მთავარი > ახალი ამბები, მთავარი გვედის ფოტო > უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის სიტყვა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების შეხვედრაზე შამბეზში (ჟენევა, 22-27 იანვარი, 2016 წელი)

უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის სიტყვა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების შეხვედრაზე შამბეზში (ჟენევა, 22-27 იანვარი, 2016 წელი)


27-01-2016, 05:44

უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის სიტყვა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების შეხვედრაზე შამბეზში (ჟენევა, 22-27 იანვარი, 2016 წელი)

 

27/01/2016

 


  თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მსოფლიო პატრიარქო ბართლომე, მართლმადიდებელ ეკლესიათა უწმიდესნო და უნეტარესნო მწყემს-მთავარნო, მეუფენო, მამანო და ძმანო, გულითადად მოგესალმებით საქართველოს ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით.  

   თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კონსტანტინეპოლში შევიკრიბეთ  და დავსახეთ ძირითადი მიმართულებები წმინდა და დიდი კრების ჩასატარებლად.

   მაშინ გადაწყდა მთავარი პრინციპიც ჩვენი მუშაობისა, რომ როგორც კრების წინარე შეხვედრები, ისე თვით კრება კონსესუსის პრინციპით უნდა წარმართულიყო, რაც გულისხმობს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობას კრებაზე და ყველას თანხმობას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.

   მაშინაც აღვნიშნეთ და კვლავ გავიმეორებთ, რომ წმინდა და დიდი კრება, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი ვემზადებით, განსხვავებულია ადრე ჩატარებული მსოფლიო კრებებისაგან იმით, რომ ჩვენ არ განვიხილავთ დოგმატურ საკითხებს და არ ვემიჯნებით ამა თუ იმ სწავლებას, არამედ გვსურს მსოფლიოს წინაშე მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის წარმოჩენა და ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე საკრებო ერთსულოვანი  გადაწყვეტილების მიღება.

  და რადგან კრების მთავარი მიზანი ჩვენი ერთობის გამოხატვაა, ბუნებრივია, რომ მხოლოდ ის თემები უნდა იქნას განხილული, რომელთა შესახებ ყველა ეკლესიამ დადებითი პოზიცია დააფიქსირა. ეს არის ერთადერთი სწორი მიდგომა.        

   თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, კარგად გვესმის, რომ კრების მომ-ზადებასთან დაკავშირებული ძირითადი ტვირთი თქვენ გაწევთ, მაგრამ არსებითი საკითხების გადაწყვეტისას ადგილობრივი ეკლე-სიების პოზიციების გაუთვალისწინებლობა დაუშვებელია.

   მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპატრიარქოსთვის უმნიშ-ვნელოვანესია დიპტიქის (ეკლესიათა რიგითობა) საბოლოოდ განსაზ-ღვრა, ძმობის და თანამშრომლობის სულისკვეთებით განმსჭვა-ლულები, ჩვენ ამჯერად თავს ვიკავებთ აღნიშნული თემის კრებაზე განხილვის კატეგორიულად დაყენებისგან, რითაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს კონსტრუქციულობას და გვჯერა, რომ ახლო მომავალში ეს პრობლემა ჩვენთვის დადებითად გადაწყდება. მაგრამ ვერაფრით ვერ დავეთანხმებით იმ აზრს, რომ ბოლო დროის შეხვედრებზე, როგორც ჩვენი, ისე  სხვა ეკლესიების მიერ უარყოფილი თემები წმინდა და დიდ კრებაზე 30 წელზე მეტი ხნის წინ მიღებული სახით გავიდეს. 

   უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ 1998 წლის 8 ოქტომბრის საქა-რთველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომამ მიუღებლად მიიჩნია წმინდა და დიდი კრების იმდროინდელი წინამოსამზადებელი შეხვედრების რიგი დადგენილებები (მათ შორის ქორწინების და კალენდრის საკითხიც). რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მსაგვსი ქმედებები განხორციელდა სხვა ეკლესიებშიც.

   წმინდა და დიდი კრების წინამოსამზადებელი კომისიის მუშაობის შედეგებს ჩვენი ეკლესიის წმინდა სინოდი რეგულარულად ეცნო-ბოდა, თუმცა, ვიცავდით დოკუმენტების არ გასაჯაროების შეთა-ნხმებას; რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენც ვეთანხმებოდით ამ პოზიციას. პირიქით, ყოველთვის ვიყავით და ვართ მომხრე იმისა, რომ შეთანხმებული საკითხები უნდა გასაჯაროვდეს, ამით ეკლე-სიებსაც და კრებასაც დავიცავთ გავრცელებული უსაფუძვლო ეჭვებისა და ბრალდებებისგან. 

   რაც შეეხება ეკლესიებისთვის კრების შედეგების სავალდებულოე-ბას, მიგვაჩნია, რომ დიდმა და წმინდა კრებამ, როგორი გადა-წყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, თუ იგი ეკლესიის სისავსემაც არ აღიარა, ეს დადგენილებები არათუ სავალდებულო და მისაღები გახდება ეკლესიებისათვის, არამედ იქცევა დაბრკოლების მიზეზად და შეიძლება განხეთქილებამდე მიგვიყვანოს. მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია ამის არაერთ მაგალითს იცნობს.

   ჩვენ ვცხოვრობთ 2000 წლოვანი განუყოფელი ეკლესიის ტრადიც-იით. ამ წიაღმა მსოფლიოს მისცა ათასობით წმინდანი. მათ მიერ განჩინებული და აღიარებული წესების შეცვალა ძალიან საშიშია.

   გავიმეორებ იმ აზრსაც, რომ ვინაიდან, დიდი და წმინდა კრების გა-დაწყვეტილებები არ ეხება სწავლებით-სამოძღვრო (დოგმატურ) სა-კითხებს, მისი დადგენილებები ადგილობრივი ეკლესიებისთვის სავალდებულო შეიძლება გახდეს მხოლოდ კონსესუსის წესით ყველას მიერ მათი მიღების შემთხვევაში.  

   უწმინდესნო და უნეტარესნო მწყემსმთავარნო, ყოვლადუსამღვდე-ლოესნო მეუფენო და მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომად-გენელნო, საქართველოს ეკლესიის მხრიდან ორი წერილი დაგე-გზავნათ (ჩემი და მიტროპოლიტ გერასიმეს სახელით), სადაც დაფიქსირებული იყო ის აზრები, რომელიც აგრეთვე წარმოადგენს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის პოზიციას.

   საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის (როგორც ადრე ჩატარე-ბულის, ისე ბოლოდროინდელთა) გადაწყვეტილებებიდან გამომდი-ნარე, კვლავ ვაცხადებთ, რომ სამი თემის ("ერთიანი კალენდრის შესახებ,” "ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების” და "მართლმა-დიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში,”) წარმოდ-გენილი სახით წმინდა და დიდ კრებაზე გატანა მიუღებლად მიგვაჩნია. მაგრამ, თუ იქნება მოთხოვნა იმისა, რომ აღნიშნული საკითხები კრების დღის წესრიგში აუცილებლად უნდა შევიდეს, მაშინ წმინდა და დიდი კრება უნდა გადაიდოს, ვიდრე მათთან დაკავშირებით საერთო შეთანხმება არ მიიღწევა.

   შევნიშნავთ იმასაც, რომ წმინდა და დიდ კრებაზე არ შეიძლება, უკვე შეჯერებული თემების გარდა, რომელიმე სხვა საკითხის შემოთა-ვაზება განსახილველად. ეს პრინციპულად მიუღებელია.

   წმინდა და დიდ კრებას უნდა ესწრებოდნენ მართლმადიდებელი სა-მღვდელოების, ბერ-მონოზვნების, ღვთისმეტყველების წარმომადგენ-ლები, რაც იყო მსოფლიო კრებების ტრადიცია.

   ბოლოს აღვნიშნავთ იმასაც, რომ შამბეზის ამჟამინდელი გადაწყვე-ტილებებიც გატანილი იქნება საქართველოს ეკლესიის წმინდა სი-ნოდის სხდომაზე.

  განვლილია დიდი გზა, გაწეულია დიდი შრომა, მაგრამ, როგორც კრებისწინა შეხვედრებმა აჩვენა ერთსულოვნების მისაღწევად კვლა-ვაც მოგვიწევს მუშაკობა.

   ჩვენ ყველანი აქ შევიკრიბეთ, რათა ვმოწმოთ ჭეშმარიტი. დაე, იყოს ეს შეხვედრაც და წმინდა დიდი კრებაც გაცხადება ყოვლადწმინდა სამების ნებისა და ჩვენზეც აღსრულდეს მოციქულის სიტყვები: "გიხაროდეთ ძმანო, განმტკიცდით, ნუგეშცემულნი იყავით და ერთ-სულოვანნი, მშვიდობა გქონდეთ; და ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს თქვენთან” (II კორინ.13.11), ამინ!


                                                                                       სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 

21.01.2016 

წყარო: www.patriarch.ge 


უკან დაბრუნება