მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > თარგმანებაი მათეს სახარებისაი - წმიდა იოანე ოქროპირი
თარგმანებაი მათეს სახარებისაი - წმიდა იოანე ოქროპირი7-05-2016, 00:00 |
„ნეტარ არიან მგლოვარენი, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იყვნენ" (5, 4)
ვინაიდან ეს მცნებები კაცთა ნებასა და ჩვეულებას ეწინააღმდეგება, უფალმა, განიზრახა რა მათი მოცემა, მრავალი სასწაული და კურნება აჩვენა ხალხს, რათა სარწმუნო გაეხადა სჯულისდება. რომელ მგლოვიარეებზე ლაპარაკობს უფალი? - მხოლოდ იმათზე, ვინც თავის ცოდვებს იგლოვს; როგორც პავლე მოციქული ამბობს: „სოფლისა ამის მწუხარებაი სიკუდილსა შეიქმს, ხოლო საღმრთოი იგი მწუხარებით სინანულსა ცხოვრებისასა შეუნანებელსა შეიქმს" (II კორ. 7.10). ასეთ მგლოვიარეთ შენატრის უფალი, რამეთუ ეს მცნება ყოველივე კეთილისა და სიბრძნის მასწავლებელია, რადგან ვინც საყვარელი შვილის, ანუ ძმის, ანუ სხვა ვინმეს, მისთვის საყვარელის სიკვდილს იგლოვს, გლოვის ჟამს, არც ხორცთა გულისთქმას ემონება, არც საფასეთა სიყვარულს, არც ამასოფლიურ დიდებას მიელტვის, არც მოყვასის შურით იწვის და არც სხვა ვნებებითაა შეპყრობილი ჭირთა და სენთა ჟამს. უფრორე იგინი განერიდებიან ყოველივე ვნებათა მძლავრობას, რომელნიც თავის ცოდვებს შესაფერისად იგლოვენ. იხილე, ვითარია მათი სასყიდელიც: იგინი ნუგეშინისცემულ იქნებიან. სად იქმნებიან ნუგეშინისცემულნი? - გვაუწყე, უფალო! - აქაც და მერმის საუკუნესაც, მძიმე და საჭირო იყო ეს მცნება, რადგან საწადელია კაცთა შვება და სიხარული, ხოლო საჭიროა გლოვა და წყენა, იმიტომ აღუთქვა უფალმა ასეთი სასყიდელი მგლოვარეთ, რომ შეუმსუბუქოს სიმძიმე, ვისაც სამარადისო ნუგეშის პოვნა სურს, იგლოვოს, და ნუ იქნება მისთვის უცხო ეს სიტყვები. როცა ღმერთია ნუგეშისმცემელი, თუგინდ მწუხარებათა სიმრავლე მოიწიოს, აღმატებული იქნები ყოველივე ამაზე, რადგან მარად უზეშთაეს და უმეტეს არიან ჩვენს შრომაზე ღვთის მიერ მოცემული მოსაგებელნი. უფალი სანატრელად გამოაჩინებს მგლოვიარეთ და სამარადისო ნუგეშისცემის ღირსად ჰყოფს მათ, არა ბუნებითი წესით, არამედ ამ წესზე აღმატებულად, რაც ადამიანს უფლის კაცთმოყვარებით მიეცემა, რადგან მათთვის, ვინც ცოდვებს იგლოვს, საკმარისია შენდობის მიღება და სატანჯველთაგან განრიდება. თავისი უსაზღვრო სიკეთით კი უფალი მხოლოდ ცოდვებს კი არ მიუტევებს, არამედ საწადელ ნეტარებას მიანიჭებს და უფლისმიერ ნუგეშისცემას დაუმკვიდრებს. ხოლო თუ ვინმე იკითხავს, როგორ იგლოვს იგი, რომელსაც არა აქვს ცოდვათა სიმრავლე, როგორიც იყო იოვანე ნათლისმცემელი, იოვანე მახარებელი და სხვა მათი მსგავსნი? თუ ვინმეს არ ექნება გლოვის მიზეზად ცოდვა, საღმრთო ნუგეშის გარეშე დარჩება? ეს უმეცართა შეკითხვაა, რადგან ჩვენ, ცოდვებში ჩაფლულთ, არ გვესმის ის წუხილი, რომელსაც წმინდანები ამა სოფლად სამარადისოდ იგლოვენ. ჩვენ იმ ადამიანს ვგავართ, რომელიც ბნელში იშვა და აღიზარდა და არ უწყის საწადელი ნათლის მშვენიერება, არც მიელტვის მას, თავისი უგულისხმობის გამო, ამ უხილავი და უცნაური სიკეთის მიმართ რომ აქვს. წმინდანნი კი მსგავსნი არიან ნათელში შობილი და აღზრდილი, მერე კი ბნელს შემწყვდეული კაცისა, რომელიც ნათელს მიელტვის და დაუც-ხრომლად იგლოვს მის დათმობას, სანამ ისევ არ დაიმკვიდრებს ამ ნათელს. რა არის ის ნათელი, რომლის დათმობას, წმინდანნი ასე იგლოვენ, ჩვენ კი უმეცარნი და ულმობელნი ვართ მისი შეცნობისა? პირველი სანატრელი ცხოვრება და მოქალაქეობა, რომელშიც ვიმყოფებოდით და რომლის ბრწყინვალებისა და შუენიერების მოგონების ვერ შემძლებელნი ვართ, რამეთუ იგი იყო იგი ღვთის მსგავსება, უხრწნელება, უკვდავება და ნეტარება, ყოველ ვნებათა მონობისაგან თავისუფლება, უჭირველი და უზრუნველი ცხოვრება, საღმრთო საშუებელში ყოფნა, დიდებული ნათლის გონიერად ხილვა. როგორ დავმდაბლდით ღვთის მსგავსების სიმაღლიდან და უკვ-დავების წილ მოკვდავნი გავხდით, უფლებისა და მთავრობის წილ ვნებათა მონად ვიქეცით, სამოთხის წილ შრომისა და სნეულებათა ქვეყანა დავიმკვიდროთ?! წმინდანები იცნობენ დიდებულ და სანატრელ ცხოვრებას, რომლისგანაც განგდებულ იქმნა ჩვენი ბუნება და მარად იგლოვენ, რადგან სწყურიათ საწადელი მოქალაქეობა და სწუხან ამ უბადრუკი საწუთროს დაუდგრომლობითა და ბრძოლით. ნახე, როგორ იგლოვს დავითი: „ვაიმე, რამეთუ განმიგრძა მე მწირობაი ჩემი, დავემკვირე მე მყოფთა თანა კედარისათა" (ფს. 119. 5), რაც ნიშნავს სიბნელეში დამკვიდრებას, რადგან კედარი სიბნელედ გამოითარგ-მანება. მან იგრძნო სიტკბო იმ ნათლისა, რომელსაც განვეშორეთ, ამიტომაც ამ საწურთოს ბნელის სამკვიდრებელი უწოდა და მის ხანგრძლივობას იგლოვდა. ისევ პავლე მოციქულისა ისმინეთ: „ვკუნესითო და ვიგლოვთ, რამეთუ საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამო შემოსად გუსურის, რომელი იგი შე-თუ-ვიმოსოთ, არა შიშუელ ვიპოვნეთ; და რომელნი ესეღა ვართ საყოფელსა ამას ვკუნესით და გვიმძიმს, ვიდრემდის დაინთქას მოკუდავი იგი ცხორებისაგან" (II კორ. 5, 2-4). ხედავ, რა სამარადისო გლოვას იყვნენ წმინდანები მიუთხრობელი კეთილის ხსენებით, რომელსაც განვეშორეთ? ამი-სათვის ისინი ქრისტესმიერ ნუგეშისცემასა და ნეტარებას მიე-მთხვივნენ. ჩვენ კი, უგულისხმოთა, რომელნიც ბნელში შობილის მსგავსნი ვართ და არ ვუწყით ჯეროვნად არც ნეტარება. რომელიც დავთმეთ, არც უბადრუკება, რომელსა შთავცვივდით, კვლავაც გვაქვს გლოვის მიზეზი - სიმრავლე ცოდვათა და აურაცხელთა ვნებათა, რომლებიც გვმძლავრობენ და როგორც ტყვეებს და მონებს მორჩილად მიგვიზიდავენ თავისკენ. ვიგლოვოთ და ვიტიროთ, რათა მოგვხედოს მუფემ წყალობით და ცოდვათა მიტევება და ვნების მწარე მო-ნობისაგან გამოხსნა მოგვანიჭოს და ღირს გვყოს ნეტარებისა და საუკუნო ნუგეშისცემისა, რადგან „ჰნებავს მას ყოველთა კაცთა ცხორებაი და მეცნიერებას მას ჭეშმარიტებისასა მოსლვაი" (I ტიმ. 2, 4) მისი კაცთმოყვარებით. ჩვენთვის კი ნაბრძანებია გლოვა, არა მხოლოდ ჩვენი ცოდვებისათვის, არამედ მოყვასისათვისაც, როგორც წმინდანნი აკეთებდნენ, როგორც აკეთებდა მოსე და დავითი, პავლე და სხვანი მრავალნი, რომელნიც მოყვასის ცოდვებსაც იგლოვდნენ. კეთილია ეს მცნება გლოვისა და ფრიად სასარგებლო, რადგან ამასოფლიური განსაცდელი საუკუნო განსვენების მომასწავებელია, შვება და გან-ცხრომა კი სატანჯველთა მიზეზად გვექცევა. საჭიროა გლოვა, რადგან იგი ყოველგვარ ღვაწლზე აღმატებულია. ისმინე, რას ამბობს სახარება ლაზარეზე, როგორ გახდა იგი ნუგეშის ღირსი, რადგან საწუთრო ჭირთაგან შევიწროებული მარად გლოვობდა უჭირველი ცხორების სურვილით. მისათვის უთხრა აბრაამმა მდიდარს: „მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა და ლაზარე ეგრვე მსგავსად - ბოროტი. და აწ, ესერა, აქა ესე ნუგეშინისცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები" (ლუკ. 16, 25). ვიგლოვოთ, ძმანო, და ვიტიროთ ამ წუთისოფელში, რათა ჩვენც მივემთხვიოთ საუკუნო ნეტარებასა და ნუგეშისცემას.
წმიდა იოანე ოქროპირი Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |