მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > უგუნური მოშურნეობა ანუ მცდელობა ხელოვნური ჯვარისმტვირთველობისა, მოწამეობრიობისა (ნაწილი I)

უგუნური მოშურნეობა ანუ მცდელობა ხელოვნური ჯვარისმტვირთველობისა, მოწამეობრიობისა (ნაწილი I)


16-02-2016, 00:03

 

   ქრისტესათვის სიკვდილი ნებისმიერი ქრისტიანისათვის უდიდესი პატივია, როგორც ამას გვიანდერძებდა ჩვენი დიდი მეფე ვახტაანგ გორგასალი, „ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს!".

   ეს ღვთის სიყვარულის უმაღლესი გამოვლინებაა და მხოლოდდა-მხოლოდ სულიწმიდის მადლით აღესრულება. თუ გადავხედავთ დიდი ათონელი მამების ილარიონ ქართველისა და ჰაჯი-გიორგის ცხოვრებას, რომელთა ბერული მოსაგრეობაც მაღალი რანგის ასკეტიზმს წარმოადგენდა, დავინახავთ, რომ მიუხედავად მათი დიდი მცდელობისა და ადამიანური მზადყოფნისა, მიეღოთ უფლისაგან მოწამეობის გვირგვინი, ასე არ ინება სულიწმიდამ.

   ჰაჯი-გიორგის კი პირდაპირ განეცხადა, რომ მისთვის მოწამეობის ტოლფარდი ღვაწლი იქნებოდა საკუთარი მოწაფეების სულიერი აღზრდა და ცხონების გზაზე დაყენება.

  ღრმად დამაფიქრებელია ისიც, რომ დედაეკლესიის ისეთი სულ-იერი კორიფეები, როგორებიც იყვნენ წმ. იპოლიტე რომაელი და წმ. ბასილი დიდი, ლოცულობდნენ, რათა ბოლო ჟამს არ ეცხოვრათ.

   მაგალითად, წმ. ბასილი დიდი ასე ლოცულობდა:

   „უფალო ჩემო, ნუ დაუშვებ ჩემ ცხოვრებას ანტიქრისტეს ჟამს, იმი-ტომ, რომ მე არა ვარ დარწმუნებული, რომ გავუძლებ ყველა წამებას და შენ არ განგიდგები..."

   შეუძლებელია არ შგაძრწუნოს ასეთი დიდი მამის ამდაგვარმა სიტ-ყვებმა. ეს გაფრთხილებაა ჩვენთვის, რათა ვერიდოთ სულიერ დონ-კიხოტობას.

   დროის ნიშნების შეუცნობლობის მწარე გაკვეთილს იძლევა ებრა-ელთა ისტორია. ახალი წელთაღრიცხვის 70 წელს, ისინი საარაკო წინააღმდეგობას უწევდნენ რომაული ლეგიონების შემოტევას, ჯერ ვესპასიანეს, ხოლო შემდეგ ტიტეს წინამძღოლობით. მოისრა მილიონნახევრამდე ებრაელი, ხოლო ახალდაარსებული ეკლესია, ახალნერგი ქრისტეს ვენახისა, გადარჩა უომრად და ხელშეუხებლად. ერთი ქრისტიანიც კი არ დაღუპულა ამ საშინელ ჰეტაკომბაში.4

   ევსები კესარიელი წერს:

   „იერუსალიმში, ეკლესიის ერს, ქალაქში ომის დაწყებამდე სახელგა-ნთქმული კაცების მიმართ გამოცხადების გზით გადაეცათ წინასწარ-მეტყველება, რომ გასულიყვნენ ქალაქიდან და დასახლებულიყვნენ პერეას ერთ-ერთ ქალაქში, პელაში. როდესაც ქრისტეს მორწმუნეები იქ გადასახლდნენ, ისე, რომ წმინდანებმა სრულიად დატოვეს იუდეის დედაქალაქი და მთელი იუდეის მიწა, ღვთისაგან მათ (ქრისტეს არმიმღებ იუდეველებს) საბოლოოდ მოევლინა სამართალი, რადგანაც ისინი ქრისტესა და მისი მოციქულების მიმართ ესოდენ ურჯულოდ მოიქცნენ, და უწმინდურთა თვით ეს თაობა კაცთა მოდგმისაგან სრულიად აღიგავა" (ევსები კესარიელი. საეკლესიო ისტორია).

   არც ერთი მართალი არ დაღუპულა ნოეს დროს, როდესაც მთელი ძველი კაცობრიობა ცოდვების გამო აღგვილ იქნა პირისაგან მიწისა წარღვნის წყლებით.

   თავის დროზე ასევე სასწაულებრივად დაიხსნა უფალმა ძველი აღ-თქმის ეკლესია, ებრაელი ერი, ფარაონის ტყვეობისაგან. მაშინ ებრაელთაგან ერთი სულიც კი არ წარწყმედილა და არც კი დასვე-ლებულა მეწამული ზღვის გასვლის ჟამს მოსეს წინამძღოლობით. მათი მდევარი ფარაონის ლაშქარი კი სრულიად იქნა დანთქმული მეწამული ზღვის ბობოქარ ტალღებში.

  სანამ ებრაელთა მოქალაქეობა და ღვთისმსახურება სათნო იყო ღვთისათვის, მათ სიტყვასა და საქმეს თან უფლის მადლიც ერთვოდა და ომის დროს „ერთი დევნიდა ათასს და ორი განაძებდა ათიათასს" (2 რჯული 32. 30).

   საკუთარი სიჯიუტითა და მრუდე სულიერებით კი დაკარგეს აღთ-ქმული ქვეყანა, დედაქალაქი და ის ერთადერთი ტაძარიც მაშინდელ დედამიწაზე, სადაც ჭეშმარიტი ღვთისმსახურება აღესრულებოდა.

   ლათინური ეკლესიის წარმომადგენლებში არსებობს ერთი ასეთი ნი-შანდობლივი ანდაზა: „ნუ იქნებით რომის პაპზე მეტი კათოლიკები". ვინც ეს მოინდომა, მარტინ ლუთერისა და სხვათა წინამძღოლობით, ყველა ახალი, პროტესტანტული მიმართულების ფუძემდებლად იქცა. მათ ისიც დაკარგეს, რაც კათოლიკურ ეკლესიას ძველი, განუყოფელი ეკლესიისაგან შერჩენოდა. როგორც იტყვიან, განბანვის შემდეგ, ნაბან წყალს ბავშვიც გადააყოლეს. ეს ანდაზა მართლმადიდებელ ეკლესიაში არამეცნიერულ, უგუნურ მოშურნეობაში პოულობს პარალელს.

 

 

* * *

   ახლა რაც შეეხება უმთავრესს, იოანე ღვთისმეტყველის „გამოცხა-დებას", ბერძნული სახელდებით - „აპოკალიფსს". ამ წიგნის თვით-ნებური განმარტება იწვევს ყოველგვარ შფოთსა და კამათს.

   „გამოცხადება" არის ახალი აღთქმის ერთადერთი საწინასწარმეტ-ყველო წიგნი. იგი სრულებითაც არ გახლავთ საშინელებათა მაცნე, როგორადაც წარმოჩინდება ხოლმე ხანდახან სულიერად გაუთ-ვითცნობიერებელი კომენტატორის ხელში. როგორც ასეთი სახის წიგნებს ახასიათებს (მაგ. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებანი, დავით მეფის „ფსალმუნნი") „გამოცხადება" არ არის ფაქტობრივი და ქრონოლიგიური მასალების წარმომდგენი, თუმცა კი მისტიკურ ჭრილში მოცემული ყველა მოვლენა საბოლოოდ რეალობად იქცევა.

   აქ გვაქვს მრავალი პლასტი და სიღრმე ადამიანურ ქმედებათა და სულიერ მდგომარეობათა.

   „აპოკალიფსისის" მთავარი თემა გახლავთ მისტიკური წარმოდგენა (გამოხატულება) ქრისტეს ეკლესიისა და კაცობრიობის მომავალი ხვედრისა. საიდუმლო სახეებითა და სურათ-ხატებით ეს წიგნი აღწერს ეკლესიის ბრძოლას თავისი მტრების და უპირველესად, ეშმაკის წინააღმდეგ და საბოლოოდ მის გამარჯვებას ყველა მტერზე („ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია"). ყველა გლობალური ისტორიული მოვლენა, რაც კი კაცობრიობას დაუფი-ქსირებია ან მოხდება მომავალში, ჯდება იმ ბრძოლის კონტექსტში, რასაც ქრისტეს ეკლესია ეწევა ჯოჯოხეთის ბჭეებისა და მისი მიმდევრების წინააღმდეგ და ადასტურებს ეკლესიის საბოლოო გამარჯვებას და ერთგულთათვის ცათა სასუფევლის დამკვიდრებას.

   იოანეს „გამოცხადება" ასევე წარმოაჩენს და გვიდასტურებს ურჯ-ულოების საიდუმლოს, რომელიც ამქვეყნად ეშმაკის მიერ აღეს-რულება. მასაც აქვს თავისი სიღრმეები და უფსკრულები, რაც არსებითად სატანის მეუფებას წარმოადგენს. ასე რომ, ამ წუთი-სოფელს აქვს ორი კარიბჭე, ერთი - ვიწრო, რომელიც სასუფევლისაკენ მიგვაქცევს, ხოლო მეორე - ფართო - ზღურბლი ჯოჯოხეთისა.

   „აპოკალიფსი" ახალი აღთქმის ეკლესიის კანონიკური წიგნია, ამი-ტომაც, მამათა სწავლებით, სწორი ეკლესიური ცხოვრების გარეშე, ეკლესიურ საიდუმლოებებში მონაწილეობის გარეშე, შეუძლებელია მისი სწორი აღქმა და გაგება და ესეც მხოლოდ შესაძლებლობის ფარგლებში, პოტენციურად, რამდენადაც მოითხოვს სულიერ ასაკს, სულიერ სიჭარმაგეს და უპირველეს ყოვლისა, სულიწმიდის მადლის შემწეობას.

   ამიტომაც, ეკლესიური ცხოვრების დასაწყისში და თვით მონასტ-რული ცხოვრების პირველ ხანებში, მამათა სწავლებით, „გამოცხა-დების" კითხვა და პირად კანონში ჩართვა არ არის რეკომენ-დირებული.

   შემდგომად სულიერი ცხოვრების გაღრმავებისა და ლოცვაში განმ-ტკიცებისა, ნებადართულია ამ წიგნის კითხვა, სხვა ბიბლიურ წინასწარმეტყველებებთან და განსაკუთრებით დანიელის წინასწარმე-ტყველებებთან ერთად, რომლის მისტიკური სახის მეტყველება რიგ შემთხვევებში ზუსტად ემთხვევა „აპოკალისფურს".

   გარდა ამისა, და ეს უმთავრესია, ვიდრე ქრისტეს მეორედ მოსვლაზე ვისაუბრებდეთ, უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს პირადი ცხოვრება, რომელიც აუცილებლად სიკვდილით დამთავრ-დება. ქრისტე თითოეული ჩვენთაგანის გულის კართან დგას და აკაკუნებს. ღვთის მადლით ამ ცხოვრებაშივეა შესაძლებელი უფალთან შეხვედრა, ხოლო რაც შეეხება გარდაცვალებას, რომელიც შეიძლება ქრისტეს მეორედ მოსვლამდეც მოხდეს, იგი უკვე ნიშნავს კიდეც მასთან შეხვედრას (პირად სამსჯავროზე).

   ამასთან, ვინც არ იცის და არ სმენია, თუ რა არის უხილავი შინაგანი ბრძოლა და ამ ბრძოლასთან დაკავშირებული სულიერი წინააღმ-დეგობები და განსაცდელები, შეუძლებელია ჩაწვდეს გარეგანი ბრძოლებისა და მოვლენების არსს...

   ის, რაც მომავალში უნდა მოხდეს და მოიწიოს უკვე დამწიფებული სამკალის სახით, მისტიკური თვალსაზრისით დღესვე აღესრულება:

   „ყრმანო! უკანასკნელი ჟამია და, როგორც მოისმინეთ, რომ მოდის ანტიქრისტე, და ახლაც მრავლად არიან ანტიქრისტეები. ამით ვიცით, რომ უკანასკნელი ჟამია" (1 იოანე 2. 18). (გაგრძელება...)

 

 

  

4ჰეტაკომბა - მასიური განადგურება, გვამების გროვა.

 

არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი) 

 წიგნიდან „666 ანუ აპოკალიფსური საცდური" 


უკან დაბრუნება