მთავარი > თანამედროვე მამები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > ვინ არის უცდომელი ეკლესიაში (ნაწილი III)

ვინ არის უცდომელი ეკლესიაში (ნაწილი III)


2-03-2016, 00:09

 

   არქიეპისკოპოს ქრისტოდულოსის მიერ გამოთქმული შეხედულებე-ბის თაობაზე - თითქოს ძველი დადგენილების სანაცვლოდ შეიძლებოდეს ახლის მიღება, თუ ის დოგმატურ საკითხებს არ ეხება - მივმართოთ პ. ბუმისის იმავე ბროშურას:

   „გვსურს დავასწროთ ბევრი ქრისტიანის შეწინააღმდეგებას, რომე-ლთა შორის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებიც არიან. ისინი ამბობენ: ხალისით მივიღებთ სარწმუნოების დოგმატურ განსაზღვ-რებებს, მრწამსის სიმბოლოს, როგორც ჭეშმარიტს, მაგრამ ასეთად არ შეგვიძლია მივიჩნიოთ ეკლესიის კანონები. მათი მტკიცებით, ამ კანონებს არ გააჩნიათ ის უტყუარობა და აბსოლუტური მნიშვნელობა, როგორც დოგმატურ განსაზღვრებებს (ე.ი. ისინი არ განეკუთვნებიან აკრივიას - შემდგ.)

   ა) სიტყვები „სარწმუნოების განსაზღვრება" („ოროს") და „კანონი" („კანონეს") მსოფლიო კრებათა გადაწყვეტილებებში ძალიან ხშირად ურთიერთშემცვლელ გამოთქმებად გვევლინება. ჩვენ საკმარისი საფუძველი არ გაგვაჩნია, ზუსტად განვასხვაოთ ისინი ურთიერ-თისაგან.

   ბ) უგუნურება იქნებოდა, დაგვეშვა, რომ ერთი განჩინება - სარწ-მუნოების დოგმატური განსაზღვრება - უცდომელია, ხოლო მეორე - ცხოვრების კანონი - არა, მაშინ, როდესაც ეს ორივე განჩინება გამომდინარეობს ერთიდაიმავე წყაროდან - ერთი და იგივე მსოფლიო კრებიდან.

   გ) თავად მსოფლიო კრებები გვარიგებენ და გვარწმუნებენ თავიანთი კანონების ღმრთაებრიობაში, რომ ისინი დაადგინეს „სულიწმიდის შთაგონებით". ამიტომაც მიუთითებენ მსოფლიო კრებები, განუხ-რელად იქნას დაცული კანონთა სრული შინაარსი და კრძალავნ მათ დამახინჯებას ან შეცვლას..." (იქვე, გვ. 14-15).

   შემდეგ, სტატიაში „წმიდა კანონების ავტორიტეტი და ძალა" პანა-იოტისი უფრო ზედმიწევნით განიხილავს ამ თემას. ღმრთის-მეტყველების დოქტორი აღნიშნავს, რომ, ჯერ ერთი, დღეს ეკლესიაში შეინიშნება „საკმაოდ სერიოზული უთანხმოება წმიდა კანონებისა და მათი ავტორიტეტულობის თაობაზე" და ამის ერთ-ერთი მიზეზია: „მზარდი გაურკვევლობა მათი ქმედითობის თაობაზე, ანუ არა-სრულყოფილი ცოდნა და სრული უვიცობაც კი მათი ძალისა და გამოყენებისა", „ერთნი ლაპარაკობენ მათ დროებით ან ფარდობით, სხვანი კი მათ მარადიულ ან აბსოლუტურ ავტორიტეტზე". „ეს საკითხი, - აგრძელებს პანაიოტისი, - სასირცხვილოდ აუცილებელია ქრისტიანისა და საერთოდ, ადამიანისათვის". ეს საკითხი წარმოადგენს სასიცოცხლო აუცილებლობას იმიტომ, რომ იგი „უშუალოდ ებმის წმიდა კანონების სისწორის პრობლემას, თუ რამდენად გამოხატავენ ისინი ჭეშმარიტებას, რაც, თავის მხრივ, წმიდა კანონების წარმოშობის საკითხს უკავშირდება - ნამდვილად საღმრთო მცნებებს წარმოადგენენ ისინი თუ ადამიანის მიერ არიან შეთხზულნი და დაწესებულნი". შემდეგ ავტორს მოჰყავს კონსტანტინოპოლის მე-6 მსოფლიო კრების მე-2 კანონი, რომელიც, მისი თქმით, „წარმოადგენს ეკლესიის წმიდა კანონების ოფიციალური სინოპტიკური კოდიფი-კაციის ნიმუშს". ეს კანონი ბრძანებს: „მტკიცედ და შეუცვლელად დარჩება... ჩვენს წინამორბედ წმიდა ნეტარ მამათა მიერ შეწყ-ნარებული და ჩვენთვის წმიდა და ქებულ მოციქულთა სახელით მოცემული 85-ე კანონი... აგრეთვე, ჩვენს წმიდა და ნეტარ მამათაგან დადგენილი სხვა სამღვდელო კანონები... (რაც შემდეგ ზედმიწევნით არის ჩამოთვლილი) არავის აქვს ნება ზემოთ მოხსენიებული კანონები შეცვალოს ან უარყოს, ან მათ მაგიერ სხვა გამოიყენოს... ხოლო თუ ვინმე დაარღვევს ან დაამახინჯებს ზემოთ ჩამოთვლილ კანონებს, იგი დაისაჯოს და შესაბამისი კანონის თანახმად მიიღოს სასჯელი..."

    პანაიოტის ბუმისს აგრეთვე მოჰყავს მე-7 მსოფლიო კრების I კანონი: „სამღვდელო განწესებანი და წმიდა კანონები წარმოადგენენ დამოწმებასა და გზამკვლევს იმათთვის, ვინც სამღვდელო პატივი მიიღო". ამრიგად, იქიდან გამომდინარე, რომ თავად კანონები კრძალავს მათ დამახინჯებას, ვასკვნით ხსენებულ კანონთა უცდომელობას და ვრწმუნდებით, რომ ისინი მიგვითითებენ სწორი გზისაკენ და შეიცავენ ჭეშმარიტებას თავისთავში" - ასკვნის ავტორი. იგი ისევ უშვებს, რომ შესაძლოა შეეკამათონ: „ყოველი ზემოთქმული ძალაშია დოგმატური განჩინებისათვის (ოროსებისათვის) და არა კანონებისათვისო..." „მაგრამ ეს აზრი, - განაგრძობს იგი, - შეუ-ძლებლია დაამტკიცო, რადგან არ არსებობს აშკარა გამიჯვნა ამ ორ ტერმინს შორის. „ოროსი" ხშირად იწოდება „კანონად" და პირიქით... ეს იმიტომ, რომ ბევრ კანონს დოგმატური შინაარსი აქვს (I მსოფლ. კრების მე-17, 18 კანონები; IV მსოფლ. კრების მე-4, 10, 14, 20, 28 კანონები). თითქმის ყველა წმიდა კანონი მჭიდროდ უკავშირდება ეკლესიის დოგმატურ სწავლებას და მის პრაქტიკულ გამოყენებას წარმოადგენს". აქვე ათენელ ღმრთისმეტყველს მოჰყავს ცნობილი რუსი ღმრთისმეტყველის ვ. ლოსკის ციტატა: „ეკლესიის ცხოვრება, მისი მიწიერი ასპექტის წარმმართველი კანონები განუყოფელია ქრისტიანული დოგმატებისაგან. ისინი იურიდიულ სტატუსს კი არა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ ეკლესიის დოგ-მატების დამატებას წარმოადგენენ" (В. Лоский "Очерк мистического богословия”). იქვე იმოწმებს მიტროპოლიტ დიონისის (სერვიელისა და ყაზანელის) ციტატასაც: „თეორიული და პრაქტიკული საკითხები ეკლესიაში ერთმანეთისგან განყოფილად არ არსებობს, როგორც ამას უახლეს ეპოქაში მივეჩვიეთ. ეკლესიის საკითხები - სასიცოცხლო საკითხებია, სადაც თეორია და პრაქტიკა განუყოფელია. მათი თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებად განყოფა იწვევს ეკლესიის ორგანიზმის დანაწევრებასა და წინააღმდეგობებს ცხოვრებაში... რასაკვირველია, ჩვენს დროში ეკლესიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვაა ცხოვრებისა და დოგმატებისა, სიყვარულისა და რწმენის, ეკლესიისა და ღმრთისმეტყველების განცალკევება". „...თუ რომელიმე კრება აღიარებულია მსოფლიოდ, ანუ ავტორიტეტულად და უცდომელად, მაშინ ყველა მისი გადაწყვეტილება და მათ შორის კანონიკურიც, შესაბამისად, არის სწორი და უცდომელი... წმიდა კანონების უპირობო ავტორიტეტისადმი ყოველგვარი დაეჭვება გაუმართლებელია" - განაგრძობს პანაიოტისი და იქვე იშველიებს აღმოსავლეთის მართლმადიდებელ პატრიარქთა „პასუხს" ანგლი-კანელი „ეპისკოპოსებისადმი" (1716-1725 წწ.): „შვიდი წმიდა კრების, აგრეთვე ადგილობრივი (რასკვირველია, აღმოსავლეთში მოწვეული) და მსოფლიო კრებებზე დამტკიცებული კრებების დებულებებსა და კანონებს ვიღებთ, როგორც უწმიდეს სახარებას, თანახმად მე-6 მსოფლიო კრების მე-2 კანონისა და ნოველის მე-2 ტიტულის მე-3 დებულებისა, სადაც ვხვდებით, რომ შვიდი კრების კანონები და დოგმატები უნდა დავიცვათ, როგორც საღმრთო წერილი..." შემდეგ სტატიის ავტორი ისევ ხაზს უსვამს, რომ „თუმც ზემოთ თქმული წმიდა კანონების უპირობო ავტორიტეტის შესახებ ვრცელდება მათზე, რომლებიც იყვნენ განწესებულნი მსოფლიო კრებების მიერ, ასევე იმ კანონებზე, რომლებიც განაჩინეს ადგილობრივმა კრებებმა ანდა ეკლესიის მამებმა, და დამტკიცებულნი იყვნენ რომელიმე მსოფლიო კრების მიერ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ავტორიტეტი ვრცელდება იმ კანონებზეც, რომელნიც მხოლოდ და მხოლოდ შემოთავაზებულნი არიან რომლიმე ადგილობრივი კრების ან ეკლესიის მამის მიერ. ამ კანონების შესახებ ჩვენ არ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ისინი უცდომელნი არიან" (გვ. 23-32).

   როგორც ვხედავთ, ათენში თანამედროვე კომპეტენტური ღმრთის-მეტყველნი და კანონიკური სიმართლის მასწავლებლები იზიარებენ შეხედულებას, რომლის თანახმად შეუძლებელია საეკლესიო სისავსით დადგენილი და დამტკიცებული კანონებისა და წესების შეცვლა, უარყოფა ან მათი სხვა კანონით შეცვლა მაშინაც კი, როდესაც ისინი უშუალოდ დოგმატური შინაარსისა არ არიან. საამისოდ ნუ გაკადნიერდება ნურც ერთი პირველი იერარქი ან იერარქთა კრება, თუნდაც იგი ყველა ადგილობრივ ეკლესიას მოიცავდეს (ვინაიდან მსოფლიოდ მხოლოდ ის კრება შეიძლება იქნეს აღიარებული, რომელიც ამტკიცებს წინამორბედი კრებების კანონებს, და არა ცვლის მათ).

   როგორც შევნიშნეთ, ელადის მთავარეპისკოპოსს მაგალითად მოჰ-ყავდა, თუ როგორ შეუძლიათ ეპისკოპოსებს „მიიღონ გადაწ-ყვეტილება" და კრების კიერ დადგენილი კანონი შეცვლილი იქნება: „...ამბობენ, რომ მღვდლად რომ იკურთხოს ადამიანი 30 წლის მაინც უნდა იყოს. ვთქვათ, ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ზღვარმა გადმოიწიოს 26 წლამდე..." აქ მეუფემ ან ზუსტად ვერ გამოთქვა, ანდა გამოხატავს არასწორ აზრს.

   ამ საკითხის უფრო ზუსტად გასარკვევად ისევ მივმართოთ პ. ბუ-მისის სტატიებს. თავში „წმიდა კანონების ძალა" იგი განიხილავს შემთხვევას, როცა „ეკლესია, ანუ კომპეტენტური საეკლესიო ორგანო, საგანგებო შემთხვევაში დროებით აჩერებს გარკვეული კანონის მოქმედებას, რათა უფრო მეტ სარგებელს მიაღწიოს: აქ ადგილი აქვს იკონომიის პრინციპის გამოყენებას. იკონომია - ეს არის კომ-პეტენტურად მიღებული და ქრისტიანული მოწყობიდან გამომ-დინარე, რომელიმე პუნქტში, კანონების განუხრელი დაცვიდან - ანუ აკრივიიდან - დროებითი და გონივრული გადახვევა, მაგრამ დოგმატური საზღვრების ყოველგავრი გადაადგილების გარეშე, ადამიანთა სულის გადასარჩენად... ასე, მაგ., ადამიანის ცხონებისათის აუცილებელი პირობაა ნათლობა, ანუ სამჯერადი შთაფვლა ნაკურთხ წყალში და იქიდან განბანილის ამოყვანა, რაც კანონიერი მღვდლის მიერ სრულდება. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელია ჩვილის სიკვდილი, ეკლესია ნებას რთავს, მის გადასარჩენად გადაუხვიონ აკრივიას და მონათლონ იკონომიით (მისი მონათვლა შეუძლია დიაკონსაც და ერისკაცსაც მარტოოდენ მოსანათლი ფორმულის წარმოთქმის შემდეგ). ანალოგიურად შეიძლება ნება დაერთოს სნეულს, დაარღვიოს ოთხშაბათ-პარასკევისა და ორმოც-დღიანი მარხვები, რათა მისი მდგომარეობა არ გაუარესდეს (შდრ. მოციქულთა 69-ე კანონი). ორივე შემთხვევაში მოქმედებს მე-6 მსოფლიო კრების მიერ დადგენილი 88-ე კანონი: „უპირატესობა უნდა მიენიჭოს ადამიანის გადარჩენას და მის კეთილღეობას". შემდეგ, პანაიოტისი აღნიშნავს, რომ „იკონომიის გაგრძელებისა და ხან-გრძლივობის საკითხზე მსჯელობისას არ შეიძლება არსებობდეს არც მდგრადი ზღვარი, და, მით უმეტეს, არც სერიოზული უთანხმოება თუ წინააღმდეგობა. რამეთუ სინამდვილეში თავად დროის გაგება პრინციპში პირობითია... გარკვეული საეკლესიო იკონომიის გამოყენების ხანგრძლივობის შეცვლა შეიძლება შემთხვევისა და გარემოების შესაბამისად. ღირსი თეოდორე სტუდიელის სიტყვებით: „მამები იკონომიის ზოგ საქმეს დროებით ასრულებენ, ზოგს - დიდი ხნის მანძილზე" (Послание 49, к Навкратию). (გაგრძელება...)

  

 

 

 

არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) 


უკან დაბრუნება