მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებელი ქრისტიანი ხშირად უნდა ეზიარებოდეს იესო ქრისტეს ხორცსა და სისხლს - წმიდა იოანე ოქროპირი

მართლმადიდებელი ქრისტიანი ხშირად უნდა ეზიარებოდეს იესო ქრისტეს ხორცსა და სისხლს - წმიდა იოანე ოქროპირი


31-03-2016, 15:59

მართლმადიდებელი ქრისტიანი ხშირად უნდა ეზიარებოდეს იესო ქრისტეს ხორცსა და სისხლს - წმიდა იოანე ოქროპირი

 

  „მე ვხედავ, - ამბობს იოანე ოქროპირი, რომ ქრისტეს ხორცსა და სისხლს ბევრი მორწმუნე ისე, სხვათაშორის ეზიარება, როგორც მოუხერხდებათ: უფრო მეტად წეს-ჩვეულებისა და კანონის გამო, ვიდრე გონივრული განსჯის საფუძველზე, რამეთუ დადგება თუ არა დიდმარხვა, ყველანი - ღირსეულებიც და უღირსებიც - მოდიან და ეზიარებიან. ასევე იქცევიან ისინი ღმრთის განცხადების დღესაც, თუგინდ ჯერ ზიარების უფლება არ ჰქონდეთ.

   მაგრამ არც ღმრთის განცხადება, არც დიდმარხვა ზიარების ღირსად არ ხდის ადამიანებს; ზიარების ღირსად მათ ხდის სიწმინდე და სიწრფელე სულისა. თუ სულის სიწმინდე გაქვს, შეგიძლია ყო-ველთვის ეზიარო (როცა ლიტურღიას ესწრები), ხოლო ამის გარეშე კი - არასოდეს, რამეთუ ამბობს (პავლე): „რავდენ გზისცა ამას ჰყოფდეთ, სიკვდილსა უფლისასა მიუთხრობდით" (I კორ. 11, 26); ანუ: მოიხსენებდეთ თქვენს საკუთარ გამოხსნასა და იმ წყალობას, რომელიც ღმერთმა თქვენზე გარდამოავლინა.

   დაფიქრდი, რამხელა გულმოდგინება ჰქონდათ იმათ, ვინც ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვიდან ჭამდა. რას აღარ აკეთებდნენ ისინი! რა ღონეს აღარ ხმარობდნენ! განუწყვეტლივ განიწმინდავდნენ თავს. შენ კი იმ მსხვერპლს მიეახლები, რომლის წინაშე ანგელოზებიც კი ძრწიან, და მხოლოდ შიგადაშიგ განწმენდას სჯერდები. როგორღა აპირებ ქრისტეს სამსჯავროზე წარდგომას, თუკი იმდენად გაკად-ნიერებულხარ, რომ შეგინებული ხელებითა და ბაგეებით მიიღებ წმინდა საიდუმლოს?

   ვხედავ, რომ ამ მხრივაც დიდი არეულობა სუფევს; რამეთუ სხვა დროს თქვენ არ ეზიარებით, თუმცა კი ხშირად განწმენდილებიც ხართ; ხოლო დადგება თუ არ პასექის დღესასწაული, თუნდაც რაიმე ბოროტება გქონდეთ ჩადენილი, მაინც კადნიერდებით, რომ ეზია-როთ. ჰოი, უხეირო ზნე-ჩვეულება! ჰოი, ბოროტი ცრურწმენა!

   ამაოდ აღესრულება ყოველდღიურად ლიტურღია, ამაოდ ვდგავართ საკურთხეველში - საზიარებლად არავინ მოდის. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ისე, სხვათაშორის ეზიაროთ, როგორც მოგიხერხდებათ, არამედ ზიარების ღირსად ჰყოთ საკუთარი თავი.

   ჰოი კაცო! არა ხარ ზიარების ღირსი? მაშინ არც იმის ღირსი ხარ, რომ ლიტურღიის ლოცვებს უსმენდე. გესმის დიაკონის ხმა? იგი დგას და ღაღადებს: „თქვენ, ვინც მონანულთა რიცხვს ეკუთვნით, ევედრეთ ღმერთს, რათა შეგინდოთ", ის ვინც არ ეზიარება, ჯერ კიდევ მონანულთა რიცხვს ეკუთვნის. მაშ ასე, რაღას დგახარ? თუ მონანულთა რიცხვში ხარ, მაშინ ცხადია, შენი ზიარება არ შეიძლება; ხოლო ვინც არ ეზიარება, ის მონანულთა რიცხვშია. ვისთვის ხმობს დიაკონი: „ვისაც ლოცვა არ შეგიძლიათ, განვედით!" შენ კი თა-ვხედურად დგახარ! თუ მონანულთა რიცხვს არ ეკუთვნი, არამედ იმათ რიცხვში ხარ, ვისაც ზიარების უფლება აქვს, მაშინ რატომ არ ზრუნავ იმისთვის, რომ ეზიარო? ან იქნებ ღვთის დიდ წყალობად არ მიიჩნევ ზიარებას, არაფრად აგდებ მას?

   დაფიქრდი გევედრები! აქ სამეუფეო ტრაპეზია, ანგელოზები მსახ-ურებენ ამ ტრაპეზს. თვითონ მეფეც აქ იმყოფება, შენ კი დოყ-ლაპიასავით დგახარ! შენი სულის შესამოსელი ჭუჭყიანია, ნუთუ არ გაწუხებს ეს? მაგრამ იქნებ სუფთაა? თუ ასეა, მაშინ დაჯექი და მიირთვი ამ ტრაპეზიდან. ყოველი ლიტურღიის დროს ქრისტე მოდის და ნახულობს, ვინ ზის ტრაპეზზე; ყველას ესაუბრება და ყველას თავ-თავისი სინდისის მიხედვით ეკითხება: „მეგობარო, როგორ დგახარ აქ, (ეკლესიაში) საქორწინო შესამოსელის გარეშე" განა ამას ეკითხება?: „რატომ დაჯექი ტრაპეზზე?" არა, სანამ დაჯდებოდეს, მანამდე ეუბნება, რომ აქ შემოსვლის ღირსიც კი არ არის. მას ხომ არ უთქვამს: „რატომ დაჯექი?" არამედ: „როგორ შემოხვედი?"

   და აი ახლაც ამასვე გვეკითხება ქრისტე ყველას, ვინც თავხედურად და უსირცხვილოდ ვდგავართ ტაძარში. რამეთუ ის, ვინც წმინდა საიდუმლოს არ ეზიარება, სწორედ რომ უსირცხვილოდ და თა-ვხედურად დგას. ამიტომაც (დიაკვნები) პირველ რიგში ცოდვაში მყოფ ქრისტიანებს უშვებენ გარეთ.

   როდესაც ტრაპეზზე ბატონი შემოდის, იქ მას არ უნდა დახვდნენ ის მონები, რომელთაც რაიმე დანაშაული ჩაიდინეს. ისინი უნდა გაიქცნენ და დაემალონ ბატონის მზერას. უეჭველია, იგივე უნდა მოხდეს აქაც - როცა ლიტურღია აღესრულება და სამეუფეო ტარიგი, კრავი მსხვერპლად შეიწირვის.

   როცა გაიგებ ხმას: „ერთობით ყველამ ვილოცოთ", და დაინახავ, რომ იღება საკურთხევლის კარი, მაშინ უწყოდე, რომ იხსნება ზეცა და იქიდან ანგელოზები გადმოდიან. ამ დროს კი როგორც მოუნათლავი აღარავინ უნდა დარჩეს ტაძარში, ასევე აღარავინ უნდა დარჩეს არაწმინდა და მწიკვლევანი.

   მითხარი, ვინმე რომ ტრაპეზზე ყოფილიყო მიწვეული, მისულიყო იქ, დაებანა ხელები, სუფრას მისჯდომოდა და საჭმელად გამ-ზადებულიყო, მაგრამ მერე პირი აღარაფრისათვის დაეკარებინა, ნუთუ ამით არ გაანაწყენებდა იმას, ვინც იგი ტრაპეზზე მიიწვია? განა უმჯობესი არ იქნებოდა, საერთოდ არ მისულიყო? ასევე შენც: მოხვედი ტრაპეზზე, იგალობე სხვებთან ერთად, აღიარე, რომ ღირსეული ხარ (რაკი უღირსებთან ერთად არ გახვედი), ამის შემდეგ კი, მითხარი, როგორღა შეგიძლია იდგე წირვაზე და ამ ტრაპეზისგან არ ეზიარო?

   შენ ამბობ: „ღირსი არა ვარ", მაშინ არც იმის ღირსი ხარ, რომ ლოც-ვაში მონაწილეობდე, რადგან სული წმიდა მარტო წინადაგებულზე კი არ გადმოდის, არამედ ამ საგალობლებზეც. ნუთუ არ გინახავს მონები, არ შეგიმჩნევია, როგორ ასუფთავებენ ისინი თავდაპირველად სატრაპეზოს, ალაგებენ სახლს და მხოლოდ ამის შემდეგ მიართმევენ სადილს თავიანთ ბატონს. ეს ჩვენთან ლოცვებისა და დიაკვნის ასამაღლებლების საშუალებით ხდება. ჩვენ თითქოსდა ღრუბლით ვრეცხავთ ეკლესიას, რამეთუ იგი სრულიად სუფთა უნდა იყოს საიდუმლოს მორთმევის დროს, არ უნდა იპოვებოდეს მასში არავითარი ბიწი, არავითარი მანკიერება. უწმიდური თვალი არ არის ღირსი, უყურებდეს ამ სანახაობას; შეგინებული ყური - ისმენდეს ამ საგალობლებს, რამეთუ ამას გვიბრძანებს სჯული: თუნდაც პირუტყვი რომ მიახლოებოდა სინას მთას, იგი მაშინვე ქვებით უნდა ჩაექოლათ. მთის ძირში ყოფნის ღირსიც კი არავინ იყო კაცთაგან. თუმცა შემდეგში მიუახლოვდნენ და ეხილათ შემდეგში, ხოლო როცა იქ ღმერთი იმყოფებოდა უნდა გაშორებოდნენ იმ ადგილს.

   ასევე შენც, ქრისტიანო, თუ იმის ღირსი არა ხარ რომ ლიტურღიის დასასრულს ტრაპეზს მიუახლოვდე და ღმერთი იხილო, მაშინ კათაკმევლებთან ერთად გაეცალე აქაურობას, ვინაიდან - აგრძელებს ოქროპირი,  - „შენ არაფრით ხარ მათზე აღმატებული. ერთი და იგივე ხომ არ არის: არასდროს არ ეზიარო (როცა მოუნათლავი ხარ) და (როცა მონათლული ხარ) მას შემდეგ, რაც ეზიარები, აღმოჩნდეს, რომ შეგიცოდავს და არ ყოფილხარ ზიარების ღირსი?



წმიდა იოანე ოქროპირი 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება