მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სულიერი განსჯისათვის (ნაწილი 1) - წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

სულიერი განსჯისათვის (ნაწილი 1) - წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი


14-04-2016, 00:00

 

   რამდენი ადამიანი აჰყოლია ამაო ხმებსა და ცილისწამებას! მრავალ უკეთილშობილეს, უჭკვიანეს კაცსაც კი ამ მიზეზით უდიდესი ბოროტმოქმედებები ჩაუდენია, რის გამოც ავისმოსურნისა და უკეთურის იარაღად ქცეულა. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ მათ დაივიწყეს ყოველი სათნოების საფუძვლის - ღმრთის სათნო განსჯის არსებობა, განსჯის დავიწყებას კი თავისთავად მოსდევს განუსჯელი მოქმედება. კაცობრიობის ისტორია ნათლად მოწმობს, რომ კეთ-ილშობილ კაცთა ბოროტმოქმედებანი განუსჯელი ანუ წინასწარი განსჯის გარეშე ჩადენილი მოქმედებანი იყო.

   ამას რომ აგვარიდონ, წმ. მამები გვირჩევენ განსაკუთრებული ყურ-ადღება მივაქციოთ ღმერთის სიტყვებს: „ღაღადებაჲ სოდომისაჲ და გომორისაჲ განმრავლებულ არს და ცოდვანი მათნი დიდ არიან. გარდავიდე და ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა, რომელნი მოიწევიან ჩემდა, ეგრეთ აღესრულებიან" (დაბ. 18,22). დავუკვირდეთ უფლის სიტყვებს, კარგად დავიმახსოვროთ და ჩვენს ქცევებში ამ რჩევით ვიხელმძღვანელოთ, რათა გადავურჩეთ დიდსა თუ მცირე ბოროტმოქმედებებს, კაცნი რომ ხშირად მხოლოდ განუსჯელობის გამო სჩადიან.

   ქალაქები სოდომ და გომორა პალესტინის ბედნიერი ცის ქვეშ, ყვე-ლაზე ნაყოფიერ დაბლობზე მდებარეობდნენ. წმ. წერილი ამ დაბლობს თავისი სიუხვით ეგვიპტეს, ბუნების ზღაპრული სიმშვენიერით კი ედემს ადარებს (დაბ. 13,10). იქაური მკვიდრნი, რაკი ამქვეყნიური სიკეთენი მომეტებული ჰქონდათ, ნაყროვანების ვნებას მიეცნენ. ჩვენ ვერ მივხვდებით, რა ხარისხს აღწევდა ეს ვნება ძველებში, რომლებსაც წარმოუდგენელი ფიზიკური ძალა და ჯანმრთელობა ჰქონდათ (იხ. ციცერონის სიტყვები მარკუს ანტონიუსის წინააღმდეგ). სოდომის უსჯულოება მდგომარეობდა ამპარტავნებაში, პურის სიჭარბესა და ღვინის სიუხვეში (შდრ. ეზეკ. 6,49). ნაყროვანებისაგან ჩვეულებრივ ჩნდება ხორციელი მდგომარეობა, მისგან კი განუყოფელია ხორციელი სიბრძნე, ანუ აზროვნების წესი კაცისა, რომელიც „ჰბაძავდა პირ-უტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ" (ფსალმ. 48,13). ამა სოფლის სიბრძნის მთავარი და არსებითი ნიშანია ამპარტავნება, ის კი თავისთავად ყველა ცოდვისა და ნაკლოვანების კარია. ამპარტავანმა არ იცის, რა არის ღმრთის თაყვანისცემა, შიში ღმრთისა, საღმრთო და სამოქალაქო კანონების დაცვა, მოყვასის, მისი მოთხოვნილებების, მისი კეთილდღეობის, თვით სიცოცხლის პატივისცემა; მისთვის უცხოა საკუთარი თავის შეცნობა, უცხოა სათნოება, იგია მტერი და მოძულე ყოველი კაცისა და საკუთარი თავისაც. ასეთი ადამიანი მზად არის ყოველგვარი უსჯულოების ჩასადენად, თითქოს რაღაცა განსაკუთრებული უფლება ჰქონდეს ამისა. ამპარტავანი არის კაცი გაქვავებული გულითა და დემონური გონებით. უკვე ვთქვით, რომ ნაყროვანებისაგან სოდომელებში ხორციელი მდგომარეობა განვითარ-და: ამ მდგომარეობის სული და გული ამპარტავნება გახდა („სული არ დამდაბლდება, თუ პური არ მოაკლდა," - თქვა პიმენ დიდმა). ბრმა ამპარტავნებისა და ამა სოფლის სიბრძნის შეერთებით იშვა მათი პირმშო - გაუმაძღარი, აულაგმავი გარყვნილება; ეს გარყვნილება ბუნებრივი ფორმებით კი არ დაკმაყოფილდა, არაბუნებრივი მოინდომა და ხარბად დაეწაფა მას: „ხოლო კაცნი სოდომთანი - ბოროტნი და ცოდვილნი ფრიად წინაშე ღმრთისა" (დაბ. 13,13). ვერავითარმა ძლიერმა წამლებმა ვერ უშველა მათ ცოდვებს: ვერც უცხოთესლთა მეფის თხუთმეტწლიანმა ბატონობამ, ვერც მათი ჯარების დამარცხებამ და უამრავი ადამიანის დატყვევებამ ვერ გამოაფხიზლა სოდომელნი, ვერ აიძულა ცოდვების მონანიება. შეუნანებელმა ცოდვილებმა, აულაგმავ ვნებებს რომ იყვნენ მიცე-მულნი, ზეციური სასჯელნი დაიტეხეს თავს: „ღაღადებაჲ სოდომისაჲ და გომორისაჲ განმრავლებულ არს და ცოდვანი მათნი დიდ არიან. გარდავიდე და ვიხილო უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა, რომელნი მოიწევიან ჩემდა, ეგრეთ აღესრულებიან."

   ღმერთი გამოეცხადა რა კაცს (პატრიარქ აბრაამს) კაცის სახით, კა-ცისავე მეტყველების წესს იყენებს, რათა აბრაამმა შეძლოს მისი სიტყვების გაგება და ეს სიტყვები მისაწვდომი და გასაგები გახდეს ყოველი ადამიანისთვის, თვით ყველაზე უბრალოსთვისაც კი. ყოვლისმცოდნე, ყოვლისმხედველი და ყოველგანმყოფი ღმერთი ამბობს: „გარდავიდე და ვიხილო" - მივიდე და ვნახო, მართლა ხდება თუ არა სოდომ და გომორაში ის დიდი უსჯულოებები, მე რომ მესმის. ამ სიტყვებში იგულისხმება: „არ მჯერა ხმების, მინდა საკუთარი თვალით დავრწმუნდე." ამავე სიტყვებშია ჩადებული დარიგება ჩვენთვის, რომ ადვილად არ ვენდოთ ცილისმწამებელს, არ ვიჩქაროთ მოყვასის განკითხვა, განსჯა და დასჯა; არ დავეშუროთ სიმკაცრესა და სისასტიკეს - ჯალათის ხელობას, ვიდრე ჩვენ თვითონ არ ვიხილავთ და არ დავრწმუნდებით იმის სისწორეში, რაშიც კაცს ადანაშაულებენ.

  უგუნურ, ქარაფშუტა, უძლურ სულს სჩვევია ადვილად მიენდოს ცილისმწამებელთა სიტყვებს, განურისხდეს მას, ვისაც ბრალი დასდეს, შურისძიება ჩაიდოს გულში ისე, რომ არ გამოიძიოს, სამართლიანად შეასმინეს თუ არა კაცი. ხშირად ხდება, რომ ბოროტის გესლი სათავეს უდებს მითქმა-მოთქმას, ზერელე კაცთა მიამიტობა კი ხელს უწყობს მის გავრცელებას. ამგვარი უკეთური ზოგჯერ ტყუილს იგონებს და გულუბრყვილოებს გადასცემს დასათესად, ზოგჯერ კი ვინმეს უბრალო შეცდომას, უმნიშვნელო მარცხს ათას ტყუილსა და მართალს დაურთავს და საშინელ შეცოდებად აქცევს, თანაც ამ გამონაგონს გესლიანი დაცინვითა და ბოროტი ვარაუდებით აზავებს. ამგვარად, სათნოება კაცთა წინაშე ცოდვად წარმოსდგება, ბეწვის-ოდენა ნაკლი კი - დირედ. ბოროტება ასე უფრო ხშირად საკუთარი თავის შესანიღბად იქცევა: მოყვასის საქციელს იგი შავ სამოსელში ხვევს, ფარისევლურ აღშფოთებას გამოთქვამს და განიკითხავს მას, რათა საკუთარი თავი რაც შეიძლება უკეთესად წარმოაჩინოს. საჭიროა სიფრთხილე, ყურადღება და ღმერთისაგან ნამცნები განჯის უნარი, რათა ტყუილი სიმართლედ არ მივიჩნიოთ, არარსებული სინამდვილე არ გვეგონოს, უმნიშვნელო შეცდომა მნიშვნელოვნად არ გამოვაცხა-დოთ და მისატევებელი - მიუტევებლად.

   ცილისწამება ჩვენ თვითონ უნდა შევამოწმოთ, ღმერთი ამას თავისი ღმრთეებრივი მაგალითით გვასწავლის: „ღაღადებაჲ სოდომისაჲ და გომორისაჲ განმრავლებულ არს და ცოდვანი მათნი დიდ არიან. გარდავიდე და ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა, რომელნი მოიწევიან ჩემდა, ეგრეთ აღესრულებიან." ღმერთმა, როგორც ყოვ-ლისმხედველმა, კარგად იცოდა სოდომ - გომორელთა ცოდვები, მაგრამ შეზღუდულ კაცთათვის ჩვეული მოქმედება აიღო თავის თავზე, რათა ჩვენი შეზღუდულობის შესაბამისად ვიქცეოდეთ და არ მივითვისოთ უსაზღვრო არსების მოქმედება, რომლის სმენა და ხედვა შეუძლებელია ცდებოდეს. ესმა რა სოდომის გმინვა, ღმერთმა მაშინვე კი არ მოუვლინა სასჯელი მცოდველებს, არამედ ჯერ გამოიძია საქმე, თუმცა ყოველგვარი გამოძიების გარეშეც კარგად იცოდა ვითარება. განსჯის - სწორი და ჭეშმარიტი კეთილი მოქმედების ერთადერთი საფუძვლის - დავიწყება ყოველთვის უდიდეს ბოროტმოქმედებათა მიზეზი ხდებოდა. ამაოებას აყოლილი, ღმრთისმოშიშების, მოყვასის სიყვარულის უარმყოფელი ადამიანები ხშირად ვარდებიან ამ ცოდვაში. ისინი ვერც კი ამჩნევენ, რომ მათი ქცევა ყალბია, იმიტომ რომ ყალბია თვით სათავე ამ ქცევისა. მეტიც, მათ არც ის იციან, რომ ეს სათავე ყალბია, რამეთუ არ იციან და არც სურთ, რომ იცოდნენ საღმრთო სჯული. ამნაირად, ისე სჩადიან უსჯულოებას, როგორც სიმართლეს, ბოროტებას აკეთებენ და ჰგონიათ, დიდ სიკეთეს ან, ყოველ შემთხვევაში, სამართლიან საქმეს მაინც აღასრულებენ. „გზანი უგუნურთანი მართლიად ჩანედ წინაშე მათსა" (იგ. 12,15), ამბობს წმ. წერილი.

   ასეთი საქციელის მაგალითია ფარაონის კარისკაცის, პეტეფრეს მოქ-მედება უმანკო და კეთილშობილი იოსების მიმართ. პეტეფრეს ცოლს შეუყვარდა იოსები და, რაკი საწადელს ვერ მიაღწია, ცილი დასწამა თავისი ქმრის წინაშე. პეტეფრემ, ისე რომ საქმე არ გამოუძიებია, იოსები საპყრობილეში ჩააგდო. თავისი საქციელი ამ ადამიანს იმდენად სწორი და სამართლიანი ეჩვენებოდა (ვინაიდან მიჩვეული იყო განუსჯელად მოქმედებას), რომ აზრადაც არ მოსვლია მისი შემოწმება მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც იოსები ციხეში იჯდა - ციხიდან იგი ღმერთის განგებით გათავისუფლდა. თუმცა რა გასაკვირია, რომ ჭეშმარიტი ღმერთის უმეცარი წარმართი ასეთ ცოდვაში ჩავარდნილიყო: ეს წმიდა კაცებსაც კი ემართებოდათ, როდესაც ივიწყებდნენ, რომ დამნაშავეთა განკითხვასა და დასჯას წინ განსჯა უნდა უძღოდეს. ეს დაავიწყდა მოციქულთა სწორ იმპერატორ კონსტანტინესაც, რომელმაც სიკვდილით დასაჯა თავისი კეთილშო-ბილი, ყველასათვის საყვარელი ძე - კრისპოსი. კრისპოსს დედი-ნაცვალმა იმავე მიზეზით დასწამა ცილი, რომლითაც იოსებს - ეგვიპტელმა ქალმა. ამის შემდეგ სიმართლე გამომჟღავნდა, მეფე ღრმა მწუხარებას მიეცა, ტირილი და გლოვა დაიწყო, შეინანა თავისი დაუფიქრებელი საქციელი და მოვალედ მიიჩნია თავი, რაკი უდანაშაულო მოკლა, ახლა დამნაშავე დაესაჯა. ფავსტა მოაკვდინეს. ამგვარად, უკვე ორი მკვლელობა მოხდა: ერთი უსამართლო, მეორე - სამართლიანი, ორივეს მიზეზი კი ღმერთისაგან ნამცნები განსჯის დავიწყება და ნაჩქარევი, წინდაუხედავი მოქმედება იყო.

   წმ. იოანე მოწყალის, ალექსანდრიის პატრიარქის ცხოვრებაში ჭკუის-სასწავლებელ და თანაც საშინელ ამბავს ვკითხულობთ: ალექსან-დრიაში ერთი ბერი ჩავიდა, რომელსაც თან მშვენიერი ახალგაზრდა ქალი ახლდა. ამის დანახვაზე ბევრი დაბრკოლდა: იფიქრეს, ცოდვილ ცხოვრებას ეწევიანო, და ეს ამბავი პატრიარქს მოახსენეს. პატრიარქმა დაუყოვნებლივ ბრძანა ორივე შეეპყროთ, სასტიკად ეცემათ და სატუსაღოში ჩაეყარათ. ღამე პატრიარქს სიზმრად ეს ბერი გამო-ეცხადა, უმოწყალოდ ნაგვემი ზურგი უჩვენა და ჰკითხა. „მოგწონს, მეუფეო? ასე გასწავლა მოციქულმა ქრისტეს სამწყსოს გაძღოლა? „ნუ იძულებით, არამედ ნებსით, ნუცა საძაგელისა შეძინებით, არამედ გულს-მოდგინედ" (1პეტრე, 5,2). მერწმუნე, შენ შეცდი როგორც კაცი." ეს უთხრა ბერმა და გაეცალა. პატრიარქს გაეღვიძა, მიხვდა, რომ შეცდა და ღრმა სინანულმა შეიპყრო თავისი განუსჯელი, ნაჩქარევი საქციელის გამო. გათენდა თუ არა, ბრძანა, მოეყვანათ ბერი, რათა ენახა, მართლა ის გამოეცხადა ძილში თუ არა. ბერი ძლივსძლივობით ეახლა, რადგან მძიმე წყლულებისაგან სიარული უჭირდა. მის დანახვაზე პატრიარქს მკვდრის ფერი დაედო და სიტყვის თქმაც ვერ შესძლო. როდესაც გონს მოვიდა, სთხოვა ბერს, ტანთ გაეხადა - სურდა დარწმუნებულიყო, მართლა ჰქონდა თუ არა მას ის წყლულები, სიზმრად რომ ნახა. ბერმა გაიხადა და აღმოჩნდა, რომ იგი საჭურისი იყო, მაგრამ ამას ვერავინ მიხვდა მისი სიყმაწვილის გამო. ბერის ნაგვემი სხეული რომ ნახა, პატრიარქი ძალიან დამწუხრდა, მოიხმო მისი შემასმენელნი და სამი წლით განაყენა ეკლესიისგან. მერე კი პატიება სთხოვა ბერს და უთხრა: „შემინდე, ძმაო, არ ვიცოდი, რას ვიქმოდი, ვსცოდე ღმერთისა და შენს წინაშე. მაგრამ არც შენ უნდა გევლო ასე აშკარად ქალთან ერთად - შენ ხომ ბერი ხარ!" მაშინ ბერმა დიდი სიმდაბლით მიუგო: „მერწმუნე, მეუფეო, სრულ სიმართლეს გეტყვი. ამ ცოტა ხნის წინ ღაზაში ვიყავი. საღამოხანს წმ. მოწამეთა -კიროსისა და იოანეს საფლავების თაყვანისსაცემად რომ მივდიოდი ეს ქალწული შემხვდა. მუხლებში ჩამივარდა და ტირილით მევე-დრებოდა, ნება მომეცი, თან წამოგყვეო. უარი ვუთხარი და გაცლა დავაპირე, მაგრამ რაკი უკან მომდევდა და მომძახოდა: „გაფიცებ აბრაამის ღმერთს, რომელიც მოვიდა ცოდვლითა ცხონებისათვის და რომელიც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს, არ მიმატოვო!" როდესაც ვკითხე, რატომ მაფიცებ-მეთქი ასე, მწარედ ატირდა და მიპასუხა: „მე ებრაელი ვარ, მაგრამ მინდა წინაპართა ბოროტი სარწმუნოება დავაგდო და ქრისტიანი გავხდე. გაფიცებ, მამაო, ნუ მიმატოვებ, არამედ აცხოვნე ჩემი სული, რომელსაც სურს, იწამოს ქრისტე." ეს რომ გავიგონე, შემეშინდა ღმერთის სასჯელისა, თან წამოვიყვანე და წმ. სარწმუნოების სწავლება დავუწყე. ერთად ვილოცეთ წმ. მოწამეთა საფლავებთან, ეკლესიაში მოვნათლე და ახლა დედათა მონასტერში მიმყავს."

   როდესაც ბერის მონაყოლი მოისმინა, პატრიარქმა ამოიოხრა და თქვა: „რამდენი ფარული მონა ჰყავს უფალს! ჩვენ კი გლახაკნი, მათ არც კი ვიცნობთ!" მერე აიღო ასი ოქრო და სურდა ბერისთვის მიეცა, მაგრამ მან არ გამოართვა ფული და უთხრა: „თუკი ბერს სწამს, რომ უფალი ზრუნავს მისთვის, არავითარი ოქრო არ სჭირდება, ხოლო თუ ოქრო უყვარს, მაშინ მას ღმერთი არა სწამს." ესა თქვა ბერმა, თავი დაუკრა მეუფეს და გავიდა. ამ მწარე გამოცდილების შემდეგ პატრიარქი მუდამ ერიდებოდა მოყვასის ნაჩქარევ განკითხვას და თავის მოწაფეებსაც იმავეს ჩააგონებდა. (გაგრძელება...)

  

 

 

წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი) 

წიგნიდან „კრებული" 

 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება