მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > 666 ანუ აპოკალიფსური საცდური

666 ანუ აპოკალიფსური საცდური


28-01-2016, 00:01

666 ანუ აპოკალიფსური საცდური

 

"უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდის?" 


   მივესალმებით ჩვენს მკითხველს, არცთუ მცირედი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ გამოგვეთქვა ჩვენი მოსაზრებები, სახარებისეული ნათლის შუქზე და მამათა სწავლებების ფონზე, ბოლო დროს მრევლსა და ქართულ საზოგადოებაში გახმაურებული მოვლენებისა თუ პუბლიკაციების შესახებ.

   საქმე ეხება ე.წ. "ანტიქრისტეს ბეჭედის" მიღების საშიშროებას (რი-სგანაც ღმერთმა დაგვიფაროს), შტრიხ-კოდებისა თუ სხვადასხვა თანამედროვე საიდენტიფიკაციო საშუალებებისა თუ პასპორტების მიღება-არმიღების მიზანშეწონილებას.

   ვადევნებთ რა თვალს სხვადასხვა გამოცემებს, პირველი, რაც თვალ-შისაცემია, ესაა ე.წ. ექსკლუზივი1 რიგი ავტორებისა თუ პერიოდული გამოცემებისა ესქატოლოგიური2 მოვლენების შესახებ. ყოველ შემთ-ხვევაში ამ საკითხებზე მსჯელობამ ფართო საზოგადოებრივი ხასიათი მიიღო.

   ეს, ერთის მხრივ კარგიც არის, რამდენადაც აფხიზლებს მორწმუნე საზოგადოებას ამა სოფლის ცდუნებებთან საბრძოლველად და ეკლესიურ სწავლებებში მეტად გასაცნობიერებლად. "ვინაიდან აზრთა სხვაობაც უნდა იყოს თქვენში, რათა გამოცდილნი გამოჩდნენ თქვენს შორის" (1 კორ. 11.9) - მიმართავდა პავლე მოციქული კორინთელებს. მეორე მხრივ, ამ საკითხების საჯარო განხილვა გარკვეული საშ-იშროების შემცველიცაა. არასწორად, არასულიერად აღთქმულმა საეკლესიო სწავლებებმა და მოსაზრებებმა შეიძლება დააბრკოლოს და სასოწარკვეთაშიც კი ჩააგდოს გამოუცდელი ქრისტიანი, ნეოფიტი. ასეთი კი დღევანდელი ეკლესიური საზოგადოების უმრავლესობაა, რომ აღარაფერი ვთქვათ ეკლესიის მიღმა მდგომ ე.წ. ნომინალურ ქრისტიანებზე.

  დღეისათვის გამოცემათა ნაწილში, რომელიც თავს მართლმად-იდებლურად თვლის, შექმნილია ახალი, აპოკალიფსური პარადიგმა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ თითქოს ჭეშმარიტი მართლმადი-დებლობა ოდენ შეურიგებელი და დაუცხრომელი ბრძოლაა სხვა-დასხვა ერესებთან და ანტიქრისტეს ხრიკებთან. ხშირ შემთხვევაში ზერელე დაკვირვებითაც კი ამოვიცნობთ თანამედროვე ვესტერნებზე გაზრდილი ადამიანისათვის უკვე ჩვევად ქცეულ ადრენალინის ძიებას და მოძალებული პროტესტანტიზმის სულს, რითაც ეს გამოცემები სამართლიანად იმსახურებენ მართლმადიდებლობის პროფანაციის3  სტატუსსა თუ ბეჭედს.

   თუ საქმე მამათა სწავლებებთან გვაქვს, ადგილი აქვს აქცენტების სოფისტურად შეცვლას, ანუ მეორე თუ მეათეხარისხოვანის საკრა-ლიზაციას4, რაც ორთოდოქსიის ბუმად მიაჩნიათ და რის გამოც უგუნური, არამეცნიერებითი მოშურნეობა სარწმუნოებრივიდან უკვე სოციალურ-პოლიტიკურში გადააქვთ, სადაც ჭეშმარიტების კრიტე-რიუმები ცალსახად არამართლმადიდებლურია.

   არცთუ იშვიათია ცილისწამებაც. ეკლესიას ლამის მკვდრად რაცხენ, ხედავენ რა მასში მხოლოდ რამოდენიმე მართლმკვეთელ სასულიერო პირს, ალბათ საკუთარ თანამოსაზრესა თუ მაკურთხეველს.

   ჭეშმარიტი ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, უპირველეს ყოვლ-ისა ქრისტეს ძიებაა, "მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტებაო" - ბრძანებს მაცხოვარი. ღირსი მამის, სერაფიმე საროველის სწავლებით, ქრისტიანის მთავარი მიზანი სულიწმიდის მადლის მოხვეჭაა, "ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება" (გალ. 5. 22,23).

   ადამიანში ძევს სურვილი მიუწვდომელისა და მიღმიერის შეცნო-ბისა, მასთან მიახლებისა, ხილულსა და უხილავ სამყაროებს შორის არსებული "ფარდის" გადაწევისა და მომავალში შეხედვისა.

   ეკლესიური ცხოვრებით, სწორი სულიერი აღზრდით, საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობით მოწყალე უფალი აქვე, მიწაზევე განუცხადებს თავის ერთგულთ საკუთარ თავს, "რამეთუ ტკბილ არს უფალი" (ფს. 24.8).

