მთავარი > ლოცვა, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ლოცვა განსაკუთრებული ხელოვნებაა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ლოცვა განსაკუთრებული ხელოვნებაა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


24-04-2016, 00:03

ლოცვა განსაკუთრებული ხელოვნებაა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

   თუ ქრისტიანი ადამიანი ყურადღებით წაიკითხავს ეკლესიურ ლო-ცვებს, ის დროთა განმავლობაში მათში ახალ და მანამდე შეუმჩნეველ სიღრმეს დაინახავს. ის სხვაგვარად განიცდის ყოველ სიტყვასა და შინაარსს; მას მოეჩვენება, რომ პირველად კითხულობს იმ ლოცვებს, რომელიც დიდი ხანია იცის ზეპირად. სწორედ ამიტომ, წმიდა მამები ლოცვას ხელოვნებას უწოდებენ. მაგრამ ლოცვა განსაკუთრებული ხელოვნებაა, რომელიც არა გარეგნულისადმი, არამედ საკუთარი სულისადმია მიმართული. ლოცვა თავდადებას მოითხოვს ადამიანი-საგან, ხოლო ჩვენი ზარმაცი სხეული და ვნებებით მოცული სული კი ეწინააღმდეგება მას. ხშირ შემთხვევაში ეს ბრძოლა დაძაბული და მოწამეობრივია. ადამიანი ეწინააღმდეგება თავის დაცემულ ბუნებას, სამყაროს, რომელიც შედის მასში აზრებისა და მაცდუნებელი სურათების გზით. ადამიანი ეწინააღმდეგება დემონურ ძალებს, რომლებიც ღვთის დაშვებით აწამებენ ადამიანს, აღავსებენ მის გულს სევდით, შიშით, სიძულვილით, და ხან კი ის სრულ უძლურებამდეც მიჰყავთ.

   ყურადღებიანი ლოცვისათვის, უსისხლო, მოწამეობის მსგავსი ღვა-წლი მოითხოვება.

   ლოცვაში ენაცვლება ტკივილი და სიხარული, ბრძოლა და სიმშვიდე, შრომა და ნუგეშისცემა. ლოცვა თავისებური გამოცდაა, რომელსაც აბარებს ადამიანი, უჩვენებს, რა მისი მეშვეობით თავის ნამდვილ ცხოვრებას. მაგრამ ადამიანის ეგოისტურ ბუნებას ჯილდოს მიღება უშრომელად სურს და ადამიანის მზაკვრული გონება ეთანხმება ვნებებს, რათა ეცრუოს ღმერთს. ეს შეუმჩნევლად ხდება. ადამიანი ვერ ამჩნევს, რომ ლოცვის სიტყვები მაცხოვნებელ ძალას მაშინ ღებულობს, როდესაც ისინი გაიაზრება გონებით და განიცდება გულით. გაფანტული ლოცვა არასულიერი ადამიანისათვის ბევრად უფრო იოლია, და ის ყურადღებიან ლოცვას, სიტყვების უბრალო წარმო-თქმით ცვლის. ამ შემთხვევაში ნების, აზრებისა და გრძნობების გაფანტვა ხდება, რომლებიც ყურადღებიანი ლოცვის შემთხვევაში ერთიანდება. გონება ივსება აზრებით, მსგავსად იმ უწმინდური ცხოველებისა, რომელთაც არავინ აგდებს სახლიდან. გულს არ ესმის ლოცვა, ის ქვასავით მაგრდება, რომელზეც ლოცვის სიტყვებისაგან კვალიც კი არ რჩება. ნება ეთიშება გულსა და გონებას, და ემსგავსება მოშვებულ სიმს, რომელიც ვერ გამოსცემს ხმას. ადამიანსა და ღმერთს შორის ერთგვარი უხილავი კედელი ჩნდება. ადამიანი იწყებს ფიქრს, რომ განსაზღვრული რაოდენობის სიტყვების წაკითხვა შეადგენს ლოცვას, და როგორც საბოლოო მიზნისაკენ ბოლო სიტყვა "ამინ" - ისაკენ მიისწრაფვის.

  ამგვარ ადამიანს თუ ვეტყვით, რომ ის არ ლოცულობს, არამედ ატყუებს ღმერთსა და საკუთარ თავს - განრისხდება და ვერც მიხვდება, თუ რის გამო საყვედურობენ მას. ფარისევლობის არსი გარეგნული რიტუალების შესრულებასა და გარეგნულად სათნო პოზის წარმოდგენაში მდგომარეობს. ადამიანს თანდათანობით ავიწყდება ის მადლიერი მდგომარეობა, რომელსაც წარსულში განიცდიდა. ლოცვას ის უკვე, უყურებს როგორც გარეგნულ საქმეს, როგორც ვალს, რომელიც მან უნდა გადაიხადოს. ამ ვალად წაკითხული გვერდების რაოდენობა იქცევა. ლოცვის ნათელი ქრება ადამიანში, ამასთანავე, სულიერი სამყარო მისთვის მიუწვდომელი ხდება. ხშირად არარელიგიურ ადამიანებს უკვირთ, თუ რატომ ხდება, რომ ზოგიერთი მორწმუნე, ტაძარში რეგულარულად მოსიარულე მართლმადიდებელი ქრისტიანი, პრაქტიკულად არ იცვლება უკეთესობისაკენ, რჩებიან ისეთები, როგორებიც იყვნენ, თავისი ნაკლოვანებებითა და მანკიერებებით. ხშირ შემთხვევაში ეს იმიტომ ხდება, რომ ამ ქრისტიანებმა ჩააქრეს საკუთარი ლოცვა, და შეცვალეს ის სიტყვიერი ფორმით, თითქოს და მშრალი ქაღალდის შრიალით. ასეთ ადამიანს რომ ჰკითხოთ წაკითხული ლოცვის შინაარსის შესახებ, ის ვერ შეძლებს პასუხის გაცემას. ის იმ მცირე შრომითაც არ იტვირთავს თავს, რომელიც წაკითხულის ან მოსმენის გასაგებად მოეთხოვება, აღარაფერს ვამბობ სულიერი განცდის შესახებ. ხდება ისეც, რომ ლოცვითი კანონის აღსრულებისას ადამიანს არ ახსოვს დილისა თუ საღამოს ლოცვები წაიკითხა ახლა.

   ხშირ შემთხვევაში ისინი, რომლებიც დაუდევრად და გაფანტულად ლოცულობენ, ისეთივე დაუდევრები ხდებიან ღვთის მცნებების აღსრულებისას. ქრისტიანობის ზნეობრივი მხარე თითქოს წყვეტს არსებობას მათთვის. ისინი ვეღარ ხედავენ და ვერ განიცდიან თავის ცოდვილობას. სუსტდება მათში ლოცვა, სუსტდება სინანული, ხოლო შემდეგ სულიერი ცხოვრებაც. ასევე ადამიანი ღვთივმსახურების ან პირადი კანონის დასრულების შემდეგ კმაყოფილი ამბობს: "მე ვილოცე" - ის საერთოდ არ ფიქრობს იმას, რომ ღვთის წინაშე როგორც მკვდარი ისე იდგა.

   ხშირად ფარისევლური ცრუ ლოცვა განავითარებს ადამიანში განსა-კუთრებულ სიამაყეს. ის იწყებს შენიშვნების მიცემასა და სხვის სწავლებას, თითქოს და მოიპოვა უკვე ამის უფლება. თავის ცხოვ-რებაში ამგვარი პირფერი "მლოცველები" მრისხანენი, გაღიზიანე-ბულნი და ბოროტნი არიან. ხოლო ამის მხედველი ურწმუნო ადამიანები ამბობენ: "დადის ეკლესიაში და ჩვენზე უარესად ცხო-ვრობს"-ო. ეს ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ უკვე აღარ არიან ეკლესიურნი... ეკლესიაში მხოლოდ მათი სხეულები, როგორც სულის კუბოები დგანან, ხოლო გონება ჩაფლულია ამქვეყნიურ საზრუნავში. ისინი ჩაფლულნი არიან თავის ოცნებებსა და გეგმებში, ყრუნი და ბრმანი არიან იმის მიმართ, რაც სინამდვილეში ტაძარში ხდება. ამგვარი ადამიანების გული დახშულია იმ მადლისათვის, რომელიც გარდამოდის ღვთისმსახურების დროს. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ისინი მხოლოდ ტაძრის გარეგნულ მხარეს ხედავენ: თუ როგორი დაგვილია ტაძარი, ნაცნობებიდან ვინ მოვიდა ღვთისმსახურებაზე, როგორი ჩაცმულები არიან, ესალმებიან მათ, უზიარებენ და ეცნობიან სიახლეებს, ათვალიერებენ სახეებს, წუხილს გამოთქვამენ, როდესაც ავიწროვებენ, უკმაყოფილებას გამოთქვამენ მგალობლების ცუდი სმენის გამო, ხოლო შემდეგ გადიან ტაძრიდან დარწმუნებულნი იმაში, რომ მათ ილოცეს და გადაუხადეს ღმერთს ვალი. ასეთი თვითკმა-ყოფილებისა და პირფერობის სულიერ მდგომარეობას შეიძლება ობივალეტური ფარისევლობა ვუწოდოთ.



არქმინადრიტი რაფაელი (კარელინი) 

წიგნიდან "Таина Спасения" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება