მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > მოყვასის სიყვარულისათვის (ნაწილი I) - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
მოყვასის სიყვარულისათვის (ნაწილი I) - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)25-04-2016, 00:03 |
რა უნდა იყოს მოყვასის სიყვარულზე ტკბილი და მშვენიერი? სიყვარული ნეტარებაა, სიძულვილი ტანჯვა. მთელი სჯული და წინასწარმეტყველებები ღმერთისა და მოყვასის სი-ყვარულს ეფუძნება (მთ. 22,40). მოყვასის სიყვარული არის გზა, რომელსაც ღმრთის სიყვარულისაკ-ენ მივყავართ, რადგანაც ქრისტემ ინება საიდუმლოდ განხორციელება ყოველ ჩვენს მოყვასში, ქრისტეში კი - ღმერთმა. ნუ გეგონება, საყვარელო ძმაო, თითქოს მოყვასის სიყვარულის მცნე-ბა ასეთი ახლობელი იყოს ჩვენი დაცემული გულისათვის: მცნება სულიერია, გულს კი სისხლი და ხორცი მართავს: მცნება ახალია, ჩვენი გული კი - ძველი. ჩვენი ბუნებრივი სიყვარული დაცემით არის შერყვნილი. იესო ქრი-სტე გვასწავლის, რომ იგი უნდა მოვაკვდინოთ და სახარებიდან გადმოვიღოთ მოყვასისადმი წმინდა სიყვარული - ქრისტესმიერი სიყვარული. ახალი კაცის თვისებები მთლიანად ახალი უნდა იყოს, მას არავი-თარი სიძველე არ შეშვენის. სახარების წინაშე არავითარი ფასი არა აქვს სისხლის დუღილს და ხორციელი გრძნო-ბებით აღძრულ სიყვარულს. ან რა ფასი უნდა ჰქონდეს, როდესაც სისხლის დუღილის დროს კაცი ფიცით ამტკიცებს, რომ სულს დადებს უფლისათვის, რამდენიმე საათის შემდეგ კი, სისხლი რომ გაგრილდება, კვლავ იფიცება, არ ვიცნობ მასო? სახარება უარყოფს სისხლის დუღილზე, ხორციელი გულის გრძნო-ბებზე დამოკიდებულ სიყვარულს. იგი ამბობს: „ნუ ჰგონებთ, ვი-თარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მოფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თვისისა და ასული დედისაგან თვისისა და სძალი დედამთილისაგან თვისისა. და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თვისნი" (მთ. 10,34-36). დაცემამ გული სისხლის, სისხლის მეშვეობით კი სოფლის მპყრო-ბელის მეუფებას დაუმორჩილა. სახარება ათავისუფლებს კაცს ამ ტყვეობისგან, ამ ძალადობისაგან, და სული წმიდის ხელმძღვანე-ლობას აბარებს. სული წმიდა გვასწავლის წმინდად გვიყვარდეს მოყვასი. სიყვარული, რომელსაც სული წმიდა აღძრავს და ასაზრდოებს, არის ცეცხლი. ეს ცეცხლი შრეტს ბუნებრივ, ხორციელ, დაცემით დაზია-ნებულ სიყვარულს. „ხოლო რომელნი იტყოდეს, ვითარმედ ძალმიძს ორისავე დამჭირ-ვადო, იგი თავსა თვისსა აცდუნებს," თქვა წმ. იოანე სინელმა (თავი მე-3,19). რაში გამოიხატება ჩვენი ბუნების დაცემულობა? იმაში, რომ ადამ-იანს შეუძლია ბუნებით მხურვალედ უყვარდეს მოყვასი, მაგრამ როდესაც ეუბნებიან, რომ მოყვასი ისე უნდა უყვარდეს, როგორც სახარება უბრძანებს, ამისათვის საშინელი ძალდატანება უხდება თავზე. ყველაზე მხურვალე ბუნებრივი სიყვარულიც კი ადვილად იქცევა სიძულვილად, შეურიგებელ მტრობად. ბუნებრივი სიყვარული ხშირად მახვილითაც გამოიხატებოდა (2 მეფ. 3,15). რა წყლულებითაა დაფარული ჩვენი ბუნებრივი სიყვარული! რა მძიმე სენია მიკერძოება! მიკერძოებას დამონებული გული მზად არის ყოველგვარი უსამართლობის, ყოველგვარი უსჯულოების ჩასადენად, ოღონდ კი თავისი ავადმყოფური სიყვარული დაიკმაყოფილოს. ბუნებრივი სიყვარული კაცს მხოლოდ მიწიერს აძლევს, ზეციურზე იგი არ ფიქრობს. ბუნებრივი სიყვარული მტრობს ზეცას და სული წმიდას, რამეთუ სული წმიდა ხორცის ჯვარცმას მოითხოვს. იგი მტრობს ზეცას და სული წმიდას, რამეთუ მაცთურ სულს - არაწმიდასა და წარმწყმედელს - ემორჩილება. სახარებას მივმართოთ, საყვარელო ძმაო, მის სარკეში ჩავიხედოთ! ამ სარკის მეშვეობით განვიძარცვოთ ძველი სამოსელი, დაცემით შეძენილი, და შევიმოსოთ ახალი, უფლის მიერ გამზადებული. ახალი სამოსელი კი არის ქრისტე: „რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ" (გალ. 3,27). ახალი სამოსელი არის სული წმიდა: „შეიმოსოთ ძალი მაღლით" (ლკ, 24,49), თქვა უფალმა ამ სამოსელზე. ქრისტიანები ქრისტეს სამოსელს იმოსავენ ყოვლად სახიერი სული წმიდის მოქმედებით. ქრისტიანისათვის შესაძლებელია ამ სამოსელის შემოსვა. „არამედ შეიმოსეთ უფალი იესო ქრისტე და ხორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქმელ" (რომ. 13,14), ამბობს მოციქული. პირველად, როგორც სახარება გვამცნებს, განაგდე შენგან მტრობა, ძვირისხსენება, მრისხანება, განკითხვა და ყველაფერი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სიყვარულს. სახარება გვიბრძანებს ვილოცოთ ჩვენი მტრებისთვის, ვაკურთხოთ მაწყევარნი, კეთილი ვუყოთ მოძულეებს, შევუნდოთ მოყვასს ყოვე-ლივე, რაც გვავნო. თუკი ქრისტეს შედგომა განგიზრახავს, ეცადე საქმით შეასრულო ეს მცნებები. არ არის საკმარისი მხოლოდ დატკბე მცნებების კითხვით და გაიოცო მათში ჩადებული მაღალი ზნეობრიობა, - სამწუხაროდ, ბევრი სწორედ ამას სჯერდება. როდესაც საქმით შეუდგები სახარების მცნებების შესრულებას, ამას ჯიუტად აღუდგებიან წინ შენი გულის მეფენი: შენი საკუთარი ხორციელი მდგომარეობა, რომლის ძალითაც ხორცსა და სისხლს ემორჩილები, და დაცემული სულნი, რომლებიც კაცის დაცემულ მდგომარეობას განაგებენ. ამა სოფლის სიბრძნე, მისი სიმართლე და დაცემულ სულთა სიმარ-თლე მოგთხოვენ, არ დათმო შენი ღირსება და სხვა ხრწნადი უპირატესობები, მოგთხოვენ მათ დაცვას. შენ კი, სახარების წინამძღვრობით, თვით ქრისტეს წინამძღვრობით, მტკიცედ აღუდექი წინ უხილავ ბრძოლას. ყველაფერი შესწირე მსხვერპლად სახარების მცნებების შესრულებას - ასეთი მსხვერპლის გარეშე ვერ შეძლებ მათ დაცვას. უფალმა ხომ უთხრა თავის მოწაფეებს: „რომელსა ჰნებავნ შემოდგომად ჩემდა, უარ-ყავნ თავი თვისი" (მთ. 16,25). თუკი უფალი შენთან არის, გამარჯვების იმედიც გქონდეს: შეუძ-ლებელია, გამარჯვება მას არ დარჩეს. ითხოვე უფლისაგან გამარჯვება, ითხოვე მუდმივი ლოცვითა და ტი-რილით, და მოულოდნელად მოიხილავს შენს გულს სული წმიდის მადლი. უეცრად იგრძნობ, თუ რა ტკბილია მტრის სიყვარული. ჯერ კიდევ წინ გიდევს ბრძოლა! წინ გიდევს სიმტკიცის გამოჩენა! შეხედე შენი სიყვარულის საგნებს: ძალიან მოგწონს? მთელი გულით ხარ მიჯაჭვული? მაშ, უარყავი ისინი. ამ უარყოფას მოითხოვს შენგან უფალი, სიყვარულის მესაფუძვლე, არა იმისთვის, რომ სიყვარული და საყვარელი ადამიანები წაგართვას, არამედ იმისთვის, რომ ცოდვით შერყვნილი ხორციელი სიყვარულის უარყოფით შეძლო წმინდა, სულიერი სიყვარულის მოპოვება, რომე-ლიც არის უმაღლესი ნეტარება. (გაგრძელება...)
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) წიგნიდან „კრებული" უკან დაბრუნება |