: ცოდვის მოყვარე გული ღმერთის მოყვარედ აქციოს; გრძნობადი, ხორციელი, ბოროტი ზრახვებით სავსე, ვნებებს დამონებული გული კი განწმინდოს და განასპეტაკოს. 

   ძმებო, გულისხმავყოთ ღმრთის გამოუთქმელი სიყვარული კაცთა დაცემული მოდგმისადმი! უფალი განკაცდა, რათა თავსედო კაცთა წილხვედრი სასჯელი და თავისი ჯვარცმით გამოეხსნა დამნაშავენი. რამ მოიყვანა იგი აქ, მიწაზე, ჩვენი დევნულების მხარეში? ჩვენმა სიმართლემ? არა! იმ უბადრუკმა ყოფამ, ჩვენი ცოდვილი ცხოვრების გამო რომ ჩავცვივდით. (გაგრძელება...)

   



წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) 

წიგნიდან „კრებული" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება