მთავარი > კალენდარი, წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > 14 აპრილი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსი მარიამ მეგჳიპტელისა
14 აპრილი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსი მარიამ მეგჳიპტელისა14-04-2023, 07:29 |
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, კესარიის მახლობლად, ცხოვრობდა ღირსი ზოსიმე. სიყრმიდან მონასტერში გაზრდილი ბერი სავანეში ორმოცდაცამეტ წლამდე მოღვაწეობდა. შემდეგ მან დატოვა თავისი სამყოფელი და იორდანეს მონასტერში მივიდა. აქ მან ნახა საოცარ ღვაწლში მყოფი უდიდესი ასკეტი მამები და მათთან დარჩა სამოღვაწეოდ. მონასტერში არსებულ ტრადიციის მიხედვით, დიდმარხვის პირველ კვირიაკეს საღმრთო ლიტურღიაზე ყველანი ეზიარებოდნენ, ერთმანეთს შენდობას სთხოვდნენ, იღუმენისაგან კურთხევას იღებდნენ და უდაბნოში გადიოდნენ. ბერები ბზობის დღესასწაულზე ბრუნდებოდნენ მონასტერში. ერთხელ, როცა უდაბნოში გატარებული ოცი დღის შემდეგ ღირსი ზოსიმე მეექვსე ჟამნის ფსალმუნებსა და ლოცვებს გალობდა, მოეჩვენა, რომ მარჯვნივ ადამიანის აჩრდილი გაკრთა, შემდეგ კი დაინახა უდაბნოში მიმავალი შიშველი ადამიანი, რომელსაც მზისგან სხეული გაშავებოდა და მოკლე, გახუნებული თმები მატყლივით გათეთრებოდა. როგორც კი შიშიველმა მეუდაბნოემ მისკენ მიმავალი ზოსიმე დაინახა, სირბილით სცადა, განრიდებოდა ღირს მამას. ზოსიმემაც უძლურება და დაღლილობა დაივიწყა და დაედევნა, უნდოდა ახლოს ენახა საოცარი განდეგილი. ბოლოს, ღონემიხდილი, დამშრალ წყაროსთან გაჩერდა და ცრემლებით შეევედრა მეუდაბნოეს: "რად გაურბიხარ უდაბნოში საცხოვრებლად მოსულ ცოდვილ ბერს? დამელოდე უძლურს და უღირსს, დამლოცე და მაკურთხე". უცნობმა უკანმიუხედავად დაუძახა: "მომიტევე, მამაო ზოსიმე, არ ძალმიძს მოგიახლოვდე, მე ქალი ვარ და არა მაქვს სამოსელი, რათა ხორციელი სიშიშვლე დავიფარო. თუ გსურს ილოცე უდიდესი ცოდვილისათვის, მიბოძე შენი სამოსელი, რომ შევძლო მოგიახლოვდე, კურთხევა გთხოვო". "სიწმინდისა და ფიცხელი ღვაწლის გამო უფალს სულიერი ჭვრეტის მადლით დაუჯილდოებია, ალბათ ამიტომ იცის ჩემი სახელი", - გაიფიქრა აბბა ზოსიმემ და ანაფორა მიაწოდა. მეუდაბნოემ ხელები ზეცისკენ აღაპყრო და ილოცა. ბერმა დაინახა, რომ ლოცვისას დედა ჰაერში ამაღლდა. სასწაულებრივი ხილვით შეძრწუნებული ზოსიმე პირქვე დაემხო. ზოსიმეს გონებაში გაკრთა ფიქრი: "ბოროტი ხომ არ მაცდუნებს?" მაშინ ღირსმა დედამ უთხრა: "რატომ შეცბუნდი, მამაო, მე მოჩვენება კი არა, ერთი ცოდვილი, უღირსი დედაკაცი ვარ", - და პირჯვარი გადაისახა. ცრემლმორეული ზოსიმე ფერხთით ჩაუვარდა მეუდაბნოეს: "გევედრები, ღვთის გულისათვის, არ დამიმალო შენი ამბავი, მაუწყე, რათა სხვებისთვისაც ნათელი გახდეს ღვთის განგებულების სიდიადე. უფალმა იმისათვის გამომგზავნა უდაბნოში, რათა გაცხადდეს დაფარული". მეუდაბნოემ უთხრა: "მიმძიმს, მამაო, გაუწყო ჩემი უსირცხვილო საქმეები, რადგან განმერიდები, როგორც ასპიტს. მაგრამ მაინც მოგითხრობ ყოველივეს, შენ კი ლოცვა ჰყავ ჩემ ცოდვილისთვის. ეგვიპტეში დავიბადე და მშობლების სიცოცხლეშივე, თორმეტი წლისა, ალექსანდრიაში გავიქეცი. აქ დავემონე დაუოკებელ, გაუმაძღარ ვნებას სიძვისას. ჩვიდმეტი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი ცოდვებში და ამ უღირს საქმეს ვიქმოდი უფასოდ. ფულზე იმიტომ კი არ ვამბობდი უარს, რომ მდიდარი ვიყავი, არა, სარჩო არ მქონდა, სიღატაკეში ვცხოვრობდი, ქსოვით ვირჩენდი თავს, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ცხოვრების არსი მხოლოდ ხორციელი ვნების დაკმაყოფილება იყო. ერთხელ დავინახე უამრავი ხალხი, რომლებიც ლიბიიდან და ეგვიპტიდან იერუსალიმს მიემგზავრებოდა წმიდა ჯვართამაღლების დღესასწაულზე. მეც მომინდა მათთან ერთად წასვლა, მაგრამ დღესასწაულზე დასასწრებად კი არა მამაო, ვიფიქრე, ალბათ იქ მეტ ადამიანს ვნახავმეთქი ცოდვით დაცემისათვის. მიკვირს, როგორ აიტანა ზღვამ ჩემი მრუშობა და ავხორცობა, როგორ არ ჩამიტანა მიწამ ჯოჯოხეთში, როგორ მაპატია ამდენი სულის ცდუნება და დაღუპვა, მაგრამ ჩანს, უფალს ჩემი სინანული უნდოდა და მოთმინებით ელოდებოდა ჩემს მოქცევას. წავედი იერუსალიმში და დღესასწაულებამდე ბილწ საქმეებს ვიქმოდი. ჯვართამაღლებას მე, ჩვეულებრივ, ნორჩ სულთა წარსაწყმედად გამოვედი. ყველა ადრიანად წასულიყო ტაძარში, სადაც ცხოველმყოფელი ჯვარი იყო დასვენებული. მეც იქით გავემართე და ეკლესიის კარიბჭესთან გავჩერდი. როდესაც წმიდა ჯვრის ამაღლების ჟამი დადგა, ტაძარში შესვლა მოვინდომე, მაგრამ ღვთის უხილავმა ძალამ გამაჩერა და კარებიდან უკუმაქცია. სხვები დაუბრკოლებლივ შედიოდნენ კარიბჭეში. კვლავ შევეცადე შიგნით შემეღწია, მაგრამ - უშედეგოდ, რაღაც ძალა ისევ უკან მაგდებდა, ასე განმეორდა რამდენჯერმე, ბოლო ძალა გამომელია, კარებს მოვშორდი და გავჩერდი. უცებ ვიგრძენი, რომ ტაძარში ჩემი ცოდვების გამო ვერ შევდიოდი. გული ღვთის მადლით ამევსო და ავტირდი. ჩემს წინ ღვთისმშობლის ხატი შევნიშნე და ლოცვით მივმართე: "ყოვლადწმიდაო ქალწულო, მშობელო სიტყვისა ღვთისაო, ვუწყი, რამეთუ უღირს ვარ ხილვად ხატისა შენისა; განგდებულ ვიქმენ შენი სიწმიდისაგან, მაგრამ განა ცოდვილთა სინანულად არ შეისხა ხორცი ღმერთმან ჩვენმან?! შემეწიე, ყოვლადწმიდაო, მომეც უფლება ტაძარში შესვლისა და იმ ჯვრის ხილვისა, რომელზეც ჯვარცმულიქნა უფალი, მოსატევებლად ცოდვათა ჩვენთა თვისი უცოდველი სისხლის დამთხეველი. მომეც ნება, თაყვანივსცე წმიდა ჯვარს, მეოხ მეყავ წინაშე შობილისა შენისა. ამიერიდან აღარ შეურაცხვყოფ ჩემს სხეულს ხორციელ ვნებათაგან, ვიხილავ რა ყოვლადწმიდა ჯვარს ძისა შენისა, გავალ ამ სოფლიდან და წავალ, საითკენაც მომიწოდებ". ლოცვის დამთავრებისთანავე ვიგრძენი, რომ ჩემი ლოცვა შესმენილ იქნა. ღვთისმშობლის მოწყალებას მინდობილი კვლავ გავემართე, დაუბრკოლებლად შევედი ტაძარში და უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის ხილვის ღირსი შევიქენი. ასე დავრწმუნდი ღვთის განგებულებასა და სახიერებაში. ქედი მოვიდრიკე, ვეამბორე სიწმინდეებს და მსწრაფლ გამოვედი ტაძრიდან. კვლავ დავიჩოქე ღვთისმშობლის ხატის წინ და ლოცვა აღვავლინე. უცებ შორიდან შემომესმა ხმა: "თუ იორდანეს გადალახავ, ნეტარი აღსასრული მოგელის". ვირწმუნე, რომ ეს ჩემს გასაგონად იყო ნათქვამი და ცრემლით შევევედრე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს: "მოწყალეო დედაო, ნუ დამიტევებ მე, არამედ შემეწიე". ტაძრის ეზოდან გამოსულს, ვიღაცამ სამი სპილენძის მონეტა მომცა. ამ ფულით სამი პური ვიყიდე და იორდანეს გზა გავიგე. მზის ჩასვლისას იორდანეს ნაპირას მდებარე წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას მივაღწიე. ტაძარში ლოცვის შემდეგ წმიდა მდინარის წყლით ხელპირი დავიბანე, ერთი პურის ნახევარი შევჭამე, წმიდა წყალი მივიღე და მიწაზე მივწექი დასაძინებლად. დილით პატარა ნავი ვიპოვე, იორდანეს მეორე ნაპირზე გადავედი და კვლავ ღვთისმშობელს შევთხოვე წინამძღვრობა. ასე მოვედი უდაბნოში". აბბა ზოსიმემ მეუდაბნოეს ჰკითხა: "რამდენი წელია, დედაო, რაც უდაბნოში ცხოვრობ?" - ალბათ ორმოცდაშვიდი წელი გავიდა, რაც წმიდა ქალაქიდან წამოვედი". ზოსიმემ კვლავ ჰკითხა: "რას ჭამ, რას პოულობ ამ უდაბნოში?" - "როცა იორდანე გადმოვლახე, ორნახევარი პური მქონდა. თანდათანობით უდაბნოს მცხუნვარებამ იგი გამოაშრო და გააქვავა. ასე რომ, მცირედს ვღებულობდი და მრავალი წლის მანძილზე მეყო". - "მერწმუნე აბბა ზოსიმე, - განაგრძო ღირსმა დედამ, - ჩვიდმეტი წელი ისე ვებრძოდი ბოროტ ფიქრებს, როგორც ცოფიან ნადირებს... მახსენდებოდა ხორცი და თევზი, რომელსაც ეგვიპტეში მივეჩვიე. ღვინოც მენატრებოდა: მე ხომ ძალზე ბევრს ვსვამდი, აქ კი ხშირად მწირი საჭმელ-სასმელიც არ მქონდა და წყურვილისა და შიმშილისაგან ვიტანჯებოდი. უფრო დიდი უბედურების გადატანაც მიხდებოდა: ხანდახან ავხორცული სიმღერის ჟინი მომივლიდა, თითქოს ჩამესმოდა კიდეც, გულს და სმენას მიფორიაქებდა. მაშინ ცრემლებით ვიგონებდი ღვთისმშობლისთვის მოცემულ აღთქმას და მხურვალედ ვლოცულობდი. როცა ჩემი ლოცვა სათნოეყოფოდა უფალს, ვხედავდი ბრწყინვალე ნათელს, ქარიშხლის ნაცვლად კი მყუდროება ისადგურებდა. როგორ აღვიარო, მამაო, წინაშე შენსა ავხორცული ფიქრები ჩემი? უცებ სიძვის ცეცხლი მომედებოდა გულზე, ყოველივეს მუსრავდა ჩემში და ვნებას მიღვიძებდა. მაშინ პირქვე დავემხობოდი. ასე დამხობილი ვიყავი, სანამ მოვიდოდა სინანული და არ გამოჩნდებოდა ბოროტი ფიქრებისა და ზრახვების განმაბნეველი ნათელი. ასე ვცხოვრობდი პირველი ჩვიდმეტი წელი: ბნელი - ბნელზე, უბ-ედურება უბედურებაზე მემატებოდა, მაგრამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხება მიფარავდა მარადის". აბბა ზოსიმემ კვლავ ჰკითხა: "ნუთუ არც საჭმელი დაგჭირდა, არც - სამოსელი?" მეუდაბნოემ უპასუხა: ჩვიდმეტ წელიწადში პური დამიმთავრდა, ამის შემდეგ ფესვებით და ბალახებით ვიკვებებოდი. კაბა შემომეძარცვა, დიდხანს ვიტანჯებოდი ზაფხულის პაპანაქებასა და ზამთრის სიცივეში. რამდენჯერ მკვდარივით დავცემულვარ მიწაზე, რამდენჯერ მიბრძოლია ცდუნებასთან, უბედურებასთან, განსაცდელთან, იმ დღემდე ღვთის ძალა უხილავად იცავდა და იცავს ჩემს ცოდვილ სულსა და ხორცს. საუბრის დროს ღირს დედას ხშირად მოჰყავდა ადგილები საღმრთო წერილიდან, რამაც აბბა ზოსიმე გააკვირვა და ჰკითხა: "სად ისწავლე, დედაო, წმიდა წერილი?" მეუდაბნოემ გაიღიმა და უპასუხა: "მერწმუნე, რაც იორდანე გადმოვლახე, სულიერი არ მინახავს, წერა-კითხვაც არ ვიცი, საეკლესიო გალობაც არსად მომისმენია, მხოლოდ სიტყვა ღვთისა, ცხოველი და შემოქმედი, ასწავლის ადამიანს ყოველივეს (კოლ. 3,16; პტ. 1,21; თეს. 2,13). მთელი ცხოვრება აღვიარე შენს წინაშე, მამაო, გევედრები, ილოცე ჩემ ცოდვილისთვის! კიდევ ერთს შეგთხოვ, აბბა, ნურავის მოუყვები ჩემს ამბავს, სანამ უფალი არ მიმიხმობს. აღმისრულე, რასაც გეტყვი. მომავალ წელს, დიდმარხვას, უდაბნოში ნუ წახვალ, როგორც ამას მონაზვნური წესი გავალებს". კვლავ გაუკვირდა ღირს ზოსიმეს, საიდან იცისო მონასტრის წესი? მეუდაბნოემ გააგრძელა: "მამაო, მონასტერში დარჩი, თუმცა, რომც გინდოდეს, მაინც ვერ გახვალ. დიდ ხუთშაბათს, საიდუმლო სერობის ხსენების დღეს, მაცხოვრის ცხოველმყოფელი ხორცი და სისხლი მომიტანე იორდანეს ნაპირზე, რათა ვეზიარო. ახლა ჩემს შესახებ ნურავის მოუთხრობ, უფალი თვითონ გიჩვენებს დროს". მეუდაბნოემ ილოცა და უდაბნოს სიღრმეში გაუჩინარდა. მამა ზოსიმემ მთელი წელი მდუმარებაში გაატარა და უფალს ევედრებოდა, კიდევ ერთხელ შეეხვედრებინა წმიდა მოღვაწესთან. როცა კვლავ დადგა წმიდა დიდმარხვის პირველი შვიდეული, ღირსი ზოსიმე ავადმყოფობის გამო მონასტერში დარჩა. რამდენიმე დღის შემდეგ ის განიკურნა, მაგრამ ვნების კვირიაკემდე მონასტრიდან არ გასულა. მოახლოვდა საიდუმლო სერობის ხსენების დღე. აბბა ზოსიმემ შეა-სრულა დაპირება: გვიან ღამით დატოვა მონასტერი და იორდანეს ნაპირას ჩამოჯდა მეუდაბნოის მოლოდინში. ღირსი დედა იგვიანებდა. აბბა ზოსიმე უფალს ევედრებოდა, კვლავ გაეხადა მისი ხილვის ღირსი. ბოლოს ღირსი დედაც გამოჩნდა: ის იორდანეს მეორე ნაპირს მოადგა. ზოსიმემ ღმერთს მადლობა შესწირა, მაგრამ უეცრად მის გონებაში გაკრთა ფიქრი: "როგორ გადმოვა ნავის გარეშე მდინარეზე?" მეუდაბნოემ კი ჯვარი გადასახა იორდანეს და წყალზე გაიარა. ბერმა მოინდომა, თაყვანი ეცა მისთვის, მაგრამ ღირსმა დედამ შეაჩერა: "რასა იქმ, მამაო, შენ ხომ მღვდელი ხარ - ღვთის საიდუმლოთა მტვირთველი", თან კურთხევა სთხოვა, საოცარი ხილვით გაოგნებულმა ბერმა წმიდანი დალოცა. შემდეგ, მისი თხოვნით, "მრწამსი" და "მამაო ჩვენო" წაიკითხა და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს აზიარა. ზიარების შემდეგ მეუდაბნოემ ზეცისკენ აღაპყრო ხელი და ცრემლითა და სასოებით წარმოსთქვა წმიდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ლოცვა: "აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი". შემდეგ ბერს მიმართა: "მომიტევე, მამაო, და ერთი სურვილიც აღმისრულე: მომავალ წელს კვლავ მოდი იმ წყაროსთან, სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს და ილოცე ჩემი ცოდვილი სულისათვის". შემდეგ კვლავ ჯვარი გადაისახა იორდანეს, გაიარა წყალზე და უდაბნოს წყვდიადში მიიმალა. გავიდა კიდევ ერთი წელიწადი. აბბა ზოსიმე კვლავ წავიდა უდაბნოში და დამშრალ წყაროსთან გულზე ხელდაკრეფილი გარდაცვლილი მეუდაბნოე იხილა, რომელსაც ტერფებს უზარმაზარი ლომი ულოკავდა. ლომი ბერს მიეახლა, აბბა ზოსიმემ მას საფლავის ამოთხრა უბრძანა და ლომმაც თათებით გათხარა სამარე. ადამიანმა და ცხოველმა დაფლეს წმიდა მარიამის ნეშტი, შემდეგ კი ორივე თავის გზას გაუდგა: ლომი უდაბნოში წავიდა, აბბა ზოსიმე - მონასტერში. სავანეში დაბრუნებულმა ზოსიმემ იღუმენს და ძმებს აუწყა, რაც იხილა და მოისმინა. შიშით, რწმენით და სიყვარულით დააწესეს ბერებმა წმიდანის ხსენების დღე. ღირსმა ზოსიმემ დიდხანს იცოცხლა და ას წელს მიტანებულმა, მიისვენა. ასე გადმოგვცეს წმიდა იოანე წინამორბედის მონასტრის მოღვაწეებმა ღირსი მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება. პირველად ის წმიდა სოფრონ იერუსალიმელმა (ხს. 11 მარტს) ჩაწერა.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |