მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > მოყვასის სიყვარულისათვის (ნაწილი II) - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
მოყვასის სიყვარულისათვის (ნაწილი II) - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)26-04-2016, 00:02 |
ის, ვინც ერთხელ მაინც იგრძნო სულიერი სიყვარული, ზიზღით შეხედავს ხორციელ სიყვარულს, როგორც სიყვარულის საშინელ დამახინჯებას. მაგრამ როგორ უნდა უარვყოთ სიყვარულის საგნები, რომლებიც თითქოს შეზრდიანო ჩვენს გულს? უთხარი ღმერთს: „ისინი შენები არიან, ღმერთო! მე კი ვინ ვარ? სრულიად უმნიშვნელო, უძლური არსება და სხვა არაფერი." „დღეს ჯერ კიდევ მიწაზე დავალ, შემიძლია ჩემს საყვარელ ადა-მიანებს რაიმე მაინც ვარგო, ხვალ კი იქნებ გავქრე პირისაგან მიწისა და მაშინ ვინღა ვიქნები მათთვის? არავინ!" მინდა თუ არა, მოვა სიკვდილი, გამოჩნდება სხვა გარემოებები - ისინი ძალით მომწყვეტენ მათ, ვინც ჩემებად მიმაჩნია: და აი, ისინი მე უკვე აღარ მეკუთვნიან. თუმცა, სინამდვილეში არც აქამდე მეკუ-თვნოდნენ, იყო მხოლოდ რაღაც ურთიერთობა ჩემსა და მათ შორის. ამ ურთიერთობით მოტყუებული, მე მათ ჩემებს ვუწოდებდი, ჩემებად ვაღიარებდი. მაგრამ მართლა ჩემები რომ ყოფილიყვნენ, ხომ სამუდამოდ ჩემს საკუთრებად დარჩებოდნენ?" „ქმნილები ერთადერთს - შემოქმედს ეკუთვნიან: იგია მათი ღმერთი და მეუფე. უფალო, შენები შენთვის მომიცია - ამაოდ და არასწორად მივითვისე ისინი." ქმნილისთვის უმჯობესია ღმერთს ეკუთვნოდეს. ღმერთი მარადიუ-ლია, ყოველგანმყოფი, ყოვლისშემძლე, უსაზომოდ სახიერი. მათთვის, ვინც ღმერთს ეკუთვნის, იგია ყველაზე სარწმუნო, ყველაზე საიმედო შემწე და მფარველი. ღმერთი კაცს თავისას აძლევს და კაცი კაცისთვის თავისიანი ხდება, დროებით - ხორცით, საუკუნოდ კი - სულით, თუ ღმერთი ინებებს ადამიანისთვის ამ ნიჭის ბოძებას. მოყვასის ჭეშმარიტი სიყვარული ღმერთის რწმენაზეა დამოკიდე-ბული: იგი ღმერთშია. „რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ - ეუბნება მაცხოვარი თავის მამას, - ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო და მე შენდამო, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ" (ინ. 17,21). სიმდაბლე და ღმერთის ერთგულება კლავენ ხორციელ სიყვარულს. მაშასადამე, ეს უკანასკნელი საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენითა და ურწმუნოებით საზრდოობს. გაუკეთე შენს საყვარელ ადამიანებს, რისი გაკეთებაც შეგიძლია და რის უფლებასაც სჯული გაძლევს, მაგრამ ყოველთვის ღმერთს მიანდე ისინი. მაშინ შენი ბრმა, ხორციელი, ანგარიშმიუცემელი სიყვარული ნელ-ნელა სულიერ, გონივრულ, წმინდა სიყვარულად იქცევა. ხოლო თუკი შენი სიყვარული უსჯულო მიკერძოებაა, განაგდე იგი, როგორც სიბილწე. თუ შენი გული არ არის თავისუფალი, ეს უკვე მიკერძოების ნიშანია. თუ შენი გული დატყვევებულია, ეს არის უგუნური, ცოდვილი ვნე-ბის ნიშანი. წმინდა სიყვარული სუფთაა, თავისუფალი, მთლიანად ღმერთისმი-ერი. წმინდა სიყვარული არის სული წმიდის მოქმედება, რომელიც, გუ-ლის განწმენდის კვალდაკვალ, მასში დაიმკვიდრებს. განაგდე მტრობა, განაგდე მიკერძოება, უარყავი ხორციელი სიყვა-რული და ამით მოიგე სულიერი სიყვარული: „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი" (ფსალმ. 33,15). მიაგე პატივი მოყვასს, როგორც ღმრთის ხატს - ოღონდ ეს გააკეთე გულში, სხვებისთვის შეუმჩნევლად, შენი სინდისის წინაშე. დაე, შენი მოქმედება საიდუმლოდ ეთანხმებოდეს შენსავე შინაგან განწყობას. მიაგე პატივი მოყვასს ასაკის, სქესის, კლასის განუჩევლად, და თა-ნდათან შენს გულში წმინდა სიყვარული დაივანებს. ამ წმინდა სიყვარულის მიზეზი კი არის არა ხორცი და სისხლი, არა გრძნობის კარნახი, არამედ ღმერთი. ქრისტიანობის დიდებას მოკლებულნი არ არიან მოკლებულნი სხვა დიდებას, რომელიც შექმნისას მიიღეს - ისინი ღმრთის ხატები არიან, და თუ ღმრთის ხატი საშინელი ჯოჯოხეთის ცეცხლში მოხვდა, ჩემი ვალია იქაც კი პატივი მივაგო მას. მე რა ხელი მაქვს ცეცხლსა და ჯოჯოხეთთან! ღმერთის ბრძანებით ჩააგდეს იქ ხატი ღმრთისა. მე კი უნდა შევინარჩუნო მისი პატივისცემა და ამით თავი ვიხსნა ჯოჯოხეთის სახმილისაგან. პატივი ეცი ბრმასაც, კეთროვანსაც, გონებასუსტსაც, ჩვილ ბავშვსაც, ბოროტმოქმედსაც, წარმართსაც, როგორც ღმერთის ხატებას. რა შენი საქმეა მათი უძლურებები და ნაკლოვანებები! თავს მიხედე, რათა შენი სიყვარული არ იყოს ნაკლულევანი. ქრისტიანში პატივი მიაგე ქრისტეს, მან ერთხელ გვითხრა და კვლა-ვაც გვეტყვის, როდესაც საუკუნო ხვედრის გადაწყვეტის ჟამი დაგვიდგება: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მთ. 25,40). მუდამ გახსოვდეს სახარების ეს სიტყვები მოყვასთან ურთიერთო-ბისას და მაშინ მოყვასის სიყვარულის თანამკვიდრი გახდები. მოყვასის სიყვარულის თანამკვიდრი კი ამ სიყვარულით ღმერთის სიყვარულს დაიმკვიდრებს. მაგრამ თუკი გგონია, რომ გიყვარს ღმერთი, ამ დროს კი შენს გულში ბუდობს სიძულვილი თუნდაც ერთი ადამიანის მიმართ, იცოდე, მწარედ იტყუებ თავს. „უკუეთუ ვინმე თქუას, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაჲ თვისი სძულდეს, მტყუარ არს...", - ამბობს წმიდა იოანე ღმრთისმეტყველი, - „და ესე მცნებაჲ მოვიღეთ მისგან, რაჲთა რომელსა უყუარდეს ღმერთი, უყუარდეს ძმაჲცა თვისი" (1 ინ. 4,20,21). მოყვასისადმი სულიერი სიყვარულის გაჩენა არის ნიშანი, რომ კაცის სული სული წმიდის მიერ განახლდა. ისევ იოანე ღმრთისმეტყველს მოვუსმინოთ: „ჩვენ უწყით, რამეთუ მივიცვალენით სიკუდილისაგან ცხორებად, რამეთუ გვიყუარან ძმანი. ხოლო რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ, სიკუდილსა შინა დადგრომილ არს" (იქვე, 3,14). ქრისტიანული სრულყოფილება მოყვასისადმი სრულ სიყვარულში მდგომარეობს, მოყვასისადმი სრული სიყვარული კი - ღმერთის სიყვარულში, რომლისთვისაც არ არსებობს სრულყოფილება, არ არსებობს წარმატების მწვერვალი. ღმერთის სიყვარულში წარმატების გზა უსასრულოა, რამეთუ სიყვა-რული თვით უსასრულო ღმერთია: „ღმერთი სიყუარული არს" (იქვე, 4,16). მოყვასის სიყვარული არის სიყვარულის შენობის ქვაკუთხედი. საყვარელო ძმაო! ეცადე საკუთარ თავში მოყვასის მიმართ სულიერი სიყვარული გააღვიძო: თუ ამას შეძლებ, ღმერთის სიყვარულის მოხვეჭასაც მოახერხებ, ღმერთის სიყვარული კი აღდგომის, ზეციური სასუფევლის კარიბჭეს გაგიღებს. ამინ.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) წიგნიდან „კრებული" უკან დაბრუნება |