მთავარი > საცდურები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > საეკლესიო მოღვაწეთა რჩევები (ნაწილი II)

საეკლესიო მოღვაწეთა რჩევები (ნაწილი II)


4-02-2016, 00:02

საეკლესიო მოღვაწეთა რჩევები (ნაწილი II)

 

   „ერთი თებაიდელი ბერი ყვებოდა: მამაჩემი ქურუმი იყო და რო-დესაც ბავშვობაში საკერპოში ვიჯექი, არაერთხელ მინახავს, როგორ შემოდიოდა და კერპებს მსხვერპლს სწირავდა. ერთხელ მამაჩემს ზურგიდან მალულად მივუახლოვდი და მის წინ მდგარი სატანა და მთელი მისი ამალა ვიხილე. და აი, ერთი მთავარი მიუახლოვდა მას და თაყვანი სცა. სატანამ ჰკითხა: საიდან მოხვედი? მე ამა და ამ სოფელში ვიყავი, - უპასუხა მან, - იქ დიდი ბრძოლა და ბუნტი აღვძარი, სისხლისღვრა მოვახდინე და მოვედი, რათა გაცნობო. სატანამ ჰკითხა: რამდენ ხანში გააკეთე ეს? ოცდაათ დღეში, - უპასუხა მან. სატანამ უბრძანა, დაესაჯათ იგი: ამდენი ხნის განმავლობაში ნუთუ მხოლოდ ეს შეძელი! აი, მას თაყვანი სცა მეორემ. სატანამ ჰკითხა: საიდან მოხვედი? ზღვაზე ვიყავი, - უპასუხა დემონმა, - ღელვა აღვძარი, ხომალდები ჩავძირე, უამრავი ადამიანი დავღუპე და ამის სათქმელად მოვედი შენთან. რა დრო მოანდომე ამას? - ჰკითხა სატანამ. ოცი დღე - უპასუხა დემონმა. სატანამ მისი დასჯაც ბრძანა და თქვა: ამდენი ხნის განმავლობაში ნუთუ მხოლოდ ეს გააკეთე? და აი, მესამე მიუახლოვდა და თაყვანი სცა. სატანამ ჰკითხა: საიდან მოხვედი? მან უპასუხა: ამა და ამ ქალაქში ჯვრისწერა მიმდი-ნარეობდა, მე ჩხუბი აღვძარი, დიდი სისხლისღვრა მოხდა თვით ნეფე-დედოფალს შორისაც კი და ამის საცნობებლად მოვედი შენთან. რამდენ დღეში მოახერხე ეს? ათ დღეში, - უპასუხა მან. სატანამ ბრძანა დაყოვნებისათვის ისიც დაესაჯათ. კიდევ მივიდა ერთი და თაყვანი სცა. სატანამ ჰკითხა: საიდან მოხვედი? მე უდაბნოში ვიყავი, - უპასუხა მან, - აი უკვე ორმოცი წელია, ერთ მონაზონს ვებრძვი, და ამ ღამით იგი სიძვით დავამარცხე.

  ეს რომ მოისმინა, სატანა ადგა, გადაეხვია ამბის მომტანს, აიღო გვირგვინი, რომელსაც თავად ატარებდა და მას დაადგა თავზე; ტახტზე გვერდით მოისვა და უთხრა: შენ უდიდესი საქმე აღასრულე! ამის შემდეგ ბერმა დაასკვნა: აი, როგორი მაღალია მონაზვნის წოდება! როდესაც უფალმა კეთილინება ხსნა მოენიჭებინა ჩემთვის, დავუტევე სოფელი და მონაზონი გავხდი" (ძველი პატერიკი 5, 42).

  ღირსი მამები გვასწავლიან, რომ დასაწყისში ჭეშმარიტებასა და მცდარობას შორის სხვაობა თითქოს მილიმეტრის ოდენაა, ხოლო ბოლოს იმ გაუვალი უფსკრულით მთავრდება, რომელიც სასუ-ფეველსა და ჯოჯოხეთს შორის ძევს. ამიტომაც აფრთხილებდა გალატელებს პავლე მოციქული:

   „მაგრამ თვით ჩვენც, გინდა ანგელოზი ზეცით, რომ გახარებდეთ არა იმას, რაც აქამდე გვიხარებია თქვენთვის, შეჩვენებულნი ვიყოთ.

   რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: თუ ვინმე გახარებთ სხვა რამეს, გარდა ამისა, რაც მიგიღიათ, შეჩვენებული იყოს" (გალ. 1. 8, 9).

   როდესაც მოციქული ამას ამბობს, ჩვენ რაღა გვეთქმის?! თორმეტ მო-ციქულში ერთი, იუდა - გამცემელი აღმოჩნდა, ხოლო სამოცდაათ-თაგან ხუთი განუდგა მაცხოვარს და კერპებს შესწირეს მსხვერპლი. ჩვენ, ქრისტიანებს კუბოს ფიცრამდე სიფრთხილე გვმართებს, რადგან სწორედ იქამდეა დაშვებული ბრძოლა და ე.ი. დამარცხების შესაძ-ლებლობაც. პატერიკები სავსეა ამდაგვარი მაგალითებით;

   „წმიდა მთის ბერი გაბრიელი, რომელიც თავისი სულიერი შვილის, ბერი კირილეს უკანასკნელ წუთებს ესწრებოდა, იშვიათი სულიერი გამოცდილების ღირსი გახდა.

   მამა კირილე წინასასიკვდილო აგონიაში იყო. თავის მარცხენა მხა-რეზე მან ქაღალდის ფურცელი დაინახა, რომლის შინაარსიც მისთვის უცნობი იყო. მის მარჯვენა ხელთან, თეთრად შემოსილი ორი ანგელოზი იდგა, მარცხნივ კი - ეშმაკები. მამა გაბრიელი გამოცდილი მოძღვარი იყო და კირილეს წაქეზება დაუწყო:

   - ჰკითხე ანგელოზებს, რა წერია ქაღალდზე?

   მალე ბერმა უპასუხა:

  - იქ ორი ჩემი ცოდვა წერია, რომელიც დამავიწყდა და აღსარებაში არასოდეს მითქვამს.

   მოძღვარმა მაშინვე წაუკითხა შენდობის ლოცვა და მამა კირილემ მშვიდობიანად მიაბარა სული უფალს, რადგან ღვთაებრივი განგე-ბულების შესახებ ზეციური ანგელოზებისაგან ეუწყა" (სათნოებათა სასწავლებელი წმიდა მამათა ცხოვრებიდან, I ნაწილი, გვ. 130).

   თვით ღვთივნაბოძები სასწაულთქმედების ნიჭიც კი არ ნიშნავს უც-ილობელ ქრისტიანულ სრულყოფილებას. ანტონი დიდის ცხოვრე-ბაში ჩვენ ვკითხულობთ:

   „თუ რაოდენ დამღუპველია ზესთამჩენობა, ცუდად განდიდება თა-ვისა - ეს კარგად ჩანს ერთი ჭაბუკი მოსაგრის მაგალითიდან, რომელიც დაეცა მის მიერ აღსრულებული სასწაულის შემდგომ. გადმოცემით, უდაბნოს იმ ადგილის მახლობლად, სადაც მამა ანტონი მოსაგრეობდა, ერთ ჭაბუკ მონაზონსაც ეტვირთა განდეგილობის ტვირთი. ერთხელ მისი სენაკის მახლობლად მოხუცმა ბერებმა ჩაიარეს, რომელნიც წმინდა ანტონისთან მიდიოდნენ და შორი გზის გამო მეტად გადაქანცულნი იყვნენ. ჭაბუკმა მონაზონმა მათ დანახვაზე გარეულ სახედრებს მოუხმო და უბრძანა, მოხუცი ბერები მამა ანტონისთან მიეყვანათ. პირუტყვნი დაემორჩილნენ მის სიტყვას და როცა ამ ბერებმა ყოველივე მოძღვარს მოუთხრეს, მან თქვა: ეს ჭაბუკი მონაზონი, როგორც მე ვუწყი, ტვირთით აღსავსე ხომალდია, მაგრამ არ ვიცი, მშვიდობით მიაღწევს თუ ვერა იგი ნავთსაყუდელსო. მართლაც, ეს ჭაბუკი, ოცნებაშეპყრობილი საკუთარი ღირსებების გამო, ამპარტავნების სულს დაემონა და მცირე ხნის გასვლის შემდგომ დაეცა. მამა ანტონიმ წინასწარ განჭვრიტა მისი დაცემა და უთხრა თავის მოწაფეებს: აი, ამ ჟამს დაეცა ცოდვით ის ჭაბუკი მოსაგრე, წადით და ნახეთო. მოწაფეები წავიდნენ და მართლაც დაცემული ნახეს ჭაბუკი მონაზონი, რომელიც იჯდა და თავის შეცოდებების გამო ცხარე ცრემლებს ღვრიდა".

   საღვთო წერილი ნათლად წარმოაჩენს სულისათვის დაღმავალ მოღ-ვაწეობას, რომელიც საბოლოოდ მაცდურისეული ანტიქრისტიანული სულით იწინამძღვრება და დასაღუპავად მიჰყავს მისდამი მინდო-ბილი:

   „ვუმოწმებთ მათ, რომ აქვთ საღვთო შური, ოღონდ არამეცნიერებით.

   ვინაიდან, რაკი არ იცოდნენ ღმერთის სიმართლე და თავიანთი სი-მართლის დამტკიცებას ცდილობდნენ, არ დაემორჩილნენ სიმართლეს ღმრთისას" (რომ. 10. 2, 3).

   და როდესაც ადამიანი საბოლოოდ განმტკიცდება საკუთარ მიწიერ, ამპარტავნულ სიმართლეში, სწყდება ჭეშმარიტების მაცხოვნებელ გზას. ეს საკუთარი სიმართლე კი უსამართლობად შეერაცხება ღვთის წინაშე და „იმის გამო, რომ მათ არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად, ამისათვის გაუგზავნის მათ ღმერთი მცდარ ქმედებას, რათა იწამონ სიცრუე, რათა დაისაჯოს ყველა, ვინც ჭეშმარიტება არ იწამა და მოიწონა უსამართლობა" (2 თეს. 2. 10, 11, 12).

   ჩვენ ზემოთ მოვიყვანეთ მაგალითები სწორი და არასწორი სული-ერებისა და თვითშეფასებისა... საინტერესოა როგორი იყო ყველაზე მოშურნე მოციქულისა და ეკლესიის ურყევი სვეტის, პავლე მოციქულის თვითშეფასება? კორინთელთა მიმართ პირველ ეპის-ტოლეში პავლე მოციქული წერდა:

   „ღვთის მადლით ვარ, რაცა ვარ; და მისი მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მეტი ვიღვაწე; თუმცა არა მე, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც იყო ჩემთან" (1 კორ. 15. 10).

 

 

●●●

   გამოჩენილი ამერიკელი მართლმადიდებელი მოღვაწე, მღვდელმო-ნაზონი სერაფიმე როუზი, აფასებდა რა კაცობრიობის თანამედროვე სულიერ მდგომარეობას, თავის ნაშრომში „მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია", წერდა:

   „რამ მიიყვანა კაცობრიობა და თვით ქრისტიანული სამყარო ამ გა-მოუვალ მდგომარეობამდე? ცხადია, საქმე ეშმაკის აშკარა კულტებით არ შემოიფარგლება - ამგვარი კულტები ყოველთვის ადამიანების ვიწრო წრეს აერთიანებდა. არა, ეს გაცილებით ღრმა და საიდუმლო პროცესია, რომელზეც შეგნებული მართლმადიდებელი ქრისტიანი ძრწოლის გარეშე ვერც იფიქრებს: ესაა ღვთის მადლის დაკარგვა, რაც თან სდევს ქრისტიანობის არსის გაგების დაკარგვას.

  დასავლეთში, უეჭველია, ღვთის მადლი უკვე მრავალი საუკუნის წინ დაკარგეს - ჩვენს თანამედროვე კათოლიკეებსა და პროტესტანტებს წარმოდგენაც კი არასოდეს ჰქონიათ ღმრთის მადლზე, ამიტომაც რა გასაკვირია, მისი დემონური იმიტაციის გამოცნობა რომ ვერ შეძლონ. მაგრამ ვაი, რომ ამ ყალბი სულიერების დღევანდელი წარმატება თვით მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორისაც კი წარმოაჩენს, რამდენად დაუკარგავთ მათ წარმოდგენა ქრისტიანობის არსზე და უკვე აღარ ძალუძთ ჭეშმარიტი ქრისტიანობისა და ფსევდოქრისტიანობის გარჩევა...

   მაშ, რაოდენ მნიშვნელოვანი უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრი-სტიანისათვის ღვთის შიში - კაცს მუდამ უნდა ეშინოდეს ღვთის მადლის დაკარგვისა, რომელიც ყველას კი არ ეძლევა, არამედ მხოლოდ მას, ვინც ჭეშმარიტ სარწმუნოებას იმარხავს, ცხოვრებას ცოდვასთან ქრისტიანულ ბრძოლაში ატარებს და უძვირფასესი საგანძურივით უფრთხილდება ღვთის მადლს, რომელსაც ძალუძს სულის ზეცად აყვანა. მით უმეტეს, რა სიფრთხილე მართებთ ქრისტიანებს, როდესაც გარშემო ყალბი „ქრისტიანობა" აკრავთ, „მადლისა" და „სული წმიდის" საკუთარ განცდებს რომ სთავაზობს მათ და თავისი „სიმართლის" დასამტკიცებლად მზად არის უამრავი ციტატა მოიყვანოს საღვთო წერილიდან თუ წმინდა მამების ნაწერებიდან! ჭეშმარიტად, ახლოს არის უკანასკნელ ჟამი და მოვა დიდი სულიერი საცდური, რათა აცდუნოს „რჩეულნიც, თუკი შეძლებენ" (მთ. 24. 24).

   ამიტომაც გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე ფსევდო-ეკ-ლესიური ჟურნალ-გაზეთების კითხვისას, სადაც ეკლესიის ჭეშმარიტ მოძღვართა სწავლებები დემონის სხვადასხვა საცდურებით მოხიბ-ლულთა სწავლებებითაა განზავებული, რაც განსაკუთრებულად ძნელად აღსაქმელი და მოსანელებელი ხდება.

   ნახევარსიმართლე ხომ ყველაზე დიდი ბოროტებაა, თუნდაც იმი-ტომ, რომ იქმნება ილუზია, თითქოს ეს უკანასკნელნი პირველთა კანონიერი მემკვიდრეები იყვნენ.

   კლიმენტი ალექსანდრიელი თავის „ჰომილიებში წარმართთა მიმ-ართ", იხსენებს იმდროინდელ სპარსეთში არსებულ სიკვდილით დასჯის ორიგინალურ წესს. სიკვდილმისჯილს ორმოში აგდებდნენ მასზე მიბმულ გვამთან ერთად. მცირე დროის შემდეგ გვამური შხამი ტუსაღს აზიანებდა, წამლავდა და კლავდა. ჩვენი ფსევდო-ეკლესიური გამოცემები ხომ არ წააგავს ამ ორმოს, სადაც ერთ ცოცხალ საეკლესიო სწავლებაზე რამოდენიმე გვამური სწავლება მოდის?

   ჯობია ცნობისმოყვარე მკითხველმა, განსაკუთრებით კი ნეოფიტმა ამ ორმოში არ ჩაიხედოს. ისე კი სასურველია ამ გამოცემებმა შინაარსი საღი საეკლესიო სწავლებებით შეცვალონ ან შეელიონ საეკლესიო ნებართვის ბეჭდებს - „რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან?!" (2 კორ. 6. 15). (გაგრძელება...)

 

 

არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი) 

 წიგნიდან „666 ანუ აპოკალიფსური საცდური" 


უკან დაბრუნება