მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ღმერთის სიყვარულისათვის - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
ღმერთის სიყვარულისათვის - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)13-05-2016, 00:00 |
გიყვარდეს ღმერთი ისე, როგორც მან თვით გამცნო, და არა ისე, როგორც ხიბლში მყოფ მეოცნებეებს ჰგონიათ, რომ უყვართ. ნუ გამოიგონებ აღტაცებულ მდგომარეობას, ნუ მისცემ გასაქანს ნერვებს, ნუ აღაგზნებ შენს თავს ნივთიერი, სისხლის დუღილით გამოწვეული ცეცხლით. ღმერთისთვის სათნო მსხვერპლია მხოლოდ გული დამდაბლებული და სული შემუსვრილი. რისხვით უარყოფს ღმერთი თავდაჯერებით, საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენით შეპყრობილ ადამიანის მიერ შეწირულ მსხვერპლს, თუნდაც ეს განსაკუთრებული მსხვერპლი იყოს. ამპარტავნება ნერვებს აღაგზნებს, სისხლს ადუღებს, ოცნებებს აღძ-რავს, ხელს უწყობს დაცემული ცხოვრების განახლებას; სიმდაბლე კი ნერვებს ამშვიდებს, სისხლის მოძრაობას აცხრობს, აღვირს ასხამს ოცნებებს, დაცემულ ცხოვრებას მოაკვდინებს და ქრისტესმიერ ცხოვრებას განაცხოველებს. „ფრიად უმჯობეს არს მსხუერპლთა დამორჩილება და სმენად ბრძანება უფლისა უფროჲს ცმელისა ვერძთასა" (1 მეფ. 15,22), ეუბნება წინასწარმეტყველი ისრაელის მეფეს, რომელიც გაკადნიერდა და ღმერთს უკანონო მსხვერპლი შესწირა. თუ გსურს, რომ ღმერთს სიყვარულის მსხვერპლი შესწირო, ნუ გააკეთებ ამას თვითნებურად, განუსჯელ ლტოლვას აყოლილი; სიმდაბლით შესწირე მსხვერპლი იმ დროს და იმ ადგილას, სადაც და როდესაც ეს უფალს ნებავს. ადგილი, სადაც სულიერი მსხვერპლის შეწირვა გვიბრძანეს, ერთ-ადერთია - სიმდაბლე. უფალმა ზუსტი და სარწმუნო ნიშნით აღბეჭდა ის, ვისაც უყვარს ღმერთი და ის, ვისაც არ უყვარს. მან თქვა: „უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს... ხოლო რომელსა არა უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი არა დაიმარხნეს" (ინ. 14,23-24). ღმერთის სიყვარულის სწავლა გწადია? განეშორე ყოველ საქმეს, სი-ტყვას, აზრს, გრძნობას, რომელიც სახარებამ აგიკრძალა. განეშორე ცოდვას, ესოდენ საძაგელს ღმრთის წინაშე - ამით უჩვენე და დაუმტკიცე ღმერთს შენი სიყვარული. იმ შეცოდებებს, რომლებსაც კაცობრივი უძლურების გამო მაინც ჩაიდენ, მყისვე აღსარებით უწამლე. თუმცა უმჯობესი იქნება, თუ ფხიზლად უდარაჯებ საკუთარ სულს და არც ამ ცოდვებს გაიკარებ. „ამისთვის შევიყუარენ მცნებანი შენნი უფროჲს ოქროისა და ანთ-რაკისა; ამისთვის ყოველთა მიმართ შენთა წარვემართე და ყოველი გზაჲ სიცრუვისაი მოვიძულე" (ფსალმ. 118, 127-128), ამბობს წინასწარმეტყველი. ამგვარი საქციელი აუცილებელია ღმერთის ერთ-გულების დასაცავად. ერთგულება სიყვარულის უცილობელი პირობაა - ამ პირობის შესრულების გარეშე სიყვარული ინგრევა. ბოროტისაგან მუდმივი განშორებით და სახარების მცნებების მუდ-მივი დაცვით, რაშიც სახარების მთელი ზნეობრივი სწავლება მდგომარეობს, მივაღწევთ ღმერთის სიყვარულს; ამავე გზით შევინარჩუნებთ მას: „უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყუარულსა ზედა ჩემსა" (ინ. 15,10), თქვა მაცხოვარმა. სრულყოფილი სიყვარული ღმერთთან ზიარებაში მდგომარეობს; ასეთი სიყვარული მიუწვდომელ სულიერ ნუგეშინისცემასთან, სიტკბოებასთან და საღმრთო ნათლით განათლებასთან არის შეერთებული. მაგრამ ამ გზის დასაწყისში მოწაფეს მძიმე ბრძოლა მოუწევს საკუთარ თავთან, საკუთარ ღრმად დაზიანებულ ბუნე-ბასთან: ბოროტება, რომელიც ცოდვით დაცემის შედეგად ჩვენს ბუნებას შეეთვისა, მისთვის კანონად იქცა - ეს კანონი ებრძვის და უჯანყდება ღმერთის კანონს, წმინდა სიყვარულის კანონს. ღმერთის სიყვარული მოყვასის სიყვარულს ეფუძნება: როდესაც შე-ნი სულიდან ღვარძლი ამოიძირკვება, მაშინ მიუახლოვდბი სიყვა-რულს. როდესაც შენს გულს მთელი კაცობრიობის მიმართ წმინდა, მადლისმიერი მშვიდობა დაეუფლება, მაშინ უკვე სიყვარულის კარს მიადგები. მაგრამ ეს კარი მხოლოდ სული წმიდის მიერ იღება. ღმრთის სიყ-ვარული არის ნიჭი ღმრთისა ადამიანში, რომელიც თავის თავს ამ ნიჭის მისაღებად გულის, გონებისა და ხორცის სიწმინდით განა-მზადებს. მომზადების ხარისხის მიხედვით ეძლევა კაცს ნიჭიც, რამეთუ ღმერთი მართლმსაჯულია თავის წყალობაშიც. ღმერთის სიყვარული მთლიანად სულიერია: „შობილი იგი სულ-ისაგან სული არს" (ინ. 3,6). „და შობილი იგი ხორთაგან ხორცი არს" (იქვე): ხორციელ სიყვ-არულს, როგორც ხორცისა და სისხლის მიერ შობილს, ნივთიერი და ხრწნადი თვისებები აქვს. მისი ცეცხლი მთლიანად ნივთიერზეა დამოკიდებული. როდესაც წმ. წერილში კითხულობ, რომ ღმერთი ჩვენი არის ცეც-ხლი, რომ სიყვარული არის ცეცხლი, და ამავე დროს საკუთარ თავში ბუნებრივი სიყვარულის ცეცხლს იგრძნობ, ნუ გეგონება, რომ ეს ორი სიყვარული ერთი და იგივეა. არამც და არამც! ისინი მტრობენ და აქრობენ ერთმანეთს (იხ. იოანე კიბისაღმწერელი, თავი მე-3). „მაქუს ჩვენ მადლი, რომლითა ვმსახურებთ სათნოდ ღმერთსა მოშიშებითა და ღირსებით. რამეთუ ღმერთი ჩუენი ღმერთ განმლეველ არს" (ებრ. 12,28-29). ბუნებრივი, დაცემული სიყვარული აღაგზნებს ადამიანში სისხლს და ნერვებს, აღძრავს ვნებებს. წმინდა სიყვარული კი სისხლს აგრილებს, ამშვიდებს სულსაც და ხორცსაც, შინაგან კაცს ლოცვითი მდუმარებისაკენ იწვევს, ათრობს სიმდაბლითა და სულიერი სიტკ-ბოებით. მრავალმა მოღვაწემ მიიღო ბუნებრივი სიყვარული საღმრთო სიყვა-რულად, რითაც სისხლის აღგზნება და ხიბლი დაიტეხა თავს; აღგზნების მდგომარეობა კი ძალიან იოლად გადადის გაშტერების მსგავს მდგომარეობაში. ამგვარი აღგზნებისა და გაშტერების მდგო-მარეობაში მყოფი ადამიანები ბევრმა სული წმიდით შემოსილ და წმინდა მამებად მიიღო, სინამდვილეში კი ისინი მხოლოდ და მხოლოდ ხიბლის უბედური მსხვერპლნი იყვნენ. ბევრი ასეთი მოღვაწე იყო დასავლეთის ეკლესიაში მას შემდეგ, რაც იგი პაპისტური გახდა: იქ მკრეხელურად მიაწერენ ადამიანს ღმერთის თვისებებს და მიაგებენ კაცს თაყვანისცემას, რომელიც ერთადერთს - ღმერთს ეკუთვნის. დასავლელმა მოღვაწეებმა მრავალი წიგნი დაწე-რეს თავიანთი აღგზნებული მდგომარეობიდან: ამ მდგომარეობაში მყოფებს თავისი ხიბლი საღმრთო სიყვარულად წარმოუდგებოდათ, აღგზნებული წარმოსახვა კი უამრავ ჩვენებას უხატავდა, რომელიც მათ თავმოყვარეობასა და ამპარტავნებას ეფერებოდა. აღმოსავლეთის ეკლესიის შვილო, უფრთხილდი ამგვარი წიგნების კითხვას, უფრთხილდი შემცდართა დარიგებების შესრულებას! სახარება და ჭეშმარიტი ეკლესიის წმ. მამათა თხზულებები დაიდე სახელმძღვანელოდ, სიმდაბლის საფეხურებით შეუყევი საღმრთო სიყვარულის სიმაღლისკენ მიმავალ კიბეს, მუდამ თან გახლდეს ქრისტეს მცნებების დაცვა. კარგად გახსოვდეს, რომ ღმერთის სიყვარული სული წმიდის უდ-იდესი ნიჭია, კაცს კი მხოლოდ ის ძალუძს, წმინდა ცხოვრებით და სიმდაბლით მოამზადოს თავი ამ უდიდესი ნიჭის მისაღებად, რომლის მიერაც იცლება გულიც, გონებაც და ხორციც. ამაო შრომა - უნაყოფო და საზიანოც კი, თუ ნაადრევედ ვეძიებთ საკუთარ თავში მაღალი სულიერი ნიჭების გამჟღავნებას: მოწყალე უფალი თავის დროზე უბოძებს ამ ნიჭებს მათ, ვინც მუდმივად, მოთმინებით და სიმდაბლით ასრულებს ქრისტეს მცნებებს. ამინ.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) წიგნიდან „კრებული" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |