მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > მადლითმოსილი გაბრიელ ეპისკოპოსის ცხოვრება (ნაწილი 2)
მადლითმოსილი გაბრიელ ეპისკოპოსის ცხოვრება (ნაწილი 2)7-02-2016, 00:05 |
1849 წელს გერასიმე ქიქოძემ მაგისტრის ხარისხით დაამთავრა პეტ-ერბურგის სასულიერო აკადემია და მისივე თხოვნის საფუძველზე ინსპექტორად დაინიშნა თბილისის სემინარიაში. ამავე წელს მან იქორწინა პეტერბურგის წმ. გიორგის ეკლესიის მოძღვრის ნიკოლოზ ვლადიკინის ქალიშვილზე, მარიამ ნიკოლოზის ასულზე. გერასიმე ქიქოძის ცხოვრება ბედნიერებით იყო სავსე. ცხოვრობდა თავის სამშობლოში, ჰქონდა სასურველი სამსახური, ჯილდოს ჯილდოზე ღებულობდა პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, მის ბედნიერებას კი აგვირგვინებდა შესანიშნავი მეუღლე და ხუთი შვილი. გარდა ამისა, რომ ინსპექტორი იყო, სემინარიაში გერასიმე ასწავ-ლიდა მათემატიკასა და ფიზიკას, 1854 წლიდან მან უარი თქვა ინსპექტორობაზე და მხოლოდ ამ ორი საგნის მასწავლებლობა შეინარჩუნა. მალე ის „თბილისის კეთილშობილთა ქალების ინსტი-ტუტში" რელიგიის მასწავლებლად დანიშნეს. მაგრამ გერასიმეს სურვილი მღვდელობა იყო. 1854 წლის 7 გიორგობისთვეს სიონის ტაძარში გერასიმე დიაკვნად აკურთხეს, 8 გიორგობისთვეს კი მღვდლად. ეს ის დროა, როცა იდეალიზმი ადგილს უთმობდა რეალიზმ - მატ-ერიალიზმს, სწორედ ამ დროს გერასიმე ქიქოძე იწყებს მუშაობას საქართველოში არარსებულ შრომაზე: „ექსპერიმენტალური ფსიქო-ლოგია". ამ დრიოსათვის საქართველოში თითქმის შეუძლებელი იყო ამგვარი ნაშრომის ცენზურაში გატარება. გერასიმემ ხელნაწერი თავის მეგობარსა და თანამოაზრეს მღვდელ ალექსანდრე რუდაკოვს გაუგზავნა პეტერბურგში, სადაც ნაშრომი დაიბეჭდა კიდევაც. 1856 წელს გერასიმე ქიქოძეს დიდი უბედურება დაატყდა თავს: სულ მოკლე ხანში დაეხოცა ცოლი და ხუთი შვილი. მღვდელი მელიტონი თავის წიგნში გვაუწყებს: „ვერის წმ. ნიკოლოზის სასაფლაოზე ძველი ეკლესიის ქვედა ყურესთან აღმოსავლეთით ჩვენ ვიპოვეთ გაბრიელის ცოლის და შვილების საფლავი. საფლავზე დადებულია ალგეთის, ლურჯი, სადად გათლილი ქვის ლოდი... როცა გაბრიელი თბილისში მოვიდოდა, ყოველთვის ამ საფლავზე გაჩნდებოდა, პანაშვიდს გადაიხდიდა ცოლ-შვილის საფლავზე, მერე დაჯდებოდა ქვაზე და დაიწყებდა წიგნის კითხვას. დაღამებულზე წავიდოდა შინ..." ცოლ-შვილის გარდაცვალების შემდეგ თავზარდაცემულმა გერასი-მემ „მოინდომა მღვდლობის განტევება", მაგრამ ეგზარხოსმა ისი-დორემ მასზე დიდი გავლენა იქონია. აი რა უთხრა მან სასოწარკვეთილს: „არ ხედავ, რა გიყო უფალმა? ცოლი მოგაშორა, შვილები მოგაშორა და შერაცხა ანგელოზებად და მათ ნაცვლად გაძლევს ქართველთა ერთა, რათა უწინამძღვრო მათ, ასწავლო გზა ჭეშმარიტებისა და მიუძღვნა უფალსა ერი იგი განათლებული და განწმენდილი ყოვლისა ბოროტებისაგან". შეგონებამ გავლენა მოახდინა დამწუხრებულ გერასიმეზე. მან თავ-ისი უბედურება მიიღო, როგორც უფლის ნება და დარჩენილი ცხოვრებაც უფალს მიუძღვნა. 1856 წლის 29 სექტემბერს სიონის ტაძარში გერასიმე ქიქოძე გაბრი-ელის სახელით ბერ-მონაზვნად აკურთხეს. აქედან იწყება მისი ცხოვრება, წმინდა, მშვიდი და მადლმოსილი. გაბრიელ ეპისკოპოსის სულიერი ცხოვრების სურათს იძლევა ალ. რუდაკოვის წერილები გაბრიელისადმი: „შენ მიიღე შენი ჯვარი სიხარულით და ატარებ სიყვარულით" - წერს მამა ალექსანდრე მეგობარს ერთ წერილში, „ჩემს შენზე მწუხარებაში მანუგეშებს მხოლოდ ის, რომ სულით არ დაეცი შენ, რომ არ აყვედრი ღმერთს და ემორჩილები სიმდაბლით მის ნებას. გამხნევდი და გასწი მწუხარებით სავსე ნაჩვენები გზით, რომელზეც დაგადგინა შენ მარჯვენემან ღვთისამან" - ვკითხულობთ სხვაგან. 1858 წელს გაბრიელი წმ. სინოდის გადაწყვეტილებით წინამძღვრად დანიშნეს დავით გარეჯში. იმავე წელს იგი გორის ეპისკოპოსად აკურთხეს. გაბრიელ ეპისკოპოსმა პედაგოგიური საქმიანობა მიატოვა. „დიდად სამძიმო იყო საყვარელ მასწავლებელთან უკანასკნელი გამოთხოვება სემინარიისა და ინსტიტუტის შეგირდებისათვის. ბევრი ცრემლი დაიღვარა ამ დღეს სასწავლებელში - წერს მღვდელი მელიტონი. დიდი პედაგოგის მოღვაწეობა სკოლის კედლებში დასრულდა, მაგრამ გაგრძელდა უფრო დიდი მოღვაწეობა - სულიერი მოძღვრისა თვით ცხოვრებაში. გორის ეპისკოპოსობის დროს გაბრიელი სინოდის კანტორის წევრიც იყო და შუამთის უდაბნოს წინამძღვრადაც ითვლებოდა. ქორეპის-კოპოსს არავითარი უფლება არ გააჩნდა, უფროსი ეპისკოპოსის დაუკითხავად ნაბიჯსაც ვერ გადაადგამდა. „ამ კალაპოტში - წერს მღ. მელიტონი - დიდი ნიჭი და გაბედულება არის საჭირო, რომ ამ უფერულობაში რაიმე განსხვავება, გამონაკლისი, სიცოცხლე, საქმიანობა შეიტანო და თანაც უვნებელი დარჩე". გაბრიელმა ეგზარხოსისა და საზოგადოების ყურადღება თავისი ქადაგებით მიიქცია. ჩინებულ ორატორს დაბრკოლებაც ბევრი ეღობებოდა წინ, ეს იყო დროის სული, რეჟიმი და ცენზურა. ხშირად ეგზარხოსი ევსევი გაბრიელის აზრებს, მამა მელიტონის სიტყვით რომ ვთქვათ, „უკუღმა გადაატრიალებდა და ისე დაავალებდა თქმას". მაგრამ გაბრიელი ჯიუტობდა და სიტყვას მაინც თავისებურად წარმოსთქვამდა... 1860 წლის 2 ივლისს გაბრიელ ქიქოძე იმერეთის ეპისკოპოსად აკუ-რთხეს. ახალმა ეპისკოპოსმა არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება მოახდინა სა-ზოგადოებაზე. ღვთისმშობლობას წირვა აღასრულა გელათში. სრულიად სადა და უჩვეულო იყო ახალი მღვდელმთავრის წირვა. კიდევ უფრო უცხო იყო სიტყვა, რომლითაც გაბრიელმა ახალ სამწყსოს მიმართა. დიდი ხანია არ სმენოდა იმერეთს ასეთი სიტყვა. ყველა ამბიონს მიაწყდა და სმენად იქცა... ეპისკოპოს გაბრიელის სამწყსო ეს იყო: „სახედაჩეხილი და დასახ-იჩრებული სნეული, რომელსაც ექიმობა, დიდი დოსტაქრობა სჭირდებოდა გამოსამრთელებლად იმ სნეულებათაგან, რომელნიც უხვად შესძინა საბრალოს უდროობამ, უსამართლო და უწყალო ბედმა, გადაგვარების გზაზე დამყენებელმა ახალმა პირობებმა, უცხო, აუტანელმა სუნმა, რომლითაც დაჰბერა მეცხრამეტე საუკუნემ დასაძენად იმ ჭირისა, რომელიც გვიანდერძა ყეინებისა და ხონთ-ქრების ტლანქ უღლის ქვეშ ხანგრძლივად ყოფნამ" /მღ. მელიტონი/. ამ საზოგადოების გამოსწორებას დიდი შრომა სჭირდებოდა, დიდი მსხვერპლი, რადგან დიდი საქმე უმსხვერპლოდ არ კეთდებოდა. „სად იყო ეს მსხვერპლი, რომელსაც უნდა მოეტანა იმერეთისათვის ახალი დრო, დრო მსუბუქი, დრო ბრწყინვალე, დრო წინსვლისა, დრო ზნეობრივ განახლების დაწყებისა? ეს მსხვერპლი თვით გაბრიელი გახლდათ! იგი ნებსით და გაბედულად აღვიდა იმ სისხლიან ჯვარზე, რომელსაც ურცხვად გაურბოდა ეპისკოპოსი გერმანე გოგოლაშვილი" /მღ. მელიტონი/. გაბრიელმა დიდი ყურადღება მიაქცია სასწავლებელს. ქუთაისის ოთხკლასიან სასულიერო სასწავლებელში საშინელი განუკითხაობა სუფევდა, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც მღვდლების ობოლ შვილებს ინახავდნენ. ეპისკოპოს გაბრიელის შეწევნითა და მეცადინეობით მალე ყველაფერი გაუმჯობესდა. როზგებით ცემა მოისპო, კლასებს უფრო სუფთად ინახავდნენ და მასწავლებლებიც ერთგულად ეკიდებოდნენ თავიანთ მოვალეობებს. გაბრიელ ეპისკოპოსი ხშირად ესწრებოდა გაკვეთილებსა და მოსწავლეებს რჩევას აძლევდა. ახალმა ეპისკოპოსმა გამოსცა ბრძანება კრებულებზე ესწავლებინათ ლოცვები, პირჯვრის წერა, დასაქორწინებელთ ჯვრის წერა არ შეეძლოთ, თუ ლოცვები არ ეცოდინებოდათ. იმდროინდელი საზოგადოების ყველაზე თვალსაჩინო და საშიში სე-ნი მექრთამეობა იყო. "გერმანეს დროს - წერს მღ. მელიტონი - მღვდელობა ერთ ჯორში, ან ცხენში იყიდებოდა... დიაკონ კვიჟინაძეს გერმანე ეპისკოპოსმა ცხენი სთხოვა, კვიჟინაძემ არ მისცა და უკურთხი დარჩა". გაბრიელი ყოველთვის სიბრალულითა და ზიზღით უყურებდა მექ-რთამეებს. ერთხელ ერთმა მღვდელმა მას სავსე ხურჯინი მიართვა, თვითონ კი დახეული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ეცვა. გაბრიელმა მღვდელს სამი მანეთი გამოუტანა და მწარე ღიმილით უთხრა: „წადი და მეორედ აღარ გაბედო. ეს ფული წაიღე და ფეხსაცმელი იყიდე. შენ თვითონ, რომ არაფერი გქონია, ჩემთან მოგაქვს?!" გაბრიელს არ დაუტოვებია არცერთი არასასურველი მოვლენა სამწ-ყსოში, რომ არ ებრძოლა მის წინააღმდეგ. სამღვდელოებაც და საზოგადოებაც დიდად აღვირახსნილი დახვდა გაბრიელს, როგორც იმერეთში, ისე სამეგრელოში. ყველანი უზნეობის მორევში ცურავდნენ, ბეზღობა, გაიძვერობა, ცრუ საჩივარი, ცილის-წამება, შური, მტრობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ასეთ ვითარებაში გაბრიელ ეპისკოპოსის სამართლიანი სიტყვა ყვე-ლას ლახვარივით ხვდებოდა გულში და ამით მოძღვარმა ბევრი მტერი შეიძინა, მიუხედავად ამისა, მან სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გამო-უცხადა ბოროტებას, უკან დახევა ფიქრადაც არ მოსვლია. თუმცა ისეც ხდებოდა, რომ ნიჭიერი, ფრთხილი და დაკვირვებული მღვდელ-მთავარი იძულებული ხდებოდა უღირსი კანდიდატისათვის დაეთმო. დღე ისე არ ჩაივლიდა, რომ რაიმე დიდ უსიამოვნებას არ გადაჰყ-როდა ეპისკოპოსი. მის ბუნებას არ აკლდა სინაზე, სითბო და სულგრძელობა, მაგრამ როგორც ყველა გურული, ის მეტად ფიცხი ხასიათისა იყო. მის სიფიცხეს ხელს უწყობდა უზნეო საზოგადოება, რომლის მიქცევას ასე გულმოდგინედ ცდილობდა მღვდელმთავარი. ამ ფიცხ კაცში „იბრძვის დიდი გიგანტური სული... ისმენ და ინთქმები სმენაში, გული გიძგერს, შენს თავს აღარ ეკუთვნი და რაღაც დიდ მომენტს განიცდი, დიდ ნეტარებას გრძნობ დამარცხებული ბოროტების ცქერით... აქაა დიდი გაბრიელი, ბუმბერაზი გაბრიელი, რომლის წინ ბევრი ამოღებული ხმალი ჩაგებულა, ბევრი „გმირი" იმერელი გაცრუებულა!" /მღ. მელიტონი/. დიდმა ილიამ ბრძანა: „ზოგი იმისთანა კაცია, რომ, რაც გინდა ბევრი ისურვოთ, ვერას იტყვის, რადგანაც არა აქვს-რა ღირსი თქმისა, და ზოგი იმისთანაა, რომ სათქმელი ზღვაა და ან უღონოდ ვგრძნობთ თავსა-მის თვალგადუწვდენელს კიდეებს ერთბამად თვალი გადავა-წვდინოთ მთლად და უკლებლივ, ან არ ვიცით, რომელ მხრიდან დავუწყოთ ყურება, რადგანაც ყოველმხრიდამ დიდებული სანახავია". ასეთ ადამიანებში ილია გაბრიელ ეპისკოპოსს გულისხმობდა, მადლმოსილ მოძღვარს, ვინც თავისი ცხოვრებით მომასწავებელია იმისა, „რომ ქართველ ერს კიდევ სიცოცხლე სწყურია, კიდევ არ დაშრობია ცხოვრების წყარო"...
მღვდელ მელიტონ კელენჯერიძის წიგნიდან: „გაბრიელი, ეპისკოპოსი იმერეთისა" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |