მთავარი > თანამედროვე მამები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > ვინ არის უცდომელი ეკლესიაში (ნაწილი IV)

ვინ არის უცდომელი ეკლესიაში (ნაწილი IV)


3-03-2016, 00:00

 

   პ. ბუმისი აღნიშნავს კიდევ „იკონომიის რომელიღაც მდუმარე ტიპს", როდესაც მისი დაშვება ხდება შემომტანი კომპეტენტური ორგანოს მხრიდან რაიმე განსაკუთრებული მოხსენებისა თუ განცხადების გარეშე (მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ კანონიკური იკონომიის დროს შესაბამის დოკუმენტში (ნებართვა, წერილი თუ ეპისტოლე) მკაცრად აღინიშნება მისი დაშვების ხანგრძლივობა). უბრალოდ კომპეტენტური საეკლესიო ორგანო გარემოებათა გამო მდუმარედ ითმენს მორწმუნეთა გადახვევას ამა თუ იმ წმიდა კანონის მართალი და სწორი გამოყენებისაგან და მათ „გათვალისწინებულ სასჯელს" არ ადებს. შეიძლება ითქვას, რომ დღეს შემდეგნაირად ხდება: არსებობს მარადიული უპირობო ავტოროტეტის მქონე, მართალი და სრული კანონები, მაგრამ მდუმარე იკონომიის გამოყენების დროს ისინი უმოქმედოდ, ამაოდ არსებობენ და რაიმე ძალა არ გააჩნიათ.

   შემდეგ ღმრთისმეტყველების დოქტორი განიხილავს ფრიად მნიშვ-ნელოვან გაუგებრობებს, რომლებიც შეიძლება მაშინ წარმოიშვას, როცა ადამიანები საეკლესიო იკონომიას არასწორად იგებენ. თითქოს იკონომიის დაშვება (კანონის შერბილება ან დროებითი შეჩერება) იმას ადასტურებდეს, რომ „კანონებს არ გააჩნია უპირობო ავტორიტეტი და არის დროებითი და ფარდობითი, როგორც ადამიანის მიერ შედგენილი". თუ ეს ასეა, რატომ არ შეიძლება მათი გაუქმება ან ახლით შეცვლა? „წმიდა კანონებს ასე მცდარად აფასებენ იმიტომ, რომ ისინიც და მასთან დაკავშირებული ეკლესიის ქმედებები (მათი გამოყენება ან გამოუყენებლობა), ადამიანური, ამ სოფლის კრიტე-რიუმებით განისჯება, „განიზომება"... ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეულ სერიოზულ შემთხვევებში და სულიერი თუ ხორციელი საჭი-როებიდან გამომდინარე ძალა და გამოყენება წმიდა კანონებისა შეიძლება იქნას შეჩერებული, დარჩეს უმოქმედოდ, ე.ი. იყოს პირობითი, მაგრამ ამას სულაც არ ექნება რაიმე რთული შედეგი ამ კანონთა უტყუარობასთან და უეჭველ ავტორიტეტთან მიმართებაში... ჩვენ არ შეგვიძლია რომელიმე კანონის უპირობო ავტორიტეტი დავუქვემდებაროთ გარკვეულ საეკლესიო სფეროში თუ კონკრეტულ ეპოქაში ან რაიმე კერძო შემთხვევასთან დაკავშირებით მის გამოუყენებლობასა და უმოქმედობას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს გარემოსა თუ ეპოქაში რომელიღაც კანონს არ იყენებს და არ ასრულებს ყველა მორწმუნე, რაკი იმყოფება არახელსაყრელ პირობებში, ან უჭირს და უძლურებაშია, სულაც არ ნიშნავს, რომ ამ კანონებს არ გამოიყენებენ სხვა სფეროში, სხვა დროში, სხვა ქრისტიანები... ბევრი ამტკიცებს, რომ კანონები წარმავალია იმიტომ, რომ თითქოსდა დღეს მათი გამოყენება შეუძლებელია, ე.ი. ისინი მიუღებელია... მართალია, სრულიად შესაძლებელია, რომ ჩვენ დღეს ვერ შევძელით გარკვეულ კანონთა გამოყენება. მაგრამ ეს ამ კანონების მცდარობას კი არ ნიშნავს, არამედ იმას, რომ ჩვენ, დღევანდელი ადამიანები იმდენად განვეშორეთ სიმართლეს, დავუძლურდით და გადავგვარდით, რომ მათი გამოყენება არ ძალგვიძს... კანონები კი არ არის ფარდობითი და წარმავალი, პირიქით, ჩვენ შევიქენით გარემოზე ერთობ დამოკიდებულნი, ძალზედ წარმავალნი და ცვალებადნი, ძალზედ ფარდობითნი".

   ჩვენ ფრიად საინტერესოდ გვეჩვენება პ. ბუმისის ამ სტატიაში მოცემული ერთი შენიშვნა. ის ეხება კითხვას - სამწყსომ ყოველთვის უნდა იცოდეს თუ არა იკონომიის დაშვების შესახებ; იგი პასუხობს: ეს კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული: „თუ ეკლესიის სისავსის ნაწილის გონება დაიპყრო გარკვეულმა პრობლემამ და მას შფოთსა და საცდურში აგდებს, მაშინ ეკლესიის მმართველობას მართებს, აირჩიოს გამოკვეთილი პოზიცია და აუხსნას ხალხს, თუ რა ხდება ან შესაბამისად რა უნდა მოხდეს. მაგრამ, თუ რომელიმე წმიდა კანონის უმოქმედობა არ აჩენს ეკლესიის სისავსეში გარკვეულ პრობლემებსა და კითხვებს, და განსაკუთრებით, თუ არავითარ ზიანს არ აყენებს მას, მაშინ ეკლესიის მმართველობას შეუძლია, საჯაროდ არ განმარტოს თავისი პოზიცია, რათა უკვე ამან არ გამოიწვიოს მოულოდნელი შფოთი და მღელვარება ეკლესიის სისავსეში" (გვ. 35-42).

   ამრიგად, მეუფე ქრისტოდულოსის მიერ მითითებულ შემთხვევაში ადგილი აქვს ეკლესიის ძველი კანონის არა გაუქმებას ან შეცვლას, არამედ „იკონომიას", როდესაც თანამედროვე ქრისტიანთა უძლურე-ბის გათვალისწინებით და მათი ცხოვრებისეული სირთულეებიდან გამომდინარე ხდება აკრივიიდან - ეკლესიის ძველი წესების მკაცრად დაცვისაგან - გარკვეული დროით გადახვევა. უეჭველია მის გაკეთება საჭიროა თავმდაბლურად, მზადყოფნით - „აუხსნას ხალხს, რა ხდება". თუკი იკონომიამ „დაიპყრო ეკლესიის სისავსის ნაწილის გონება და მათში შფოთს იწვევს". როგორც ვხედავთ, ბერძენი ღმრთისმეტყველი შორსაა იმისაგან, რომ წესის დამრღვევებად ჩათვალოს ეკლესიის ეს „შეშფოთებული" ნაწილი (მით უმეტეს, ისინი მიიჩნიოს „ერეტი-კოსებად", როგორც მეუფე ქრისტოდულოსმა უწოდა ასეთ მორ-წმუნეებს). პირიქით, იგი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში იკონომიის გამომყენებელმა იერარქიამ, ჯერ ერთი: უნდა „შესაბამის დოკუმენტში მკაცრად განსაზღვროს იკონომიის დაშვების ხანგ-რძლივობა"; და მეორე: „იკონომიის დამშვები უფლებამოსილი საეკლესიო ორგანო ვალდებულია, დაშვებული იკონომიის გარდა შესაბამის ნებართვაში ჩაწეროს აკრივიაც და ამგვარად წარმოაჩინოს ის სწორი და კანონიკური (შესაბამისი კანონი), რომლისაგან დროებით უნდა გადაუხვიოს იკონომიით..." (გვ. 39); და მესამე: როგორც ახლახან ითქვა, „მდუმარე იკონომიის" შემთხვევაში იერარქია მზად უნდა იყოს, „აუხსნას ხალხს თავისი პოზიცია".

   კიდევ ჩვენ საჭიროდ ვთვლით ცოტაოდენი რამ დაუმატოთ ათენის ღმრთისმეტყველის სიტყვებს. ისტორიიდან ჩვენ ვხედავთ, თუ ზოგჯერ იერარქიის მიერ მიღებული იკონომია ეკლესიური ერის მიერ არ იყო აღიარებული კანონიერად და დასაშვებად და ხვდებოდა დაჟინებულ წინააღმდეგობას, ასეთ შემთხვევაში იერარქია ანგარიშს უწევდა ეკლესიური ერის აზრს და აუქმებდა ამგვარ გადახრას. ასეთი მაგალითები მრავლადაა ძველი ეკლესიის ისტორიაში, მაგრამ ჩვენთვის საკმარისი იქნება მოვიყვანოთ უახლოეს ხანებში მომხდარი შემთხვევები.

   ასე, XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის ეკლესიაში, რომელიც იღე-ლვებოდა ყოველი მხრიდან ათეიზმის, ობნოვლენცობის, სხვადასხვა სახის ახლადგამოგონილი მწვალებლობების ტალღებით, დადგა საკითხი ახალ კალენდარულ სტილზე გადასვლასთან დაკავშირებით. იმ დროს ბევრისათვის ეს საკითხი არსებითად გაუგებარი იყო და ეკლესიის კედლებთან აბობოქრებულ სხვა სიბოროტეთა ფონზე არ ჩანდა ასეთ საჭირო რამედ. ამ საკითხის გადაწყვეტის სირთულეს აორმაგებდა ის, რომ ახალი სტილის შემოტანის ინიციატივა მოდიოდა კანონიერი უმაღლესი საეკლესიო მმართველობიდან, რომელსაც პატრიარქი ედგა სათავეში (რომელიც - მართლმადიდებელი ხალხის სასიხარულოდ - ახალი განთავისუფლებული იყო პატიმრობიდან). თვით საეკლესიო ხელისუფლება ირყეოდა (ხან გადადიოდა ახალ სტილზე, ხან უბრუნდებოდა ძველს). მართლმადიდებლური აღმოსავლეთიდან მოდიოდა ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები და ა.შ. - რაც საბოლოოდ უბნევდა თავგზას სიტყვიერ ცხვრებს. და აი, მიუხედავად საკითხის განსაკუთრებული სიძნელისა და გაუგნებ-ლობისა, ხალხი ღირსეულად გამოვიდა ამ მძიმე მდგომარეობიდან და გაამართლა აღმოსავლეთ პატრიარქთა ჩვენთვის ცნობილი სიტყვები (იხ. „Письма к Друзьям" მ. ნოვოსელოვი წერ. 12, გვ. 160). ხალხმა დაიცვა ძველი სტილი იმ დროს, როცა ძალზედ ბევრი ეპისკოპოსი (და თვით წმიდა პატრიარქიც კი) გადაიხარნენ საშიში სიახლისაკენ.

   მეორე შემთხვევა: ამავე დროს, როდესაც ობნოვლენცობა განავრც-ობდა თავის მახეს, მისი ერთ-ერთი ვერაგი ლიდერი ვ.დ. კრასნიცკი იყო. 1924 წელს მან მიმართა თხოვნით უწმიდეს პატრიარქ ტიხონს, მიეღო ის და მისი დაჯგუფება - „ცოცხალი ეკლესია" ლოცვით კანონიკურ ერთობაში. პატრიარქმა გასცა რეზოლუცია: „ეკლესიის მშვიდობისა და კეთილდღეობის გულისათვის" მიეღო ისინი კავშირში და შექმნილიყო ეკლესიის ახალი უმაღლესი სამმართველო, სადაც შეყვანილი იქნებოდა მწვალებელი კრასნიცკიც... (როგორც მასზე ახალმოწამე მ. ნოვოსელოვი თავის წერილებში წერს: „ჩვენი დროის მტარვალი, მწვალებლური პროპაგანდით ათასობით სულების რელიგიურად აღმაშფოთებელი", „ურცხვი სიცრუის, უწყალო ძალა-დობისა და მუქარის გზით განხეთქილების განმახორციელებელი", „რომელმაც ციხეებში დაამწყვდია და შორეულ ადგილებში გადაასახლა ასობით ეკლესიის მსახურნი" (წერ. 13, გვ. 173). ისტორიის ამ მომენტის აღწერისას მიქაელ ნოვოსელოვი ამბობს: „მე არ განვიკითხავ პატრიარქს. მისი მდგომარეობა იმდენად რთულია, ჯვარი, რომელსაც ის ატარებს უკვე რამდენიმე წელი იმდენად მძიმეა, მისი ძალები იმდენადაა შერყეული, რომ ვფიქრობ არც კი მოიძებნება ეკლესიის რომელიმე შვილი, რომელსაც მისდამი გაუჩნდა სხვა რაიმე გრძნობა, გარდა თანაზიარებისა და ლოცვით, რჩევითა და საქმით დახმარების სურვილისა. არ შეიძლება არ ვაღიაროთ, და საჭიროა ხაზი გაუსვათ კიდეც, რომ ჩვენი ეკლესიის თავი ძალზედ გულისხმიერად უგდებს ყურს არა მარტო ეპისკოპოსთა, არამედ სამწყსოს, უფრო სწორედ მთელი ეკლესიური ერის ხმას. თავის ცირკულარულ განკარგულებებში გაორებისას, სტილის (კალენდარის) თაობაზე და ცოცხალი ეკლესიის წევრებთან შეერთების საქმეში - ნებდებოდა რა ყოველი მხრიდან მის ირგვლივ მყოფ მაცდურთა ვერაგულ ზემოქმედებას (არა „შიშისათვის ჰურიათაჲსა", არამედ სრულებით უანგაროდ - ასე მწამს მე) - უწმიდესი პატრიარქი, თითქოსდა სპეციალურად წელავდა ერთსაც და მეორე საქმესაც... რათა გამოეძახა და გაეგო მართლმადიდებელი ერის წრიდან ცოცხალი ხმა მისი უეჭველი სარწმუნოებისა. და ეს ხმა გაისმა, იქნა შესმენილი და პატრიარქისათვის აღმოჩნდა მყარ ზნეობრივ საყრდენად, მისთვის რთული საკითხების სწორად გადასაწყვეტად..." („Письма к Друзьям" წერ. 13, გვ. 173-174).

 

 

 

არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) 


უკან დაბრუნება