მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სოფელში სულიერად ცხოვრების წესი - წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

სოფელში სულიერად ცხოვრების წესი - წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი


8-04-2016, 00:04

სოფელში სულიერად ცხოვრების წესი - წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

   ყოველი სულიერი მოღვაწეობის სული და გული არის ყურადღება - უმისოდ ნებისმიერი მოღვაწეობა მკვდარია და უნაყოფო. ვისაც ცხონება სურს, იმან ცხოვრების ისეთი წესი უნდა აირჩიოს, რომ შეძლოს ყურადღების შენარჩუნება არა მარტო განმარტოების, არამედ გაფანტული ცხოვრების პირობებშიც, რომელშიც მისდა უნებურად, სხვადასხვა გარემოებათა გამო შეიძლება აღმოჩნდეს. დაე შიში ღმრთისა სძლევდეს გულის სასწორზე დადებულ ყველა სხვა გრძნობას: მაშინ უფრო ადვილია საკუთარი თავის განხილვა - როგორც მყუდრო სენაკში, ისე იმ ხმაურში, ყოველი მხრიდან რომ გვაკრავს გარს.

   ჭამისას გონივრული ზომიერების დაცვა სისხლის დუღილს აცხრ-ობს და ძალიან უწყობს ხელს მღვიძარებას, სისხლის დუღილი კი - ზედმეტი ჭამის, გადამეტებული ფიზიკური მოძრაობის, მრისხანების, ცუდმედიდობით ტკბობისა და სხვა მიზეზების გამო - უამრავ გულისსიტყვასა და ოცნებას, ანუ გაფანტულობას იწვევს. მას, ვისაც საკუთარი სულისათვის თვალყურის დევნება სურს, წმ. მამები პირველ ყოვლისა ჭამისას ზომიერ, მუდმივ თავშეკავებას ურჩევენ.

   გაღვიძებისას - მკვდრეთით აღდგომის სახედ, რომელიც ყოველ ად-ამიანს მოელის - აზრი ღმერთისკენ მიმართე, მსხვერპლად შესწირე მას გონების ახალ გამოღებული ნაყოფი, რომელსაც ამაო სოფლის შთაბეჭდილებები ჯერაც არ შეხებია. ჩუმად, ძალიან ფრთხილად გააკეთე ყველაფერი, რაც ახლად გამოღვიძებულ სხეულს სჭირდება, მერე კი შენი პირადი ლოცვის კანონი შეასრულე, ოღონდ იმდენად ლოცვების რაოდენობაზე ნუკი იფიქრებ, რამდენადაც ხარისხზე: ეცადე, ყურადღებით ილოცო, ყურადღების შედეგად კი გული ლმობიერებითა და ნუგეშინისცემით გაცოცხლდება. ლოცვის კანონის შემდეგ ახალი აღთქმა იკითხე, განსაკუთრებით კი სახარება - ისევ და ისევ ყურადღების თანხლებით. კითხვისას ეცადე კარგად შენიშნო ქრისტეს ყველა მცნება და დარიგება, რათა შენი საქმეების - ხილულის თუ უხილავის - მათ მიხედვით წარმართვა შეძლო. ვინ რამდენად უნდა წაიკითხოს, თითოეული ადამიანის ძალებსა და გარემოებებზეა დამოკიდებული. არ არის საჭირო გონების გადატვირთვა ლოცვებისა და წმ. წერილის ზედმეტი კითხვით, თუმცა არც ამ საბაბით საკუთარი მოვალეობის უგულებელყოფაა სწორი. როგორც ზედმეტი ჭამა ვნებს სტომაქს და კუჭის აშლას იწვევს, ისე სულიერი საზრდელის გადამეტებული მიღება იწვევს გონების აშლილობას, ზიზღს ყოვ-ელგვარი სულიერი მოღვაწეობისადმი, დაბოლოს, მოწყინებას.1 ახალბედებს წმ. მამები ურჩევენ ხშირ, მაგრამ ხანმოკლე ლოცვას, ხოლო როდესაც გონება მომწიფდება სულიერი მოღვაწეობისთვის, გამოიწრთობა და განმტკიცდება, მაშინ უკვე განუწყვეტელი ლოცვის უნარიც მიეცემა. პავლე მოციქულის ეს სიტყვებიც სწორედ მათ ეხებათ, ვინც ქრისტიანულ სრულყოფილებას მიაღწია: „მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ხელთა თვინიერ რისხვისა და გულის ზრახვისა" (1 ტიმ. 2,8), ანუ ლოცვა ყოველგვარი ვნებების ან გონების მიმოტაცების გარეშე. ის, რაც ზრდასრული ადამიანისთვის ჩვეულებრივი რამ არის, ყმაწვილკაც-ისთვის ჯერაც უჩვეულოა. როდესაც ადამიანი ლოცვისა და წმ. წერილის კითხვის მეშვეობით ქრისტეს ნათელით გაბრწყინდება, მერე უკვე შეუძლია თავის ყოველდღიურ საქმეებს მიაშუროს; ოღონდ ყურადღებით უნდა ადევნოს თვალი, რომ ყოველ მის სიტყვასა და ქცევაში, მთელ მის არსებაში მეფობდეს და მოქმედებდეს ყოვლად წმინდა ნება ღმრთისა, რომელიც ადამიანებს გაგვიმჟღავნეს და განგვიმარტეს სახარების მცნებებით.

   თუ დღის მანძილზე თავისუფალი დრო გამოგიჩნდა, იგი ზოგი-ერთი გამორჩეული ლოცვის ან წმ. წერილის გამორჩეული ადგილის ყურადღებით წაკითხვისათვის გამოიყენე: ამით განიმტკიცებ სულიერ ძალებს, რომლებსაც ამქვეყნიური საზრუნავის შუაგულში ყოფნა ძალიან ასუსტებს. თუ ასეთი ძვირფასი წუთების გამონახვას ვერ მოახერხებ, დაგენანოს, როგორც რაღაც განძის დაკარგვას ნანობ ხოლმე. თუმცა, რაც დღეს დაკარგე, ხვალ ნუღარ გაიმეორებ: ჩვენი გული ადვილად ეძლევა დახსნილებასა და დავიწყებას, მათგან კი ჩნდება პირქუში უმეცრება - ესოდენ დამღუპველი მდგომარეობა ღმერთის საქმეში, სულის ცხონების საქმეში. თუკი რაიმე ღმერთის მცნებების საწინააღმდეგოს ჩაიდენ - სიტყვით თუ საქმით - მაშინვე აღსარებით უწამლე ცოდვას და გულწრფელი სინანულით დაუ-ბრუნდი უფლის გზას, რომელსაც მისი ნების დარღვევით გადაუხვიე. დიდხანს ნუ დაყოვნდები ამ გზის მიღმა! ცოდვილ გულისსიტყვებს, ოცნებასა და განცდებს სიმდაბლითა და სარწმუნოებით სახარების მცნებები და წმ. პატრიარქ იოსებთან ერთად თქვი: „და ვითარ ვქმნე საქმე ბოროტი და ვცოდო წინაშე ღმრთისა?" (დაბ. 39,9). ვინც ფხიზლად დარაჯობს თავის სულს, იმან უარი უნდა თქვას ყოველგვარ ოცნებებზე, რა მიმზიდველად და კეთილადაც არ უნდა გამოიყურებოდნენ ისინი. ყოველგვარი ოცნება არის გონების მიმო-ტაცება - ჭეშმარიტებისგან შორს, არარსებულ და განუხორციელებელ მოჩვენებათა სამყაროში, გონებას რომ ატყუებენ და ეფერებიან. ოცნების შედეგია საკუთარ სულზე სიფხიზლის დაკარგვა, გონების მიმოტაცება და ლოცვისას გულის გასასტიკება, ამათგან კი სულიერი აშლილობა ჩნდება.

   საღამოს, როცა დასაძინებლად ემზადები - ძილი ხომ ყოველი დღი-სათვის იგივეა, რაც სიკვდილი - გადახედე შენს საქმეებს განვლილი დღის მანძილზე. მისთვის, ვინც ფხიზლად დარაჯობს საკუთარ სულს, ასეთი განხილვა ძნელი არ იქნება, რადგან ყურადღების მეშვეობით ქრება დავიწყება, ესოდენ ჩვეულებრივი რამ გაფანტული ადამი-ანისათვის. ამგვარად, გაიხსენე ყველა ცოდვა, რაც ჩაიდინე სიტყვით, საქმით თუ გულისხმისყოფით და შეინანე ისინი ღმერთის წინაშე - იმ  პირობით, რომ ეცდები გამოსწორდე. შემდეგ პირადი ლოცვის კანონი შეასრულე და ღმერთზე ფიქრით დაამთავრე დღე, რომელიც ასევე დაიწყე.

   სად მიდის მძინარე კაცის ყველა აზრი და გრძნობა? რა იდუმალი მდგომარეობაა ძილი, რომლის დროსაც ხორცი და სული ცოცხლობს და თან არც ცოცხლობს, თითქოს მკვდარია? ძილი ისეთივე გაუგებარი რამ არის, როგორიც სიკვდილი. ამ დროს სული ისვენებს, ივიწყებს ამქვეყნიურ საფიქრალს და საწუხარს - თვისი საუკუნო განსვენების ხატად. ხოლო ხორცი? თუკი იგი ძილისაგან იღვიძებს, მაშ, უსათუოდ აღსდგება მკვდრეთითაც. ხომ თქვა აგათონ დიდმა: „შუძლებელია სათნოებათა მოხვეჭა, თუ საკუთარ სულს ფხიზლად არ ვუდარა-ჯებთ." ამინ.

 

 

 

 

 

1მოწყინება - არა მოწყენა თანამედროვე მნიშვნელობით, არამედ სევდა, ჭმუნვა, რუს. Уныние (მთარგმნ.).

 

 

წიგნიდან „კრებული" 

Xareba.net-ის რედაქცია 


უკან დაბრუნება