მთავარი > პაპიზმი, მთავარი გვედის ფოტო > კათოლიკებთან დიალოგი უსარგებლო და დამღუპველია

კათოლიკებთან დიალოგი უსარგებლო და დამღუპველია


1-10-2016, 15:13

 

  დავიწყოთ პაპიზმით. ფაქტია, რომ ორ ათეულ წელიწადზე მეტი ხნის წინ საღვთისმეტყველო დიალოგი უკვე თავიდანვე დაიწყო არა იმ თემებით, რომლებიც ერთმანეთს გვაშორებს, არამედ იმით, რაც საერთო გვაქვს. ეს კი იმისათვის კეთდებოდა, რომ რომის მიმდევრები დამშვიდებულიყვნენ, ჭეშმარიტების ძებნა სხვაგან არ დაეწყოთ და ეფიქრათ, რომ დიდი განსხვავებები არ არსებობს და ყველანი ერთ ეკლესიას ეკუთვნიან.

   ამავე დროს, პაპის სასულიერო პირები მართლმადიდებლებთან შეხვედრებსა და ერთობლივ ლოცვებს იყენებენ მძიმე პოლიტიკური და სოციალური ვითარებით დატანჯულ მართლმადიდებლ ხალხთა შორის უნიის სამარცხვინო და მზაკვრული ინსტიტუტის გასავრცელებლად. მიუხედავად იმისა, რომ საღვთისმეტყველო დიალოგის შეწყვეტაში უნიაა პასუხისმგებელი, ის ვატიკანისაგან მაინც სხვადასხვა გზით ძლიერდება.

   კონფერენციაზე გამოსვლების მნიშვნელოვანი ნაწილი მიეძღვნა უნიის ისტორიულ განვითარებას და მის დღევანდელ საქმიანობას. აღინიშნა, რომ რომი მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ, რომელსაც თვალთმაქცურად „და-ეკლესიას" უწოდებს, არ წყვეტს ექსპანსიასა და პროზელიტიზმს. ასევე იმ დროს, როდესაც იგი ხსნის წარმომადგენლობებს, ადგენს ეპისკოპოსებს და პროზელიტური მიზნებისათვის მართლმადიდებელ მრევლს თავის მტაცებლურ ხელს უწვდის - არ მალავს წმიდა ადგილებსა და სალოცავებზე უფრო მეტი უფლებების მოპოვებისათვის მისწრაფებას.

   ის ფაქტი, რომ უნიის კრიტიკა, რომელსაც ერთხმად ხელს აწერდნენ „მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების საღვთისმეტყველო დიალოგის საერთაშორისო შერეული კომისიის" წევრი მართლმადიდებელი და პაპისტი ღვთისმეტყველები (მეექვსე ასამბლეის პლენუმი, 6-15 ივნისი 1990 წ.), არ იქნა მიღებული, ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად სცემენ პატივს ნებისმიერი დიალოგის გადაწყვეტილებებს, როდესაც ისინი მათ მისწრაფებებს ეხებიან. იმისათვის, რომ ეს კრიტიკა საბოლოოდ შეწყვეტილიყო, მართლმადიდებლები ახალ დიალოგში (17-24 ივნისი 1993 წ. ქ. ბალამანდი, ლიბანი) ჩაითრიეს, სადაც უნია, ცხრა ავტოკეფალური და ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის (კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, რუსეთის, რუმინეთის, კვიპროსის, პოლონეთის, ალბანეთის, ფინეთის) წარმომადგენლების ხელმოწერით გამართლებული და ლეგალიზებული იქნა, მაშინ როცა ექვსმა ეკლესიამ (იერუსალიმის, სერბეთის, ბულგარეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ჩეხოსლოვაკიის) დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

  ბალამანდის დოკუმენტის უმთავრესი ნიშანი მდგომარეობს არა უნიის გამართლებასა და დაკანონებაში, არამედ - სარწმუნოების საკითხებში მართლმადიდებელი წარმომადგენლების მხრიდან სერიოზულ დათმობაში. პირველად ირღვევა წმიდა მამათა ურყევი, კურთხეული გადმოცემა და მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები ერთობლივი „განცხადებებითა" და „გადაწყვეტილებებით" უარყოფენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, აღიარებენ, რომ კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად შეადგენენ ერთ ეკლესიას და თანაბრად პასუხისმგებელნი არიან საღვთო გადმოცემის ზუსტად დაცვაში.

   აქედან გამომდინარე, მართლმადიდებელმა და კათოლიკე სულიერმა მწყემსებმა ერთმანეთი ქრისტეს ჭეშმარიტ მწყემსებად უნდა აღიარონ. ასევე არსებობს საიდუმლოებების, სამოციქულო გადმოცემისა და აღმსარებლობის ურთიერთაღიარება. ბალამანდის დოკუმენტის შემდეგ, რომელიც ფაქტობრივად უნიის ერთგვარ ახალ ფორმას წარმოადგენს, გასაგები ხდება პაპის ვიზიტები რუმინეთის, ბულგარეთის, საქართველოსა და საბერძნეთის „და-ეკლესიებში". ასევე გასაგები ხდება ბევრი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველის მხრიდან ვატიკანის მეორე კრების „ნათლობის ღვთისმეტყველების" აღიარება, რომლის თანახმად ეკლესიის გარეთ მწვალებელთა ნათლობა კანონიერი ხდება. ახლა უკვე ნათლობას ადგენს ეკლესიის საზღვრებს და არა ეკლესია - ნათლობის კანონებს. ქრისტიანები, სადაც არ უნდა მოინათლონ, ქრისტეს ეკლესიის წევრები ხდებიან და ამიტომ ბალამანდის დოკუმენტში მართლმადიდებლების მხრიდან არამართლმადიდებელთა მონათვლა უკვე აკრძალულია.

   კონფერენციაზე გამოსვლებითა და შემდგომი განხილვებით, სრულიად განმტკიცდა თვალსაზრისი, რომ ეკლესიის გარეშე სულიწმიდის მაცხოვნებელი მადლი არ მოქმედებს და, შესაბამისად, არამართლმადიდებელთა საიდუმლოებებიც უკანონო და ყალბია. უფრო ნათლად, მართლმადიდებელ ეკლესიაში მოსული არამართლმადიდებლები უნდა მოინათლონ. ასევე განმტკიცდა აზრი, რომ „ლიტურგიკული მოძრაობა", რომელმაც ცუდი გავლენა მოახდინა მართლმადიდებელ სასულიერო პირებსა და ღვთისმეტყველებზე, თავიდანვე პაპიზმის უბეში გამოიზარდა და მიღებულ იქნა ვატიკანის მეორე კრებაზე (1963-1965 წ.). იგი, „ლიტურგიკული განახლების" საბაბით, ისწრაფვის, უნიატთა მოდელის მსგავსად პაპის ქვეშევრდომად აქციოს მართლმადიდებელთა ერთობა. იმისათვის, რომ ახალი უნია ყველასათვის მისაღები გახდეს, ცდილობენ მართლმადიდებლებს ეტაპობრივად, გარკვეული ფსიქოლოგიური მომზადების შემდეგ თავს მოახვიონ დოგმატებისაგან და წმინდანთა მიერ აღიარებული სწავლებისაგან თავისუფალი, ერთგვარი არადოგმატური სარწმუნოება. ასე აიხსნება ლიტურგიკული ტექსტების გასწორების შესახებ შემოტანილი გეგმა. (გაგრძელება...)

 

 

 

 

წიგნიდან „ეკუმენიზმი: წარმოშობა - იმედები - იმედგაცრუება" 

 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება