მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ამქვეყნად ჩვენი არაფერია - წმიდა იოანე ოქროპირი

ამქვეყნად ჩვენი არაფერია - წმიდა იოანე ოქროპირი


8-05-2016, 00:00

ამქვეყნად ჩვენი არაფერია - წმიდა იოანე ოქროპირი

 

   შენი სიმდიდრე, სიტყვის თქმის ნიჭი და თვით სული შენი შენ არ გეკუთვნის. ეს ყველაფერი ღვთისგანაა, ამიტომ, საჭიროების შე-მთხვევაში, სულიც გაეცი. თუ შენ ის გიყვარს და ბრძანების მი-უხედავად, არ გინდა გასცე, მაშინ შენ სახლის ცუდი მშენებელი ხარ. განა შეიძლება შეეწინააღმდეგო უფლის ნებას? აი რას გეტყვი: უფლის კაცთმოყვარეობა განსაკუთრებით იმიტომ მაოცებს, რომ ღმერთს შეუძლია შენი ნების საწინააღმდეგოდ ყველაფერი წაიღოს შენგან, მაგრამ არ სურს ამის გაკეთება შენი სურვილის გარეშე. მას შეუძლია დაუკითხავად წაიღოს შენგან სული, მაგრამ სურს შენი ნებით გასცე ის, მისი ნებაა შენგან წოდებისა და პატივის წაღება და შენი დამდაბლება, მაგრამ უფალს სურს საკუთარი ნებით გააკეთო ეს და ჯილდო დაიმსახურო. მას შეუძლია გაგაღატაკოს, მაგრამ უნდა, საკუთარი ნებით აღასრულო ეს, რომ გვირგვინის ღირსი გახდე. ხედავ ღვთის კაცთმოყვარეობას და ჩვენს სიბრმავეს? წოდების მაღალი ხარისხი და საეკლესიო ძალაუფლება მიიღე? - ნუ იბრძენკაცებ, ამ პატივისათვის თვითონ არ მიგიღწევია, იგი ღმერთმა გიბოძა. გაუფრთხილდი მას, როგორც სხვის საკუთრებას. ბოროტად და ურიგოთ ნუ გამოიყენებ, ნუ იამაყებ, საკუთარ თავს ნუ მიაწერ, არამედ შენი თავი უპოვრად და უცოდინრად ჩათვალე. სამეფო მოსასხამის შენახვა რომ დაევალებინათ შენთვის, რა თქმა უნდა, არ გააფუჭებდი და უდიდესი გულმოდგინებით შეინახავდი მისთვის, ვინც მოგანდო. სიტყვის თქმის ნიჭი მიიღე? - ნუ გაამაყდები, ნუ იქედმაღლებ, ის შენი არაა. ნუ იქნები უმადური უფლის საჩუქრისათვის, სხვებს, შენსავით მონებს გაუნაწილე, ნუ იმედიდურებ, თითქოს მხოლოდ შენ გეკუთვნის იგი, სხვებისთვის განაწილება არ დაგენანოს. შვილები გყავს? - ისინიც ღვთის საჩუქარია. თუ ასე არ იფიქრებ, როცა გყავს, მადლიერი იქნები, ხოლო თუ შვილი გარდაგეცვლება, აღარ იგლოვებ, როგორც იობი. ის ამბობდა: „უფალმა მომცა, უფალმა წაიღო" (იობი. 1, 21). ჩვენ ყველაფერი ქრისტესგან მივიღეთ. მისგან გვაქვს სიცოცხლე, სუნთქვა, სინათლე, ჰაერი, მიწა. მათგან რომელიმე რომ მოგვაკლოს, დავიღუპებით. ვინაიდან ჩვენ მწირნი ვართ, სიტყვები „ჩემი" და „შენი" ცარიელი სიტყვებია და რეალობას არ ასახავს. თუკი სახლზე იტყვი, რომ შენია, ეს ვითარების შეუსაბამო ცარიელი სიტყვა იქნება. ვინაიდან ჰაერი, მიწა, მასალა და შენ თვითონ, მაშენებელი სახლისა და სხვა მისთანანი, შემოქმედს ეკუთვნით. თუ შენ მას მოიხმარ, მხოლოდ დროებით, არა მარტო სიკვდილის საშიშროების გამო, არამედ სიკვდილამდე - საგნების არამდგრადობის მიზეზით. თუ ეს მუდმივად გვემახსოვრება, კეთილგონიერებას გამოვიჩენთ და ორმაგ სარგებელს მივიღებთ: მადლიერნი ვიქნებით როგორც შეძენის, ისე დანაკარგის შემთხვევაში და დროებით და სხვის კუთვნილ საგნებს რ დავემონებით. თუ ღმერთი ქონებას გვართმევს, მას თავისი მიაქვს. მას შეუძლია, პატივი, დიდება, სხეული, სული წაიღოს შენგან, შეუძლია შვილი წაიყვანოს, როგორც თავისი მონა, რადგან შენ კი არა, მან შექმნა იგი. შენ მხოლოდ ხელი შეუწყვე მის გაჩენას, სხვა ყველაფერი ღმერთმა გააკეთა. მაშ მადლიერნი ვიყოთ, რომ თანამონაწილეობის ღირსი გაგვხადა. მაგრამ შენ გინდა მუდმივად ფლობდე იმას რაც გაქვს? ეს უმადურისა და უცოდინარისათვისაა დამახასიათებელი, რომელმაც არ იცის, რომ ყველაფერი სხვისი აქვს. როცა იციან, რომ მათ ხელთ არსებული მათ არ ეკუთვნით, ყველაფერს მშვიდად ეთხოვებიან, ხოლო ისინი, ვინც მწუხარებენ დანაკარგის დროს, საკუთრებას საკუთარ თავს მიაწერენ. თუკი თვითონ ჩვენ არ ვეკუთვნით საკუთარ თავს, სხვა დანარჩენი როგორ იქნება ჩვენი? ვინაიდან ჩვენ ორგზის ვეკუთვნით უფალს, - როგორც მისი ქმნილება და რწმენით. როგორც დავითი მბობს: „სიმტკიცე ჩემი შენ მიერ არს" (ფს. 38, 7). ასევე პავლე: „რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ,..." (საქმ. 17.28). ხოლო რწმენაზე საუბრისას მოციქული ბრძანებს: „არა უწყითა, რამეთუ ხორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან, რომელ-ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თვისთა თავთანი? რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ" (1 კორ. 6, 19-20). ყველაფერი ღვთისაა, ამიტომ როცა ის ინებებს და ითხოვს დაბრუნებას, უმადური მონების მსგავსად, ნუ შევეწი-ნააღმდეგებით და უფლის საკუთრებას ნუ მივითვისებთ. შენ საკუთარი სულიც არ გეკუთვნის. მაშ ქონება საიდანაა შენი? სხვის საკუთრებას არა დანიშნულების მიხედვით როგორ იყენებ? განა არ იცი, რომ ამისათვის პასუხი მოგეთხოვება? ის რაც ჩვენი არაა და უფლისაა, ჩვენისთანა მონებისათვის უნდა გამოვიყენოთ. ამას რომ არ აკეთებდა, ამიტომ დაისაჯა მდიდარი. ნუ იტყვი, ჩემს ვხარჯავ და ჩემით ვნებივრობ. ეს შენი კი არა სხვისია. ვამბობ სხვისია, იმიტომ, რომ შენ თავად ასე გინდა. ღმერთს უნდა, რომ რაც შენ ძმებისთვის მოგეცა, შენი გახდეს. ის კი მაშინ გახდება შენი, როცა მას სხვებს მოახმარ, ხოლო, როცა თავშეუკავებლად მოიხმარ შენთვის, მაშინ შენი ხდება სხვისი. შენ თანაგრძნობა არ გაქვს და ამბობ, რომ შენსას, მხოლოდ საკუთარი განცხრომისათვის დამსახურებულად მოიხმარ. ამიტომ გეუბნები, რომ ის სხვისია. ვინაიდან ყველაფერი შენი საერთოა შენთვის და შენი მოყვასისათვის როგორც მზე, ჰაერი, მიწა და მისთანანი. როგორც სხეულში მთლიანი სხეულის და ცალკეული ნაწილების ცალ-ცალკე ცხოველმყოფელობა არსებობს და, როცა რომელიმე ნაწილი განცალკევებულად დაიწყებს მოქმედებას, ის საკუთარ ცხოველყოფელობასაც დაკარგავს, ასე ხდება ქონებასთან მიმართებაშიც.

   მარტივად გეტყვით: სხეულის საკვები, რომელიც ყველა ნაწილის-თვისა განკუთვნილი, თუ მხოლოდ ერთს შეხვდება, მისთვისაც უცხო ხდება. ის ვერ გადამუშავდება და ვერ გამოკვებავს ორგანიზმს. სწორედ ამიტომაა მისთვისაც უცხო. ხოლო, თუ ყველა ნაწილისათვის საერთო გახდება, მაშინ ის ცლკეული ნაწილების საკუთრებადაც გარდაიქმნება. ასევეა ქონების შემთხვევაშიც: თუ მხოლოდ შენ ისარგებლებ, დაზარალდები, იმიტომ, რომ ჯილდოს ვერ მიიღებ. ხოლო, თუ სხვებს გაუყოფ, მაშინ ის მეტად გახდება შენი - მისგან სარგებელს მაშინ მიიღებ. ვერ ხედავ, ხელები როგორ მსახურებენ, კბილები ღეჭავენ, ხოლო კუჭი ღებულობს საკვებს და ის არ ამბობს: მე მივიღე და ყველაფერი ჩემია? ნურც შენ იტყვი ქონებაზე იგივეს. ვინც ღებულობს, მან უნდა გასცეს კიდევაც. როგორც კუჭისთვისაა ავადმყოფობა საკვების შეკავება, ვინაიდან ამით მთელი სხეული დაიღუპება, ასევე მდიდრების მანკიერებაა საკუთარი ქონების მიუცემლობა, ვინაიდან ეს მათაც ღუპავს დ სხვებსაც. ასევე, მხოლოდ თვალი ღებულობს სინათლეს, მაგრამ კი არ აკავებს, არამედ მთელ სხეულს გადასცემს მას, ნესტოები კეთილსურნელებას შეიგრძნობენ, ტვინსა და კუჭს გადასცემენ და მთელ სხეულს ჰგვრიან სიამოვნებას, მხოლოდ ფეხები დადაიან, მაგრამ მარტო თავიანთ თავს კი არა, მთელ სხეულს გადაადგილებენ. ასევე შენც, ნუ შეინახავ იმას, რაც მოგაბარეს, ვინაიდან ამით ყველას ავნებ, ხოლო ყველაზე მეტად - საკუთარ თავს. თუკი მჭედელი არ მოისურვებს საკუთარი ხელობის სხვებისთვის გაზიარებას, ამით როგორც საკუთარ თავს, ისე სხვა ხელობებსაც ზიანს მიაყენებს. ასევე მეწაღე, მიწათმოქმედი, მეპურე და ყოველი რომელიმე აუცილებელი ხელობით დაკავებული, თუკი საკუთარი ნაწარმის სხვებისთვის გაზიარებას არ ისურვებს, ამით სხვებსაც ავნებს და საკუთარ თავსაც.

   ღარიბებმა ანგარებისმოყვარე მდიდრების ბოროტებას რომ მიბაძონ, ამით მათაც უდიდეს ზიანს მიაყენებენ - ღატაკებად აქცევენ, უკეთ რომ ვთქვათ, დაღუპავენ. აი მაგალითად: მიწათმოქმედმა - საკუთარი ნამუშაკარის; გემის მესაჭე - ცურვის ხელოვნების, მეომარმა კი - სამხედრო სიმამაცის სხვებისთვის განაწილება არ გინდა? ნურც შენ გამოართმევ სხვებს. ხოლო ასეთ შემთხვევაში ყველაფერი აირევა, ვინაიდან აღებ-მიცემობა ყველაფერში სიკეთის წყაროა - თესვაშიც, სწავლაშიც და ხელობაშიც. თუ ვინმე მოინდომებდა, არ გაეზიარებინა საკუთარი ხელობა, ამით თავსაც და საზოგადოებასაც დაღუპავდა. მიწათმოქმედმა, შენახვის მიზნით, სახლში რომ დამარხოს თესლი, საშინელ შიმშილს ჩამოაგდებს. ასევე მოხდება, თუკი მდიდარი ქონების მიმართ იგივეს მოიმოქმედებს, ღარიბებზე ადრე საკუთარ თავს დაღუპავს - გეენის საშინელ ცეცხლს მოიმკის. მასწავლებელი საკუთარ ცოდნას თითოეულ მოსწავლეს გადასცემს. შენც ეცადე ყველასთვის კეთილისმყოფელი იყო. დაე, ყველამ ილაპარაკოს შენზე: მან საშიშროებისაგან მიხსნა; ქალიშვილის გათხოვებაში დამეხმარა; ჩემი ვაჟიშვილი საზოგადოებაში გამაყვანინა; უცხო მგზავრი სახლში მიიღო; შიშველი შემოსა. ასეთი გამოხმაურება უთვალავ სიმდიდრეზე და საგანძურზე ფასეულია. ისინი ოქრომკერდით ნაქარგ სამოსელზე, ცხენებზე და მონებზე უფრო იზიდავენ ყველას და ყოველთა მამად და სათნომყოფელად წარმოგაჩენს. და რაც ყველაზე მთავარია, ასეთ საქმეებს ღმერთი შეეწევა. ასეთი სიტყვები შენი კაცთმოყვარეობის ურიცხვი მქადაგებელია მთელ ქალაქში. თუკი ასეთი გამოხმაურება, ჯერ კიდევ დედამიწაზე, ასეთ დიდებულსა და განთქმულს ხდის ადამიანს, როცა მისი საქმეები ზეცაში აღიბეჭდება და მომავლ დღეს ღმერთი განაცხადებს მათ, წარმოიდგინე როგორი პატივი და დიდება გერგება, რომლის ღირსიც გაგვხადოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, მისი მადლითა და კაცთმოყვარეობით, თანა მამით და სული-წმიდითურთ, რომლისა თანა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.



წმიდა იოანე ოქროპირი 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება