მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 25 მარტი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა გრიგოლ დიოლოღოსისა - რომის პაპისა (+604)
25 მარტი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა გრიგოლ დიოლოღოსისა - რომის პაპისა (+604)24-03-2022, 19:48 |
წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი – რომის პაპი (+604) დაიბადა რომში, დაახლოებით 540 წელს. პაპი დელიქსი მისი ბაბუა იყო. გრიგოლის დედა, სილვია, და დიდედები – ტარსილა და ემილიანა, რომის ეკლესიის მიერ წმიდანებად არიან შერაცხულნი. გრიგოლმა ბრწყინვალე განათლება მიიღო და მაღალ სახელმწიფო თანამდებობას მიაღწია. მამის გარდაცვალების შემდეგ მან მთელი ქონება ექვსი მონასტრის მოწყობას მოახმარა, რომში წმიდა ანდრია პირველწოდებულის მონასტერი დაარსა და ბერად აღიკვეცა. პაპ პელაგი II-ის დავალებით წმიდა გრიგოლი დიდხანს ცხოვრობდა ბიზანტიაში. აქ დაწერა მან „იობის წიგნის თარგმანები". პელაგის გარდაცვალების შემდეგ რომის კათედრაზე წმიდა გრიგოლი აირჩიეს. შვიდი თვის განმავლობაში უარობდა იგი ამ მაღალ პატივს, მაგრამ, ბოლოს, საეკლესიო კრებულისა და სამწყსოს დაჟინებულმა თხოვნამ აიძულა, თანხმობა განეცხადებინა. წმიდა გრიგოლი ბრძნულად განაგებდა ეკლესიას. მან ლათინურ ენაზე შეადგინა პირველშეწირული ლიტურღიის ტიპიკონი, რომელიც მანამდე მხოლოდ ზეპირი გადმოცემით იყო ცნობილი. VI საეკლესიო კრების დადგენილებით ეს ტიპიკონი სავალდებულო გახდა მთელი მართლმადიდებლური ეკლესიისათვის. წმიდა გრიგოლი თავდაუზოგავად ებრძოდა დონატელთა ერესს, ქრისტეს სჯულზე მოაქცია ბრიტანეთში მცხოვრები წარმართები და არიოზის მიმდევრები. წმიდა გრიგოლის კალამს ეკუთვნის „საუბრები ანუ დიალოგები იტალიელ მამათა ცხოვრებასა და სასწაულზე", რისთვისაც „დიოლოღოსი" უწოდეს. წმიდა გრიგოლის თხზულებათაგან განსაკუთრებით ცნობილია „სამოძღვრო კანონი, სადაც იგი ყოველმხრივ განიხილავს ჭეშმარიტი მოძღვრის სახეს. ჩვენამდე მოაღწია აგრეთვე წმიდა მამის წერილებმა.
წმიდა გრიგოლი რომის ეკლესიას ხელმძღვანელობდა ცამეტი წლის განმავლობაში, გარდაიცვალა 604 წელს. მისი წმიდა ნაწილები ინახება ვატიკანში, წმიდა პეტრეს ტაძარში. „წმიდანთა ცხოვრება" www.Orthodoxy.ge Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |