მთავარი > საეკლესიო სამართალი > კანონიკური სამართალი და თავისუფლება

კანონიკური სამართალი და თავისუფლება


23-09-2012, 15:56

 
 
   მხოლოდ ის, ვინც არის მთელი ქვეყნიერების შემოქმედი, ვინც არის ყოვლისმცოდნე და ყველგანმყოფი, ვინც სავსებით ფლობს წარსულის, აწმყოს და მომავლის შესახებ ცოდნას მხოლოდ ის, ვინც უცვლელია, დამოუკიდებელი და უვნებელი, შეიძლება იყოს უცდომელი, კანონმდებელი და მსჯავრმდებელი. ქრისტიანებისათვის ასეთი ღმერთია. თავად ღმერთი ღვთის სიტყვა იესო ქრისტე მოევლინა დედამიწას და მოგვმადლა ჭეშმარიტება, დააარსა ეკლესია - სხეული ქრისტესი, რომელიც ფლობს ამ ღვთაებრივ უცდომელობას.
   თავის უცდომელ სწავლებას ეკლესია შვიდი მსოფლიო, აგრეთვე იმ ადგილობრივი საეკლესიო კრებების მეშვეობით გამოხატავს, რომლებსაც VI და VII მსოფლიო კრებების მიერ აღიარებულთ მიენიჭათ მსოფლიო მნიშვნელობა. მაშასადამე, დღეს დედამიწაზე და მთელ მსოფლიოში უცდომელ კანონმდებლად, მასწავლებლად და მსაჯულად გვევლინება ეკლესია - ერთი, წმინდა, კათოლიკე, სამოციქულო ეკლესიის ეს ღმერთკაცობრივი სხეული.
   როგორც უცდომელი ღმერთკაცობრივი ორგანიზმი, ეკლესია თავის უცდომელობას დოგმატური სწავლების მეშვეობით გამოხატავს. ამ სწავლებას საფუძვლად წმიდა წერილი და წმიდა გადმოცემა უდევს და მთელი ეკლესიის სხეულის კრებით აზრს გამოხატავს.
   დოგმატები ჩვენი სარწმუნოების კანონმდებლობაა. ტრულის კრების I კანონი ამბობს: ”ხოლო ვინც კი პირველ თქმულ კეთილმსახურების სჯულს არ შეიტკბობს და არ შეუდგება, იქადაგებს და ხელს მიჰყოფს მის შებრუნებას და უკუღმა შემოტრიალებას, შეჩვენებულ იყოს”[1]
   დოგმატი არ არის ზოგადი სწავლება, არამედ უდავო და უცდომელი ეკლესიის ჭეშმარიტებაა, რომელიც გამოიხატება მისი (დოგმატების) მეშვეობით. ამრიგად, ჩვენ არ გვაქვს უფლება დოგმატები პირველხარისხოვანდ და მეორეხარისხოვნად, ან მნიშვნელოვან და უმნიშვნელო ტექსტებად დავყოთ. თუ მსგავს რამეს შევუდგებით, მალე მივალთ თვით საღვთო გამოცხადების ჭეშმარიტების უარყოფამდე, მაშასადამე ერესამდე.
   წმინდა კანონები (დოგმატები) საუბრობენ ეკლესიურ წეს-განგებაზე, ან უბრალოდ წესრიგზე, ამით კი ამოწმებენ უდავო ჭეშმარიტებას, რომ წესრიგი განუყოფელია კანონისაგან, რომ ის ღვთის სათნო საქმეა. ისმის კითხვა: შეიძლება კი ითქვას უარი ეკლესიურ კანონებზე თავისუფლების ძიების დროს? იქნებ ეკლესიის კანონები ახალი ტვირთია ადამიანთათვის? ამ კითხვებს მართებულად და ჯეროვნად რომ ვუპასუხოთ, პირველყოვლისა თავისუფლება მართლმადიდებლური მსოფლმხედველობისამებრ უნდა განვიხილოთ. ამის განმარტებას შევეცადეთ პირველ თავში. ამჯერად მოკლედ ვიტყვით: დედა ეკლესიასთან ურთიერთობით ადამიანს ეძლევა საშუალება აღადგინოს სათანადო ურთიერთობები ღმერთთან და მოყვასთან, ხოლო ამის მეშვეობით მოიპოვოს ჭეშმარიტი თავისუფლება.
   არქიმანდრიტი გიორგი (კაპსანისი) წერს: „წმიდა კანონები, ეხმარება რა დაცემულ ადამიანს დაამყაროს ერთობა და ჰარმონიული კავშირი ეკლესიაში თავის ძმებთან, არ ართმევს მას თავისუფლებას, არამედ კიდევ უფრო ათავისუფლებს ადამიანს ღვთის წინაშე. ეკლესიის კანონები გახლავთ გამოხატულება იმისა, რომ სასუფეველი ღვთისა ადამიანს შორის არს.
   წმიდა კანონები მორწმუნეებს მიუთითებენ ეკლესიის საზღვრებს, რომლის მიღმა ქაოსი სუფევს. ადამიანებს, რომლებიც არ განწმენდილან მადლის მეშვეობით, ეკლესიაში შფოთი და არეულობა შეაქვთ. უწესრიგობა ეკლესიაში განგვაშორებს მიზანს, რისთვისაც ეკლესია არსებობს. რა თქმა უნდა, ეკლესიური კანონები თავისთავად ვერ აცხონებენ ადამიანს, მაგრამ ეხმარება მას იმყოფებოდეს ერთობაში ეკლესიასთან და ეკლესიის სხვა წევრებთან. ეს გვანიჭებს, ეს გვაძლევს ცხონების საშუალებას.
   ეკლესია სხეულია ქრისტესი, სულიწმიდით განმტკიცებული; ხოლო ქრისტეს სხეული ცოცხალი ორგანიზმია თავისი წესგანგებითა და კანონებით და არავითარ შემთხვევაში უწესრიგობა და ქაოსი."[2]
   წმინდა კირილე ალექსანდრიელი წერს: „როდესაც ჩვენი საქმეები სწორად კანონიკური კეთილწესიერებისამებრ წარიმართება, ჩვენში  შფოთის არავითარი მიზეზი არ წარმოიშობა, არამედ ისინი კანონიერად გვიხსნიან ზოგიერთების გაკიცხვისაგან. ვინ არ მიიღებს მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას, თუკი ის სამართლიანია? როგორ არ იქნება უნაკლოდ შერაცხილი, უფრო მეტიც ყოველგვარი ქების ღირსი კანონიერი და მართალი სასამართლო?"[3]
  ამრიგად: თუ ადამიანური (პოზიტიური) სამართალი წარმოჩენილია, როგორც ადამიანის ბუნების საწინააღმდეგო, ან შეზღუდული ფენომენი მაინც, თუ ვამბობთ, რომ ადამიანური კანონი იძულებითია, ამას ვერ ვიტყვით საღმრთო სჯულისა და ეკლესიის კანონებზე. ამიტომ, ჭეშმარიტი, თავისუფალი სამართალი არის ის, რაც ადამიანთა ურთიერთობის ყველა შემთხვევაში მართებულია, როდესაც ჩვენს საქმეებს სწორად, კანონიკური წესჩვეულებისამებრ წარვმართავთ.
   საფუძვლიანად მსჯელობს ამ საკითხზე კიდევ ერთი ბერძენი ღვთისმეტყველი ა.ბუმისი ”კანონიკურ სამართალში” წერს: ”რაკი საეკლესიო კანონები გვანიჭებენ მართებულობას”, ჭეშმარიტებას და სიმართლეს,    ამიტომაც კანონთა შემწეობით სამართალი წარემართა თავისუფლების მოპოვებისაკენ. იესო ქრისტემ თქვა: ”უკუეთუ თქვენ დაადგრეთ სიტყვათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ; და სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ” (იოან. 8.31-32).
   ქრისტესმიერი ჭეშმარიტებით მართლაც, შეიძლება მოვიპოვოთ თავისუფლება. ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც მართლაც შევიცნობთ ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტებით შეიძლება თვისუფალი გავხდეთ, არა წინასწარ? ან რაიმე სხვა გზით. ”განვთავისუფლდებით” ეს გულისხმობს მომავალ დროს - როდესაც შევიმეცნებთ ქრისტესმიერ ჭეშმარიტებას. იქნებ ამ თვისუფლებაზე აცხადებს მოციქული პავლეც, თუნდაც არა უშუალოდ, როცა სვამს კითხვას: ”არა ვარა აზნაურ? (ანუ თვისუფალი) ანუ არა უფალი ჩვენი იესო ქრისტე თუალითა ვიხილეა?” (1 კორ. 9.1). ხილვა იესო ქრისტესი, ცნობა მისი, მამასთან ერთობა წარმოადგენს ნამდვილ თვისუფლებას. შდრ. იოანე 8.36: ”უკეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თვისუფალ იყვნეთ” და გალ. 5.1: ”აზნაურებითა მით, რომლით ქრისტემან ჩვენ განგუააზნაურნა (გაგვათავისუფლა) მტკიცედ სდეგით”.
   შესაბამისად, ვიტყვით: ნუ დავივიწყებთ იმას, რასაც მივყავართ ქრისტეს ხილვისკენ ჭეშმარიტების შემეცნებისათვის, ნუ დავივიწყებთ იოანესაც (14.6): ”მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტება და ცხოვრება” - ამას მივყავართ თავისუფლებისაკენ. ამიტომაც ქრისტიანული მცნებებიც, გინდ ბიბლიური, გინდ კანონიკური, ვერ დახასიათდება, ვით აუცილებლობის ან იძულების კანონი, ვით მონობის სჯული, არამედ როგორც სჯული თავისუფლებისა. ამიტომ არის, რომ იაკობ მოციქული ლაპარაკობს ”თავისუფლების სჯულზე”, ანუ ”სჯულზე აზნაურებისასა და აღნიშნავს: ”ხოლო რომელმან მიჰხედა სჯულსა სრულსა მას აზნაურებისასა და დაადგა მას... ესე ნეტარ იყოს ქმნითა მით მისითა” (იაკ. 1.25). აქ აზნაურების ანუ თავისუფლების სჯულთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ ასევე დახასიათება: ”სრული სჯული”. ეს არის დახასიათება, როგორც აღვნიშნეთ, თანაარსებობისა, რადგან უფლის სჯული სრულია და უცდომელი, ამიტომაც მივყავართ მას თავისუფლებისაკენ - ”აზნაურებისაკენ”.
   ამ ორი დამახასიათებელი თავისებურებით სახარების სჯული, საღმრთო სჯული არის უნიკალური. აღნიშნული მონაკვეთი გამიჯნავს ამ სჯულს ყველანაირი ადამიანური კანონებისაგან. ნუ გვგონია, რომ მხოლოდ სჯული - საღმრთო წერილში მოცემული მცნებებით ამ მახასიათებლებით არის აღბეჭდილი. ამავე თავისებურებებით გამოირჩევა საეკლესიო კანონებიც, სჯული მთელი ეკლესიისა. და სწორედ თავისებურებებით რომ გამოირჩევა და მოქმედებს ეკლესიის კანონები, ამიტომ დაამუშავეს ისინი სულიწმიდის შემწეობით ეკლესიის მამებმა იმგვარად, რომ მიეღწიათ სრულყოფილებისათვის და უზრუნველეყოთ თავისუფლებაც.
   იმისათვის, რომ საგანგებო ყურადღება დავუთმოთ და დავიცვათ ქრისტესმიერი თავისუფლება, საგანგებოდ ხელთ გვაქვს III მსოფლიო საეკლესიო კრების მე-8 კანონი. მასში აღნიშნულია: ”საქმე გარეშე წესთა ეკლესიისათასა და კანონისა წმიდათა მამათასა განახლებული თვისუფლებისა ყოველთასა განმრყუნელი მომითხრა ჩვენ ღმრთისმოყვარემან თანაეპისკოპოსმან ჩვენმა რიგინოს... აქუნდინ უკუე თავისუფლებით და უიძულებლად. რაითა არცა კანონსა მამათასა გარდაჰხედენ, არცა სახესა შინა მღვდელობისასა ზვაობით სოფლიოსა მთავრობის მოყვარებაჲ იპოოს, არცა წავწყმიდოთ თავისუფლება მცირედ-მცირედ დამვიწყებელთა მისთა, რომელი თვისითა სისხლითა მოგვანიჭა ჩვენ უფალმან ჩვენმან იესუ ქრისტემან, განმათავისუფლებელმან ყოველთა კაცთამან”.
   ამრიგად, თავისუფლებასა და საღმრთო კანონთა შორის არანაირი შეუსაბამობა თუ დაპირისპირება არ არის. ზემოხსენებულის საფუძველზე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ცნება ”სამართალი” შეესაბამება ”ეკლესიის” ცნებას, საეკლესიო კანონებს, შესაბამისად თავისუფლების ცნებასაც. ამიტომ, თუ თავისუფლება გვინდა, საეკლესიო კანონებს სახელმწიფო კანონებზე მეტი უფლებამოსილება უნდა მივანიჭოთ. რათა მოვიპოვოთ თავისუფლება.
 
 
[1]დიდი სჯულის კანონი V-VI მსოფლიო კრება. გვ. 150.
[2] Арх. Гиоргий (Капсанис). Пастсссырское ееслужениве по свещенным канонам. გვ. 103-105.
[3]დიდი სჯულის კანონი. კირილე ალექსანდრიელი. გვ. 291.
 
 
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ  

 


უკან დაბრუნება