მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სულის უგრძნობელობისთვის (ნაწილი 2) - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

სულის უგრძნობელობისთვის (ნაწილი 2) - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


21-04-2016, 00:02

სულის უგრძნობელობისთვის (ნაწილი 2) - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

 

   ყოველი, ვინც საკუთარი სულის მიუკერძოებელსა და საფუძვლიან გამოკვლევას მოისურვებს, დაინახავს მასში უგრძნობელობის სენს, დაინახავს, მთელ მის სიმძიმესა და სერიოზულობას და აღიარებს, რომ ეს სენი არის სულის სიკვდილის ნიშანი და გამოვლინება. ნახეთ, რა მოწყენა გვეუფლება, როგორც კი წმ. წერილის კითხვას დავა-პირებთ! რა გაუგებარი, უმნიშვნელო, უცნაური გვეჩვენება წაკით-ხული! როგორ ვცდილობთ, მალე გავთავისუფლდეთ ამ საქმისგან! რატომ? იმიტომ, რომ არ თანავუგრძნობთ წმ. წერილს. ან რა სიმშრალეს, რა სიცივეს ვგრძნობთ, ლოცვას რომ ვიწყებთ! როგორ გვეჩქარება ჩვენი ზერელე, გაფანტული ლოცვის დასრულება! რას დავაბრალოთ ყოველივე ეს? იმას, რომ უცხონი ვართ ღმერთისთვის. ჩვენ გვწამს ღმერთის არსებობა, მაგრამ გვწამს მხოლოდ მკვდარი რწმენით: ჩვენს შინაგან განცდებში ღმერთი არ არსებობს.

  რატომ გვავიწყდება მარადისობა? განა ჩვენ არ ვეკუთვნით მათ რიცხვს, ვინც მის უსასრულო სივრცეს უნდა შეერთოს? განა ისევე პირისპირ არ მოგველის სიკვდილი, როგორც სხვა ადამიანებს? მაშ, საიდან მოდის ეს გულგრილობა? იქიდან, რომ მთელი სულითა და გულით ნივთიერსა ვართ მიჯაჭვულნი, არასოდეს დავფიქრებულ-ვართ და არც გვსურს დავფიქრდეთ მარადისობაზე, დავკარგეთ მისი ძვირფასი წინასწარგანცდა და სამაგიეროდ შევიძინეთ ყალბი განცდა, ჩვენს ამსოფლიურ ცხოვრებას უსასრულოდ რომ წარმოგვიდგენს. თანაც იმდენად ვართ მოტყუებულნი ამ ყალბი განცდით, რომ ყველა ჩვენს მოქმედებას, სულისა და ხორცის ყველა უნარს მსხვერპლად ვწირავთ ხრწნილებას: ოდნავადაც არ ვზრუნავთ საუკუნო ცხო-ვრებაზე - ამ დროს კი ყოველი ჩვენგანი სწორედ იმ სოფლის მუდმივი მკვიდრი უნდა გახდეს. რატომაა, რომ წყაროსავით ვაფრქვევთ უქმისმეტყველებას, ხუმრობას, მოყვასის განკითხვას, მის რაც შეიძლება დახვეწილ დაცინვას? რატომაა, რომ უდარდელად ვატანთ ქარს უამრავ დროს, ვერ ვძღებით გართობით, ვცდილობთ ერთი ფუჭი საქმე მეორეთი შევცვალოთ; და სულ მცირე დროც კი არ გვინდა დავუთმოთ ჩვენი ცოდვების აღიარებას, მათთვის გლოვას? იმიტომ, რომ შევითვისეთ ცოდვის, ყოველივე ამაოს მიმართ თანაგრძნობა და პირიქით, დავკარგეთ თანაგრძნობა ყოველივე იმ საქმისადმი, რომ-ელიც კაცს ღმრთის წინაშე სათნო-ყოფაში შეეწევა. უგრძნობელობას ჩვენს სულში ღმერთის მიმართ მტრულად განწყობილი ორი ძალა - ეს სოფელი და დაცემული ანგელოზები ნერგავენ ჩვენივე თავისუფალი ნების თანხმობით. უგრძნობელობა ფესვს იდგამს და ძლიერდება ამა სოფლის კანონების მიხედვით ცხოვრების, საკუთარი დაცემული ნებისა და გონების დაყოლის, ღმერთის მსახურების უგულებელ-ყოფისა და მიტოვების გამო. როდესაც უგრძნობელობა მტკიცედ დაიმკვიდრებს სულში და მის თვისებად იქცევა, მაშინ უკვე ეს სოფელი და სოფლისმპყრობელნი მას საკუთარ ბეჭედსაც ადებენ: ბეჭედი კი ნიშნავს სულის კავშირს დაცემულ სულებთან და ამ სულთა გავლენისადმი საკუთარი ნების დამორჩილებას.

   „ვინ გარდაგვიგორვოს ჩვენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა?" ისმის ზრუნვით, მწუხარებით, შეცბუნებით სავსე კითხვა. ამგვარ ზრუნვას, მწუხარებას, შეცბუნებას განიცდიან სულები, რომლებმაც ამა სოფლისა და ცოდვის მსახურება ეს-ეს არის მიატოვეს და უფლის შედგომა სწყურიათ. მათ თვალწინ მთელი თავისი საშინელი მასშტაბითა და მნიშვნელობით იშლება უგრძნობელობის სენი. მათ სურთ შეიძინონ ლმობიერი ლოცვა, სურთ წმ. წერილის კითხვა და ყველა სხვა საკითხავის დავიწყება, საკუთარ ცოდვათა ხედვის მოპოვება და მათთვის მუდმივი გლოვა - მოკლედ, სურთ შეეთვისონ ღმერთს, მაგრამ ამ დროს წინ ეღობებათ მოულოდნელი, ამა სოფლის მსახურთათვის უცნობი დაბრკოლება - გულის უგრძნობელობა. გული, რომელსაც ამდენი ხნის უზრუნველი ცხოვრებით სასიკვდილო ჭრილობა აქვს მიყენებული, სიცოცხლის ნიშანწყალს არ ამჟღავნებს. ამაოდ ახსენებს გონება სიკვდილს, ღმერთის სამსჯავროს, საკუთარ ცოდვებს, ჯოჯოხეთის სატანჯველსა და სამოთხის ნეტარებას; ამაოდ ცდილობს გამოაღვიძოს გული ამგვარი აზრებით: გული ულმობელია, თითქოს მასთან საერთო არაფერი ჰქონდეს არც სამოთხეს და არც ჯოჯოხეთს, არც ღმრთის სამსჯავროს და არც საკუთარ ცოდვებს. მას ღრმა, სასიკვდილო ძილით სძინავს, სძინავს ცოდვის სასმისით გაბრუებულს. „ვინ გარდაგვიგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა?" ეს ქვა კი არის „დიდი ფრიად."

   წმ. მამათა სწავლების თანახმად, უგრძნობელობის აღმოსაფხვრელ-ად აუცილებელია მუდმივი, მოთმინე, განუწყვეტელი ბრძოლა მის წინააღმდეგ, აუცილებელია ღმრთისმოსავი ცხოვრება და საკუთარი თავისთვის განუწყვეტელი თვალყურის დევნება. ასეთი ცხოვრება კურნავს უგრძნობელობას, მაგრამ ეს სიკვდილი სულისა მხოლოდ ადამიანის მცდელობით როდი ქრება - მის დასათრგუნად ღმრთის მადლის შეწევნა გვჭირდება. უფლის ბრძანებით ანგელოზი მოდის მებრძოლ, გათანგულ სულთან, გადააგორებს უგრძნობელობის ლოდს, ლმობიერებით აღავსებს გულს და აუწყებს სულს აღდგომას, რომელიც მუდმივი ლმობიერების ჩვეულებრივი შედეგია. ლმობიერება პირველი ნიშანია იმისა, რომ გული გაცოცხლდა ღმრთისა და მარადიულობის მიმართ. და რა არის ლმობიერება? ეს არის ღმრთის მოწყალების განცდა საკუთარი თავის, საკუთარი უბადრუკი მდგომარეობის მიმართ, დაცემისა და მარადიული სიკვდილის მდგომარეობის მიმართ. იერუსალიმის მკვიდრთა შესახებ, რომლებიც წმ. პეტრე მოციქულის ქადაგებამ სწორედ მსგავს მდგომარეობაში ჩააყენა და ქრისტიანობის მიღების სურვილი გაუღვიძა, წმ. წერილი ამბობს, რომ მათ „შეინანეს გულითა" (საქ. 3,37).

   უფლის გვამს არაფრად სჭირდებოდა მენელსაცხებლე დედათა მიერ მოტანილი მირონი - იგი აღდგა მანამ, სანამ მირონს სცხებდნენ. მაგრამ წმ. დედებმა იმით, რომ დროულად შეიძინეს მირონი, განთიადისას გაეშურნენ უფლის ცხოველმყოფელი საფლავისკენ, დათრგუნეს შიში გაბოროტებული სინედრიონისა და მრისხანე მცველების წინაშე, რომლებიც საფლავს სდარაჯობდნენ, დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება უფლისადმი. მათი ძღვენი ამაო გამოდგა, მაგრამ ასმაგად მიეზღოთ მისთვის - იხილეს ანგელოზი, რომელიც აქამდე არასოდეს უნახავთ, შეიტყვეს ამბავი, რომლის ჭეშმარიტებაში დაეჭვება შეუძლებელი იყო: უფლის და მასთან ერთად მთელი კაცობრიობის აღდგომა.

   თავისთავად ღმერთს ჩვენგან არაფერი სჭირდება: არც სამსახური, არც თავგანწირვა - ეს ჩვენთვის არის აუცილებელი. მოდი, უფლის საფლავთან მივიტანოთ ეს მსახურება, როგორც ძვირფასი მირონი; დროულად ვიყიდოთ მირონი - კეთილი ნება! შეუძლებელია ცოდვის სამსახურისა და ღმერთის სამსახურის შეერთება: პირველი კლავს მეორეს. ნუ მივცემთ ცოდვას უფლებას, მოსპოს ჩვენს სულებში ღმერთის და ყოველივე ღმრთეებრივის მიმართ თანაგრძნობა! ნუ მივცემთ ცოდვას უფლებას, რომ დანერგოს ჩვენში თავისი შთა-ბეჭდილებები, ძალით დაეპატრონოს ჩვენს სულებს! ვინც სიყრმიდან უფალს შეუდგა და განუხრელად ასრულებს ამ მსახურებას, ის სული წმიდის მუდმივ მოქმედებას განიცდის, მადლისმიერი, ყოვლად წმინდა შთაბეჭდილებებით არის აღბეჭდილი და თავის დროზე ჭეშმარიტად შეიგრძნობს ქრისტეს აღდგომას, განცხოველდება ქრის-ტესმიერი სულით, დაბოლოს, ღმრთის ბრძანებითა და გამორჩევით, გახდება ქრისტეს აღდგომის მქადაგებელი თავის ძმათათვის. იმან კი, ვინც უმეცრების ან ბოროტი მიდრეკილების გამო ცოდვას დაემონა, ვინც დაცემულ სულებთან დაამყარა კავშირი და მათ რიცხვს შეერთო, ვინც დაკარგა ერთობა ღმერთთან და წმინდანებთან, დაე სინანულით უწამლოს ცოდვებს. მუდამ ხვალისათვის ნუ გადავდებთ სინანულს, რათა უცაბედი სიკვდილი არ მოგვიხდეს და არ მოგვიტაცოს: მაშინ ვერ შევძლებთ დაუსრულებელი მშვიდობისა და დღესასწაულის სავანეში დამკვიდრებას; მაშინ, უხმარი სარეველას მსგავსად, ჯოჯო-ხეთის მარადიულ ცეცხლში ჩაგვყრიან. დაძველებული ჭრილობების განკურნება ისე სწრაფად და იოლად არ ხდება, როგორც უმეცრებს წარმოუდგენიათ. ამაოდ როდი გვეძლევა დრო სინანულისთვის, ამაოდ როდი ევედრებოდა ყველა წმინდანი ცხოვრების დღეთა განგრძობას, რათა სინანული მოესწროთ. საჭიროა დრო ცოდვილ შთაბეჭდილებათა აღსახოცად; საჭიროა დრო, რათა ჩვენს სულში მათ ნაცვლად სული წმიდისგან დანერგილი შთაბეჭდილებები დაიბადოს; საჭიროა დრო, რათა სიბილწისაგან განვიწმინდოთ და სათნოების სამოსელი შევიმოსოთ. ასეთი კაცის სულში ქრისტე აღსდგება, და სამარე - გული - კვლავ ქრისტეს ტაძრად იქცევა. „აღსდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო" (ფსალმ. 3,6). სწორდ ღმერთის ამ საიდუმლო და ჭეშმარიტ აღდგომაში მდგომარეობს ჩვენი აღდგომაც. ამინ. (გაგრძელება...)

 

 

 

 

წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი) 

წიგნიდან „კრებული" 

Xareba.net - ის რედაქცია  


უკან დაბრუნება