   მოძღვრება ანტიქრისტესა და უფლის მეორედ მოსვლის შესახებ თავიდანვე იყო დაცული ეკლესიაში. თესალონიკელთა მიმართ თავის მეორე ეპისტოლეში პავლე მოციქული წერდა:

   "გევედრებით თქვენ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო, რათა მალე არ შეიძრას თქვენი გონება და არ შეშფოთდეთ არც სულით, არც სიტყვით და არც ვითომდაც ჩვენგან გამოგზავნილი წერილით, თითქოს უკვე დადგაო უფლის დღე.

   არანაირად არ გაცდუნოთ ვინმემ, ვინაიდან ის დღე არ დადგება, სანამ ჯერ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, ძე წარწყმედისა.

   წინააღმდგომი და აღზევებული ყველაფერზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სამსახურებელად ისე, რომ ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება იგი, როგორც ღმერთი და თავს ღმერთად გამოაცხადებს.

   განა არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას? (2 თეს. 2. 1-5).

   არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ქრისტიანის სულიერი წინსვლა და წარმატება, მამათა სწავლებით, დინჯი და თანმიმ-დევრული უნდა იყოს. აქ არ არსებობს რევოლუციური გარდაქმნები და აფეთქებები. ამიტომაცაა, რომ მოძღვარი მრევლთან ურთიერ-თობაში ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს ადამიანის სულიერ საზომს, ასაკს, საზოგადოებრივ მდგომარეობას, ფსიქიკას, ჯანმრთე-ლობას და ამისდამიხედვით გამოზომილად მიაწვდიდეს სულიერ საკვებს და უფარებდეს ტვირთს გამოსაწრთობად და წარმატების მოსაპოვებლად. ზედმეტ სიმძიმეს იმისი დანგრევაც კი შეუძლია, რაც აქამდე რუდუნებით აშენებულა მოწყალე უფლის მადლით. ამაზე კი მოძღვარი მისცემს პასუხს შემოქმედს (არაზომიერი ტვირთის გამო შეგირდის წახდენისათვის).

   გამოცხადების მეორე თავში ჩვენ ვკითხულობთ უფლის მიმართვას თიატირას ეკლესიისადმი:

   "ხოლო თქვენ და დანარჩენთაც, თიატირაში მყოფთ, რომელთაც არა აქვთ ეს მოძღვრება და ვერ უცვნიათ, როგორც ამბობენ სატანის სიღრმე, - გეტყვით რომ აღარ გატვირთებინებთ სხვა სიმძიმეს.

   მხოლოდ რაცა გაქვთ, ეგ იტვირთეთ ჩემს მოსვლამდე" (გამოცხადება 2. 24-25).

   უფალი უფრთხილდება თეატირას საზოგადოებას; ითვალისწინებს მათ სულიერ სიმწირეს და უკრძალავს ამაო ცნობისმოყვარეობას, რათა არ დაზიანდნენ. დღეს კი ჩვენს საზოგადოებაში თითქმის ყველას, განურჩევლად სულიერი საზომისა, დაედო ის ტვირთი, რისი ზიდვაც მცირედთ თუ შეუძლიათ, თანაც სატანის სიღრმეების გამოძიება საყოველთაო მსჯელობის საგნად იქცა.

   რას ემსგავსება ეს ყველაფერი? გარკვეულწილად არის მცდელობა ადამიანური გონებით ჩაწვდნენ ეშმაკის სიღრმეებს, ანუ ეშმაკს ეშმაკობაში აჯობონ. ვინც ამას მიჰყო ხელი, ვხედავთ, რომ ბევრი ვერაფერი გაიგო (განა ასეთი იოლია სატანის ინტელექტის გაშიფვრა და ღვთის საიდუმლოს გამოცნობა?) და შიშის სინდრომითაც დაა-ვადდა.

   ამიტომაცაა, რომ ამგვარ ლიტერატურაში ხშირად პანიკა იგრძნობა. პანიკის კონვერტაცია5 კი ფსევდოსულიერ სფეროებში წყალწაღებულ-ის გადარჩენის მცდელობას უფრო წააგავს. ამ ეპოპეის მთელი დრამატიზმი კი იმაშია, რომ გადასარჩენი მათთვის, აპოკალიპტი-კოსებისათვის, ეკლესიაა, გადამრჩენს კი ხავსის სიმყარე აქვს.

   დავით მეფსალმუნის სიტყვებით რომ ვთქვათ "მუნ შეეშინა მათ ში-ში, სადა იგი არა იყო შიში" (ფს. 52,6).

   პეტრე მოციქული გვაფრთხილებს: "ეს იცოდეთ უპირველესად, რომ წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება.

   ვინაიდან წინასწარმეტყველება არასდროს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი ღვთისაგან წარმოთქვამდნენ ამას" (2 პეტრე 1. 20-21).

   ამიტომაც ჩავთვალეთ, რომ წმინდა წერილისა და მამათა განმარტ-ებების გამოძიება და პუბლიკაცია ესქატოლოგიურ მოვლენებზე, დუმილზე უფრო ქმედითი რამ იქნებოდა. მით უმეტეს, რომ ამას ჩვენი საკუთარი მრევლიც გვთხოვდა. (გაგრძელება...)







¹ექსკლუზივი - აქ: განსაკუთრებულობა

²ესქატოლოგია - მოძღვრება კაცობრიობის ბოლო ჟამისმიერ მოვ-ლენებზე, სამყაროს აღსასრულზე

³პროფანაცია - ჭეშმარიტების, საყოველთაოდ მიღებული სწავლების დამახინჯება

⁴საკრალური - წმინდა, კურთხეული

5კონვერტაცია - აქ: ადამიანის სულიერი მდგომარეობის გამოძახ-ილი, გარდაქმნა საქმიანობის სხვა სფეროში


 

 

 

არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი) 

წიგნიდან "666 ანუ აპოკალიფსური საცდური" 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება