მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სულის უგრძნობელობისთვის (ნაწილი 1) - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
სულის უგრძნობელობისთვის (ნაწილი 1) - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)20-04-2016, 00:06 |
დღევანდელ სახარებაში1 საუბარია წმ. დედებზე, რომლებიც შეუდ-გნენ ქრისტეს მისი ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს, მოწამენი იყვნენ უფლის ვნებისა, ესწრებოდნენ მის დაკრძალვასაც. დაკრძალვა პარასკევ საღამოს შედგა - იმ დროს, როდესაც იუდეველთა მრისხანება ეტნას ცეცხლოვანი ლავასავით დუღდა და არა მარტო უფლის, არამედ ყველა მისი ახლობლის წინააღმდეგ იყო მიმართული. წმ. მოციქუ-ლები იძულებულნი გახდნენ მიმალულიყვნენ ანდა მხოლოდ შორიდან ედევნებინათ თვალი საოცარი სანახაობისთვის: უფალს ბოლომდე თან ახლდა მხოლოდ ერთი, უერთგულესი მოწაფე. და აი, ჩნდება იოსები - ქრისტეს ფარული მიმდევარი, სინედრიონის საპატიო წევრი, რომელიც აქამდე სინედრიონის შიშით მალავდა თავის შინაგან რწმენას. იგი უეცრად თრგუნავს ყველა დაბრკოლებას, ეჭვს, ყოყმანს, დღემდე რომ ხელ-ფეხს უკრავდა; მიდის ცივსა და სასტიკ პილატესთან, სთხოვს სამარცხვინო სიკვდილით დასჯილის გვამს, ღებულობს მას და კრძალავს დიდი პატივით. სახარება იოსების ამ საქციელს ახასიათებს, როგორც ვაჟკაცურსა და დიდსულოვანს, და იგი მართლაც ასეთი იყო: სინედრიონის წევრი ღმერთის მკვლელი სინედრიონის წინაშე, ამ მკვლელობის თანამონაწილე იერუსალიმის წინაშე ჯვრიდან ხსნის ღმერთკაცის გვამს და მიაქვს ბაღში, ქალაქის ჭიშკარსა და კედლებთან ახლოს. იქ, განმარტოებასა და სიმყუ-დროვეში, ხეების ჩრდილქვეშ, კლდეში ნაკვეთ ახალ საფლავში, ნელსურნელებათა უხვი პკურების შემდეგ იოსები კრძალავს უწმინ-დეს სხეულს; უსპეტაკესი სახვევებით მოსავს მას, ვით ძვირფას საგანძურს. უფლის დაკრძალვაში მონაწილეობს აგრეთვე სინედ-რიონის სხვა წევრი, ნიკოდიმოსი, რომელიც ცოტა ხნით ადრე უფალთან მივიდა და იგი ღმერთის მოვლინებულად აღიარა. იოსებმა დიდი ქვა მიაგორა საფლავის კართან - კარს სახარება უწოდებს მცირე ნაპრალს მღვიმის შესასვლელში - და წავიდა: მან პირნათლად აღასრულა თავისი მსახურება. სინედრიონი თვალყურს ადევნებდა იოსების ყოველ ნაბიჯს: როგორც კი იგი იქაურობას გაშორდა, მცველები დაუყენეს საფლავს და დაბეჭდა შესასვლელთან მიგო-რებული ქვა. ამგვარად, უფლის დაკრძალვა დამოწმებულია არა მარტო მის მიმდევართა, არამედ მტერთა მიერაც. სინედრიონის წევრთა ნაწილმა, მრისხანებითა და სიშმაგით შეპყრობილმა, უდიდესი ბოროტმოქმედების ჩადენით უნებლიეთ უდიდესი მსხვე-რპლშეწირვაც აღასრულა: ყოვლად წმინდა მსხვერპლის დაკვლით მათ გამოისყიდეს კაცობრიობა და დაასრულეს აქამდე შეწირულ მსხვერპლთა უნაყოფო რიგი. სინედრიონის სხვა წევრები, ძველი აღთქმის მართალთა წარმომადგენლები, ვისაც სულის კეთილი მიმართულება და კეთილი განწყობა ჰქონდა შეთვისებული, კაცთა მხსნელის დაკრძალვას ემსახურნენ, ამით დაასრულეს და დაბეჭდეს ძველი აღთქმის შვილთა საქმე. აქედან იწყება მხოლოდ ახალი აღთქმის მოღვაწეთა მსახურება. წმ. დედები მამაცური თავგანწირვით იოსებს არ ჩამოუვარდებიან. პარასკევს ისინი დაკრძალვას დაესწრნენ, შაბათს კი, დასვენების დღეს, ვერ გაკადნიერდნენ დაერღვიათ ის სიმყუდროვე, რომელშიც, მღვიმის წმინდა სიბნელესა და სიმარტოვეში, უფლის გვამი განისვენებდა. დედებს განზრახული ჰქონდათ მაცხოვრისადმი მოწიწება იმით გამოეხატათ, რომ ნელსაცხებლებით შეემურათ მისი გვამი. პარასკევს, დაკრძალვიდან დაბრუნებისთანავე, უამრავი ნელსაცხებელი იყიდეს და შაბათის შემდგომი დღის დადგომას დაელოდნენ, რომელსაც დღეს აღდგომის დღე - კვირა ეწოდება. მზის ამოსვლისას ღმრთისმოსავი დედები საფლავისაკენ გაეშურნენ. გზად მიმავალთ გაახსენდათ, რომ გამოქვაბულის შესასვლელში დიდი ქვა იდო, მწუხარებამ შეიპყრო და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „ვინ გარდაგვიგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა?" (მრკ. 16,3). ეს ქვა კი იყო „დიდ ფრიად" (იქვე, 4). მაგრამ საფლავს რომ მიუახლოვდნენ, დაინახეს, რომ ქვა გადაგორებული იყო - ეს გააკეთა ნათლით შემოსილმა, ძლიერმა ანგელოზმა. როდესაც ქრისტე აღსდგა, ანგელოზი ციდან დაეშვა, მივიდა საფლავთან, შიშის ზარი დასცა მცველებს, ბეჭედი შემუსრა და ლოდი გადააგორა, შემდეგ კი ლოდზე დაჯდა და დედებს დაელოდა. როდესაც ისინი მიუახლოვდნენ, ანგელოზმა აუწყა ქრისტეს აღდგომა და უბრძანა, რომ ეს ამბავი მოციქულებისთვისაც გადაეცათ. წმ. დედები პირველები იყვნენ ვისაც უფლის მხურვალე სიყვარულისთვის, მტკიცე გადაწყვეტილებისთ-ვის, რომ პატივი მიეგოთ ყოვლად წმინდა გვამისთვის, ქრისტეს აღდგომის ზუსტი და სარწმუნო უწყება მიეცა. ისინი იყვნენ აგრეთვე პირველი და ძლიერი მქადაგებლები აღდგომისა, რადგან ამის შესახებ მათ თვით ანგელოზმა ამცნო. ყოვლად სრული ღმერთისთვის უცხოა მიკერძოება, მის წინაშე ყოველი კაცი თანასწორია, მაგრამ გან-საკუთრებული, უხვი და სულიერი დახვეწილობით გამორჩეული ნიჭების ღირსი ის გახდება, ვინც დიდი თავგანწირვით მიეახლება მას. „ვინ გარდაგვიგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა?" ამ სიტყვებს თავისი საიდუმლო მნიშვნელობა აქვს - იმდენად დიდი, რომ მოყვასისადმი სიყვარული და მისი სულისთვის სარგებლობის მოტანის სურვილი არ მაძლევს ამ საგანზე დადუმების უფლებას. სამარე ჩვენი გულია. იგი ტაძარი იყო და სამარედ იქცა. ნათლის-ღების საიდუმლოთი მასში უფალი შემოდის, რათა დაიმკვიდროს ჩვენში და ჩვენს შიგნით იმოქმედოს. ამ დროს გული ტაძრად იკურთხება. მაგრამ ჩვენ ვართმევთ ქრისტეს მოქმედების საშუალებას, რადგან ვაცოცხლებთ ჩვენში ძველ კაცს და მუდამ დაცემული ნების, ტყუილით შერყვნილი გონების ძახილს მივყვებით. ქრისტე, ნათლისღებით შემოსული, კვლავაც მყოფობს ჩვენში, მაგრამ თითქოს მოწყლული და მომკვდარი ჩვენი საქმეებით. უფლის ხელთუქმნელი ტაძარი ვიწრო და ბნელ სამარედ იქცევა, მის შესასვლელში კი უზარმაზარი ლოდი დევს. ღმერთის მტრები მცველებს უყენებენ სამარეს, ბეჭედს ადებენ სივრცეს, რომელსაც ლოდი ფარავს. ლოდს ბეჭდით ადუღაბებენ კლდესთან, რათა სიმძიმის გარდა ეს ბეჭედიც უშლიდეს ხელს ქვასთან მიახლოებას. ღმერთის მტრები პირადად ადევნებენ თვალს, რომ უფლის სიკვდილი ხელშეუვალი დარჩეს! მათ ყველა შესაძლო დაბრკოლება დაადგინეს და განიხილეს, რათა არ დაეშვათ, როგორმე შეეჩერებინათ ქრისტეს აღდგომა. ლოდი ჩვენი სულის სნეულებაა, რომელიც ხელუხლებლად იცავს ყველა სხვა ვნებას. წმ. მამები ამ ლოდს უგრძნობელობას (ულმო-ბელობას) უწოდებენ (იხ. კიბე, თავი მე-18). ბევრი ალბათ იტყვის, ეგ რომელი ცოდვაა, რაღაც არ გაგვიგიაო. წმ. მამათა განსაზღვრებით, უგრძნობელობა არის განურჩევლობა სულიერ განცდათა მიმართ, კაცის სულის უხილავი სიკვდილი სულიერ საგანთა მიმართ - იმ დროს, როდესაც იგი ნივთიერ საგნებთან მიმართებაში სრულიად ჯანმრთელია. ხდება ხოლმე, რომ ხანგრძლივი ავადმოფობისას ორგანიზმის ყველა ძალა იფანტება, ყველა ხორციელი უნარი ჭკნება: მაშინ სნეულება, რაკი თავისთვის საზრდოს ვეღარ პოულობს, წყვეტს ადამიანის წამებას - ტოვებს სხეულს, რომელიც არაქათგამოცლილი და თითქოს უკვე მკვდარია; ასეთ სხეულს მოქმედების უნარი აღარა აქვს, რადგან ტანჯვისაგან გათანგულია: რაღაც საშინელი, ჩუმი ავადმყოფობა ღრღნის, რომელსაც არავითარი განსაკუთრებული თვისება არ გააჩნია. იგივე ემართება სულსაც: ხანგრძლივი უდებება - მუდმივი გართობა, ნებსითი ცოდვების შუაგულში ტრიალი, ღმერთისა და მარადიულობის დავიწყება, სახარების მცნებების სრული უგულებელყოფა ან ერთობ ზერელე დამოკიდებულება - ეს ყველაფერი სტაცებს ადამიანს თანაგრძნობას სულიერი საგნებისადმი, სული კვდება მათთვის. თუმცა თავისთავად სულიერი საგნები განაგრძობენ არსებობას, მაგრამ ამ ადამიანისათვის მკვდრები არიან; იგი მათ ვეღარ აღიქვამს, რადგან მისი ცხოვრება, სულიერ საგნებთან ცოცხალი კავშირი გაწყდა: ამიერიდან ყველა მისი ძალა მხოლოდ ნივთიერს, წარმავალს, ამაოს, ცოდვილს ემსახურება. (გაგრძელება...)
1ქადაგება წარმოითქვა მენელსაცხებლე დედათა კვირას (მთარგმნ.).
წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი) წიგნიდან „კრებული"
უკან დაბრუნება |