მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > ჟამი ქვათა შეკრებისა - ნაწილი II

ჟამი ქვათა შეკრებისა - ნაწილი II


1-02-2016, 00:02

ჟამი ქვათა შეკრებისა - ნაწილი II

 

   პროტესტანტული სული ზოგიერთ ჩვენს ჟურნალ-გაზეთებსაც შეე-ხო. ჩვენ არ ვგულისხმობთ ე.წ. ყვითელ პრესას, არამედ იმას, რომელნიც ეკლესიურობას იჩემებენ.

   ეს გამოცემები მუდმივად აპელირებენ1 თანამედროვე მითებითა და აპოკრიფებით2 ე.წ. „სალოსების", „ცოცხალი წმინდანების", „ნეტარი" მამებისა და დედების შეგონებებით. ყოველ ნომერში გვხვდება მორიგი სასწაული და წინასწარმეტყველება. ეს „წინასწარმეტყ-ველებანი" უმეტესწილად სულიერი ავადმყოფობის სხვადასხვა ფორმის გამოძახილს წარმოადგენენ, „სასწაულები" კი იმ ფოკუსების ჟანრისაა, რომელსაც უხვად უნდა ველოდეთ სწორედ ანტიქრისტეს გამოჩინების ჟამს. სახეზეა სასწაულის, როგორც ასეთის, სრული დესაკრალიზაცია. სანახაობებს მიჩვეული და მოყვარული ელექტო-რატი3, ცხადია, მომავალში უფრო გრანდიოზულსა და განმაცვიფ-რებელს მოითხოვს. ხიბლის ერთ-ერთი აშკარა ნიშანი ხომ სისხლის გახელებაა, ანუ, თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ადრენალინის მოჭარბება. პური და სასწაულები - ეს იქნება ეგზალტირებული მასის დევიზი ანტიქრისტეს ჟამს, რასაც ცრუ-მოღვაწეობის დასაწყისში იგი უხვად გაიღებს. ის, რაც ქრისტემ არ აღასრულა უდაბნოში განცდის ჟამს (ქვების პურად გადაქცევა), ანტიქრისტე შეეცდება გრძნებით მოახვიოს თავს კაცობრიობას და ამის მომლოდინეთაგან ბევრსაც დააჯერებს.

   ასე მაგალითად, ესქატოლოგიური ფსიქოზის ერთ-ერთი ტიპიური გამოვლინება, ანუ „სასწაული" (ეს სიუჟეტი ერთ-ერთი ჟურნალიდანაა მოყვანილი). მოუმზადებელი აბიტურიენტის მამა მიდის „სალოსთან" შეწევნისათვის და ეს შეწევნა საგამოცდო მასალის წინასწარი გაცხადებაა. „ცოცხალი წმინდანი" თითქოს მას წინასწარ, მინიშნებით ამცნობს შესახვედრ საგამოცდო მასალას. მოუმზადებელ აბიტურ-იენტს მინიშნებული საკითხი ხვდება და აბარებს. მამა უზომოდ ბედნიერია და „სალოსის" მადლობელი. აქედან დასკვნა, ანუ მორალი: თუკი „სალოსია" უფალთან შუამდგომელი, მაშინ ღმერთთან „ჩაწყობაც" შესაძლებელია საამქვეყნო საკითხებში. ცხონების საკითხი ხომ „სალოსის" აღიარებითა და მიმდევრობით გარანტირებულია. მოდით, კიდევ ერთხელ ღრმად ჩავუკვირდეთ ზემოთ მოყვანილ „სასწაულს", როგორც ტიპიურ მოვლენას გარკვეული მიწიერი მოლოდინების სფეროში. ნებისმიერი გამოცდა ნორმაა ერული ცხოვრებისა და გარკვეულწილად მის სიჯანსაღეს უწყობს ხელს. ამ შემთხვევაში თემიდან სასწორი გამომცდელის ხელშია და სწორ შეფასებაში იგი აგებს პასუხს უფლისა და საკუთარი სინდისის წინაშე. ჩვენს შემთხვევაში გამომცდელმა ვერ შეამჩნია „სალოსის" უხილავი ხელი, რომელმაც სასწორის ერთ-ერთი პინა დასწია და „თავისი კაცი" გაიყვანა. რამდენად მოსაწონი იქნებოდა ეს უფლისათვის? როგორ დაიცავდა იგი სამართლიანობას? ანკი ჩაერეოდა უფალი იმ საკით-ხებში, რაშიც ადამიანთათვის სრული თავისუფლება მიუნიჭებია და სიმართლის კრიტერიუმად სინდისის ხმა მიუცია?

   ლუკას სახარებაში ვკითხულობთ:

   „ხალხიდან ვიღაცამ უთხრა მას: „მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ გამიყოს მემკვიდრეობა". მან კი უთხრა: „ადამიანო, ვინ დამაყენა თქვენს მსაჯულად ან გამყოფად?"

   მათ უთხრა: „დაუკვირდით და დაიცავით თავი ყოველი ანგარები-საგან, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული..." (ლკ. 12. 13-14). ჩვენის მხრივ დავამატებდით, რომ არც სტუდბილეთის ქონაზეა დამოკიდებული.

   უფალი ხომ უპირველესად ცათა სასუფევლის ძიებას ქადაგებდა. ამ-იტომაც შეიქმნა იგი მიუღებელი პრაქტიკული და დიდების მოყვარე იუდეველებისათვის. მას ხომ მეფობასაც სთავაზობდნენ?! მაცხოვარმა კი ყოველგვარ ამქვეყნიურზე, მიწიერზე უარი თქვა. დაკვირვებული მკითხველი მიხვდება, რომ იმ საგამოცდო მასალების გაცხადებაში უფლის ხელი არ ურევია და ეს ე.წ. „სულიერი კორუფცია" მთლიანად „სალოსის" კისერზეა. ვისი წინასახეა ამგვარი „სალოსი" და „წი-ნასწარმეტყველი"? ცხადია იმისი, ვინც სამომავლოდ ქვების პურად გადაქცევას შეეცდება, მაგრამ ჩვენ ჩვენი ტკბილი უფლის სიტყვებს გავიმეორებთ: „არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით" (მთ. 4.4). დასკვნის სახით ვიტყვით, რომ ყოველი ამდაგვარი „სასწაული" ვირტუალურ და მოჩვენებით სფეროს განეკუთვნება, რადგანაც თუ თავს არ ვიტყუებთ ჯერ ქვებით ძეხორციელი არ დაპურებულა. ქვა აქ მკვდარი სარწმუნოების სიმბოლოა. არც ისაა გამორიცხული, „სალოსი" თვლიდეს, რომ იგი ქრისტეზე მეტია. მუჰამედისა არ იყოს, იგი ხომ ქრისტეს შემდეგაა მოსული. ბუნებით ღმერთების საკითხი ხომ მათთვის მრავლობით რიცხვში წყდება და ჩვენთვის ასეთი პუბ-ლიკაციებიც ცნობილია.

   აღარაფერს ვიტყვით „სალოსების" მიმდევრებისა და მათი სულიერი შვილების განსაკუთრებულ მაკურნებელ ნიჭზე, თითქმის ყველანაირი დაავადების განკურნებას რომ გვთავაზობენ. ამ უკვდავების წამლების საკითხი რეკლამის თემაა და არც ამაზე ძუნწობენ ეს გამოცემები, და საერთოდაც უნდა ითქვას, რომ ეს ფსევდო-ეკლესიური პერიოდიკა კარგად იყენებს ადამიანზე ზემოქმედების ყველა თანამედროვე საშუალებას. მათ შორის რეკლამას, ანუ წვეთმა ქვა გახვრიტას პრინციპს; ეს რეალურად; ფიქტიურად კი ამ ყველაფერს ბრძოლას უცხადებენ და თითქოს ემიჯნებიან და გაურბიან კიდეც. ამ ვირტ-უალურ გაქცევაში ცდილობენ გაუთვითცნობიერებელი მკითხველიც თან გაიყოლონ. ეს კი ძალიან წააგავს საბჭოთა კატორღებიდან გაქცევას. ცნობილია, რომ პრიმა მუხლებით4 გასამართლებულები ხშირად ცდილობდნენ გაქცევას და გზაში მიმნდობ „თანამზრა-ხველებსაც" გაიყოლებდნენ ხოლმე. მერმე ისე ხდებოდა, რომ ეს მეამიტი „თანამზრახველები" გზაში „შემოეჭმებოდათ" ხოლმე... ასე რომ სიფრთხილეს სულიერ საკითხებში განსაკუთრებული როლი აკისრია, რათა სხვათა შესაჭმელ ულუფად არ ვიქცეთ; „სასყიდლითა ხართ ნაყიდნი. ნუ გახდებით მონები კაცთა" (1 კორ. 7, 23).

   აქვე არიან ვითომცდა სხვისი ცოდვების „გამომტირებელი წმინდან-ები", რომელთა საქმიანობაც უფრო ე.წ. კარმის გაწმენდას მიესადაგება. ასეთებს სულიწმინდა ამხელს დავითის ფსალმუნებით: „ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს" (ფს. 48.8).

   კვლავაც, იეზეკიელ წინასწარმეტყველთან ვხვდებით:

   „ცოდვილი სული უნდა მოკვდეს, შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს; მართლის სიმართლე მასზე იქნება, ბოროტეულის სიბოროტე მასზე იქნება" (იეზეკიელი 17, 20).

   რაც შეეხება ყავლაგასულ წინასწარმეტყველებებს, ანუ ისეთებს, რო-მელნიც არ შესრულდა; მეორე რჯულის თანახმად ასეთი ცრუ-წინასწარმეტყველი ქვებით იქოლებოდა. ჩვენ შემთხვევაში კი ელემენტალური ქრისტიანული ეთიკა მოითხოვს, რომ ამ ხალხს საჯარო ტრიბუნა ჩამოვართვათ (ფსევდო - ეკლესიური გამოცემების სახით) მაინც, თუ ექიმთან წაყვანაზე უარს გვიცხადებენ.

   საქმე გვაქვს მართლმადიდებლურად შეფუთულ შამანიზმთან, რას-თანაც ძალზედ ფრთხილად უნდა იყოს გაუთვითცნობიერებელი მკითხველი, რადგანაც ისიც ფაქტია, რომ ე.წ. „სალოსთა" და „ცოცხალ წმინდანთა" მიმდევრები საბოლოოდ ეკლესიას შემოსწყრებიან ხოლმე და ცალკე სექტანტურ ერთობას აყალიბებენ. აქ უკვე დიდი სხვაობა აღარ არის, ღობის შიგნით რჩებიან თუ მის გარეთ.

   მე მახსენდება ნიუ ეიჯის (ანუ ახალ ერის) მიმდინარეობის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ხაბარდის სიტყვები:

   „გინდა იყო მდიდარი? შექმენი საკუთარი რელიგია".

   როგორც ჩანს ნიუ ეიჯის მიმართულება ნელ-ნელა ჩვენშიც იკიდებს ფეხს. პრესის თავისუფლება ხომ ამის მყარ გარანტიას იძლევა.

   გასული საუკუნის გამოჩენილი ამერიკელი მოძღვარი, მღვდელ-მო-ნაზონი სერაფიმე როუზი ფართოდ განიხილავდა ამგვარ საკითხებს. მას მთელი ნაშრომი აქვს მიძღვნილი ე.წ. „ქარიზმატულ აღორძი-ნებაზე". ამაზე ქვემოთ. ახლა კი გვინდა კონკრეტიზაცია გავუკეთოთ ჩვენს დროში საყოველთაოდ გავრცელებულ საეკლესიო სენს, რასაც გერონდომანია ჰქვია.

   გერონდომანია არის ძიება ე.წ. მჭვრეტელი და სასწაულმოქმედი მა-მებისა და დედებისა, ანუ, როგორც საქართველოშია მიღებული (ჩვენ ხომ ექსტრამაქსიმალისტები ვართ) „სალოსებისა" და „ცოცხალი წმინდანებისა", რომლებიც სიამოვნებით აკმაყოფილებენ მეძიებელთა სულიერი მონობის წყურვილს, კადნიერად იღებენ რა თავის თავზე მიმდევართა ცხონების გარანტიას.

   ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ავტოქტონულ5 „სალოსებთან" ერთად გამოჩნდნენ რუსული აპოკრიფების გმირებიც. ასე მაგალითად, ითარგმნა და გამოქვეყნდა სქემმონაზონ მაკარიასა და პელაგია რიაზანელის ცხოვრებები. ყველაფერს იპოვით ამ „ცხოვრებებში"; კურნებებსაც, სასწაულებსაც, წინასწარმეტყველებებსაც; ყველაფერს, გარდა მართლმადიდებლობისა. არსებობს ალბათ სხვა ამდაგვარი მრავალი პუბლიკაციაც. ჩვენთვის, მონასტრული ცხოვრების იქით, ცოტა რთულია ყველაფერზე თვალყურის დევნება. თანაც, როგორც ჩანს, კარგი რეკლამა ზრდის მომხმარებელსაც. (გაგრძელება...)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1აპელირება - მიმართვა მხარდაჭერისათვის, მოშველიება, დაყრდ-ნობა

2აპოკრიფი - ყალბი, ცრუ, არაკანონიკური

3ელექტორატი - აქ, ამ შემთხვევაში: მიმდევარი, ამომრჩეველი

4პრიმა მუხლი - (ლათ. Prima - პირველი) განსასჯელისადმი მიყე-ნებული სტატიიდან უმაღლესი მუხლით გასამართლება

5ავტოქტონური - მკვიდრი, ადგილობრივი

 

 

 

არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი) 

წიგნიდან „666 ანუ აპოკალიფსური საცდური" 


უკან დაბრუნება