მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > უქმმეტყველების მავნებლობა

უქმმეტყველების მავნებლობა


26-07-2016, 00:07

უქმმეტყველების მავნებლობა

 

„სასწორ-საზომი მიუჩინე შენს სიტყვებს და კარი და საკეტი გაუკეთე შენს პირს" (ზირ. 28, 25) 

 

   ზოგიერთ ჩვენგანს ჩუმი ადამიანები არ უყვართ, ენაწყლიანს კი აქ-ებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ ადამიანს ენა სასაუბროდ მიეცა. მაგრამ წმ. წერილი გვასწავლის, ჩვენს სიტყვებს საზღვარი განვუჩინოთ, ხოლო ბაგეებს კარი და საკეტი გავუკეთოთ. ანუ შეგვაგონებს დავუფიქრდეთ, რა, როგორ და რამდენი ვისაუბროთ.

   მართლაც, მართლმადიდებელნო, რა სიკეთეა ცარიელ საუბრებში? რაა კარგი იმაში, რომ ზოგი ჩვენგანი ბევრს საუბრობს, განსჯის ყველაფერს, არჩევს სხვის საქმეებს?...

   აი, ახლობელი ან ნათესავი გვესტუმრა. საუბარში ყველაფერს მოუ-ყვები მეზობელზე, როგორ ცხოვრობს, რა სისულელეებს სჩადის, ვიღაცას აწყენინა, მოატყუა და დაემდურა, რომ ის უსინდისო და ბოროტი ადამიანია... რა სარგებელია ასეთი საუბრისგან? - არავითარი, მისგან მომდინარე ბოროტება კი მრავალია. შენს მეზობლამდე მიაღწევს ხმები რომ შენ ცუდად მოიხსენებ, მის ცხოვრებას არჩევ, საცინრად იგდებ. ამის გამო მეზობელი გაგიბრაზდება, შურით აღივსება, სხვების წინაშე ლანძღვას დაგიწყებს და თქვენს შორის უსიამოვნება და ჩხუბი ჩამოვარდება. აქედან კი რამდენი ცოდვა წარმოიშობა! მეზობელი შენზე ბრაზობს და ვერ გიტანს. რისთვის? უქმმეტყველებისთვის! ვისაც მეზობელზე ესაუბრე, ის მეორეს მოუყვება, მეორე - მესამეს. ხედავ, შენი ენით რამდენ ადამიანს ჩააგდებ განკითხვის ცოდვაში?

   აი, მეზობელს მოუყვები სიდედრზე, რომ ის ბრაზიანია, ბოროტია და გულს გტკენს. ეს ხმები, ადრე თუ გვიან შენს სიდედრამდეც მიაღწევს. როგორ ფიქრობ, შენი სიდედრი, ამის შემდეგ უკეთესად მოგექცევა? არა, ბოროტებას ბოროტებით ვერ ვერ სძლევ. ცეცხლს წყლით აქრობენ და არა შეშის მიმატებით. ამ საუბრიდან მიიღებ რაიმე სიკეთეს? სიკეთეს არა, ბოროტებას კი განამრავლებ. ელოდე, რომ სიდედრი უფრო ავი და ბრაზიანი გახდება შენს მიმართ! თვითონ შენც შეიძლება ნაკლებად დამჯერი და მორჩილი გახდე. ვინაიდან, ხშირად, მეზობელი წყენის დათმენის ნაცვლად, უხეშობაზე უხეშობით პასუხს და სიტყვის შეურჩენებლობას გვასწავლის და აი, შენს სიდედრთან ურთიერთობით იტანჯები იმისთვის, რომ ენა ვერ გააჩერე და ზედმეტი ილაპარაკე.

   აი, შვილებმა ცელქობით, ხმაურით, ყვირილით, სირბილით მოგა-ბეზრეს თავი. შენ აფორიაქდები, ბრაზდები, წბილდები და მათ ლანძღვასა და წყევლას იწყებ: „შენი ხელი ან ფეხი ვნახე მოტეხილი, კისრის მოტეხვა... თვალების დათხრა... ეშმაკსაც წაუღიხართ"... რა საშინელი სიტყვებია! რას ამბობ, გესმის?! ბავშვური ცელქობა ასეთ საშინელ სიტყვებს იმსახურებს?! ამ სიტყვების გამო ბავშვები ხშირად მთელი ცხოვრება უბედურდებიან.

   მართლმადიდებელნო! რაც გონებაში მოგივათ, ყველაფერს ნუ იტყ-ვით. სანამ რამეს იტყოდეთ, ჯერ დაფიქრდით, თქვენი სიტყვებით ვინმეს ხომ არ აწყენინებ; ღმერთს ხომ არ ეწინააღმდეგები. ის ვთქვათ, რაც აუცილებელია, საჭიროა, რაც ჩვენს ცხოვრებას და ცხონებას არ შეუშლის ხელს.

  თვით მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ თქვა: „ყოველი სიტყუაი უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაი მისთვის დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო" (მათ. 12, 36-37). „როცა შენ - ამბობს წმ. ისააკ სირიელი - შენი ცხოვრების ყველა საქმეს სასწორის ერთ მხარეს დადებ, ხოლო მდუმარებას - მეორეზე, უკანასკნელი გადაწონის".

  მართლმადიდებელნო, შევაკავოთ ჩვენი ენა ხუმრობისაგნ, უხეში ლანძღვისაგან, განკითხვისა და საერთოდ, ისეთი საუბრებისგან, რომლისგანაც ჩვენს სულს და ახლობლებს არავითარი სარგებელი აქვთ.

   უფალო! „დასდევ საცოი პირსა ჩვენსა".

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება