მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ოჯახური უთანხმოების მიზეზები - ლიმასოლელი მიტროპოლიტი ათანასე

ოჯახური უთანხმოების მიზეზები - ლიმასოლელი მიტროპოლიტი ათანასე


29-02-2016, 00:07

 

   ჩვენი ეკლესიის ამოცანაა ჩავწვდეთ პრობლემის არსს, იმას, თუ რა იწვევს უთანხმოებას ოჯახში და რატომ ინგრევა იგი. როგორც კი შევუდგებით ამ საკითხის კვლევას, უმალ შევამჩნევთ ერთ სერიოზულ მიზეზს. ეს გახლავთ ურთიერთობის დამყარების უუნარობა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ ვსწავლობთ მართებულ ურთიერთობას. ამაში დავრწმუნდი, როდესაც თვალყურს ვადევ-ნებდი სასკოლო განათლებას როგორც უფროს, ისე უმცროს კლასებში. შევნიშნე, რომ ეს ნაკლი ჩვენში ადრეული ასაკიდან ვლინდება. ხოლო როდესაც ვიზრდებით, სამწუხაროდ, უკვე თავისი სავალალო შედეგები მოაქვს.

   ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიან, როგორ შევდგეთ განათლებულ ად-ამიანებად, ვისწავლოთ დახვეწილი საუბარი. მართლაც, სკოლაში ვიძენთ ცოდნას, ვსწავლობთ უფროსებთან „თქვენობით" საუბარს... მაგრამ გვავიწყდება, რომ ურთიერთობის ცოდნა ოდენ დახვეწილი საუბარი არ არის. ურთიერთობის აგებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გულისყურით მოსმენის უნარი გახლავთ. აი ეს კი ჩვენთვის არავის, არასდროს უსწავლებია. თუმცა, ჩვენს ბერძნულ ქრისტიანულ კულტურაში ამის ცოდნა არსებობს. თუ თვალს გადავავლებთ ძველბერძენ ავტორთა, წმინდა მამათა და თანამედროვე მოღვაწე მამათა თხზულებებს, დავინახავთ, როგორ ყურადღებას ანიჭებდნენ ისინი სხვა ადამიანის მოსმენას. მაგალითად, წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის (XVIII) თხზულებებში მოთხრობილია თუ როგორ ესაუბრება მოძღვარი ვინმე მეუდაბნოე მოღვაწეს, როგორ ურჩევს მას, რომ მოუსმინოს სხვა ადამიანს. მოძღვარი უხსნის მეუდაბნოე მამას იმასაც კი, თუ მოსმენისას როგორ იჯდეს სკამზე, როგორ უცქიროს ადამიანს, როგორ იურთიერთობოს მასთან და... მიმიკებსაც კი მიუთითებს. ის ურჩევს მეუდაბნოეს, რომ იყოს ძალიან ყურადღებიანი, არ დაუშვას ისეთი მოძრაობა, რამაც შეიძლება შეაწუხოს მისი მსმენელი თუ თანამესაუბრე. სუნთქვასაც კი აქვს მნიშვნელობა. ჩვენი ტრადიცია ადამიანებთან ურთიერთობის საოცარ სიბრძნეს ფლობს. ამჟამად, სამწუხაროდ, დავიწყებულია ეს გამოცდილება. ჩვენ ვსწავლობთ საუბარს, მაგრამ არ ვსწავლობთ მოსმენას.

   როდესაც ჩემთან მოდის ცოლ-ქმარი თავისი პრობლემებით, უმალვე თვალშისაცემია ერთი სენი - ერთმანეთს არ უსმენენ. ორივე თავისას გაიძახის, როგორც მაგნიტოფონში ჩადებული კასეტა. ორი გამართული მაგნიტოფონის მსგავსად, შესანიშნავად რომ გადმოსცემს ჩანაწერს, ისინი საკუთარ არგუმენტებს იმეორებენ. მაგრამ მაგნიტო-ფონები ხომ ვერასდროს შეძლებენ ურთიერთობის დამყარებას. უბრალოდ თითოეული გადმოსცემს იმას, რაც მასზეა ჩაწერილი. ასევეა ორი ადამიანი, როცა მხოლოდ საკუთარ პრობლემას ხედავენ და არ ძალუძთ ერთმანეთის მოსმენა.

   მსურს გაგიმხილოთ პირადი გამოცდილებით, რომ ოთხმოცდაათი პროცენტი განქორწინების შემთხვევისა არ ხდება მესამე პირის ჩარევის გამო, ყოველ შემთხვევაში, ის არ გახლავთ პრობლემის პირველმიზეზი. ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში სხვა ადამიანის გამოჩენა უკვე შემდეგი ეტაპია. პირველი ბზარი ურთიერთობაში გახლავთ ის, რომ თითოეული საკუთარ პრობლემებში იკეტება. გამოცდილებიდან ვუწყით, რომ ასეა უმრავლეს შემთხვევაში. მამაკაცი თავიდან ბოლომდე იძირება თავის საქმეებში, მუშაობს რამდენიმე ადგილზე, რათა ღირსეულად უზრუნველყოს ოჯახი: გადაიხადოს სახლის, მანქანის და ა.შ. კრედიტი. ანუ დილიდან საღამომდე, დაქანცვამდე მუშაობს. იგივე ითქმის ცოლზეც. შემდეგ, სახლში ასეთ დაღლილ-დაქანცულებს აღარ შეუძლიათ ერთმანეთთან ელემენტა-რული ურთიერთობა. სამწუხაროდ, თავიანთ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დაღლილობას ერთმანეთზე გადმოანთხევენ ხოლმე, თუ ბავშვებიც ჰყავთ, ყველას გასაგონად ამბობენ: „მე კარგი მამა ვარ (ან დედა), ყველაფერს ვაკეთებ საკუთარი ოჯახისათვის, შვილებისათვის, რათა ყველაფრით უზრუნველყოფილნი იყონ..."

   მაგრამ გამოდის, რომ მთავარს - ოჯახურ ჰარმონიას მათ ვერ ვაძ-ლევთ. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ბავშვებს მგრძნობიარე ინტუიცია აქვთ. ისინი ყველაფერს გრძნობენ, მათი გაწბილება შეუძლებელია. შეიძლება არც კამათობდეთ და არ ამბობდეთ ცუდ სიტყვებს მათი თანდასწრებით, მაგრამ ბავშვი, ჩვილიც კი, მაინც გრძნობს, რაც ხდება. მშობელს აღსარებაზე ბავშვით მოსვლის უფლებას არ ვაძლევ. ვხედავ, რომ ბავშვიც წუხს ამ დროს, ღიზიანდება, ანუ ბავშვიც ხვდება ყველაფერს. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახში იყოს ჰარმონია. როგორ მივაღწიოთ ამას? თეორიულად ყველამ კარგად ვიცით ეს. მაგრამ პრაქტიკულად? ქორწინება უდიდესი ღვაწლი, ხელოვნება და მეცნიერებაა.

   მე ხშირად ვიმყოფები სკოლებში. მოზარდები მეკითხებიან: „მამაო, ქორწინებამდელი ურთიერთობები რატომ მიიჩნევა ცოდვად? რატომ არის ეკლესია ასეთი მკაცრი? მე ვპასუხობ მათ: „დიახ, ეკლესია მკაცრია, მაგრამ არა იმიტომ, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობის გაფუჭება სურს, არამედ იმიტომ, რომ ეს ურთიერთობა მართებულ საფუძვლებზე აიგოს. თუ სიყრმიდანვე არ დავეჩვიეთ პიროვნებაში ადამიანის და არა მხოლოდ კაცის ან ქალის დანახვას, ქორწინებაში პრობლემები გექნებათ.

   თქვენ მშვენივრად უწყით, რომ მეუღლეებს შორის ურთიერთობა ვერ დალაგდება, ვიდრე სქესის ცნებაზე მაღლა არ დავდგებით. თუ არ ვისწავლით სხვა ადამიანში (კაცში ან ქალში) სრულიად განსხვა-ვებული ფსიქოსომატური სამყაროს ხედვას, რომელსაც საკუთარი შინაგანი სამყარო გააჩნია, არაფერი გამოვა. მართებულად რომ მოვიქცევით, ქორწინებაც ჭეშმარიტ საფუძვლებზე აიგება. ქმარი უნდა შეეცადოს ჩაწვდეს, როგორ აზროვნებს ქალი. ამას რომ გაიგებს, იმოქმედოს შესაბამისად. თუ ქალს ურთიერთობაში მამაკაცური მენტალობით მივუდგებით, მაშინ ოჯახში უთუოდ ტრაგედია დატრიალდება. მაგალითად, თუ ამბობ: „რატომ გამოხატავს უკმაყოფილებას მეუღლე, მე კარგი ქმარი ვარ, ვმუშაობ, შემომაქვს დოვლათი, ის ყიდულობს, რასაც მოისურვებს, ზაფხულობით მოგზაურობს, რატომ არის უკმაყოფილო?" ხოლო ცოლი თავის მხრივ ფიქრობს: „ვუმზადებ, ვურეცხავ, წესიერი ქალი ვარ, ცხოვრებაში სხვა არაფერი გამაჩნია, რატომ არის უკმაყოფილო?" ისინი ვერ იაზრებენ, რომ ყოველივე ეს საჭირო და კარგია, მაგრამ არ არის ის, რაც შეძრავს მეორე ადამიანის სულს. ქორწინებაში სულიერ ცხოვრებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - ადამიანური ურთიერთობა, ხოლო ამის შემდეგ დანარჩენი სხვა.

   ქრისტე ადამიანის ცხონებისათვის, თავად გახდა ადამიანი. მას ვინ-მე სხვა არ გამოუგზავნია, ბრძანება არ გაუცია. არა, ის თავად გახდა ადამიანი, რათა ეცხონებინა იგი. ასევეა ქორწინებაშიც: ქორწინება რომ შენარჩუნდეს, ქმარმა ცოლის ადგილას უნდა წარმოიდგინოს თავი და ჩაწვდეს მის ფსიქოსომატურ სამყაროს, ხოლო ცოლი - ქმრის სამყაროს. ასე ურთიერთობენ ცოლი და ქმარი. შედეგად, ორივე „ერთ ხორც" ხდებიან, ერთ ადამიანად გარდაიქცევიან. ეს ახალი ადამიანია, რომელიც აკურთხა, სამუდამოდ დააკავშირა ქრისტემ ქორწინების საიდუმლოთი. ქორწინებაში ადამიანი ვერ იმოქმედებს თვითნებუ-რად. არავითარ შემთხვევაში არ შეხედო მეუღლეს, როგორც ვინმე სხვას, ვინაიდან „ამისთვის ცოლსა თვისსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორც" (მათ. 19. 5).

  კაცი და ქალი იმთავითვე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ისინი აბსოლუტურად განსხვავებულნი არიან. სწორედ ეს არის მშვენიერი მეუღლებრივ ცხოვრებაში, ერთი ავსებს მეორეს.

   ისინი არ იმორჩილებენ, არ შთანთქავენ, არ ანადგურებენ ერთმანე-თის პიროვნებას, არამედ ორი ერთ ადამიანად გარდაიქცევა. ქმარი უნაწილებს ცოლს მამაკაცურ ნიჭებს, ხოლო ცოლი - ქალურს და ორივენი ერთად წარმოადგენენ კურთხეულ ქორწინებას - ახალ ადამიანს დაბადებულ შვილთა სამყაროში. ხედავთ, როგორი სიბრძნით, შემოქმედებითად მოაწყო უფალმა, რომ ბავშვები არა ერთ, არამედ ორ ადამიანს უჩნდება. ბავშვი - ორი ადამიანის ფსიქო-სომატური კავშირის ნაყოფია. ამიტომაც ვხედავთ საკუთარ თავს ჩვენს შვილებში.

   ყველაზე დიდი საჩუქარი ბავშვებისთვის არის ჩვენი ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში. ამ ჰარმონიისთვის უნდა გადავდოთ, თუგინდ მნიშვნელოვანი საქმეები. უნდა გვახსოვდეს: სიმშვიდე - სიმდიდრეა, რომელიც არ არის დამოკიდებული გარეგნულ კეთილდღეობაზე.

   ეკლესიური სიყვარული „არა სარცხვენელ იქმნის, არა ეძიებნ თავი-სასა, არა განრისხნის, არამედ შეჰრაცხის ბოროტი" (1 კორ. 13.5). პავლე მოციქულის სიტყვისამებრ სიყვარული „ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ" (1 კორ. 13.7). უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ „შეიყვარნა თვისნი იგი ამას სოფელსა შინა და სრულიად შეიყვარნ იგინი" (იონ. 13.1). ვერავინ, ვერასდროს ვერ შეიყვარა ადამიანი ისე, როგორც შეიყვარა ქრისტემ. მან თავი თვისი დასდვა მისთვის. ქორწინებაში ქმარს ისე უნდა უყვარდეს თავისი მეუღლე, როგორც ქრისტეს - ეკლესია, ანუ: ქორწინებაში ადამიანი თავისი სიყვარულის რეალიზებას ახდენს, უსასყიდლოდ გასცემს ყოველივეს, არ ეძებს რაიმეს საკუთარი თავისთვის. ამით ამხნევებს სხვა ადამიანს, ამშვიდებს მის სულს, აძლევს შესაძ-ლებლობას მეორე ნახევარმაც გასცეს, რაც შეუძლია. თუ ამგვარად არ მოიქცევა გაჩნდება პირველი ნაპრალი ურთიერთობაში, ხოლო შემდეგ მრავალი პრობლემა იჩენს თავს.

   მოდით, გავითავისოთ ის, რომ მოგვეთხოვება სხვა ადამიანის მოს-მენა. იმისათვის რომ მოუსმინო, უნდა გაჩუმდე. ქმარმა მოუსმინოს ცოლს, ხოლო ცოლმა - ქმარს. ამრიგად, ორი ადამიანი ქორწინებაში მისცემენ ბავშვებს ყოველივე საუკეთესოს, ვინაიდან ყველა მშობელს საკუთარი შვილების დიდი სიყვარული გააჩნია.

   გისურვებთ, რომ თქვენთანაც ყოველივე სათნოდ წარიმართოს, რათა გაიხაროთ თქვენს ოჯახში. გისურვებთ, ნუგეშისცემულ იყოთ თქვენი შვილების წარმატებით. ბედნიერნი იყვნენ და უფალმა აკურთხოს ისინი.



მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება